მაჭუტაძეები

გურიის ფეოდალური საგვარეულო.

მაჭუტაძეები — ფეოდალური საგვარეულო საქართველოში, გურიის სამთავროში.

არსებობს მოსაზრება, რომ მაჭუტაძეების საგვარეულო მაჭის ხეობიდან მოდის და რომ ისინი მაჭის ერისთავები იყვნენ, სანამ ლეკების შემოსევების შედეგად არ აიყარნენ და დასავლეთ საქართველოში არ გადავიდნენ.[1]

მაჭუტაძეების გვარის წარმომადგენლები გურიის დიდებულთა შორის ჩანან ჯერ კიდევ XV საუკუნის სასისხლო სიგელში. მაჭუტაძეთა გავლენა გურიის სამთავროში გაძლიერდა XVI საუკუნეში. ამ დროს რამაზ მაჭუტაძეს გურიელის კარზე უპირველეს თანამდებობა – სახლთუხუცესობა ეჭირა. XVIII–XIX საუკუნეებში მაჭუტაძეებს გურიის სამთავროში სახლთუხუცესის თანამდებობის გარდა ლანჩხუთის მოურაობაც ეჭირათ. XVI საუკუნეში მაჭუტაძეთა სახლი სასულიერო სფეროშიც დაწინაურდა. ცნობილი სასულიერო პირებიდან აღსანიშნავია მაქსიმე I, დასავლეთ-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, XVI–XVII საუკუნეების მიჯნაზე შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი ბესარიონ მაჭუტაძე. XVIII საუკუნის ბოლო ხანში მაჭუტაძეთა სახლის წარმომადგენელი ონოფრე მაჭუტაძე აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა.

მაჭუტაძეთა სათავადო მოიცავდა თითქმის მთელ ზემო გურიას გურიის სერს გადაღმა მდინარე ფიჩორამდე. მაჭუტაძეები ასევე ფლობდნენ ქვემო გურიას XVII საუკუნის შუა ხანებამდე, მანამ, სანამ ქვემო გურია გურიელებმა არ გადასცეს სამცხიდან ლტოლვილ თავდგირიძეებს. მაჭუტაძეების აზნაურები იყვნენ: სურგულაძეები, ხალვაშები, სარჯველაძეები, მგელაძეები, ნიკოლაიშვილები, ჟორდანიები, ებრალიძეები. გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ მაჭუტაძეთა სათავადო ადმინისტრაციულად გაუქმდა 1830 წელს. რუსეთის იმპერიის უღლის ქვეშ, მაჭუტაძეებს მიენიჭათ თავადის სტატუსი 1850 წელს.[2]

ამჟამად საქართველოში ცხოვრობს 315 მაჭუტაძე.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ბახია-ოქრუაშვილი, ს. „აზერბაიჯანის ქართული მოსახლეობის ოჯახი და საოჯახო ყოფა“ „კავკასიის ეთნოლოგიური კრებული“ XVI გვ. 45-46 — „უნივერსალი“, თბილისი, 2015 ISSN 1987-7374
  2. Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, p. 272. Georgetown University Press.
  3. საინტერესო სტატისტიკასახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო