ალექსანდრე ბარამიძე

ალექსანდრე ბარამიძე (დ. 9 აპრილი [ძვ. სტ. 27 მარტი], 1902, სოფ. ჯუნჯუათი, ოზურგეთის მაზრა ― გ. 30 დეკემბერი, 1994, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1936), პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე დაიბადა 1902 წლის 27 მარტს, სოფლის მღვდლის, გიორგი ბარამიძის, ოჯახში. თავდაპირველად ფოთის გიმნაზიაში სწავლობდა, ხოლო 1918-1920 წლებში — ხაშურის გიმნაზიაში. 1920 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე, რომელიც 1925 წელს დაამთავრა. 1925-1927 წლებში იქვე გაიარა ასპირანტურა. 1927 წლიდან დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა. 1927-1930 წლებში იყო დოცენტი თსუ-ში. 1944-1945 წლებში იყო ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1945-1949 წლებში — პრორექტორი. 1946 წლის დეკემბერში არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1962-1970 წლებში იყო თსუ-ის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1966 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი.

მისი კვლევის ობიექტი იყო უპირატესად XI-XVIII საუკუნეების ქართული საერო მწერლობა. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა შოთა რუსთაველს, ჩახრუხაძეს, შავთელს, თეიმურაზ I-ს, სულხან-საბა ორბელიანს, დავით გურამიშვილს, ბესიკსა და სხვებს. ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია „ამირანდარეჯანიანის“ ორიგინალურობის საკითხი, „რუსუდანიანის“ ლიტერატურული წყაროები. იკვლევდა ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. წვლილი მიუძღვის „ვისრამიანის“ ქართული თარგმანისა და „შაჰნამეს“ ქართული ვერსიების თავისებურებათა გარკვევაში. დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი „ქილილა და დამანას“ ქართული ვერსიების შესახებ. მონოგრაფიული სისრულით გამოირჩევა მისი ნაშრომი „შოთა რუსთველი და მისი პოემა“ (1966). აკადემიკოს კ. კეკელიძესთან ერთად ავტორია ძველი ქართული მწერლობის ისტორიის სრული კურსისა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. მიღებული აქვს ი. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძისა და ი. ჭავჭავაძის სახელობის პრემიები.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ალექსანდრე ბარამიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში. თბილისში არსებობს მისის სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცაიშვილი ს., შარაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 356.
  • ცაიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 201.
  • (2013) „ალექსანდრე ბარამიძე“, მწერალთა ავტობიოგრაფიები, წიგნი II. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, გვ. 75-79. ISBN 978-99940-28-85-6. 
  • ლაცაბიძე თ., ნარკვევები ხაშურის რაიონის სახალხო განათლების ისტორიიდან, წიგნი III, ხაშურის პირველი საჯარო სკოლა, ხაშური, 2014
  • ალექსანდრე ბარამიძე, ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1988.
  • ლიტერატურული ძიებანი (ეძღვნება ალ. ბარამიძის დაბადების 80 წლისთავს), თბ., 1983.
  • საიუბილეო კრებული (ალ. ბარამიძეს დაბადების 70 წლისთავზე), თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება