ვისრამიანი
ამ სტატიაში არის მითითებული გარკვეული წყაროები, მაგრამ აუცილებელია მათი სათანადოდ მითითება. |
ვისრამიანი — ძველი ქართული მწერლობის ძეგლი, XI საუკუნის სპარსელი პოეტის ფახრ-ალ-დინ ასად გორგანის სამიჯნურო პოემის „ვის ო რამინის“ პროზაული თარგმანი, შესრულებული XII საუკუნის I ნახევარში. ლიტერატურული ტრადიცია „ვისრამიანის“ მთარგმნელად სარგის თმოგველს ასახელებს.
„ვისრამიანი“ იმთავითვე იქცა ქართული ლიტერატურის ორგანულ ნაწილად და სიტყვაკაზმული მწერლობის იმ კლასიკურ ფონდს შეუერთდა, რომელმაც სათავე მისცა ქართულ საერო ლიტერატურას. „ვისრამიანით“ ქართველი მკითხველის დაინტერესება აიხსნება ხსენებულ ხანაში ქართულ მწერლობაში საერო ტენდენციების მომძლავრებით, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მომხდარი სოციალურ-პოლიტიკური ძვრების კანონზომიერი შედეგი იყო. გორგანის პოემის მკვეთრად გამოხატული საერო ჟღერადობა სავსებით შეესატყვისებოდა გაერთიანებული საქართველოს ფეოდალურ-რაინდული საზოგადოების განწყობილებასა და სულიერ მოთხოვნილებას. კლასიკური პერიოდის ძეგლები („აბდულმესიანი“, „თამარიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“) კარგად იცნობენ ამ ნაწარმოების გმირებს. „ვისრამიანისადმი“ ინტერესი არც აღორძინების ხანაში შენელებულა. მეფე-პოეტს არჩილს გაულექსავს ქართული პროზაული რედაქცია (დაახლოებით მეოთხედი ნაწილი). ვისისა და რამინის სამიჯნურო თავგადასავალი მოთხრობილი აქვს აგრეთვე თეიმურაზ II-ს თავის „სარკე თქმულთა ანუ დღისა და ღამის გაბაასებაში“. ქართველმა მკითხველმა „ვისრამიანი“ ორიგინალ თხზულებად აღიქვა და ისე შეითვისა, რომ დიდხანს, თვით XIX საუკუნის შემდეგსაც კი, მისი არაქართული წარმოშობის საკითხს ეჭვის თვალით უყურებდა. ნათარგმნი თხზულების ასეთი იშვიათი წარმატება, ორიგინალის მიმზიდველ სიუჟეტთან და მხატვრულ ღირსებასთან ერთად, განაპირობა მთარგმნელის დიდოსტატობამ.
„ვისრამიანი“, დღემდე რჩება თარგმნითი ხელოვნების სრულყოფილების კლასიკურ ნიმუშად. მთარგმნელს ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოაქვს დედნის როგორც შინაარსობრივი, ასევე ლექსიკური მხარე და მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები, თუმცა ეს ხელს არ უშლის მას შემოქმედებითად მიუდგეს სათარგმნ მასალას. იგი ზოგჯერ კვეცს პოემის ამა თუ იმ პასაჟს ან ერთ ლაკონიურ ფრაზაში ათავსებს რამდენიმე სალექსო სტრიქონის აზრს, რაც მეტ მოქნილობას ანიჭებს თხრობას; ხშირად აძლიერებს და მომეტებული გამომსახველობით ტვირთავს დედნის პოეტურ სახეებს ანდა სრულიად ცვლის მათ შესატყვისი ქართული ეკვივალენტებით. განსაკუთრებით საგულისხმოა დედანში ჩარევის ის შემთხვევები, რომლებითაც მჟღავნდება მთარგმნელის დამოკიდებულება გორგანის პოემის იდეურ კონცეფციასთან. იმ ცალკეული სიტყვებითა და ფრაზებით, რომლებსაც მთარგმნელი ზოგჯერ ურთავს დედნის ტექსტს პროზაული თხრობის გასამართად ან ქვეტექსტის გამოსავლენად. იგი ერთგვარ თანამშრომლობას უწევს ავტორს, ეხმარება ჩანაფიქრის გახსნაში, შემოქმედებითად ავითარებს, აღრმავებს მის აზრებს. ეს თავისებური კომენტარები შუქს ჰფენს პოემის იდეური კონცეფციის შესახებ ბევრ სადისკუსიო საკითხს და ააშკარავებს ამ უძველესი რომანის მხატვრული სპეციფიკის ზოგ ისეთ ნიუანსს, რომელიც შეუმჩნეველი დარჩათ ან მცდარად განმარტა მისმა გვიანდელმა კომენტატორებმა.
მთარგმნელი ამკვეთრებს დედნისათვის ისედაც ნიშანდობლივ რეალისტურ და ფსიქოლოგიურ ტენდენციას; ეს მოწმობს, რომ მთარგმნელის ესთეტიკური მრწამსი თანხვდება ავტორისეულს. აღსანიშნავია „ვისრამიანის“ უმდიდრესი ქართული ფრაზეოლოგია, რაც ამ ნათარგმნ თხზულებას ორიგინალის იერს ანიჭებს.
„ვისრამიანის“ ტექსტი გამოცემულია 5-ჯერ (1884, 1938, 1960, 1962, 1964). მეოთხე, აკადემიური გამოცემა წარმოადგენს კრიტიკულად დადგენილ ტექსტს; მეხუთე გამოცემა ძირითადად ამ ტექსტის გამეორებაა.
„ვისრამიანმა“ უდიდესი როლი შეასრულა თვით სპარსული დედნის კრიტიკული ტექსტის დადგენაშიც. გორგანის პოემის სპარსული ხელნაწერებმა ჩვენამდე მცირე რაოდენობით მოაღწია. ისინი გვიანდელი ხანისაა (XVI-XVIII სს.) და ცხადია, მეტნაკლებად დაშორებულია პირვანდელ სახეს. ასეთ ვითარებაში ჯერ კიდევ XII საუკუნეში შესრულებულ ქართულ თარგმანს, რომელიც ტექსტობრივად ზედმიწევნით ახლოს დგას დედანთან, პირველხარისხოვანი საკონტროლო ნუსხის მნიშვნელობა აქვს. „ვისრამიანისა“ და ყველა სპარსული ხელნაწერის გათვალისწინებით მ. თოდუამ და ა. გვახარიამ დაადგინეს გორგანის „ვის ო რამინის“ კრიტიკული ტექსტი (თეირანი, 1970).
აღსანიშნავია „ვისრამიანის“ როლი დედნის პოპულარიზაციის თვალსაზრისითაც. ევროპელმა მკითხველმა გორგანის თხზულების სრული ტექსტი პირველად სწორედ ქართული ვერსიის მეშვეობით გაიცნო, როდესაც ლონდონში გამოქვეყნდა ამ ვერსიის ო. უორდროპისეული ინგლისური თარგმანი (1914). „ვისრამიანი“ თარგმნილია აგრეთვე რუსულ და გერმანულ ენებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბულაძე ი., „ვისრამიანის“ ტექსტისათვის, კრ.: ლიტერატურული მემკვიდრეობა, წგნ. 1, თბ., 1935;
- ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1945; ტ., 5, თბ., 1971;
- კალაძე ი., ვისრამიანის პოეტური რედაქციის შესახებ, «თსუ შრომები», 1962, ტ. 99;
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
- კობიძე დ., ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, ტ. 2, თბ., 1969;
- მამაცაშვილი მ., გორგანის „ვის ო რამინ“ და ქართული ვისრამიანი, თბ., 1977;
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- Марр Н. Я., К вопросу о влиянии персидской литературы на грузинскую, «Журнал Министерства народного просвещения», 1897, март;
- მისივე, Из грузино-персидских литературных связей, «Записки Коллегии востоковедов», 1925, т. 1;
- კალაძე ი., ქსე, ტ. 4, გვ. 425, თბ., 1979