ქართული ლიტერატურა
ქართული ლიტერატურა წარმოადგენს ქართულ ენაზე დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ქართული ლიტერატურა სათავეს იღებს იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებიდან“, რომელიც უძველესი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებაა.
ძველი ქართული ლიტერატურა
რედაქტირებაძველ ქართულ ხალხურ ლიტერატურას ეკუთვნის ბერიკაობა და სხვა სიმღერები.
პირველი ქართული წარწერა დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვით 433 წლით და აღმოჩენილია ისრაელში. საქართველოში კი - ბოლნისის სიონის წარწერა(493-494). V საუკუნის პირველი ქართული ლიტერატურული ტექსტია "წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ" (476–483 წ.წ.). მეექვსე საუკუნის მნიშვნელოვანი თხზულებაა უცნობი ავტორის "ევსტათი მცხეთელი" . ამ პერიოდში ფოთში(ფაზისი) ფუნქციონირებდა საგანმანათლებლო სკოლა, სადაც ბერძენი პედაგოგები ასწავლიდნენ ფილოსოფიას და რიტორიკას.
ბიბლია საქართველოში სრულად ითარგმნა VII-VIII საუკუნეებში. ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა ბიბლიის უძველესი ხელნაწერები აღმოაჩინეს ათონის ივერთა მონასტერში, რომელიც დაარსდა 979 წელს, ათონის მთაზე, საბერძნეთში და წმინდა ეკატერინეს მონასტერში (პალესტინა).
ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები
რედაქტირებაქრისტიანობამდელი ნაწარმოებები
- ამირანიანი, ძველი ხალხური ეპოსი
გვიანდელი პერიოდის მნიშვნელოვანი თხზულებები
- წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ - იაკობ ცურტაველი (476–483)
- არეოპაგიტულ კორპუსს პეტრე იბერი, ფილოსოფიური ნაშრომი (მე-5 საუკუნე)
- წმინდა ნინოს ცხოვრება უცნობი ავტორი(მე-8 საუკუნე)
- აბო ტფილელის წამება - იოანე საბანისძე (მე-8 საუკუნე)
- გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - გიორგი მერჩულე (951 წელი)
- უსწორო კარაბადინი ქართული სამედიცინო ძეგლი (მე-11 საუკუნე)
- ცხოვრება ქართუელთა მეფეთა- ლეონტი მროველი (მე-11 საუკუნე)
- ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა - სუმბატ დავითის ძე (მე-11 საუკუნე)
- ეთერიანი, ხალხური ეპოსი (მე-11 საუკუნე)
- მეფე ფარნავაზის ცხოვრება (უცნობი ავტორი) (მე-11 საუკუნე)
- თამარიანი - ჩახრუხაძე (მე-12 საუკუნე)
- შენ ხარ ვენახი - მეფე დემეტრე I(მე-12 საუკუნე)
- ვეფხისტყაოსანი - შოთა რუსთაველი ქართული ნაციონალური ეპოსი(მე-12 საუკუნე)
- აბდულმესიანი - იოანე შავთელი (მე-13 საუკუნე)
- ქართლის ცხოვრება (მე-14 საუკუნემდე)
XVII - XVIII საუკუნის ქართული ლიტერატურა
რედაქტირებაპირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი იტალიურ-ქართული ლექსიკონია, რომელიც 1629 წელს დაიბეჭდა რომში მას შემდეგ რაც ვახტანგ მეექვსემ საქართველოში სტამბა შემოიტანა, აქტიურად დაიწყო ძველქართული თხზულებების დაბეჭდვა.
1709 წელს ქართულ სტამბაში პირველად სახარება დაიბეჭდა. სახარების ერთი ეგზემპლიარი ვახტანგმა ანთიმოზს გაუგზავნა ვლახეთში. ანთიმოზ ივერიელმა სახარება ყდაში ჩასვა და ვლახეთის მმართველს, კონსტანტინე ბრინკოვიანუს, მიართვა ქართველთა პატივისცემის ნიშნად.[1]
ვახტანგ VI-ის სტამბაში 1709-1722 წლებში დაიბეჭდა: სახარება, „დავითნი“, „სამოციქულო“ (1709); „კონდაკი“, „ჟამნი“, „ლოცვანი“, „ბიბლია“, „დავითნი“, „სწავლა თუ ვითარ მართებს მოძღვარსა სწავლება მოწაფისა“ (1710-1711); „ვეფხისტყაოსანი“, „დავითნი“ (1712); „კურთხევანი“ (1713); „დავითნი“ (1716); „ჟამნი“, „ლოცვანი“ (1717); „კურთხევა ეკლესიისა“ (1719-1720); „პარაკლიტონი“ (1720); „აიათი“ ანუ „ქმნულების ცოდნის წიგნი“ (1721); „ჟამნი“ (1722).[2]
ამავე დროს გამოქვეყნდა სულხან-საბა ორბელიანის იგავების კრებული "წიგნი სიბრძნე სიცრუისა" და დღიურების წიგნი - "მოგზაურობა ევროპაში".
აღსანიშნავია იმდროინდელი ნაწარმოებები: დავით გურამიშვილის ლექსებისა და პოემების კრებული "დავითიანი" და ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა".
იმდროინდელი ლიტერატურის ნიმუშები
რედაქტირება- წიგნი სიბრძნე სიცრუისა - სულხან-საბა ორბელიანი (მე-17 საუკუნე)
- მოგზაურობა ევროპაში - სულხან-საბა ორბელიანი (1713–1716 წწ.)
- დავითიანი - დავით გურამიშვილი (მე-18 საუკუნე)
- აღწერა სამეფოსა საქართველოსა - ვახუშტი ბატონიშვილი (1745 წელი)
მწერლები და პოეტები
რედაქტირებაXIX საუკუნის ქართული ლიტერატურა
რედაქტირებარომანტიზმი
რედაქტირებამეცხრამეტე საუკუნეში ევროპიდან რუსეთში, რუსეთიდან კი საქართველოში შემოვიდა ახალი მიმდინარეობა - რომანტიზმი. მისი წარმომადგენლები საქართველოში არიან ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი.[3]
მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია:
- ალექსანდრე ჭავჭავაძე - ვაჰ, დრონი, დრონი (ლექსი)
- ალექსანდრე ჭავჭავაძე - გოგჩა (ლექსი)
- ალექსანდრე ჭავჭავაძე - სიყვარულო, ძალსა შენსა (ლექსი)
- გრიგოლ ორბელიანი - იარალის (ლექსი)
- გრიგოლ ორბელიანი - სადღეგრძელო (პოემა)
- ნიკოლოზ ბარათაშვილი - შემოღამება მთაწმიდაზედ (ლექსი)
- ნიკოლოზ ბარათაშვილი - ფიქრნი მტკვრის პირზედ (ლექსი)
- ნიკოლოზ ბარათაშვილი - მერანი (ლექსი)
- ნიკოლოზ ბარათაშვილი - სული ობოლი (ლექსი)
- ნიკოლოზ ბარათაშვილი - ბედი ქართლისა (პოემა)
კრიტიკული რეალიზმი
რედაქტირებაროგორც რომანტიზმი, ასევე კრიტიკული რეალიზმი უცხოეთიდან შემოვიდა. მის საუკეთესო წარმომადგენლად თერგდალეულები: აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, დავით კლდიაშვილი და ალექსანდრე ყაზბეგი ითვლებიან.
რეალისტი მწერლები არიან:
- აკაკი წერეთელი
- ილია ჭავჭავაძე
- დავით კლდიაშვილი
- ანტონ ფურცელაძე
- ალექსანდრე ყაზბეგი
- გიორგი წერეთელი
- გიორგი ერისთავი
- სერგეი მესხი
- ნიკო ნიკოლაძე
- იაკობ გოგებაშვილი
- იაკობ მანსვეტაშვილი
- სოფრომ მგალობლიშვილი
- ეგნატე ნინოშვილი
- ანასტასია ერისთავი-ხოშტარია
- ეკატერინე გაბაშვილი
მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია
- ილია ჭავჭავაძე - კაცია-ადამიანი?! (ვრცელი მოთხრობა)
- ილია ჭავჭავაძე - გლახის ნაამბობი (ვრცელი მოთხრობა)
- ილია ჭავჭავაძე - სარჩობელაზედ (მოთხრობა)
- ილია ჭავჭავაძე - ოთარაანთ ქვრივი (ვრცელი მოთხრობა)
- ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები (მოთხრობა)
- ილია ჭავჭავაძე - აჩრდილი (პოემა)
- ილია ჭავჭავაძე - რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ (პოემა)
- ილია ჭავჭავაძე - ქართვლის დედა (პოემა)
- ილია ჭავჭავაძე - მეფე დიმიტრი თავდადებული (პოემა)
- ილია ჭავჭავაძე - განდეგილი (პოემა)
- აკაკი წერეთელი - თორნიკე ერისთავი (პოემა)
- აკაკი წერეთელი - განთიადი (პოემა)
- აკაკი წერეთელი - გამზრდელი (პოემა)
- აკაკი წერეთელი - ბაში-აჩუკი (ვრცელი მოთხრობა)
- ანტონ ფურცელაძე - მაცი ხვიტია (რომანი)
- ალექსანდრე ყაზბეგი - ხევისბერი გოჩა (ვრცელი მოთხრობა)
- ალექსანდრე ყაზბეგი - მამის მკვლელი (რომანი)
- ალექსანდრე ყაზბეგი - ელგუჯა (რომანი)
- ალექსანდრე ყაზბეგი - მოძღვარი (რომანი)
- გიორგი ერისთავი - გაყრა (პიესა)
ქართული მოდერნიზმი
რედაქტირებაქართული მოდერნიზმის ფუძემდებლად ვაჟა-ფშაველა ითვლება. ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის-მჭამელი“ (1901) და სხვები. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). მისი ჰუმანისტური პოემები ნათარგმნია მრავალ ენაზე.
ვაჟა-ფშაველას რჩეული პოემები
რედაქტირება- გოგოთურ და აფშინა 1887
- ალუდა ქეთელაური 1888
- ბახტრიონი 1892
- სტუმარ-მასპინძელი 1893
- გველის-მჭამელი 1901
XX საუკუნის პირველი ნახევარი
რედაქტირებამეოცე საუკუნე საქართველოს რომანისტიკის ოქროს ხანად ითვლება. 20-იან წლებში პირველად დაიწერა დიდი ქართული რომანები: კვაჭი კვაჭანტირაძე (1924), ჯაყოს ხიზნები (1925), დიონისოს ღიმილი (1925) და სხვა. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდნენ მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, გრიგოლ რობაქიძე და სხვები. ახალ საუკუნეში საგრძნობლად გაიზარდა ლიტერატურულ ჟანრთა მრავალფეროვნება. ჯავახიშვილმა არ უღალატა წინა საუკუნეში ფესვგამდგარ რეალიზმს და ამ მიმდინარეობით გააგრძელა მოღვაწეობა. მხოლოდ მან ექვსი სხვადასხვა ჟანრის რომანი დაწერა. მან შექმნა ავანტიურული („კვაჭი კვაჭანტირაძე“, 1924), სოციალური („ჯაყოს ხიზნები“, 1925), სათავგადასავლო („გივი შადური“, 1928), ისტორიული („არსენა მარაბდელი“, 1933—1936), ფილოსოფიური („თეთრი საყელო“, 1926 და სოციალისტურ-რევოლუციური "ქალის ტვირთი" რომანები. ევროპაში განათლებამიღებულმა კონსტანტინე გამსახურდიამ კი ქართულ პროზაში ექსპრესიონიზმი შემოიტანა. მისი მთავარი ნაშრომია "მთვარის მოტაცება", რომელშიც გასაბჭოების შემდგომი სოციალური მდგომარეობაა ასახული. ლეო ქიაჩელი საბჭოთა კავშირში მიღებული სოციალისტური რეალიზმის ჟანრში წერდა. ასე იყო ნიკო ლორთქიფანიძეც, თუმცა მან მინიატურებითა და ნოველებით იმპრესიონიზმის ჟანრში დაიწყო მოღვაწეობა. მისი ერთადერთი რომანი "ბილიკებიდან ლიანდაგზე" 1905 წლის რევოლუციას ეხმაურება. გრიგოლ რობაქიძემ თავისი პირველი რომანის - გველის პერანგის დასაწერად ეგზისტენციალიზმის და სიმბოლიზმის მსოფლმხედველობა გამოიყენა. 30-იანი წლებიდან დაიწყეს თანამედროვე მწერლების დევნა რასაც შეეწირა მიხეილ ჯავახიშვილი და სხვა ბევრი მოღვაწე. გრიგოლ რობაქიძე თავს გერმანიაში წასვლით უშველა.
მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია
- ვასილ ბარნოვი - მიმქრალი შარავანდედი (რომანი) (1913)
- ვასილ ბარნოვი - ტრფობა წამებული (რომანი) (1918)
- მიხეილ ჯავახიშვილი - კვაჭი კვაჭანტირაძე (რომანი) (1924)
- მიხეილ ჯავახიშვილი - ჯაყოს ხიზნები (რომანი) (1925)
- მიხეილ ჯავახიშვილი - ორი განაჩენი (მოთხრობა) (1925)
- მიხეილ ჯავახიშვილი - თეთრი საყელო (რომანი) (1926)
- მიხეილ ჯავახიშვილი - არსენა მარაბდელი (რომანი) (1933)
- გრიგოლ რობაქიძე - გველის პერანგი (რომანი) (1926)
- ალექსანდრე აბაშელი - ქალი სარკეში (1930) (ფანტასტიკური რომანი)
- ნიკო ლორთქიფანიძე - მრისხანე ბატონი (ვრცელი მოთხრობა) (1912)
- ნიკო ლორთქიფანიძე - ჟამთა სიავე (ვრცელი მოთხრობა) (1920)
- ნიკო ლორთქიფანიძე - რაინდები (ვრცელი მოთხრობა) (1924)
- ნიკო ლორთქიფანიძე - ბილიკებიდან ლიანდაგზე (რომანი) (1924)
- ნიკო ლორთქიფანიძე - თავსაფრიანი დედაკაცი (მოთხრობა) (1933)
- კონსტანტინე გამსახურდია - დიონისოს ღიმილი (რომანი) (1925)
- კონსტანტინე გამსახურდია - მთვარის მოტაცება (რომანი) (1933-36)
- კონსტანტინე გამსახურდია - დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა (რომანი) (1939)
- კონსტანტინე გამსახურდია - დავით აღმაშენებელი (რომანი) (1958)
- ლეო ქიაჩელი - ტარიელ გოლუა (რომანი) (1916)
- ლეო ქიაჩელი - ჰაკი აძბა (ვრცელი მოთხრობა) (1933)
- ლეო ქიაჩელი - გვადი ბიგვა (რომანი) (1936)
სიმბოლისტები
რედაქტირება„ცისფერყანწელები“ — ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1916 წელს და არსებობდა 1930-იან წლებამდე, როდესაც მოძრაობა საბჭოთა წყობილებამ უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო.
ცისფერყანწელები არიან:
- ალექსანდრე არსენიშვილი
- შალვა აფხაიძე
- ვალერიან გაფრინდაშვილი
- გიორგი ლეონიძე
- კოლაუ ნადირაძე
- პაოლო იაშვილი
- ნიკოლო მიწიშვილი
- შალვა კარმელი
- სერგო კლდიაშვილი
- ტიციან ტაბიძე
დიდი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე თავს არ თვლიდა სიმბოლისტად, მიუხედავად იმისა, რომ მას ახლო კავშირი ჰქონდა „ცისფერყანწელებთან“. მის ნაწარმოებებს ძირითადად რომანტიკული ელფერი ახლავს.
XX საუკუნის მეორე ნახევარი
რედაქტირებამეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, ომის შემდგომ პერიოდში აღსანიშნავია ნოდარ დუმბაძის, გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჭილაძის, ჯემალ ქარჩხაძის და სხვათა მოღვაწეობა. ამ პერიოდში საქართველოში დამკვიდრდა დასავლეთიდან შემოსული მაგიური რეალიზმი. ამ ჟანრში მრავალი დიდი რომანი შეიქმნა.
მნიშვნელოვანი მწერლები და მათი საუკეთესო ნაწარმოებები:
- ოთარ ჭილაძე - ყოველმან ჩემმან მპოვნელმან (რომანი) (1976)
- თამაზ ჭილაძე - კაქტუსის ბაღი (რომანი) (1991)
- ნოდარ დუმბაძე - მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი) (1960)
- ჯემალ ქარჩხაძე - იგი (მოთხრობა) (1977)
- გურამ დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი (რომანი) (1978)
- ლევან გოთუა - გმირთა ვარამი (რომანი) (1958-62)
- გრიგოლ აბაშიძე - ლაშარელა (რომანი) (1955)
- ირაკლი აბაშიძე - ლექსები
- გურამ გეგეშიძე - სტუმარი (რომანი) 1970
- ოთარ ჩხეიძე - ბორიაყი (რომანი) (1974)
- ჭაბუა ამირეჯიბი - დათა თუთაშხია (რომანი) (1975)
- გურამ ფანჯიკიძე - სპირალი (რომანი) (1985-6)
- ნოდარ წულეისკირი - ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი (რომანი) (1988)
- რევაზ მიშველაძე - გზა (რომანი) (1984)
- მერაბ ელიოზიშვილი - ბებერი მეზურნეები (რომანი) (1968)
- ნაირა გელაშვილი - ამბრნი, უმბრნი და არაბნი (რომანი) (1982)
- რევაზ ინანიშვილი - სხვადასხვა მოთხრობები
- ოტია იოსელიანი - ქალი გამოვიდა საღალატოდ (რომანი) (1985)
- გურამ რჩეულიშვილი - ალავერდობა (მოთხრობა) (1959)
XXI საუკუნის ქართული ლიტერატურა
რედაქტირებათანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი პოსტმოდერნიზმს უკავია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გიორგი ახვლედიანმა ფსევდონიმით - აკა მორჩილაძე, გამოაქვეყნა მოგზაურობა ყარაბაღში. რომანს თავიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა დღეს მწერლის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად ითვლება და თარგმნილია მრავალ ენაზე. აღსანიშნავია დათო ტურაშვილის მოღვაწეობა და მისი რომანი - ჯინსების თაობა (2001), რომელიც დღემდე ბესტსელერია საქართველოში და 10-ზე მეტ ენაზე თარგმნილი.
პრემია საბა
რედაქტირებალიტერატურული პრემია "საბა" საქართველოში 2003 წელს დაარსდა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა და მისი მიზანია გასული წლის საუკეთესო ნაწარმოებების გამოვლენა 9 ნომინაციის მიხედვით.
- აკა მორჩილაძეს ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ აქვს მიღებული „საბა". ყველა ჯილდო მან საუკეთესო რომანის ნომინაციაში მიიღო
- ლაშა ბუღაძემ სამჯერ მიიღო „საბა“ საუკეთესო პიესის, ხოლო ერთხელ საუკეთესო რომანის ნომინაციაში
- ერთზე მეტი „საბა“ აგრეთვე მიღებული აქვთ ბაჩანა ბრეგვაძეს, გიორგი ლობჟანიძეს, შოთა იათაშვილსა, ლევან ბრეგაძეს, ნაირა გელაშვილსა, პაატა შამუგიას, მალხაზ ხარბედიას, ბესიკ ხარანაულსა და გიორგი მაისურაძეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- "ანტიკური ლიტერატურა" მოსკოვი 1973, სახელმძღვანელო ფილოლოგიური ფაკულტეტებისთვის.
- ი. მ. ტროანსკი, "ანტიკური ლიტერატურის ისტორია", მოსკოვი, უმაღლესი სკოლა 1983
- ლათინური ბიბლიოთეკა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 18
- ↑ ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 19
- ↑ ინგოროყვა, პავლე: ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი