ამირანიანი
„ამირანიანი“ — ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ძეგლი, საერთო სახელწოდება თქმულებებისა, რომლებსაც საფუძვლად უდევს კავკასიონზე ამირანის მიჯაჭვის სიუჟეტი. ამირანი ხალხის მოსარჩლე გმირია, რომელიც ამარცხებს დევებს, ქაჯებს, გველეშაპებს, ებრძვის ძალმომრეობას. მას მხარში უდგანან მზეთუნახავი ყამარი და ძმები ბადრი და უსუპი. „ამირანიანი“ დაახლოებით 3500 წლის წინათ უნდა იყოს შექმნილი. მასში შემორჩენილია მატრიარქატსა და პატრიარქატს შორის ბრძოლის კვალი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, „ამირანიანის“ სიუჟეტური ეპიზოდები გამოხატულია გვიანი ბრინჯაოს ხანის მცხეთის ბრინჯაოს სარტყელსა და ყაზბეგის განძის ბრინჯაოს ითიფალურ ფიგურებზე. ძვ. წ. V საუკუნიდან ბერძენ მწერლებთან გვხვდება ცნობები პრომეთეს მითის ანალოგიური თქმულებაზე, რომელიც გავრცელებული ყოფილა კოლხეთსა და იბერიაში. ადრინდელ თქმულებაში ამირანს ყამარის მამა, ცა-ღრუბლების გამგებელი პირიმზე სჯიდა. დროთა განმავლობაში ამბავმა და პერსონაჟებმა მრავალი ცვლილება განიცადეს. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ძველ წარმართულ მითოლოგიურ ეპიზოდებს ქრისტიანულიც დაემატა (კერძოდ, პირიმზე ქრისტე ღმერთმა შეცვალა და სხვა).
„ამირანიანის“ ჩაწერა XIX საუკუნის 10-იანი წლებში დაიწყო (თეიმურაზ ბაგრატიონი). შეგროვებულია 150-მდე ტექსტი - პროზის, ლექსისა თუ ლექსნარევი პროზის სახით (ლექსი მაღალი და დაბალი შაირითაა გამართული). ამ მრავალპლასტოვანი მასალის დაყვანა შეიძლება ორ ძირითად ბირთვზე - კოლხურ (გურულ, იმერულ, რაჭა-ლეჩხუმურ, სვანურ, მეგრულ, აფხაზურ) და იბერიულ (ქართლურ, კახურ, ფერეინდნულ, ფშავ-ხევსურულ, თუშურ, მესხურ-ჯავახურ, მოხეურ, მთიულურ) ვერსიებზე. ძეგლის მეცნიერულ შესწავლას XIX საუკუნის 40-იან წლებში დაედო სათავე. ამ მხრივ დიდი ღვაწლი მიუძღვით, უპირველეს ყოვლისა, ქართველ მეცნიერებს: თ. ბაგრატიონს, ზ. ჭიჭინაძეს, ა. ხახანაშვილს, ივანე ჯავახიშვილს, ვასილ ბარნოვს, კორნელი კეკელიძეს, ალექსანდრე ბარამიძეს, შალვა ნუცუბიძეს, პ. ინგოროყვას, ქ. სიხარულიძეს, ე. ვირსალაძეს, ა. ღლონტს, მიხეილ ჩიქოვანსა და სხვებს. შედარებითი კვლევა-ძიების დროს „ამირანიანი“ საგანგებოდ შეისწავლეს რევოლუციამდელი და მის შემდგომ რუსეთის მკვლევარებმა (ვ. მილერი, გ. პოტანინი, ა. ვესელოვსკი, ნიკოლოზ მარი, ვასილ აბაევი, ე. მელეტინსკი და სხვა), აგრეთვე სხვა საზღვარგარეთელმა მეცნიერებმა (ვ. მანგარდტი, კ. კრონი, ა. ოლრიკი, რ. სტივენსონი, დ. ლანგი, მ. იშტვანოვიჩი, ი. ტრენჩენი-ვალდაპფელი, ი. იედლიჩკა და სხვა).
„ამირანიანმა“ არა მარტო ქართულ მხატვრულ აზროვნებაში გაავლო ღრმა კვალი - ვარაუდობენ, რომ ანტიკური ხანის პრომეთეს მითი „ამირანიანთანაა“ დაკავშირებული. კულტურული ურთიერთობის საფუძველზე „ამირანიანი“ გავრცელდა აგრეთვე ოსურ, აფხაზურ, სომხურ, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ფოლკლორში. „ამირანიანს“ „ამირანდარეჯანიანის“ ერთ-ერთ ძირითად წყაროდაც მიიჩნევენ. შედარებით ფოლკლორისტიკასა და მითოლოგიაში იგი გილგამეშისა და პრომეთეს თქმულებათა ბადალ ეპიკურ ძეგლადაა აღიარებული. „ამირანიანის“ თქმულებები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, ჩეხურ და უნგრულ ენებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1956
- შენგელაია დ., წერილები, თბ., 1955;
- ჩიქოვანი მ., მიჯაჭვული ამირანი, თბ., 1947 (ტექსტებითურთ);
- მისივე, ქართული ეპოსი. მიჯაჭვული ამირატი, წგნ., 1—2, თბ., 1959—65;
- ჩიქოვანი მ., ქსე, ტ. 1, გვ. 397, თბ., 1975