სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პრომეთე (მრავალმნიშვნელოვანი).

პრომეთე (ძვ. ბერძნ. Προμηθεύς [Promētheus] — „წინდახედული“, „წინასწარმეტყველი“) — ტიტანი. იაპეტისა და ოკეანიდ აზიის (ზოგი ვარიანტით კლიმენეს, თემიდას) ვაჟი. ეპიმეთესა და ატლანტოსის ძმა, დევკალიონის მამა. მითებში პრომეთე ღმერთებთან მებრძოლ და ადამიანების ინტერესების დამცველ გმირადაა გამოყვანილი, ღმერთებისგან ტიტანების დამარცხების შემდეგ პრომეთე ადამიანების მხარეზე დადგა. ზევსის მოტყუების მიზნით პრომეთემ დაკლული ხარის ხორცი ორად გაყო, ერთ მხარეზე საუკეთესო ხორცის ნაჭრები დაალაგა, ზემოდან ტყავი და კუჭი დაადო, ხოლო მეორე მხარეზე ძვლები მოაგროვა და ზემოდან ქონები დაალაგა. შემდეგ ზევსს შეეკითხა, თუ რომელ ნაწილს აირჩევდა. ხარბმა ზევსმა ქონიანი ნაწილი აირჩია. პრომეთეს საქციელით გაჯავრებულმა ზევსმა ადამიანებს ცეცხლი წაართვა, მაგრამ პრომეთე ავიდა ოლიმპოზე, ცეცხლი ლერწმის ღეროში ჩადო, ოლიმპოდან გამოიტაცა, ადამიანებს გადასცა და მისი შენახვა ასწავლა. ზევსი ამ ამბავმა კიდევ უფრო გააჯავრა და მან, ღმერთების სურვილების წინააღმდეგ წასვლისათვის, ბრძანა, რომ პრომეთე მიეჯაჭვათ კავკასიონის მთის ერთ-ერთ კლდეზე. მიჯაჭვულ გოლიათთან ყოველდღე მიფრინდებოდა არწივი და გმირს ღვიძლს უძიძგნიდა, (რაც იმას ნიშნავს, რომ ის (ღვიძლი) ისევ გამრთელდებოდა, რადგანაც ამ ორგანოს აქვს აღდგენის უნარი), მაგრამ ღამ-ღამობით მტანჯველი წყლული ისევ შუშდებოდა.

ჰერა და პრომეთე
მიჯაჭვული პრომეთე (მხატ. გიუსტავ მორო

პრომეთეს მიჯაჭვის მითები

რედაქტირება

მეორე საუკუნეში დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა ფილოსოფოსმა არიანემ და ისიც წერს, რომ კავკასიაში ერთი მთაა, რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით, პრომეთეა მიჯაჭვული.

სტრაბონი აღწერდა პრომეთესა და კოლხ იბერთა გმირს (ნაგულისხმევია ამირანი), რომელიც ერთი და იგივე უნდა იყოსო.

ხვამლის მთა

რედაქტირება

ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. მთა რომელზედაც ზევსის ბძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ. XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ბერძნულ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა არგონავტების, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს. როგორც შემდგომ მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, იგი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ როცა მტაცებელ სვავს მოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა.

ხომლის მთა აგრეთვე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ფრანგ მწერალ-ფანტასტ ჟიულ ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“:

 
„ამ მთებში, რომლებიც კვეთენ ჰორიზონტს თანამედროვე ქუთაისთან, იაფეტისა და კლიმენას შვილი პრომეთე, რომელმაც მოიტაცა ცეცხლი, იუპიტერის (ზევსის) ბრძანებით მიჯაჭვული იქნა ხომლის მწვერვალზე და მას ყორანი უკორტის გულ-ღვიძლს.“

პრომეთეს მითი გავრცელებული იყო მთელს ხმელთაშუა ზღვის აუზში და კავკასიაშიც, სადაც იგი ამირანის შესახებ თქმულებას შეერწყო მრავალი საერთო ნიშნისა და დეტალის გამო.

 
„კუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან... ფაზისი მოაგორებს თავის ფართე ნაკადს... ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი, აიას ქალაქი ქუტაისი. (სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა).“
  • ჟიულ ვერნი — სათავგადასავლო რომანი „შეუპოვარი კერაბანი“:
 
„სწორედ აქ, ამ მთებში, ჰორიზონტზე რომ აღმართულა ხომლის კლდე, რომელიც თანამედროვე ქალაქ ქუთაისს გადაჰყურებს.“

საყორნის მთა

რედაქტირება

თეიმურაზ ბატონიშვილი პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად კავკასიონის ერთ-ერთ მთას ისტორიულ ჰერეთში მდებარე საყორნის მთას მიიჩნევდა.

 
„მეორე არს კავკასიურთა მთათაგანი ეგრეთვე უმაღლესი, რომელსა ეწოდების საყორნე; უმეტეს საშინელითა კლდითა საკვირველად სახილველი. ესე უკვე მთა არს თავსა პანკისისა ხეობისასა კახეთის ქვეყანასა შინა. ერთ-კერძო ამა მთისა სახლობენ თუშნი, რომელნიცა არიან კახთა ერისგანნივე. ჰგონებენ ერნი ივერიისანი და რომელნიმე სხვანიცა ნათესავთაგანნი ისტორიკოსნი, რომელ ნამდვილ მთა იგი საყორნისა არს, რომლისაცასიმაღლისა კლდესა ზედა მიმსჭვალულ-იყო პრომეტეოს იუპიტერისა მიერ დასასჯელად სასტიკითა მით რისხვითა, რომელსაცა დღითი-დღე გაუპებდის გვერდსა მისსა და აღმოსჭამდიან ცოცხლისა გვერდ გაპებულისასა ყორანნი მის მთისანი ყოველსა შინაგანსა გულ-ღვიძლსა მისსა (ხოლო ყორანნი მის მთისანი ყოვლითურთ განეყოფიან სხვათა ყორანთა, ვინაჲდგან სასტიკ რამე არიან). ესრეთსა სატანჯველსა შინა მყოფი პრომეტეოს, დილეულ მარადის განცოცხლდებოდის და კვალად განუპებდის მას იუპიტერ გვერდსა და მისცემდის საჭმლად ფრინველთა. ესრეთსა სატანჯველსა შინა იყოფოდა პრომეტეოს მრავალ-ჟამ.“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, სანკტპეტერბურგი. 1848, გვ. 8-9)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მითოლოგიური ლექსიკონი. შეადგინა ნ. გაფრინდაშვილმა. გამომც. „განათლება“, თბილისი, 1972. გვ. 262–264.
  • გელოვანი აკაკი. მითოლოგიური ლექსიკონი. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983. გვ. 425–427.