ანთიმოზ ივერიელი
ანთიმოზ (ანთიმ) ივერიელი (დ. 1650 ან 1660 — გ. 1716) — ქართველი მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე. 1708 წელს ვლახეთის მიტროპოლიტი. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა[1].
ბიოგრაფია
რედაქტირებასაქართველოდან გატაცებული და კონსტანტინოპოლში მონად გაყიდული ვლახეთში მოხვდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად ანთიმოზ ივერიელი საქართველოდან იმ ასაკისა გაიტაცეს, როცა იგი სავსებით ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. ვლახეთში მან მრავალმხრივი მოღვაწეობა გაშალა. ამ დროს იქაურობას განაგებდა კონსტანტინე ბრინკოვიანუ, რომლის განმგებლობის წლები რუმინეთის კულტურის აყვავების ხანად ითვლება. ანთიმოზ ივერიელის, როგორც მესტამბის, პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია ბუქარესტის სტამბასთან, სადაც მან 1691 წელს დაბეჭდა პირველი წიგნი. სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, მან დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებაში. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა - მღვდელმსახურება აღსრულებულიყო რუმინულ ენაზე. დიდია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაში. თბილისში სტამბას საფუძველი ჩაუყარა მისმა მოწაფემ მიხაილ იშტვანოვიჩმა. 1709 წელს ამ სტამბაში დაიბეჭდა „სახარება“. როგორც პოლიტიკური მოღვაწე, იბრძოდა რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის, ხალხს მოუწოდებდა ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა, რასაც ანთიმოზ ივერიელისთვის სასულიერო ღირსების აყრა და ექსორია მოჰყვა. სინას მთას მიმავალი გზაში მოკლეს.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- 2002 წლიდან საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი.
- 2017 წლამდე სსიპ ქალაქ თბილისის 166-ე საჯარო სკოლა ანთიმოზ ივერიელის სახელს ატარებდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ წმიდა ანთიმოზ ივერიელი. orthodoxy.ge