მიხაი იშტვანოვიჩი
მიხაი იშტვანოვიჩი (XVII-XVIII ს.ს.) — უნგრელ-რუმინელი სტამბის ოსტატი, ვახტანგ VI-ის სტამბის ერთ-ერთი გამმართავი. მას საქართველოში „უნგროვლახელს“, „სტეფანეს შვილს“ უწოდებდნენ. ის წარმოშობით ტრანსილვანიიდან, „არდიალიდან იყო და ეკუთვნოდა ვლახელი გლეხების იმ მრავალრიცხოვან წრეს, რომელიც ყმად ედგა უნგრელ მებატონეებს. მათ კარზე მყოფი ვლახელ ყმათა სახელები კი გაუნგრულებას განიცდიდა.“ სტამბის მოსაწყობად იშტვანოვიჩი საქართველოში რუმინეთიდან ანთიმოზ ივერიელმა ვახტანგ VI-ის თხოვნით გამოგზავნა. ის საქართველოში 1707 წელს უნდა წამოსულიყო. 1709 წელს გამოცემულ სახარებისა და სხვა წიგნების ანდერძებში ნათქვამია, რომ ვახტანგმა „მიიღო სტამბა ვლახეთით“. თვით ვახტანგი თავის ანდერძში, რომელიც ჩვენამდე მოღწეულ ყველა გამოცემას ახლავს, ამბობს: „მოვიყვანე მესტამბე ვლახეთით და გავაკეთე სტამბა“. მიხაი იშტვანოვიჩი 1709 წლის სახარების ანდერძში ასე ახასიათებს თავის ღვაწლს სტამბის მოწყობის საქმეში: „ხოლო ყოველივე საქმენი, რაოდენნი იხილვებიან-ასონი, ორღანონი და ყოველნი სახმარნი სტამბისა, დაწყებით სრულყოფამდი, მოქმედი და წინამძღოლი მე ვარ, უნდო მონა თქვენი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგი პაიჭაძე, „ვახტანგ მეექვსე“, თბ., „მეცნიერება“, 1981;
- ო.გვინჩიძე, „ანთიმ ივერიელი“, თბ., 1973.