სტუმარ-მასპინძელი

სტუმარ-მასპინძელი — ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1893 წელს დაწერა. პირველად გამოქვეყნდა გაზეთ „ივერიაში“ 1893 წელს (№ 146, 149, 152). ხელნაწერში სათაურად ჰქონდა „ზვიადაური“. პოემა მოგვითხრობს ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე.

სტუმარ-მასპინძელი
საერთო სათაური სტუმარ-მასპინძელი
ჟანრი პოემა
ავტორი ვაჟა-ფშაველა
მშობლიური ენა ქართული ენა
დაწერილია 1893
დაწერის ადგილი რუსეთის იმპერია

პოემის პირველწყაროები

რედაქტირება

ვაჟა-ფშაველამ წერილში „ჩემი პოემების შესახებ“ „სტუმარ-მასპინძლის“ ხალხურ წარმომავლობაზე მიუთითა: „ზეპირგადმოცემამ მომცა მხოლოდ ერთი ადამიანის, ზვიადაურის სახელი და ერთი ეპიზოდი, სახელდობრ, ის, რომ მას ქისტები თავიანთი მკვდრის, დარლას საფლავზე ჰკლავენ, ხანჯალს ურჭობენ ნელ-ნელა ყელში და ცდილობენ, როგორმე შეაშინონ, მოდრიკონ, რომ მსხვერპლი მსხვერპლად გამოდგეს. ზვიადაური ქვავდება და გაიძახის: ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა! დანარჩენი პოემაში საკუთარი ფანტაზიის ნაყოფია“.

ლიტერატურათმცოდნეები აგრეთვე მიუთითებენ, რომ „ფოლკლორში ცნობილია ლეკების მიერ თუში ლუხუმის დაკვლის ამბავიც. ლუხუმის ამბავში ქალის მოტივიც არსებობს, რაც აღაზას მოტივს ნაწილობრივ, ზოგადი შთაბეჭდილებით ეხმაურება. დაღესტანში ტყვედ მყოფი თუში ქალი, რომელიც საზარელი აქტის ასრულებას ესწრება, ლეკებს შესძახებს, თუ არ გეშინიათ, ხელი შეუხსენითო. ლუხუმს ერთადერთი, მარჯვენა ხელი ჰქონდა, მაგრამ ლეკებმა ისიც არ შეუხსნეს“.

პერსონაჟები

რედაქტირება

მოკლე შინაარსი

რედაქტირება
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პოემაში მოქმედება მიმდინარეობს ქისტეთში. მის დასაწყისში ერთმანეთს ხვდებიან სანადიროდ წასული ჯოყოლა და ზვიადაური. ჯოყოლამ ზვიადაური სახლში ისტუმრა. იქ ზვიადაურს გაიცნობს ჯოყოლასთან სტუმრად მყოფი მოხუცი ქისტი, რომელიც ზვიადაურს იცნობს, როგორც ქისტების მოსისხლე მტერს. ქისტი ზვიადაურის სტუმრობის ამბავს მთელს სოფელს შეატყობინებს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს დაატყვევებენ.

ჯოყოლა ზვიადაურის გათავისუფლების აუცილებლობას იმ მოტივით ხსნის, რომ ოჯახში სტუმრის დატყვევება მის (მასპინძლის) შეურაცხყოფას ნიშნავს, ამიტომ ჯოყოლა სამართლის სხვა დროს აღსრულებას მოითხოვს, როდესაც უკვე ზვიადაური ჯოყოლას ოჯახს დატოვებდა. შელაპარაკების დროს ის თავის თანასოფლელს -მუსას სასიკვდილოდ დაჭრის.

ქისტებმა ზვიადაური მის მიერ მოკლულ დარლას საფლავზე მაინც აწამეს, სურდათ გაეტეხათ, მაგრამ ამაოდ,ზვიადაური წარბსაც არ ხრიდა. სანამ ცოცხალი იყო, ის შემდეგ სიტყვებს ამბობდა: „ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა“. ქისტებმა გული მხოლოდ იმით იჯერეს, რომ ზვიადაურის გვამი ღია ცის ქვეშ, ძაღლების საჯიჯგნად დატოვეს.

 
ხევსურები

ჯოყოლას მეუღლე აღაზამ ზვიადაური დაიტირა, როგორც კარგი ვაჟკაცი, მაგრამ როცა ის სახლში ბრუნდებოდა, მას მოეჩვენა, რომ მიცვალებულები მისდევდნენ და რისხავდნენ. აღაზას მოელანდა მკვდარი ძმა, რომელიც საფლავიდან წამომდგარიყო და დას გაჰკიოდა.

შინმოსულმა აღაზამ ჯოყოლასთან იცრუა, მაგრამ ჯოყოლამ არ დაუჯერა. აღაზამ ბოლოს სიმართლე უამბო, რომ ცრემლები ზვიადაურს შესწირა იმიტომ, რომ უცხო შეებრალა, რადგან ამ უკანასკნელს არავინ ჰყავდა დამტირებელი, ამით მან მისი ვაჟკაცობა მოიწონა. ჯოყოლამაც მოუწონა ცოლს საქციელი და აღნიშნა, რომ ქალს ვერ განსჯიდა, რადგან კარგ ვაჟკაცს გლოვა მუდამ უხდებოდა.

ზვიდაურის მკვლელობის გამო ხევსურები ქისტეთის სოფელს თავს დაესხნენ. ჯოყოლამ იცოდა, რომ თანასოფლელები მას არ გაიკარებდნენ და რადგანაც მათთვის ერთგულების დამტკიცება სურდა, გადაწყვიტა ხევსურებს მარტო შებრძოლებოდა. ჯოყოლა დაიღუპა, ქისტებმა კი მისი მოქმედება მეტიჩრობად ჩათვალეს.

ქისტებმა აღაზას ქმარი სასაფლაოზე არ დააკრძალვინეს, ამიტომ მან ჯოყოლა კლდის თავზე დამარხა. ამის შემდეგ აღაზამ საშინელი მარტოობა იგრძნო და ადიდებულ მდინარეში გადაეშვა.

 
კადრი ფილმიდან - ვედრება.

პერსონაჟების პროტოტიპები

რედაქტირება

ერთი ცნობით, როცა შამილმა შარიათის კანონების გავრცელება დაიწყო, მთიელები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ მას, წინააღმდეგობას უწევდნენ. ერთ-ერთი ასეთი სერიოზული მოწინააღმდეგე ჯოყოლა დარქიზანაშვილი ყოფილა. ამ წინააღმდეგობის გამო შამილმა მთას ბლოკადა გამოუცხადა და ქისტები იძულებულები გახნდნენ საქართველოში გადმოსულიყვნენ. ხალხური გადმოცემების მიხედვით, ეს ჯოყოლა უნდა იყოს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების გმირის პროტოტიპი.

ზვიადაურის პროტოტიპი უნდა იყოს ლაგაზათ ზვიადი, შემორჩენილია მისი საფლავი სოფელ არდოტში. მისი გვარი ყოფილა გიგაური.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
პოემის ტექსტი
allgeo.org · nplg.gov.ge