გოგოთურ და აფშინავაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც დაიწერა 1887 წელს.

თემა და მოკლე შინაარსი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პოემის მთავარი თემა არის აფშინას, ამ ძარცვა-გლეჯის და რბევის მოყვარული პერსონაჟის, ზნე-ჩვეულების რადიკალური გარდაქმნა კეთილშობილი გოგოთურის დიდსულოვანი მოქმედების გავლენით.

ხევსური აფშინა ღონიერი და მარჯვე მძარცველია, რომელსაც სახლი ნადავლით აუვსია. აფშინა ამ საქმეს, არა თუ სინდისის ქენჯნით მისდევს, ამაყობს კიდეც და კმაყოფილიცაა საკუთარი თავით. გოგოთური მისი სრული წინააღმდეგობაა. იგი სინდისიერების, სიკეთისა და დიდსულოვნების განსახიერებაა. სძულს ძარცვა-გლეჯა და ფულს გულგრილად უყურებს. თავისი ცხოვრების მიზანს იგი სამშობლოს, სიმართლისა და სიკეთის სამსახურში ხედავს. გოგოთური აცხადებს:

ჩემი ფრანგული მტერსა ჰკლავს,

ძმაზედ არა აქვს ხელიო.

გოგოთურს ომში გმირობისა და არაჩვეულებრივი ვაჟკაცობისათვის არაერთხელ სთხოვა მეფემ მის კარზე დარჩენა, მაგრამ იუარა იმ მიზეზით, რომ ბარში ვერ ძლებდა.

გოგოთური ურყევად ადგას თავის შეხედულებებს. თავისი ჭირვეული ცოლის საყვედურებს ის ხელაღებით უკუაგდებს და ცოლის რჩევას – მიჰყვეს აფშინას მაგალითს – სასაცილოდ იღებს.

გოგოთური და აფშინა გზად ერთმანეთს შეხვდებიან. თავისი წარმატებით წაქეზებული აფშინა გოგოთურს იარაღის ჩაბარებას მოსთხოვს. გოგოთური აფშინას შესამოწმებლად გულში გადაწყვეტს, თავი საწყლად, უღონოდ მოაჩვენოს, იმის გასარკვევად თუ შეიბრალებს. ის სთხოვს, ევედრება აფშინას, ნუ აჰყრის მას იარაღს, ნუ შეარცხვენს, საქვეყნოდ სირცხვილს ნუ აჭმევს. ოღონდ იარაღს ნუ აჰყრის და თუნდაც ყმობასაც გაუწევს. მაგრამ აფშინა ულმობელი და შეუბრალებელია. ის სიკვდილით ემუქრება. გოგოთური თავს იმდენაც იმცირებს, რომ იარაღსაც მოიხსნის და თავის ცხენსაც აფშინას ჩააბარებს. აფშინამ წასვლა დააპირა. გოგოთურმა, როგორც კი ნახა აფშინას ქცევა, მისი კეთილშობილების ყოველგვარი იმედი გაუქრა, ცხენიდან ჩამოიღო, სცემა და ხელ-ფეხ შეკრული გზაზე დააგდო. თან ეუბნება: რაკი ადამიანურად მოგექეცი, გევედრე და არ შემიბრალე, ახლა მე მერტყას წელზე შენი ხმალი, შენი ლურჯა ცხენიც მე მყავდეს, შენი ფარი, ჩაჩქანი, რკინის პერანგიც მე დამრჩესო. აფშინა ნანობს და დარცხვენილი ძლივს ამოთქვამს: რა ვქნა, გავბრიყვდი, ვერ გიცანიო; სთხოვს გოგოთურს ფიც-ვერცხლი სჭამონ და მისცეს თავისი იარაღი, თუ არა და ბევრად ურჩევნია, რომ გულში ხანჯალი ჩასცეს მას. გოგოთური პასუხად დაწვრილებით გადაუშლის აფშინას მისი ცხოვრებისა და მოქმედების მთელ უნამუსობასა და უსირცხვობას. უბრუნებს აფშინას იარაღს, ხელ-ფეხს უხსნის, ფეხზე წამოაყენებს. ამის შემდეგ ორივე გმირი ძმობის ფიცს დებენ და ერთმანეთს ტკბილად შორდებიან.

პოემის მთავარი აზრი და იდეა გოგოთურისა და აფშინას დაძმობილებისა და მშვიდობიანი განშორების შემდეგ იშლება. აფშინა შინ დაბრუნებისას ღრმა დარდსა და ნაღველში ჩავარდება. იგი, რომელიც მანამდე იარაღის აყრას სიკვდილს არჩევდა, ახლა, ასეთი ხელსაყრელი დასასრულის შემდეგ, თვითონვე სხვას გადასცემს თავის იარაღსა და საყვარელ ცხენს, გამოუვალი და უსაშველო წუხილისაგან ლოგინად ვარდება.

აფშინა სრულებით გარდაიქმნება, ცვლის თავისი ცხოვრების წესს. მძარცველი ხევისბერად, ქადაგად გადაიქცევა. მაგრამ აფშინას შეძრწუნებულმა სულმა ვერ ჰპოვა სრული დამშვიდება ხევისბერობაში. მას შემდეგაც, რაც ხევისბერად შედგა, მას ულმობლად ტანჯავდა, თუმცა ფარულად, მაგრამ უფრო ძლიერ, დაუშოშმინებელი და დაუცხრომელი აზრები სამუდამოდ დაღუპული და მკვდარი ვაჟკაცობის შესახებ. ეს მტანჯველი აზრი მას ყოველღამ ეწვეოდა ხოლმე და ამ აზრებმაც იმდენად დაიმორჩილა, რომ ღამ-ღამობით აფშინა მუდამ ქვითინებდა:

ამბობენ: ქვითინი მოდის

ღამ-ღამ ბლოს თავით კაცისა:

ვაჰ, მკვდარო ვაჟკაცობაო,

ცოცხლად დამარხვავ თავისა!

ამგვარად, აფშინას ტრაგედიას დასასრული სიკვდილამდე არ ეწერა: ამაშია ამ ტრაგედიის განსაკუთრებული სიმძაფრე. და თუ აფშინა, მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც ხევისბერად რჩება, ეს მხოლოდ მორალური ცეცხლის გამო, რომელიც მის სულში გოგოთურის მაღალზნეობრივმა და დიდსულოვანმა საქციელმა გამოიწვია.

ხალხური მოტივი რედაქტირება

ეს პოემა პოეტს უმნიშვნელო ხალხურ მასალაზე აუგია. გადმოცემის მიხედვით, გოგოთური ნამდვილი პიროვნება ყოფილა, ცხოვრობდა XIX საუკუნეში, სოფელ ყოფჩის მკვიდრი, როგორც პოემაშია გამოყვანილი. გოგოთური ღონიერი წყნარი, სათნო და მშრომელი კაცი ყოფილა. იმ გარემოებას, რომელიც პოემას საფუძვლად დაედო და კვანძის როლი შეასრულა, ვაჟა ამგვარად გადმოგვცემს: გოგოთურს „ერთხელ ქურდ-ბაცაცობისათვის შაეპყრო ორი ხევსური, მოეყვანა სახლში შეკონილები, ცოლისთვის ეთქვა: სალაფავი გააკეთე, ამ ძაღლებს უნდა ვაჭამოვო. სალაფავი ცარიელ წყალში ნადუღი ქატოა. მართლაც ძაღლის საჭმელ გეჯაში ჩაესხა ქურდ ხევსურებისათვის და დაედგა წინ: „ეს ჭამეთ, ქურდი და სხვის სარჩოს მტაცებელი ამის ღირსიაო!“ ხევსურები თურმე შაეხვეწნენ: ოღონდაც გოგოთურის ჭირიმე, ძაღლის სალაფავს ნუ გვაჭმევ და ჩვენს სიცოცხლეში აღარ ვიქურდებთო. გოგოთურმა შეიწყნარა მათი თხოვნა, ჩამოართვა ფიცი და გაანთავისუფლა. ეს ხევსურები ორი ერთკაცად – აფშინად გარდავქმენ და ამგვარად პოემა დაიწერა...“[1]

ვაჟას მოეწონა რეალური გოგოთურის მიერ გამოყენებული სასჯელის ფორმის ზნეობრივ-აღმზრდელობითი და მორალურ-გარდამქმნელი ხასიათი.

 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

ლიტერატურა რედაქტირება

  • ალექსანდრე ქუთელია, ვაჟა-ფშაველა მოაზროვნე და ჰუმანისტი, სახელგამი, 1947. — გვ. 83-92.
  • გიორგი ჯიბლაძე, ვაჟა-ფშაველა, 1958. — გვ. 24-25.

სქოლიო რედაქტირება

  1. ვაჟა-ფშაველა, ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, 1911 წ.