ანტონ ფურცელაძე

ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი

ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე (დ. 6 დეკემბერი, 1839, მერეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი ― გ. 3 ნოემბერი, 1913, არბო) — ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი.

ანტონ ფურცელაძე
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1839(1839-12-06)
დაბადების ადგილი მერეთი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი, 1913(1913-11-03) (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი არბო, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი, ისტორიკოსი, პოეტი და მთარგმნელი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ორიოლის ბახტინის კადეტთა კორპუსი
ჟანრი ისტორიული რომანი და სოციალური რომანი
Magnum opus მაცი ხვიტია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფურცელაძეთა გვარის წარმომადგენლები ღარიბი აზნაურები ყოფილან. სოფლის უბრალო, ღარიბი აზნაური იყო ა. ფურცელაძის მამა ნიკოლოზიც. მწერლის დედა ბარბალე გედევანიშვილი-ფურცელაძისა ჭკვიანი დარბაისელი და სათნო მანდილოსანი იყო. თავისი დროის კვალობაზე მასნ კარგად იცოდა როგორც სასულიერო, ისე საერო მწერლობა.

ა. ფურცელაძის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა დედა, რომელმაც მომავალ მწერალს წერა-კითხვა შეასწავლა. ბავშვობის წლები ანტონმა თავის სოფელში გაატარა. ხელმოკლეობის გამო მშობლებმა ვერ შეძლეს ანტონის სამოქალალო სასწავლებელში მიბარება. მათ მხოლოდ იმის მოხერხება შეძლეს, რომ 11 წლის ბავშვი ქ. ორიოლის კადეტთა კორპუსში მიეღებინებინათ სახელმწიფო ხარჯზე. აქ ანტონი სამიოდე წელი დარჩა. 1854 წელს ის ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამის გამო, სამხედრო სამსახურისათვის გამოუსადეგარი, იძულებული გახდა დაეტოვებინა სასწავლებელი და დაბრუნებულიყო სამშობლოში.

მიუხედავად იმისა, რომ ა. ფურცელაძემ რუსეთში მხოლოდ რამდენიმე წელი დაჰყო და ისიც ბავშვობის ასაკში, ამ პერიოდმა მაინც გარკვეული კვალი დააჩნია მის ინტელექტუალურ ცხოვრებას. კადეტთა კორპუსში ყოფნისას, ა. ფურცელაძის მასწავლებელთა შორის ვხედავთ არაერთ რევოლუციურად განწყობილ ადამიანს. მათი გავლენით რადიკალური განწყობილება 14 წლის ა. ფურცელაძესაც დაეუფლა. კადეტთა კორპუსშივე მან კარგად შეისწავლა რუსული ენა, როგორც ცნობილია, 60-იან წლებში ა. ფურცელაძემ მთელი რიგი სტატიები გამოაქვეყნა რუსულ ენაზე.

რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ის ერთხანს თავის სოფელში რჩება და დიდი მონდომებით ეწევა თვითგანვითარებას. ახლო ნათესავის, დავით მირზაშვილის დახმარებით, ა. ფურცელაძე სამსახურს შოულობს, ეწყობა დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერლის თანამდებობაზე. აქ იგი დიდხანს არ დარჩენილა. მალე თბილისში გადმოვიდა და რამდენიმე სემინარიელთან ერთად დაიქირავა ოთახი კალოუბნის ქუჩაზე (ახლანდელი ფურცელაძის ქუჩა). მისი ბინა მაშინდელი მოწინავე ახალგაზრდობის თავშესაყრელ ადგილად იქცა. ამ ახალგაზრდებმა შეადგინეს პატარა წრე, რომლის სული და გული იყო ა. ფურცელაძე. წრე მრავალი საზოგადოებრივი საკითხით იყო დაინტერესებული. წრის წევრები ამზადებდნენ და შეკრებებზე კითხულობდნენ რეფერატებს, პროგრესული მიმართულების რუსულ ჟურნალ-გაზეთებს, საზღვარგარეთულ გამოცემებს.

1861 წელს ა. ფურცელაძე თანამშრომლობას იწყებს ჟურნალ “ცისკარში”. პირველ ხანებში, 1861–1862 წლებში, ის მეტწილად მთარგმნელობით მუშაობას ეწევა. იგი გულგრილი მაცქერალი არ ყოფილა მამათა და შვილთა ლიტერატურული პაექრობისა, რომელიც “ცისკარში” დაიწყო 1861 წელს. ახალგაზრდა პუბლიცისტი გვერდში ამოუდგა “შვილებს” და მთელი თავისი შეგნებით ჩაება ბრძოლაში ძველი თაობის წინააღმდეგ.

“ცისკარში” თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ა. ფურცელაძე “დროებაში” გადავიდა და გახდა მისი ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელი. 1866 წელს ა. ფურცელაძემ “დროებაში” გამოაქვეყნა მოთხრობა მართას რამდენიმე თავი.

1867 წელს ფურცელაძემ დატოვა თბილისი და მუშაობას დაიწყო ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად. ზუგდიდში ყოფნის დროს დაააფუძნა დაწყებითი სასწავლებელი. „დროებაში“ თანამშრომლობა მას ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია. აღნიშნულ ორგანოში ის აქვეყნებდა კორესპონდენციებს (სათაურით „ზუგდიდამ“, „სამეგრელოდამ“), რომლებშიც ეხებოდა სამეგრელოს მკვიდრთა საჭირბოროტო საკითხებს.

1869 წელს იგი კვლავ თბილისში ბრუნდება. სწორედ ამ პერიოდში წერს ა. ფურცელაძე რომანს “მაცი ხვიტია” (1869–1870 წლები) და ტრაგედიას “დიდი მოურავი” (1899წ.).

მათი თაოსნობით 1869 წლის მარტიდან გამოსვლას იწყებს ყოველთვიური სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალი “მნათობი”. 1872 წელს ჟურნალ “მნათობის” გამოცემა შეწყდა. 1873 წლიდან ა. ფურცელაძე რედაქტორობს პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე “გუთნის დედას”.

1905 წელს ა. ფურცელაძე სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 1911 წელს ა. ფურცელაძემ ბანკში სამსახურს თავი დაანება და მუდმივ საცხოვრებლად გადასახლდა სოფელ არბოში. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცოცხლია. ა. ფურცელაძე გარდაიცვალა 1913 წლის 3 ნოემბერს, თანახმად ანდერძისა, დაასაფლავეს სოფელ მერეთში (იხ. ანტონ ფურცელაძის საფლავი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: