მამებისა და შვილების ბრძოლა

მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეური ბრძოლა — ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ძველი და ახალი თაობის ლიტერატურული პაექრობის პირობითი სახელწოდება. ბრძოლა დაიწყო 1860-იან წლებში, როდესაც ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა თერგდალეულთა წინამძღოლის, ილია ჭავჭავაძის კრიტიკული სტატია „ორიოდე სიტყვა თ. რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა“ („ცისკარი“, 1861, № 4). ძველ და ახალ თაობათა პირველი ბრძოლა მიმდინარეობდა „ცისკრის“ ფურცლებზე 1861-1863 წლებში. თავდაპირველად ეს ბრძოლა უმთავრესად ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების, აგრეთვე ენისა და სტილის საკითხებს მოიცავდა; ახალი თაობა მოითხოვდა მწერლობის ხალხთან დაახლოებას, ძველი ენობრივი ნორმების, კერძოდ, ორთოგრაფიული და გრამატიკული არქაიზმის უკუგდებას, ისინი ილაშქრებდნენ ანტონ კათოლიკოსის ავტორიტეტის წინააღმდეგ, უარყოფდნენ მაღალ სტილს და ა. შ. ყოველივე ეს „მამების“ უკმაყოფილებასა და გულისწყრომას იწვევდა.

ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე (ფოტო გადაღებულია 1860 წელს)
გრიგოლ ორბელიანი

ხელმეორედ პოლემიკა ახალი სიმწვავით დაიწყო 1871 წელს. შეტაკების საბაბი გახდა ისევ ილია ჭავჭავაძის გამოსვლა, კერძოდ, მისი ცნობილი გამოცანები (1871 წ. დეკემბერი), რომლებიც ხელნაწერების სახით გავრცელდა საზოგადოებაში და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია „მამებს“ შორის. გამოცანებში იგულისხმებოდნენ ქართველი თავადაზნაურების წარჩინებული წარმომადგენლები – მარშალი რევაზ ანდრონიკაშვილი, გიორგი და ივანე მუხრანბატონები, იასე ჭავაჭავაძე, ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, გრ. ორბელიანი და სხვ. ამ პირთ არ შეუსრულებიათ ახალი თაობის („თერგდალეულთა“) ზეგავლენით სპეციალურად მოწვეული თავადაზნაურობის ყრილობის მიერ გამოტანილი დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა 1871 წელს საქართველოში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-სათვის ადრესის მირთმევას თბილისში უნივერსიტეტის გახსნის შესახებ. მეფისნაცვლისა და თავადაზნაურთა რეაქციული ჯგუფის ზეგავლენით ანდრონიკაშვილს შეუცვლია ადრესის პროექტი და უნივერსიტეტის ნაცვლად უთხოვია თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნა.

ილიას მერვე გამოცემა ეხებოდა გრიგოლ ორბელიანს. ეს ეპიგრამა, დანარჩენი გამოცანებისაგან განსხვავებით, პოეტისადმი განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული. მიუხედავად ამისა, „გამოცანებმა“ გრიგოლ ორბელიანის აღშფოთება გამოიწვია. 1872 წელს მან დაწერა „გამოცანების პასუხი“, რომელიც ამჟამად „პასუხი შვილთას“ პირველი ვარინტის სახითაა ცნობილი. იგი ახალი თაობისადმი მიმართული ძალზე დამამცირებელი ეპითეტებით იწყება.

გრიგოლ ორბელიანმა თავისი პასუხი დაბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1874 წელს სათაურით „პასუხი უღირსთა შვილებთა“. ესაა მეორე, საბოლოო ვარიანტი პასუხი შვილთასი. მკვახე ტონი აქ შერბილებულია, ამოღებულია ძალზე დამამცირებელი ეპითეტებიც, რომლებიც პირველ ვარიანტში გვხვდება („კოღო – ბუზებო“, „კატის კნუტებო“, „ვირი წავიდა, ვირი მოვიდა“ და მისთ.), სამაგიეროდ იგი უფრო გავრცობილია და იდეური თვალსაზრისით საინტერესო მასალას შეიცავს.

ცნობილია ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის საპასუხო ლექსები გრ. ორბელიანის პასუხზე (ილიას „პასუხის პასუხი“, აკაკის „ხარაბუზა ღენერალს“, „კოღო-ბუზების პასუხი“, „პატრიოტის აღსარება“ და სხვ).

ლიტერატურა

რედაქტირება