სერგო კლდიაშვილი
სერგო დავითის ძე კლდიაშვილი (დ. 6 ოქტომბერი, 1893, ზედა სიმონეთი, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 14 ოქტომბერი, 1986, თბილისი) — ქართველი პოეტი, მწერალი, ნოველისტი. იყო ქართველი სიმბოლისტების ლიტერატურული ჯგუფის „ცისფერყანწელთა“ წევრი.
სერგო კლდიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 ოქტომბერი, 1893 |
დაბადების ადგილი | ზედა სიმონეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 14 ოქტომბერი, 1986 (93 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი და ნოველისტი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა დავით კლდიაშვილის ოჯახში. 1913 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ მოუსწრო რევოლუციამ და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. მისი პირველი ლიტერატურული მინიატურა ჯერ კიდევ 1911 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სინათლეში“. იგი ქართველ მწერალთა იმ თაობას ეკუთვნის, რომლებმაც დააარსეს ცისფერყანწელთა ლიტერატურული ორდენი და უძველესი ქართული ლიტერატურული ტრადიცია ახალი შინაარსითა და ფორმებით გაამდიდრეს.
მკითხველი დიდი ინტერესით შეხვდა მწერლის 2 რომანს „ფერფლს“ და „მყუდრო სავანეს“. ს. კლდიაშვილის სახელს უშუალოდ დაუკავშირდა ქართული ნოველის შექმნა, იგი სამართლიანად ითვლება ამ ჟანრის ერთ-ერთ გამოჩენილ ოსტატად. მისი ნოველები და მინიატურბი — „ჭინკა ბიჭები“, „გორგასლის თასი“, „შემოდგომის წვიმა“, „ჯორდანო ბრუნო“, „სოფლის გზაზე საქართველოში“, „შორეული ციალი“, „სვანური მოთხრობების“ მთელი ციკლი, სამართლიანად დამკვიდრდა ქართული ლიტერატურის ოქროს ფონდში.
განსაკუთრენბით უნდა აღინიშნოს სერგო კლდიაშვილის როგორც დრამატურგის ღვაწლი. მისი პიესები „გმირთა თაობა“, „ირმის ხევი“, „დაბრუნება“ წარმატებით იდგმებოდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე. მან დაგვიტოვა აგრეთვე საგულისხმო კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები ჩვენი ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე. ფასდაუდებელია მწერლის მოგონებები დავით კლდიაშვილზე, აკაკი წერეთელზე, ვაჟა-ფშაველაზე, პაოლო იაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, ვ. გაფრინდაშვილზე და სხვა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, სომხურ, უკრაინულ, პოლონურ და სხვა ენებზე. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.
სოფელ ზედა სიმონეთში არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი.[1]
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 220, თბ., 1994