ყოველმან ჩემმან მპოვნელმან

ოთარ ჭილაძის რომანი

ყოველმან ჩემმან მპოვნელმანოთარ ჭილაძის რიგით მეორე ისტორიული რომანი მაგიური რეალიზმის ჟანრში. პირველად გამოიცა 1976 წელს და მაშინვე ბესტსელერი გახდა. მწერლის შემოქმედების მკვლევარის, მანანა კვაჭანტირაძის აზრით, “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” ალეგორიულად ასახავს ფეოდალური საქართველოს უკანასკნელ დღეებსა და რუსეთის იმპერიული ძალაუფლების ისტორიულ-პოლიტიკური ეპოქის დადგომას.[1] რომანი თარგმნილია რუსულ[2], ჩეხურ[3], გერმანულ[4], ესტონურ[5] და მსოფლიოს სხვა ენებზე.

„ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“

რომანის ჩეხური გამოცემის ილუსტრაცია
ავტორი ოთარ ჭილაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
თემა ბიბლია
ჟანრი ისტორიული რომანი
მაგიური რეალიზმი
ალეგორია
გამოცემის თარიღი 1976
გვერდი 420
წინამორბედი გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
მომდევნო რკინის თეატრი

რომანის შესახებ

რედაქტირება

ოთარ ჭილაძემ ყოველმან ჩემმან მპოვნელმან პირველი რომანის დაწერიდან 3 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. რუსულად 1981 წელს თარგმნა ელისბარ ანანიაშვილმა, რომლის ნამუშევარს დიდებული თარგმანი უწოდეს.[6]

რომანში აღწერილი სოფელი ურუქი არ არის რეალურად არსებული ქართული სოფელი. სოფლის სახელწოდება ალუზიას იწვევს შუმერულ ეპოსთან. აკაკი ბაქრაძე შენიშნავს, რომ „რომანის ურუქი კონკრეტულობის საზღვარს არღვევს და მთელი სამყაროს სახესიმბოლოდ იქცევა“ [7]

"ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" ერთი ქართული ოჯახის ტრაგიკულ საგას გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოუხდენია ნოვოსიბირსკელ პედაგოგზე, პროფესორ ელვირა გორიუხინაზე და 1982 წელს ქალბატონი ელვირა თბილისში სწვევია ოთარ ჭილაძეს, რათა მისთვის ემცნო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აპირებდა, ნოვოსიბირსკის ერთ-ერთი სკოლის დამამთავრებელ კლასებში ქართული რომანი სავალდებულო საგნად შეეტანა.

თამაზ ჭილაძე კი ამ ფაქტზე წერდა: "ეს იყო ნამდვილი სენსაცია - რუსული პედაგოგიკის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დამამთავრებელ კლასში (საერთოდ!) სავალდებულო საგნად ექციათ სხვა ქვეყნის მწერლის რომანი".[8]

ელვირა გორიუხინას, როგორც მშობლების, ასევე ცნობილი მეცნიერებისა და თვით კოლეგების მხრიდან საკმაო წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ როცა მისმა სამოცდაათმა მოწაფემ სამოცდაათი აღტაცების გამომხატველი, ღრმად გააზრებული ნაშრომი წარმოადგინა ამ რომანზე, მას ხელი ვეღარავინ შეუშალა და საბოლოოდ ყველანი მადლიერებით განისმჭვალნენ ნიჭიერი და ნოვატორი პედაგოგის მიმართ.

ერთ–ერთი ნოვოსიბირსკელი სტუდენტი წერს: "... ჭილაძის რომანი ძნელი წასაკითხია. ის თითქოს უსასრულოა, უსასრულოა, როგორც ცხოვრება. მას არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. ის იქ იწყება, სადაც გაჩნდა კაცობრიობა და დამთავრდება მხოლოდ მის დაღუპვასთან ერთად. ჭილაძის რომანი -ეს ცხოვრების უსასრულო ლენტის ნაგლეჯია".

რომანი გადაითარგმნა და კვლავ ითარგმნება მრავალ ენებზე, მაგალითად - რუსულად, გერმანულად, ჩეხურად, ესტონურად და მაკედონიურად.

რომანის სიუჟეტი

რედაქტირება
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანში ქრონოლოგიურადაა მოთხრობილია ქაიხოსრო მაკაბელის ოჯახის ისტორია ოთხი თაობის განმავლობაში. აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს 4 წლის ქაიხოსრო შემთხვევით გადაურჩება სიკვდილს, პატარა ბიჭი დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ყაზარმას შეეკედლება, სადაც მაიორი მაკაბელი იშვილებს, გვარს მისცემს და მემკვიდრეობასაც დაუტოვებს. რომანი იწყება, როცა ქაიხოსრო მაკაბელი ბრუნდება სამშობლოში და სოფელ ურუქში მამობილისგან მემკვიდრეობით მიღებულ სახლში სახლდება, თუმცა მალევე მიხვდება, რომ უსასრულო სიმარტოვის ღამეების ატანა უჭირს, ამიტომაც თვალს დაადგამს ქვრივ ანას, რომელსაც თათარი საყვარელი ჰყავს.

რომანის სიუჟეტი საქართველოს გამოგონილ სოფელში - ურუქში ვითარდება. თათარი(რომლის სახელი ნაწარმოების ბოლომდე უცნობი რჩება) თავის საყვარელ ქვრივ ანასა და მის შვილ 11 წლის გიორგას სცემს.ეს ამბავი სოფელში მალევე გავრცელდება.გიორგა თავისზე უფროს მეგობარს მაიორ ქაიხოსრო მაკაბელს შესჩივლებს.მაიორი თათარს ხელში დაჭრის,რის შემდეგაც თათარი სოფელს დატოვებს.გიორგას ჰგონია, რომ ეშველა, დედამისს ვეღარავინ შეაწუხებს,მაგრამ ამის საპასუხოდ მაიორი მოიყვანს ანას ცოლად.ოჯახი მაკაბელების საგვარეულო სახლში დასახლდება.

გავა ხანი. გიორგა მაიორის მამინაცვლობას ვერ ეგუება. ერთ დროს მეგობარს, ახლა მტერივით უყურებს. მალე ანა შვილს გააჩენს,რომელსაც პეტრეს დაარქმევენ.პეტრე გიორგას შურით და ბოღმით უყურებს,რადგან ერთი დედა ყავთ.დედა კი მეტ ყურადღებას მისი აზრით გიორგას უთმობს. დრო გავა.პეტრე კი გიორგაზე ადრე მოიყვანს ცოლს - ბაბუცა მიქელაძეს. ის სამ შვილს გაუჩენს: ალექსანდრეს,ნიკოს და ანეტას. გიორგა კი სოფლის საქმეებს მიჰყვება და უცოლშვილოდ დარჩენილს თათარი მოკლავს შურისძიების გამო.

ამ დროს სოფლის ექიმი ჯანდიერი ქაიხოსროს უკურნებელ სენს დაუდგენს.ყოფილ მაიორს სახლიდან გასვლაც კი აეკრძალება. ალექსანდრეს და ნიკოს ადრეული სიყმაწვილიდან გაუჩნდებათ პროტესტი ბოროტი მამისადმი(რომელიც მუდამ მიზეზს ეძებს მათ დასაჯელად) და გადაწყვეტენ საღორე აუფეთქონ. აფეთქებისას ალექსანდრე მარჯვენა ხელს დაკარგავს, ნიკო კი უვნებელი გადარჩება(საღორის აფეთქების იდეა მისი იყო).ამით ალექსანდრე განათლების მიღების ყველანაირ საშუალებას დაკარგავს და სოფელში დარჩენა მოუწევს.

ნიკო კი თბილისში გაემგზავრება გიმნაზიაში სასწავლელად,თუმცა მალევე მოვა ცნობა, რომ რევოლუციონერებთან შეიკრა და ციმბირში გადაასახლეს. ალექსანდრე კი პირველ სიყვარულს მალევე იპოვის.მისი საყვარელი კოჭლი მარო გახდება(ის 15 წლის იყო როცა გააპატიურეს).ალექსანდრე სახლს დატოვებს და მაროსთან ერთად უგზო-უკვლოდ გადაიკარგება. ჯერ ანა მოკვდება, მალევე კი ნიკოს დაღუპვის ამბავზე ნერვიულობას ბაბუცა გადაჰყვება.უდედოდ და უბებიოდ დარჩენილ ანეტას აღრზდაზე ხელს მომვლელი აღათია აიღებს,თუმცა ძალიან გაუჭირდება გარდატეხის ასაკში მყოფი გოგონას დამორჩილება. ქაიხოსრო კი ბერდება.მისი მეგობარი ზოსიმე მღვდელი მუდამ ჩააგონებს, რომ მოინანიოს ჩადენილი ცოდვები(აღსანიშნავია, რომ მაიორის წოდება სინამდვილეში მას კანონიერად არ მიუღია).

ყოფილი მაიორი დაღუპვის შემდეგ ოჯახში ყველაფერი ირევა.დასაფლავების წინ მის გვამს მოიპარავენ. აღმოჩნდება,რომ ეს ალექსანდრეს ნამოქმედარია. ის ამასაც არ იკმარებს და ქაიხოსროს ცხენზე ამხედრებულს გამოატანს მამამისს. ანეტა გადაწყვეტს სოფლიდან გაიქცეს.გოგონა ქალაქში გაემგზავრება,თუმცა ეს ძვირად დაუჯდება.მას დაუღამდება და ინჟინერის სახლს შეაფარებს თავს, სადაც გააუპატიურებენ.ანეტა საბოლოოდ ცუდ სახელს დაიმკვიდრებს ქალაქში.

ეს ამბავი ალექსანდრემდეც მივა თუმცა ანეტასთვის შურისძიება კატორღამდე მიიყვანს. ალექსანდრე გაიგებს ნიკოს მეგობრების ადგილსამყოფელს და მათთან ჩააღწევს.მისულს ნიკოს შვილი მართა დახვდება(ნიკოს ცოლი ლიზიკო მასთან ერთად იღუპება). ალექსანდრე ძმიშვილს სოფელში წამოიყვანს და გადაწყვეტს მან აღზარდოს.

პერსონაჟები და მათი პროტოტიპები

რედაქტირება
  • ქაიხოსრო მაკაბელი - ურუქის მაიორი. ბავშვობიდანვე სხვა ოჯახში აღიზარდა. იქიდან წამოიღო თავისი მაიორის წოდება და გვარი - მაკაბელი.
  • ანა - ქაიხოსროს ცოლი. ქმარს ომში დაკარგავს და თათრის შიშის გამო მისი საყვარელი გახდება.მისი შვილი გიორგა თათარს მუდმივად ემუქრება მოკვლით.საბოლოოდ ის მაიორის ცოლი გახდება.
  • თათარი - ანას პირველი საყვარელი. იგი ნაწარმოებში პირველივე ფურცლებზე გვევლინება და მაიორის მიერ დაჭრის შემდეგ დიდი ხნით იკარგება.თუმცა საბოლოოდ თავის სიტყვას კვლავ ამბობს და შურს გიორგაზე იძიებს.თანაც იმდენსაც ახერხებს, რომ მაიორი მთელი ცხოვრება დაშინებული ჰყავს და მუდამ ნანობს, რომ არ მოკლა.
  • გიორგა - ანას პირველი ქმრის შვილი. ოცნებობდა რომ თათარს დედამისისთვის თავი დაენებებინა. ასეც მოხდა მაიორის წყალობით თუმცა იმავე მაიორმა ანა ცოლად შეირთო და თათარზე უარესი გახდა.
  • პეტრე - ქაიხოსროსა და ანას შვილი. ბავშვობიდან დაბოღმილი იყო და ეზიზღებოდა მისი ნახევარძმა. მისი სიმკაცრის და ცუდი ხასიათის გამო შვილებსაც კი შესძულდებათ.
  • ბაბუცა - პეტრეს ცოლი. თავადი ლუარსაბ მიქელაძის შვილი სხვა სოფლიდან მოიყვანა პეტრემ ცოლად. ბაბუცა თავიდან ბედნიერი ჩანს, თუმცა გადატანილი სტრესით იღუპება.
  • აღათია - ბაბუცას მოსამსახურე, გადია. ეს მომვლელი ქალი ბავშვობიდან იზრდებოდა მიქელაძეების სახლში. იქ მიიღო განათლება და საბოლოოდ შემორჩა მათ.
  • ალექსანდრე - პეტრეს და ბაბუცას შვილი, რომელიც საღორის აფეთქების შედეგად ხელს კარგავს. ალექსანდრე საკვანძო ფიგურაა რომანში. ის პირველია რომელიც დაინახავს მისი ოჯახის ცოდვებს და ცდილობს თავი დააღწიოს მათ.
  • ნიკო - პეტრეს მეორე შვილი. გიმნაზიაში სწავლის დროს გენერალს ყუმბარას აუფეთქებს და გააციმბირებენ. იქ გაიცნობს ლიზიკოს, რომელიც მას შვილს გაუჩენს.
  • ანეტა - პეტრეს უმცროსი ქალიშვილი.ჭირვეული გოგონა თავიდანვე პროტესტს გამოთქვამს ოჯახში, რადგან ყურადღებას არავინ აქცევს. საბოლოოდ ის თბილისში გაიქცევა.
  • მარო - ალექსანდრეს კოჭლი საყვარელი. დაბადებიდან კოჭლია და წყევლის დედამისს გაჩენისათვის. მარო საავადმყოფოში ალექსანდრეს გაიცნობს და მისი საყვარელი გახდება.
  • ზოსიმე მღვდელი - ურუქის მღვდელი. ზოსიმე ნაწარმოებში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და საინტერესო პერსონაჟია. ის მუდამ ურჩევს თავის მეგობარ ქაიხოსროს ცოდვების მონანიებას. მისი ნათქვამიდანაა აღებული: "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან"(ეს ფრაზა ბიბლიიდან მოდის).
  • გარეგინა - ურუქის დუქნის პატრონი. მაიორი აქ გაიგებს თათრის ამბავს, რომლის შემდეგაც დაჭრის მას. თათარი გარეგინას მისივე დუქნის წინ დააჭედებს ყურებით.
  • ლიზიკო - ნიკოს ცოლი, რომელიც ქმართან ერთად დაიღუპა. ნიკოს გადასახლებაში გაიცნობს და შემდეგ შვილსაც გაუჩენს. თუმცა, დაქორწინებას ისინი ვერ მოასწრებენ.
  • მართა - ნიკოს შვილი, რომელსაც ალექსანდრე იპოვის რომანის ბოლოს და თან წაიყვანს ურუქში. სიმბოლურად მართა არის ოჯახის მეოთხე თაობა და ახალი სისხლი, რომელმაც უნდა გამოისყიდოს წინაპრების ცოდვები და ცხოვრება ახლიდან დაიწყოს. ალექსანდრე კი მის აღზრდაში მიიღებს მონაწილეობას და ვალს მოიხდის.
 
 
 
ქაიხოსრო
 
 
 
ანა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბაბუცა
 
პეტრე
 
გიორგა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ალექსანდრე
 
ნიკო
 
ანეტა
 
 

ლიტერატურული ანალიზი

რედაქტირება

იდენტიფიკაციის პრობლემა

რედაქტირება
 
რომანის მაკედონიური გამოცემის ყდა. 2015

რომანში "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" პერსონაჟთა უმრავლესობას აქვს იდენტიფიკაციის, ანუ თვითდამკვიდრების და საკუთარი თავის საზოგადოებაში პოვნის პრობლემა. იდენტიფიკაციის პრობლემის წინაშე დგანან ქაიხოსრო, ანა, ალექსანდრე, ნიკო, და ანეტა.[9] ოჯახის ყველა წევრი იზღუდება იმ სივრცით, იმ მორალურ-ზნეობრივი ატმოსფეროსა და ჭეშმარიტი ოჯახური ფასეულობების უქონლობით, რაც ქაიხოსროს მიერ დამკვიდრებულმა "რეჟიმმა" წარმოშვა. ცრუმაკაბელთა საზრუნავი საკუთარი ჭეშმარიტი არსის ძიებაა. რწმენადაკარგული და ღმერთდაკარგული შთამომავლობა კარგავს იდენტობასაც და მათი ცხოვრების უმთავრესი საზრუნავი სწორედ ამის ძიება ხდება.თვითდამკვიდრებას ყველა თავისებურად ახდენს: ნიკო – სახლიდან წასვლით, ალექსანდრე – ძმის მოძიებით, ანეტა – შემხუთველი გარემოდან გაქცევით და ასე შემდეგ.

სივრცის იდენტიფიკაცია

რედაქტირება

რომანში ოთარ ჭილაძე სივრცის რამდენიმე განსხვავებულ მოდელს ხატავს, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ გეოგრაფიულად არ უკავშირდებიან. ესენია: მაკაბელების კარმიდამო – ურუქი – კახეთი, (რომლის ზოგად სახესაც წარმოადგენს თელავი) – საქართველო (თბილისი) – რუსეთის იმპერია (კატორღა, ტიუმენი). ამ მხატვრული მოდელებიდან თითოეული ატარებს, იმპერიის ზოგად ტიპოლოგიურ ნიშნებს, რადგან ყოველი მათგანი მისი შემადგენელი ნაწილია.

მაკაბელების ეზო არის სივრცე, სადაც უარყოფითი იდენტიფიკაცია ბატონობს, აქ ბოროტება, სიძულვილი და უნდობლობა ნორმაა. ამავე დროს, ამ სივრცეში არსებობს კეთილი საწყისიც (ანას, გიორგას, ბაბუცასა და აღათიას სახით), რომელიც იმდენად სუსტი და გაუბედავია, რომ ოჯახში ატმოსფეროს ვერ ცვლის.[10]

პიტერ ბერკის თქმით, იგი "მხოლოდ რეზიდენციალური, საცხოვრებელი ერთეული კი არ არის, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც, ეკონომიკური და იურიდიული ერთეულიც. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, ოჯახი მორალზე დამყარებული ერთობაა და ზნეობრივ თვალსაზრისზე დაყრდნობით ყალიბდება მისი წევრების თვითიდენტიფიკაცია და ოჯახის შემადგენლობაში მათი ემოციური ჩართულობა".

მაკაბელების ვიწრო სოციალური სივრცე იმდენად წინააღმდეგობრივი და არამყარია, რომ სიკეთე-ბოროტების ჭიდილი საბოლოოდ მას ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსად ყოფს: ქაიხოსროს ორსართულიანი სახლი უარყოფითი იდენტიფიკაციის სიმბოლოა, სახედრის გომური კი – დადებითისა. შესაბამისად ორ ფრთად იყოფიან იქ მცხოვრები ადამიანებიც: ერთ მხარეს დგანან: ქაიხოსრო, პეტრე, ალექსანდრე (პიროვნული იდენტიფიკაციის მოპოვებამდე), დუსა, მეორე მხარეს კი – ანა, გიორგა, ბაბუცა, ანეტა, აღათია, ნიკო, ექიმი ჯანდიერი.

დადებითი საწყისი იმდენადაა შევიწროებული, (მიუხედავად რაოდენობრივი სიდიდისა), რომ ვერ ხარობს ვერც ბაბუცა (ავადდება და ჯერ კიდევ ახალგაზრდა კვდება); ვერც გიორგა და ანა (ორივე ტრაგიკულ სიტუაციაში იღუპება); ანეტა სულიერად შეხუთულ სივრცეს ფიზიკურადაც კი აღიქვამს ("ყარს, ყველაფერი ყარს!.."); აღათია კი დუსას გამოჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ თავს იხრჩობს ზუსტად იმ ტოტზე, რომლის ქვეშაც ექიმი ჯანდიერი ეტლს აყენებდა ხოლმე. დუსას მოსვლით სივრცე კიდევ უფრო მეტად იმუხტება უარყოფითად, რადგან იგი არა მარტო ფიზიკურად (რაც უფრო შესაწყნარებელია), არამედ სულიერადაც მეძავია.[11]

უარყოფითი საწყისი

რედაქტირება

მაკაბელებს არ გააჩნიათ ის საერთო ფასეულობათა სისტემა, რაც ნებისმიერ ჭეშმარიტ ოჯახს უნდა ჰქონდეს. ეს არ არის «მორალზე დამყარებული ერთობა» და «ზნეობრივი თვალსაზრისის» არქონაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი წევრები ვერ ახერხებენ თვითიდენტიფიკაციას ოჯახის შიგნით. ქაიხოსროს მიერ აგებული სახლის ჭეშმარიტი ბინადრები (ქაიხოსრო, პეტრე, მოგვიანებით, დუსაც) მხოლოდ ცხოვრებისეული პრობლემებით არიან დაკავებულნი. მათთვის სიცოცხლე მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვა და მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაა.[12]

ქაიხოსროს თათრის ყოველ გახსენებაზე სიკვდილის შიში იტანს, ამიტომაც ცდილობს, ჩააგონოს გიორგას, თათარი თქვენი გულისთვის გადავიკიდე და შენ ვალდებული ხარ, ან მოკლა, ან მოეკვლევინოო. მოგვიანებით უკვე სიკვდილის პანიკური შიში იპყრობს, რაც შვილიშვილების ზრდასთან ერთად უმძაფრდება. იგი ამაში საკუთარი სიკვდილის მოახლოებას ხედავს და გრძნობს, თუკი თათარს გიორგას წყალობით გადაურჩა, დროს ნამდვილად ვეღარ გადაურჩება. რაც შეეხება პეტრეს, მისი ერთადერთი საფიქრალი ღვინის სარფიანად გაყიდვაა და აზრადაც არ მოსდის, რომ შვილების სიყვარულის მოსაპოვებლად ეს არ კმარა.

დუსას მოურიდებელი, ვნებიანი ხითხითი და სახლში ნახევრედშიშველი სიარული ანეტას სახლიდან გაპარვის მიზეზად იქცევა. ამრიგად, მაიორის უარყოფითი გენი, კიდევ უფრო ძლიერდება შვილში და ქვითკირის მაღალი გალავნის შიგნით მოქცეული სივრცის ნეგატიურ იდენტიფიკაციას ახდენს. ამიტომ აღმოჩნდა ანას უმწეო სიკეთე უძლური, ამიტომ ვერ იხეირა ბაბუცამ, ამიტომ დაჭკნა მის მიერ მოტანილი ლიმონი ორი კვირის თავზე, ამიტომ გაერიდა მშობლიურ სახლს ჯერ ნიკო, შემდეგ კი ალექსანდრე და ანეტაც მის კვალს მიჰყვნენ. ქაიხოსროს ბოღმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ არა მარტო მისი პიროვნული იდენტობისთვის იქცა გადაულახავ დაბრკოლებად, არამედ ამის განხორციელების საშუალება წაართვა სხვებსაც.

სიკეთის ელემენტები რომანში

რედაქტირება

მაკაბელთა ქვითკირის სახლის საპირისპიროდ სიკეთე ბატონობს გომურში, რომელსაც მადლს ფენს გიორგას ცხოვრება. იგი დედის ქორწილის დღიდანვე იწყებს იმ საქციელის მონანიებას, რითაც მაიორი გადაკიდა დედამისს და საკუთარი სიკვდილით ამთავრებს მას. გიორგას უარი მაკაბელების ჭერქვეშ ცხოვრებაზე არის სწორედ მისი სინანულის გამოხატულება. შვილის სიკვდილის შემდეგ მადლს აძლიერებს ანა, რომელიც იმ დღიდან გომურში სახლდება და აშკარად უპირისპირდება ქმარს. მადლის დამადასტურებელი ქრისტიანული სახე-სიმბოლოებია ჩიტები, რომელთაც ანა აპურებს, გიორგას სახედარი (უფლის შესვლა იერუსალიმში ვირით), ღმერთის ფიგურა. ანა ბედნიერია გომურში.[13]

დამარხვამდე გომურში შეაქვთ აღათიას გვამიც, რომელიც სიცოცხლის მანძილზე უანგარო და უზომო სიკეთის გამცემი იყო მხოლოდ. მაგრამ რამდენადაც დიდია მათი სიკეთე, იმდენად ჩუმია და უჩინარი. მაკაბელთა სულიერი აღორძინება გომურიდან იწყება და ნელ-ნელა ფართოვდება. ანასა და გიორგას სიკეთე გადადის მომავალ თაობაში, ნიკოში, ალექსანდრეში და ანეტაში. სამივე მათგანი სახლიდან გარბის, რათა თვითიდენტიფიკაციის მოხდენა შეძლონ. ასე გადის ანასა და გიორგას მადლი ოჯახიდან და ეფინება მომავალს. ამრიგად, სივრცის იდენტიფიკაციის რღვევას რომანში იწვევს თავად ქაიხოსრო, რადგან იგი თავად უარყოფითი იდენტობის მქონე სხვასაც წინ ეღობება საკუთარი «მე»- ს ძიების გზაზე. მართალია, ბოროტება ხმამაღალი იყო, მაგრამ ხანმოკლე, ჩუმმა სიკეთემ კი დიდი ტანჯვის შემდეგ საბოლოოდ გაიმარჯვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მანანა კვაჭანტირაძე: “განგაშის რომანები”
  2. http://www.ozon.ru/context/detail/id/5041191/
  3. http://www.databazeknih.cz/knihy/kainovo-znameni-162169
  4. http://www.amazon.de/Daß-mich-totschlage-wer-findet/dp/B004VU7TZE
  5. https://www.raamatukoi.ee/cgi-bin/raamat?keywords=65452&ost=65452
  6. http://www.opentext.org.ge/index.php?m=21&y=2002&art=15948[მკვდარი ბმული]
  7. http://studentresearch.iliauni.edu.ge/images/samagistro_nashromi_gvanca_sixarulidze.pdf[მკვდარი ბმული]
  8. გზა მარადისობისაკენ: ოთარ ჭილაძის დაბადების 80 წლისთავის გამო
  9. იდენტიფიკაციის პრობლემა ოთარ ჭილაძის რომანებში. მანანა კვაჭანტირაძე
  10. ადა ნემსაძე – სივრცის იდენტიფიკაცია ოთარ ჭილაძის რომანებში
  11. ჭილაძე ო. რჩეული თხზულებანი 3 ტომად, ტომი II, თბ., საბჭოთა საქართველო, 1986
  12. კვაჭანტირაძე მ., ოთარ ჭილაძის მხატვრული სისტემის სემიოლოგიური ასპექტები, თბ., 1999, გვ. 127.
  13. ბელაია გ., ოთარ ჭილაძის მხატვრული სამყარო _ კრიტიკა, თბ., მერანი, 1985,