გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა — ოთარ ჭილაძის მითოლოგიური რომანი. გამოიცა 1973 წელს. ის პირველი იყო მის ექვს რომანს შორის. მასში მოქმედება ხდება ანტიკური კოლხეთის სამეფოს პერიოდში. თავიდან ავტორს ვრცელი პოემის დაწერა ჰქონდა განზრახული ოქროს საწმისის შესახებ, თუმცა შემდგომ მასში მოვლენები ვერ ჩაატია და ვრცელი ეპიკური ტილოს შექმნა გადაწყვიტა.[1][2] რომანი სამ ძირითად ნაწილად იყოფა: ნაწილი პირველი – აიეტი; ნაწილი მეორე – უხეირო; ნაწილი მესამე – ფარნაოზი.[3] მწერლის შემოქმედების მკვლევარის, მანანა კვაჭანტირაძის აზრით, "ძველი ვანის დაღუპვით მარადისობაში პირველად იჭრება დრო, ისტორია კი – მითში. მთავრდება ვანის “ბავშვობის ხანა”, მისი განვითარების ერთი ციკლი და იწყება მეორე"[4]. რომანი თარგმნილია ინგლისურ[5][6], გერმანულ[7], თურქულ[8], ჩეხურ[9], სლოვაკურ[10], სომხურ[11], რუსულ[12] და სხვა ენებზე. რომანი ითვლება თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკად.
„გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ | |
---|---|
იასონის და მედეას გაქცევა. ილუსტრაცია. | |
ავტორი | ოთარ ჭილაძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ჟანრი | მაგიური რეალიზმი, ისტორიული რომანი, მითოლოგია, ალეგორია |
გამომცემელი | საბჭოთა საქართველო |
გამოცემის თარიღი | 1973 |
გვერდი | 598 |
მომდევნო | ყოველმან ჩემმან მპოვნელმან |
რომანის შესახებ
რედაქტირებამწერალმა რომანის დაწერამდე საფუძვლიანად, მეცნიერულად შეისწავლა აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“, „ორფიკული არგონავტიკა“, ასევე აკაკი ურუშაძის მონოგრაფია “ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში” და კრეტის არქეოლოგიური გათხრების დიდი სპეციალისტის ართურ ევანზის ნაშრომი. ამ წყაროების რემინისცენციები აშკარად იგრძნობა რომანში.[13]
ოთარ ჭილაძემ თავისი რომანისთვის გამოიყენა გილგამეშის ეპოსის ფაბულა და ის ალეგორიულად გაფანტა ნაწარმოებში.[14][15] გზაზე ერთი კაცი მიდიოდა არის სიცოცხლის ავტორისეული ინტერპრეტაცია. ფარნაოზის გზა კი სიცოცხლის გზაა, რომელსაც იგი ტანჯვით გადის, ხოლო დასჯი და წამებით ის ქრისტეს გზას უახლოვდება.
რომანი არის არგონავტების მითის სრულიად ახალი ვერსია. მითი აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს ცხოვრებისეული პარადოქსების გააზრებაში ანტიკური ეპოსიდან და დრამიდან ე.წ. „მითოლოგიური რომანის“ ეპოქის გავლით მოდერნისტული, ნეორეალისტური, ეგზისტენციალური და სხვა ბევრი ლიტერატურული მიმდინარეობის ფარგლებში.[16]
ავტორმა მთლიანად გადმოიტანა ვრცელი პასაჟი ბერძნული მითოლოგიიდან. „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" ინტერტექსტუალურად უკავშირდება და ეყრდნობა არგონავტების მითს. უცხოურ ლიტერატურაში ამგვარი ინტერტექსტუალობის ნიმუშია ჯეიმზ ჯოისის „ულისეს" კავშირი ჰომეროსის „ოდისეასთან".[17]
„აიეტი“, „უხეირო“ და „ფარნაოზი“ - რომანის ამ სამ ნაწილშია ვითარდება დრამის მოქმედება, რომლის არსიც სათაურშივეა განცხადებული. რუსი კრიტიკოსის, ლევ ანინსკის თქმით, სათაური შეიძლება ცოტა მძიმე მოგვეჩვენოს, მაგრამ, ამავე დროს, თავისებურად სათნო ჟღერა-დობაც აქვს. მისი აზრით, ასეა რუსულ თარგმანში. ის ვირტოუზულს უწოდებს ელიზბარ ანანიაშვილის რუსულ თარგმანს. ლევ ანინსკი სათაურზეც წერს:"რატომ მიდიოდა? რა დაჰკარგვოდა? რას ეძებდა? თანაც, იმ გარემოში, სადაც ის ცხოვრობს, გზა კი არა, ამგვარი ცნებაც არ უნდა არსებობდეს. უაზრობაა ვიკითხოთ, საიდან გაჩნდაო, რადგან იქ რომ „სიმართლე იცოდნენ“, დრამა აღარ იქნებოდა. არ იქნებოდა მთელი ეს ისტორია. არ იქნებოდა, სწორედ ასეთი რომანი." [18]
„გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ რთული მითოლოგიური ქვეტექსტებით დატვირთული რომანია. როგორც ელეზარ მელიტინსკი შენიშნავს, მითოლოგიზმი XX საუკუნის ლიტერატურის სახასიათო გამოვლინებას წარმოადგენს როგორც მხატვრული ხერხი და როგორც ამ ხერხის უკან მდგომი მსოფლაღქმა.[19] რომანშიც ძველი კოლხეთის სამეფოს დახატვის უკან დგას ავტორის მსოფლაღქმის მთელი სისტემა და მითოლოგიზმი მისთვის, ამ შემთხვევაში, საუკეთესო მხატვრული ხერხია საკუთარი ხედვისა და სინამდვილის მისეული ინტერპრეტაციის გადმოსაცემად, რომელიც ერთგვარად ინიღბება მითში. მითის ნებისმიერი ნიუანსიც კი რაღაც მნიშვნელოვანზე მითითებაა. ერთ-ერთი ასეთი ნიუანსია ზღვის ნელ-ნელა უკანსვლაც, რაც პერმანენტულად მიმდინარეობს - იწყება რომანის სიუჟეტთან ერთად და აიეტის სამეფოს დაქცევით მთავრდება. პირველი ბზარი აიეტის სამეფოს ძლიერებაში ფრიქსეს გამოჩენაა, ამ უბედურების პირველ სიგნალს კი სწორედ ზღვა იძლევა. ამის შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით ჩნდება ახალ-ახალი ნიშნები, რაც კოლხეთის სივრცის რღვევაზე მიუთითებს.
ოთარ ჭილაძის რომანი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ მეფე აიეტის სამეფოს ცხოვრებით იწყება. ვანელები უჩვეულო ამბის მოწმენი ხდებიან: ზღვამ, რომელიც „ყველა ვანელის ფანჯრიდან მოჩანდა“ და რომლის „გაბმული, გაუთავებელი ქშენაც“ ყველა ვანელის ჭერქვეშ ისმოდა, ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. უფრო ზუსტად კი: „ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო; როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ზღვამაც სწორედ ამ დღეს გაბედა და ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ პირველი ნაბიჯი გადადგა უკან“.[20]
ამ ფაქტს თავისი მიზეზი ჰქონდა. ზღვის უკან გაბრუნება უშუალოდ უკავშირდება ძველი კოლხეთის მიწაზე პირველი უცხო ტომელის გამოჩენას. ამ პირველი ნაბიჯის შემდეგ ზღვა ნაბიჯ-ნაბიჯ შორდებოდა ვანს: ასე მოხდა ფრიქსეს სიკვდილისა და მისი ვაჟების გაპარვის შემდეგაც. „საკმარისი იყო რამე უცნაური ამბავი მომხდარიყო ქალაქში, ზღვაც მაშინვე ისარგებლებდა და უკან დაიხევდა“[21]
სიუჟეტი
რედაქტირებანაწილი პირველი – აიეტი
რედაქტირებამოქმედება ვითარდება ანტიკურ კოლხეთის სამეფოში, მის დედაქალაქ ვანში. იმ დროს ვანი ჯერ კიდევ ზღვისპირა ქალაქი იყო და ხალხის მთავარი სამუშაო ზღვას უკავშირდებოდა. განვითარებული იყო მეთევზეობა, ღვინით ვაჭრობა და მენავეობა. თუმცა ნელ–ნელა ზღვამ დაიწყო უკან დახევა. თავიდან ეს მხოლოდ ერთმა მეთევზემ, ბედიამ შენიშნა, თუმცა ხმამაღლა არ უთქვამს და მუდმივად აკვირდებოდა ზღვის უკან დახევას. ყოველდღე ოცდებოდა, როცა სანაპიროს ნაცვლად შლამს და ქვიშას ხედავდა.
იმ დროს კოლხეთში აიეტი მეფობდა. ჰყავდა ორი შვილი: ვაჟი – აფრასიონი და ქალიშვილი – ქარისა. ერთ დღეს ვანელებმა, ბედიამ ზღვაში ბერძენი ბავშვი იპოვა, რომელსაც ვერძი ახლდა. ბავშვმა თქვა, რომ საბერძნეთიდან ამ ცხოველის საშუალებით ჩამოფრინდა. აიეტი ამას ხუმრობად ჩათვლის, ბავშვს იშვილებს და ზეიმს გამართავს.
ვერძს გაატარებენ ოქრომჭედლების უბანში, სადაც მისი მატყლი ოქროს იკრავს და განსაკუთრებული ხდება. წლების შემდეგ, ფრიქსეს გარდაცვალებასთან ერთად დაკლავენ მის ჩამოყვანილ ვერძსაც, რომლის ოქროთაკიდებულ ტყავსაც აიეტი ფრიქსესგან სახსოვარივით ინახავს კედელზე ჩამოკიდებულს.
ხანი გავა და ბავშვები გაიზრდებიან. აფრასიონს ნათელმხილველობის უნარი აღმოუჩნდება და იწინასწარმეტყველებს, რომ მისი და, ქარისა ბერძენ ნაშვილებ ფრიქსეს გაჰყვება ცოლად. მალე ასეც მოხდება.
ქარისა მიყოლებით ოთხ ვაჟს გააჩენს. ვაჟებს მამის ხათრით ბერძნული სახელებს დაარქმევენ: არგუსი, კიტისორე, მელასი და ფრონტისი. ამავე დროს აიეტს კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინება – მედეა. დედამისს ძუძუ გაუშრება და ქარისა შვილებთან ერთად დასაც აჭმევს რძეს.
დროის გასვლის შემდეგ, ცოლ–ქმარი ერთმანეთს ვერ შეეგუებიან, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სიყვარული და ოთხი შვილი აკავშირებს. ფრიქსე მუდმივად განიცდის, უსამშობლობას და თვლის, რომ უცხოა კოლხეთში. ის სიძეა მეფის, მაგრამ მაინც ვერ გრძნობს სახლში თავს. მალე ფრიქსე დაავადდება. ქარისა კი გამუდმებით ნერვიულობს ქმარზე. გავა ხანი და ფრიქსე ქალაქიდან თავის ოთხივე ვაჟთან ერთად წავა მთებში. რამდენიმე თვის შემდეგ ხუთივენი ქალაქში წყალს შემოიყვანენ და ამითი გადაუხდიან აიეტს სიკეთეს.
დაბრუნების შემდეგ ფრიქსე და ქარისა უფრო დაახლოვდებიან, რადგან ქარისა გამოიჩენს ინტერესს საბერძნეთისადმი. მამა-შვილები გეგმავენ საბერძნეთში დაბრუნებას, თუმცა მოულოდნელად ფრიქსე დაიღუპება და მისი ოცნებაც თან წაყვება.
გავა ხანი მედეა გაიზრდება და მამიდა ყამარისგან ჯადო–წამლებს და შელოცვებს ისწავლის.
ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის, სანამ ვანის სანაპიროს ბერძენთა ხომალდი – არგო არ მოადგება. ისინი ზღვაში ფრიქსეს ოთხივე ვაჟს გადაარჩენენ, რომლებიც საბერძნეთისკენ გაიპარნენ და გზაში მათი ხომალდი ჩაიძირება. აიეტი დავალებულად იგრძნობს თავს და იკითხავს, რითი დაასაჩუქროს არგონავტები. ისინი ოქროს საწმისს მოითხოვენ, რომელიც ისედაც ბერძნების საკუთრება იყო. ასევე არგონავტების მეთაური, იასონი მოუთხრობს, რომ ამ ვერძის ტყავის დასაბრუნებლად გამოგზავნა ისინი საბერძნეთიდან მეფე მინოსმა. აიეტი გაბრაზდება, თუმცა დათანხმდება თუ მათი მეთაური იასონი გამოცდებს ჩააბარებს.
იასონის დანახვისთანავე, მედეას ბერძენი შეუყვარდება (მანამდე მან იასონი სიზმარში ნახა) და თავისი დის რჩევით გადაწყვეტს დაეხმაროს.
პირველად ხარების დასამარცხებლად იასონს ჯადოსნურ ზეთს წაუსმევს, შემდეგ კი მამამისს გამაბრუებელ სასმელს დაალევინებს და ოქროს საწმისს მოაპარინებს ბერძნებს. როცა აიეტი გამოიღვიძებს, მას არც მედეა, არც საწმისი და არც ბერძნები დახვდებიან. გაბრაზებული აფრასიონს უბრძანებს, რომ ბერძნებს სწრაფი ხომალდებით დაედევნოს. აფრასიონმა იცის, რომ თუ წავა დაიღუპება, რადგან ეს თვითონ ჯერ კიდევ ბავშვობაში იწინასწარმეყველა, თუმცა ბედს არ შეეწინააღმდეგება. რამდენიმე დღის შემდეგ მხოლოდ ერთი ხომალდი დაბრუნდება ერთი მეზღვაურით, რომელიც ვანელებს აცნობებს, რომ მტრებმა მედეას დახმარებით ძილში ამოხოცეს მისი თანამებრძოლები.
ამის შემდეგ კოლხეთში ბრუნდება აეტის მიერ ადრევე გაძევებული ბიძაშვილის, ოყაჯადოს შვილის, ასევე ოყაჯადოს არმია თავისი მხლებლებით. ისინი აიეტს ჩამოაგდებენ ტახტიდან და მოკლავენ.
ნაწილი მეორე – უხეირო
რედაქტირებამეფის ტახტი ოყაჯადომ დაიკავა. თუმცა დედამისის – ცუცას გარეშე გადაწყვეტილებასაც ვერ იღებდა. ცუცამ ოყაჯადოს ცოლიც გამოუძებნა - კამა , რომელსაც უცნაურობა ახასიათებდა. მისი მოსვლის შემდეგ სასახლეში მუდმივად ციოდა. კამა მუდმივად სარკის წინ იჯდა და საბოლოოდ, ნელ-ნელა სარკეში გაუჩინარდა. ოყაჯადო ვერ ეგუებოდა კამას უცნაურობას და ძირითადად დედასთან ატარებდა დროს.
ოყაჯადომ ჯერ კიდევ კოლხეთში დაბრუნებამდე, ჯერ მკითხავისგან და მერე დედამისისგან გაიგო რომ მეჯინიბის შვილი იყო და არა მეფის.
გამეფებიდან პირველივე დღეს მან ხალხისთვის აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება მიიღო. მეჯინიბეს, რომელიც ჯერ კიდევ აიტის გამეფების შემდეგ აკეთებდა თავის საქმეს, იმედი მიეცა ძველი მეფის მოძულე კაცს დამაწინაურებსო, თუმცა პირიქით მოხდა. ოყაჯადომ დაიბარა და კითხა რა შეგიძლიაო. მეჯინიბემ ყველაფერი უპასუხა. ბოლოს მეფემ ქალის საკითხზეც კითხა. მეჯინიბესგან დადებითი პასუხი მიიღო და გასცა ბრძანება დაეკოდათ. აღშფოთებული და იმედგაცრუებული მეჯინიბე ბევრს ეხვეწა, მაგრამ ვერ გადაათქმევინა. როცა მეჯინიბე საჯინიბოში დაბრუნდა, ცხენებმა ახლოს აღარ მიიკარეს. მეჯინიბემ ერთადერთი რამის კეთების უნარიც დაკარგა, რაც აქამდე შეეძლო.
ვანში ასე გაჩნდა პირველი მათხოვარი. რადგან იქამდე ასეთი რამ აქაური ხალხისთვის უცნობი იყო. ყველა ცდილობდა, რომ მშიერი კაცი დაეპურებინა. ხალხი იმაზე დაობდა, თუ პირველი პურს ვინ გაუწვდიდა მათხოვარს.
მეორე ნაწილის მთავარი ერთ–ერთი მოქმედი პირი ოყაჯადოს ყოფილი მებრძოლი, უხეიროა, რომელმაც ომში ფეხი დაკარგა და ქარგვას მიჰყო ხელი. მას ორი შვილი ჰყავდა: ქალიშვილი პოპინა და ვაჟი – ფარნაოზი, რომლის ორსულობას დედამისი მარეხი გადაჰყვა. ფარნაოზი ისე იზრდებოდა, რომ მუდმივად სინანულის გრძნობა არ ასვენებდა და საკუთარ თავს ადანაშაულებდა დედის სიკვდილში. მისი და პოპინა მასზე უფროსი იყო და დედის როლს მეტნაკლებად ის უწევდა.
შავთვალება მალალო ბაბილონელი ქალი იყო, რომელმაც ვანში მოლაპარაკე თუთიყუში ჩამოიყვანა და ამით სახელი გაითქვა. მალე მან საროსკიპო გახსნა. გააჩინა შვიდი უკანონო ქალიშვილი და შვიდივე მასთან ერთად მუშაობდა. მთელი ვანის მოსახლეობა გასართობად მალალოსთან დადიოდა.
პატარა ფარნაოზს მალალოს უმცროსი ქალიშვილი ინო აინტრესებდა, თუმცა ხვდებოდა რა წრის წარმომადგენლის ოჯახიდანაც იყო და ამიტომ თავს არიდებდა. მოულოდნელად ზღვის პირას ყოფნისას მან ინო გაიცნო და მასთან ერთად თამაშობდა დარიაჩანგის ბაღში.
ფარნაოზის და, პოპინა მისივე მონამ და მასთან ერთად გაზრდილმა, ფილამონემ გააუპატიურა. ფილამონე გოგოს მამის, უხეიროს შიშით მაშინვე გაიქცა და პოპინა მარტო დატოვა. როცა პოპინას შვილი შეეძინა, ამ დროს ფარნაოზი და ინო დარიაჩანგის ბაღში იყვნენ.
ფარნაოზი და ინო გადაწყვეტენ გაიპარონ ვანიდან და შორს ტყეში იცხოვრონ. ისინი ერთ კვირას ვანისგან მოშორებით პატარა მღვიმეში გაატარებენ, თუმცა მათ მალევე იპოვიან და დააბრუნებენ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დამარცხება ფარნაოზისთვის და ამის შემდეგ გადაწყვიტავს ხელობას, ქვისმთლელობას მიჰყოს ხელი.
დრო გავა. ფარნაოზი გაიზრდება. შავთვალება მალალო თავის შვილს, ინოს სახლში გამოკეტავს და ფარნაოზის ნახვას აუკრძალავს. მალე ისიც დედამისისის და მისი დების გზას დაადგება. ფარნაოზი ეცდება დაივიწყოს ინო, ქვისგან მის თავს გააკეთებს და არარსებულ საფლავს გამოუგონებს.
პოპინა გააჩენს ვაჟს და კუსას დაარქმევს. კუსას მუდმივად აწუხებს სირცხვილის გრძნობა, რომ კანონიერი შვილი არაა და მამა არ ჰყავს. მაგრამ დააფასებს დედამისის ქმედებას, რომ ის ჯერ კიდევ ჩვილი მდინარეში არ გადააგდო. ამის მიუხედავად კუსა მაინც გაბოროტებული და ბოღმიანი გაიზრდება. ანგარებით მოიყვანს მდიდარი ღვინის ვაჭრის ბახას შვილს – პატუს.
კუსა თავისი დაკვირვებით ინოს და ბიძამისის, ფარნაოზის ამბავს მიხვდება. ამის შემდეგ კუსა ბიძასაც გადაეკიდება და ურჩევს ინო ცოლად მოიყვანოს, მიუხედავად მისი მდგომარეობისა. კუსა ამას ცდილობს, რადგან მისი აზრით სამასხარაოდ აიგდოს ბიძა. ის ბიძაზეც დაბოღმილი იზრდებოდა. ამის შემდეგ კუსა მეფის სამსახურში ჩადგება და ქონებასაც მოაგროვებს. ვაჭარი ბახას დაღუპვის შემდეგ, მთელი ქონება მას დარჩება.
ფარნაოზი არ ფიქრობს ინოს ცოლად მოყვანას, მას ინო მისი ე.წ "დასაფლავების" შემდეგ აღარც უნახავს.
ამის შემდეგ ღვინის ვაჭრის , ბახას გარდაცვალების დღეს ხალხს მეფის ყოფილი მეჯინიბე ხალხს ამცნობს, რომ დარიაჩაგის ბაღი განადგურდა. ფარნაოზი პირველი გავარდება ამ ბაღის სანახავად და ამ ამბის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვეტს სამშობლოდან დროებით წასვლას. ის მამას, უხეიროს დაემშვიდობება, კოლხეთიდან მეფე მინოსთან კრეტაზე სამუშაოდ ქვუსმთლელების გუნდში ჩაეწერება და საბერძნეთში წავა. ამაში მას კუსა დაეხმარება.
ნაწილი მესამე – ფარნაოზი
რედაქტირებამესამე ნაწილში მოქმედება კუნძულ კრეტაზე, 10 წლის შემდეგ ვითარდება. მას შემდეგ რაც ფარნაოზმა დატოვა სამშობლო და საბერძნეთისკენ გამოემგზავრა. აქ მან თავის სამუშაოს – ქვისმთვლელობას მიჰყო ხელი. ქვისმთლელებმა ერთხლაც ძლიერად სცემეს და ის მხატვარმა დედალუსმა შეიფარა. ის დაუმეგობრდა დედალუსს, რომლის ოჯახში დიდი ხნით ცხოვრობდა. დედალუსი უზიარებდა თავის გასაოცარ იდეებს, მათ შორის ფრთების შესხმის შესახებ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ფარნაოზმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. გამოემშვიდობა მეგობარს და ნავსადგურში წავიდა, სადაც რამდენიმე კვირა გაატარა ეულად. შემდეგ კი შემთხვევით ერთ–ერთმა სავაჭრო გემმა აიყვანა, რომელიც კოლხეთისკენ მიემგზავრებოდა. მეზღვაურთა უმრავლესობა ქართველი იყო, თუმცა მთელი ამ მგზავრობის დროს, ფარნაოზს არავისთან ულაპარაკია. გემი ვანის გავლით ერთ–ერთ მდინარეს აღმა აუყვა, რადგან ვანში ზღვა კიდევ უფრო დაშორებულიყო და პირდაპირ ვეღარ შედიოდნენ გემები.
ფარნაოზმა გადაწყვიტა ასე უეცრად 10 წლის შემდეგ, საკუთარ ოჯახს თავს არ დადგომოდა და შინ არ მივიდა. ღამის გასათევი რომ ვერ ნახა, ერთ დედაბერს თხოვა თავშესაფარი. დედაბერიც დათანხმდა. აღმოჩნდა, რომ დედაბერი შავთვალება მალალო ყოფილა, რომელიც თავის ქალიშვილებმა სიბერის გამო გამოაძევეს სახლიდან. მხოლოდ ინომ შეიბრალა ის და თითქმის ყოველდღე დადიოდა მის მოსანახულებლად და მოსავლელად. დედაბერმა იცნო ფარნაოზი და სთხოვა მოეკლა ის, რადგან მან შეუშალა ხელი ფარნაოზის და ინოს სიყვარულს. თუმცა ფარნაოზს ეს არ დასჭირვებია, რადგან მალალო ჩვეულებრივი სიკვდილით დაიღუპა. სიკვდილამდე მან ფარნაოზს უთხრა, რომ ინოს ისევ უყვარდა და სთხოვა ეზრუნა მასზე.
ფარნაოზს ოჯახი შეცვლილი დახვდა. უხეირო 5 წლის მკვდარი იყო. კუსას ახალი ცოლი ზიარა შეერთო. ხოლო ოჯახს პოპინა და ქალუკა (ფილამონეს დედა და უხეიროს მსახური უძღვებოდნენ. პოპინა სიხარულით შეეგება ძმას და ოჯახის შესახებ მოუყვა. საღამოს კუსა და ზიარა მოვიდნენ. ზიარა ერთი ობოლი გოგო იყო, რომელიც მეზობლებმა გაზარდეს. მან ქუჩაში დაინახა კუსა და შეუყვარდა. იმ დროისთვის კუსა უკვე პირველ ცოლს დაშორებული იყო. მალევე ზიარამ კუსას სიმპათია დაიმსახურა და ცოლად გაჰყვა, თუმცა შვილს ვერ აჩენდნენ. კუსას პირველ ცოლთანაც ყოველ მშობიარებაზე მკვდარი ბავშვი უჩნდებოდა და ასევე ზიარასთანაც, ბავშვი მკვდარი დაიბადა. ეს კიდევ უფრო აბოროტებდა კუსას, რადგან მას ძალიან უნდოდა შვილი.
სადილისას კუსამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ამხელა ოჯახს მარტო პატრონობდა და თანაც ფარნაოზის გასაგონად დაამატა, რომ მისი წონა ფული ჰქონდა. ფარნაოზი დაპირდა, რომ სწორედ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ოჯახს გვერდში ამოსდგომოდა. ფარნაოზი ცოტა ხანი სახლიდან საერთოდ აღარ გამოდიოდა. ერთხელაც მას მშობლები ესიზმრა. მეორე დილით პოპინას აუწყა, რომ მშობლები მსაყვედურობენ რატომ არ ვნახულობო. ფარნაოზი ოჯახის გარეშე წავა საფლავებზე, თუმცა მას კუსა დაედევნება და წაყვება. კუსა უხეიროზე დადებითად ილაპარაკებს, რაშიც ფარნაოზს ეჭვი შეეპარება და გაეცინება. კუსა მის გასამწარებლად, ინოსთან წასვლას შესთავაზებს, რაზეც ფარნაოზი გაბრაზდება და მის არარსებულ საფლავთან გაიქცევა და ამოთხრის. აღმოჩნდება რომ საფლავი უკვე გაძარცვულია და ინოს თავი კუსას ამოუთხრია. მერე დედალუსს გაიხსენებს და შეეხვეწება, რომ ფრენა ასწავლოს.
ფარნაოზი ცოლის შერთვას გადაწყვეტს. ცოლად კი მეზობელ თინას მოიყვანს, რომელსაც მისი ცოლობა ბავშვობიდან უნდოდა. პოპინას და ქალუკას კი წინასწარ შეპირებული ჰყავდათ იგი, რომ ფარნაოზი ცოლად მოიყვანდა. თინამ მრავალ კაცზე თქვა უარი და "მომავალ საქმროს" დაელოდა. ერთი წლის შემდეგ მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც უხეირო დაარქვეს. ფარნაოზმა დროის შეგრძნება დაკარგა. დიდხანს ატარებდა შვილთან დროს, თუმცა სიმშვიდეს ვერ პოულობდა.
ერთხელ გზაზე ფეხი გაეჭრა და ერთმა ქალმა დახმარება შესთავაზა. თავის ქოხში მიიყვანა და ჭრილობა შეუხვია. ფარნაოზი მიხვდა, რომ ეს ინო იყო. ამ დროიდან მან სრულიად დაკარგა მოსვენება. თინა ცდილობდა არ ეეჭვიანა, თუმცა ქმრის გულის მოგებას ვერ ახერხებდა. ფარნაოზი მუდმივ შიშში ცხოვრობდა. ყოველი ოჯახური სადილი, რომლის დროსაც კუსასთან საუბარი უწევდა, მისთვის დამთრგუნველად მოქმედებდა. ერთ ასეთ დღეს კუსამ, როგორც მეფესთან შეკრულმა კაცმა გამოსცადა თავისი ბიძა და კითხა, მეფის ჩამოგდების შესახებ. ფარნაოზმა შეკითხვას პასუხი აარიდა და სახლიდან უმისამართოდ წამოვიდა, ბევრი სიარულის შემდეგ ვანთან ახლოს, მღვიმეში აღმოჩნდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც ბავშვობაში ინოსთან ერთად გაიპარა და დააბრუნეს. აქ მას თხა დახვდა, რომელიც მოწველა და თავისთან დაიტოვა. ფარნაოზი სახლიდან წამოვიდა და აქ ცხოვრობდა. ის მხოლოდ შვილის სანახავად დადიოდა ყოველ დღე სახლთან, პატარა უხეიროს ასერინებდა და დარიაჩანგის ბაღის ამბებს უყვებოდა.
დრო გადიოდა და ხალხი ბერდებოდა. გარდაიცვალა ბოჩია, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე ხნიერი მოხუცი იყო ვანში.
ერთ დღეს ვანელებმა განთქმული მეთევზე ბედია ქუჩაში მკვდარი იპოვეს. ის ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა ხალხს, რომ ზღვა მიიპარებოდა. თუმცა ზუსტად მან დაღუპა ის. მეთევზე მთელმა ვანმა გამოიტირა. მისმა ცოლმა გადაწყვიტა გვამი ზღვაში გაეშვა. თუმცა ის წყალში არაფრით არ იძირებოდა. დიდი ხნის წვალების შემდეგ ქალმა ქმრის გვამს ქვა მოაბა და ზღვაში ჩაძირა.
ოყაჯადო კი ვერ მართავდა კარგად სამეფოს და დედამისს მუდმივად ეკითხებოდა რჩევას. მისი რჩევით კი დიქტატურას და საზოგადო დასჯებს მოუმატა. ხალხში შიშმა დაისადგურა და სახლებში გამოიკეტა. ხალხი გაქცევა-ფარენაზე ლაპარაკობდა.
უცებ ქალაქში ამბავი გავარდა: ქვისმთლელი ფარნაოზის შვილი, უხეირო ტაძრის გუმბათზე აიპარა, ხელები ფრთებივით გაშალა და გადმოხტაო. ფარნაოზმა ყველაფრის იმედი დაკარგა და მღვიმეში წავიდა, ჩაწვა ღრმულში და სიკვდილს ელოდებოდა. უხეიროს ამბავი მეფემდეც მივიდა და ბავშვის მშობლების დასჯა გადაწყვიტა. შეეშინდა ამ "გაფრენას" სხვებიც მიჰბაძავენ და აჯანყდებიანო. კუსამ საკუთარი თავის გადასარჩენად ოყაჯადოს ყველაფერი მოუყვა. უთხრა, რომ ბავშვის "გაფრენა" მისი მამის უცნაურობის ბრალი იყო და მან ჩაუნერგა დაუმორჩილებლობის იდეა. ფარნაოზი ღრმულიდან გამოიყვანეს და ქალაქის კედელთან დაკიდეს, სადაც რამდენიმე დღე გაატარა და გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლოს ფარნაოზმა დარიაჩანგის ბაღი და მისი მეგობრის, დედალუსის შვილი – იკაროსი დაინახა და მას ესაუბრებოდა.
პერსონაჟები
რედაქტირებარომანის პირველ ნაწილში ძირითადად მითოლოგიურ–ისტორიული პერსონაჟები შემოდიან. ავტორს შეცვლილი აქვს აფსირტე – აფრისიონით, ქალკიოპე – ქარისათი, ხოლო მედეა, აიეტი, ფრიქსე და იასონი უცვლელად აქვს დატოვებული. არ აქვს ნახსენები არგონავტების არცერთი წევრი. მეორე და მესამე ნაწილში კი ძირითადად გამოგონილი პერსონაჟები არიან. მათ შორის დედალუსი, იკარუსი და მეფე მინოსი, რომელთაც ფარნაოზი კუნძულ კრეტაზე შეხვდება. გამოგონილია კოლხეთის მეფე ოყაჯადო, რომელიც ტახტზე გადატრიალების შედეგად ავა.
მითოლოგიური პერსონაჟები
რედაქტირება- აიეტი - (ძვ. ბერძნ. Αἰήτης) — ძველი კოლხეთის მეფე. ჰელიოსისა და პერსეს "მრისხანე" ვაჟი, პასიფაესა და კირკეს ძმა, იდიას ქმარი, მედეას, ქარისას და აფრისიონის მამა.სხვა ვერსიის მიხედვით, აიეტი ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟია, ალოევსის ძმაა. როდესაც ჰელიოსმა ვაჟებს ქვეყანა გაუნაწილა, აიეტს წილად ხვდა კორინთო, მაგრამ არ მოეწონა, სამფლობელოდ გადასცა ვინმე ბუნე ჰერმესის ძეს, დაავალა შეენახა იგი მისი შთამომავლობისთვის, თვითონ კოლხეთში გადასახლდა, იქ დამკვიდრდა და მისი სახელოვანი მეფე გახდა.აიეტი იყო ძლიერი და მკაცრი მეფე მან კოლხეთი იმ დროის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მანვე ჩამოაყალიბა კოლხეთის პირველი მუდმივი არმია, ფლოტი, და მეეტლეთა გვარდიები. ერთ-ერთი ძველეგვიპტური გადმოცემით ძვ.წ. 1350–1240 წლებში კოლხეთი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთში. აიეტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან, მან კოლხეთს შეუერთა აღჱმოსავლეთით სასპერები, დასავლეთით ტრაპიზონი და ჩრდილოეთით მეოტების მიწა-წყალი, კოლხეთის დამოკიდებულებაში შევიდა აგრეთვე ხური-მითანის ძლიერი იმპერიაც. ძვ.წ. 1290–1240 წლებში ეგვიპტის ფარაონები და კოლხეთის მეფეები ხშირად ერთად აწყობდნენ დამპყრობლურ დამარბიელ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში.
- მედეა - მედეა — ბერძნული მითის მიხედვით კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული, ქარისას და აფრისიონის და, კირკეს ძმისშვილი, ჰელიოსის შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმი (დაახლ. ძვ. წ. XV საუკუნე). ლეგენდის მიხედვით, მას შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იასონი და დიდი დახმარება გაუწია მას კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცებაში. მითის ერთ-ერთი ვერსიით შეყვარებულებმა საბერძნეთში ჩააღწიეს, მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის კრეონტის ასულ კრეუსას მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იასონზე და მისი საცოლე სიკვდილს შეჰყარა. ამით განრისხებულმა კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, მითის მიხედვით, გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა.მედეას სახელს ანტიკურ და წინაანტიკურ სამყაროში ბევრი რამ უკავშირდება. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა, მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვით ტერმინი მედიცინაც მისი სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. რამდენიმე ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა, მოხუცთ კი სიჭაბუკეს უბრუნებდა.
- აფსირტე - რომანში აფრისიონი. აფსირტე (ძვ. ბერძნ. Ἄψυρτος) — კოლხეთის მითური მეფის აიეტის ძე და მემკვიდრე (დაახლ. ძვ. წ. XIII საუკუნე). ბერძნული მითის მიხედვით მოტყუებით მოკლეს არგონავტებმა ოქროს საწმისის გატაცებისას.ზოგიერთი მითის მიხედვით, აფსირტე არგონავტების ლაშქრობის დროს ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა. სხვა ვერსიით ისიც არგოში ჩაჯდა, მედეამ თან წაიყვანა (აპოლოდ. 19, 23), გემზე ნაწილ-ნაწილ დაკეპა, ზღვაში გადაყარა და ვიდრე მდევარი აიეტი წმინდა ნაწილებს კრეფდა, არგონავტები დაწინაურდნენ. უფრო ცნობილი თქმულებით, რაც არგონავტიკაშია ფიქსირებული, აფსირტე მდევარ კოლხთა ფლოტს სარდლობს, მედეამ ვითომ მოსალაპარაკებლად მიიტყუა ტაძარში, სადაც ჩასაფრებულმა იასონმა მახვილით მოკლა (აპოლოდ. 1,9, 23-24). ასევე მისი სახელობისაა ქალაქი აფსირტი გმირის დაღუპვის ადგილას.
- ქალკიოპე – რომანში ქარისა. ბერძნული მითის მიხედვით კოლხეთის მეფის აიეტის ასული, მედეას უფროსი და. მისი ქმარი იყო ბერძენი უფლისწული ფრიქსე. მათ ჰყავდათ ოთხი ძე: არგოსი, ქუთისორე, მელასი და ფრონტისი.ზოგიერთი ავტორის ცნობით, ფრიქსემ აიეტს ქალკიოპეს სანაცვლოდ კოსის მიერ გაკეთებული ოქროს ქანდაკება (შემდეგ ოქროს საწმისად წოდებული) გადასცა. ფრიქსემ პელოპის დედის დიონეს ნაჩუქარი ოქროს ქანდაკი აჩუქა აიეტს, მეფემ კი ფრიქსეს ხალკიოპე მიათხოვა (აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა; 2,1169; 3, 248; სხვა ვერსიით, ფრიქსეს ცოლი იოფოსა აიეტის ასული, ან ევგენია, ზედწოდებით ქალკიოპე; 2. კოსის მეფის ევრიპილეს ასული, ჰერაკლეს საყვარელი. ტროიდან გაბრუნებულ ჰერაკლეს რომ კოსელები ქვის დაშენით შეხვდნენ, გმირმა კი აიღო მეფე ევრიპილე, მოკლა და მისი ასული შეიყვარა. მათი შვილი იყო თესალოსი ანუ თეტალოსი, (აპოლოდ. 278 ილ. 2, 676). ზოგი ვერსიით მათი შვილია ევრიპილოსი. ჰიგ 97 ხალკიოპე თესალოსის ცოლია. რექსენორის ან ხალკოდონის ასული, ეგეოსის მეორე ცოლი, რომელსაც უშვილობით შეწუხებული მეფე ტოვებს, მიდის ორაკულთან და მალე შეეყრება ეთრას, ვისგანაც ეყოლა თეზევსი პლუტარქე; აპოლოდ. 3, 15, 6, 4. ერეხთევსის ძის ალკონის ასული, მამასთან ერთად გაიქცა ატიკიდან ევბაზე.
- იასონი – იასონი, იაზონი (ძვ. ბერძნ. Ίασων, ეტრუსკ. Easun) — ბერძნული მითოლოგიის გმირი, რომელიც წინამძღოლობდა არგონავტებს ოქროს საწმისის ძიებაში. მამამისი იყო აესონი, იოლკუსის ძლევამოსილი მეფე. ის არგონავტებთან ერთად გადაარჩენს ფრიქსეს შვილებს და აიეტთან მიიყვანს. საჩუქრების მაგივრად ოქროს საწმისს თხოვს. აიეტი გაბრაზდება, მაგრამ მის გამოცდას გადაწყვეტს. მედეას იასონი პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდება და მის დახმარებას გადაწყვეტს. იასონი ქალის დახმარებით აიეტს გააბრუებს და ოქროს საწმისს მოპარავს. შემდექ მედეასაც და ფრიქსეს შვილებსაც არგოთი სამშობლოში დაბრუნდება სადაც გამეფდება. თუმცა ლეგენდის თანახმად, იასონმა სხვა ცოლი შეირთო და მედეა მიატოვა. მედეამ კი მათზე შური იძია და ერთ–ერთი ვერსიის თანახმად იასონისგან გაჩენილი ორი ვაჟი დახოცა.
- მინოსი – ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კუნძულ კრეტის (კუნძულ კნოსოსის) მეფე, ზევსისა და ევროპეს ძე. ძლიერი საზღვაო სახელმწიფოს შემქმნელი და კანონმდებლობის დამფუძნებელი. რომანში ის რამდენიმეჯერ შემოდის. მათ შორის ოყაჯადოსთნ საუბრის დროს. უძველესი თქმულებების მიხედვით სამართლიან და ბრძენ მეფედ გვევლინება, ხოლო მოგვიანებით, თესევსის ატიკური მითების გავლენით უსამართლო და მკაცრ ტირანად. მინოსს ლაბირინთში ჰყოლია ჩაკეტილი პოსეიდონისაგან მიძღვნილი ხარისა და თავისი ცოლის, პასიფაეს, არაბუნებრივი სიყვარულის შედეგად შობილი ურჩხული — მინოტავრი, რომელსაც ადამიანებით კვებავდა. როდესაც ათენელებმა მინოსის ვაჟი ანდროგეოსი მოკლეს, მინოსმა დალაშქრა ათენი და ხარკად 9 წელიწადში ერთხელ 7 ჭაბუკსა და 7 ქალწულს სთხოვდა მინოტავრისთვის. კუნძული კრეტის არქეოლოგიური გათხრები გარკვეულ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ძველი წელთაღრიცხვით XVII-XV საუკუნეების ისტორია დაუკავშირდა მინოსის მითებს. თანამედროვე ისტორიოგრაფიაში კუნძული კრეტის ძველ ისტორიას მინოსის პერიოდს უწოდებენ.
გამოგონილი პერსონაჟები
რედაქტირება- ფარნაოზი – რომანის მეორე და მესამე ნაწილის მთავარი პერსონაჟი. მწერალი გვიყვება მის ცხოვრებაზე ბავშვობიდან სიკვდილამდე. ის ტრაგიკულ სიყვარულით იმედდაკარგული 10 წლით კრეტაზე მიემგზავრება, სადაც გიჟური იდეების მფლობელ დედალუსს დაუმეგობრდება, იმუშავებს ქვისმთლელად, თუმცა უსამშობლოდ დიდი ხნით ვერ გაძლებს და ვანში დაბრუნდება. აქ ის ცოლად თინას შეირთავს, რომელიც არ უყვარს. ის ვაჟს გაუჩენს, რომელსაც ბაბუის სახელს, უხეიროს დაარქმევენ. მისი დაღუპვის შემდეგ კი ფარნაოზი ცხოვრების იმედს დაკარგავს. საბოლოოდ მას ოყაჯადო დასჯის და დაიღუპება.
- უხეირო – ფარნაოზის მამა. ძველი ცნობილი მეომარი, რომელმაც ბრძოლაში ფეხი დაკარგა და საწოლს მიეჯაჭვა. ამის შემდეგ მან ქარგვას მიჰყო ხელი. ის არ ერევა ოჯახის საქმეებში, მაშინაც კი როცა მისი ქალიშვილი პოპინა უკანონოდ დაორსულდება, ან ფარნაოზი კრეტაზე გაემგზავრება. შვილის წასვლიდან 5 წლის თავზე ის დაიღუპება. ფარნაოზი თავის შვილს უხეიროს დაარქმევს.
- ინო – ფარნაოზის ტრაგიკული სიყვარული. შავთვალება მალალოს უკანასკნელი, მეშვიდე ქალიშვილი, რომელსაც დედამისი ფარნაოზსთან ურთიერთობას აუკრძალავს და საროსკიპოში დააწყებინებს მუშაობას. ფარნაოზი მისი გონებიდან ამოშლას გადაწყვეტს და არარეალურ საფლავს გაუკეთებს, თუმცა ეს მის დავიწყებაში ვერ დაეხმარება.
- პოპინა – ფარნაოზის და. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაორსულდება მისი მსახურისგან – ფილამონესგან. პოპინას მამამისის შეეშინდება, მაგრამ უხეირო მის საქციელს გაამართლებს. პოპინა ვაჟს გააჩენს და კუსას დაარქმევს. ხოლო ფილამონე საბერძნეთში გაიქცევა.
- კუსა – პოპინასა და ფილამონეს შვილი. უკანონოდ შობილი ბავშვობიდანვე ბოღმიანი და ბოროტი გაიზრდება. მუდმივად ცდილობს ბიძამისი გაამწაროს. კუსა მეფის სამსახურში ჩადგება. სწორედ მისი ჩაშვების წყალობით დაიღუპება ფარნაოზი.
- შავთვალება მალალო – წარმოშობით ბაბილონელი როსკიპი. რომელიც შვიდ ქალიშვილს გააჩენს და მათ საროსკიპოში დააწყებინებს მუშაობას. საბოლოოდ, როდესაც ის დაბერდება შვილები სახლიდან გამოაგდებენ, რადგან მას სარგებლობის მოტანა აღარ შეეძლება. მალალო შეიფარებს კრეტადან დაბრუნებულ ფარნაოზს და მის ხელში მოკვდება.
- ბახა – ვანში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დუქნის პატრონი. ის თავის უფროს ქალიშვილს, პატუს კუსას მიათხოვებს, რომელიც მხოლოდ მისი სიმდიდრითაა დაინტერესებული. ბახას დაღუპვის შემდეგ მთელი ქონება კუსას დარჩება, მაგრამ ის პატუს გაშორდება და სხვა ცოლს მოიყვანს.
- ოყაჯადო – მეფე აიეტის შემდეგ. ის ტახტზე გადატრიალების შემდეგ მოვა. აიეტს კი ჯარისკაცებს მოაკვლევინებს. გადაწყვეტილების მიღებაში მას მუდმივად დედამისი ცუცა ეხმარება, რომელიც აგრეთვე შეურჩევს საცოლეს და ურჩევს ფარნაოზის დასჯას.
- თინა – ფარნაოზის ცოლი. მას ბავშვობიდან უნდა ფარნაოზის ცოლობა. ეჭვიანობს ინოზე და ფარნაოზს დაელოდება სანამ კრეტიდან ჩამოვა. ამის შემდეგ პოპინას წყალობით ისინი შეუღლდებიან. თინა გააჩენს ვაჟს და უხეიროს დაარქმევს.
- ქალუკა – უხეიროს მიერ აყვანილი მოსამსახურე. მისი შვილი ფილამონე დააორსულებს პოპინას და შემდეგ საბერძნეთში გაიქცევა. ქალუკა ამის მიუხედავად პირნათლად გააგრძელებს ოჯახის სამსახურს.
- ბოჩია – ყველაზე მოხუცი ვანში. ის და მისი მეუღლე ფოთოლა მუდმივად აჩენენ ბავშვებს სანამ არ დაბერდებიან. ბოჩიას სიკვდილი კი დაემთხვევა ფარნაოზის დასჯის პერიოდს.
- ზიარა – ობოლი გოგო, რომელიც უხეიროს ოჯახის მახლობლად ცხოვრობდა. ის მეზობლებმა გაზარდეს. ერთხელ კუსას დაინახავს და შეუყვარდება. შემდეგ ჩუმად ალაგებს ხოლმე მის სახლს. კუსა ჩაუსაფრდება და დაიჭერს. საბოლოოდ კუსას ცოლადაც მოჰყავს ზიარა.
- ბედია – მეთევზე. იგი პირველი შენიშნავს ზღვის უკან დახევას. თუმცა გამბედაობა არ ეყოფა საჯაროდ გამოაცხადოს. საბოლოოდ ის ზღვის მსხვერპლი გახდება. თუმცა წყალი დიდი ხნის განმავლობაში არ მიიღებს მის გვამს.
ლიტერატურული გავლენა
რედაქტირებაკრიტიკოსი და ფილოლოგი მანანა კვაჭანტირაძე აქტიურად იკვლევს ოთარ ჭილაძის შემოქმედებას. მან ერთ–ერთ წერილში გამოაქვეყნა მსგავსება მასსა და ლათინოამერიკელ მწერლებს შორის. კარლოს ფუენტესი ერთ თავის ინტერვიუში წერს, ხელისუფლება ყოველთვის ებრძვის მწერლობას იმიტომ, რომ ლიტერატურა ადამიანს თავისუფლებას ასწავლისო. ოთარ ჭილაძე კი ამბობს, “თავისუფლება ბრძოლის უფლება რომაა და სხვა არაფერი”. მარტო ხელისუფლებას კი არა, თითქოს ყველაფერს შუკრავს პირი საიმისოდ, რომ ეს უფლება წაგართვას, უფრო სწორად, კი არ წაგართვას – დაგავიწყოს, დავიწყების გზით წაგართვას. ჭილაძე კი იმეორებს: “დაიმახსოვრე, მერე მიხვდები”.
ის დავიწყებით დაავადმყოფებულ, სახედაკარგულ თავის ხალხს და კაცობრიობასაც იმით მკურნალობს, რომ წარსულს ახსენებს გამუდმებით. იგი იმ სიღრმეებში იხედება, სადაც ინდივიდუალური და საკაცობრიო, პიროვნული და საყოველთაო ერთმანეთს კვეთენ, მსჭვალავენ და მხოლოდ ასე, ერთიანობაში ახერხებენ არსებობას. მისი ენა ყოფიერების იმ ფენებთან გვაახლოებს, რომლებიც ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს ემიჯნებიან. ოთარ ჭილაძე პოეტური და ტრაგიკულია ერთდროულად. ამაში, ამ ორი საპირისპირო საწყისის ვირტუოზულ შერწყმაში ჩანს მისი მწერლობის ძალაც. მანანა კვაჭანტირაძის აზრით, შეკითხვა – როგორია მისი აზროვნების ტიპი – რაციონალისტურ-ინტელექტუალური თუ ინტუიტიური, ზედმეტია: ორივე ეს საწყისი ერთმანეთს მსჭვალავს და სამყაროს განსაკუთრებული აღქმაც ამ ბედნიერი გადაკვეთისას იბადება.
"…ვხედავდი კაცსა და ბავშვს, მამა-შვილს, ვანის პატარა მოკირწყლულ ქუჩას ხელიხელჩაკიდებულები რომ მიუყვებიან და ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ერთიანობას არაფერი ემუქრებოდა: ერთნი არიან და არავითარ ძალას არ შეუძლია მათი დაშორება”. უკვე სამი ათწლეულის მერე, ის მარკესის გამოსათხოვარი წერილის კითხვისას, როცა ის მამის ხელში მოქცეულ, ჩვილის პაწაწინა მუშტზე ლაპარაკობს, გაახსენდა, რომ სადღაც უკვე წაეკითხა ასეთი რამ. ჭილაძესთან, თუმცა მისი აზრით იმის თქმას, რომ ჭილაძემ დაასწრო, არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან ასეთ რამეს მხოლოდ დიდი მწერლები ხედავენ.[22]
მანანა კვაჭანტირაძემ ჭილაძესთან კიდევ ერთი ავტორი – მარიო ვარგას ლიოსა დააკავშირა. მისი თქმით, მის რომანში “ლიტუმა ანდებში”, რომლის რუსული თარგმანიც 1996 წელს გამოქვეყნდა, არის პერსონაჟი – დიონისიო, ანდებში რომელიღაც მიყრუებული სოფლის ღამის ბარის მეპატრონე. კრიტიკოსის თქმით, მსგავსება ოთარ ჭილაძის ბახასთან იმდენად აშკარა იყო, რომ დაინტერესდა, “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” თუ იყო ესპანურად თარგმნილი. რომანი კი ესპანურად 1976 წელს გადათარგმნეს. თუმცა მანანა კვაჭანტირაძის აზრით, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე სახის გავლენა.
ლიტერატურისმცოდნეობაში აღმოჩენასავით გავრცელდა აზრი იმის თაობაზე, თუ რა სწრაფად გამოეხმაურა ქართული პროზა ლათინური ამერიკიდან წამოსულ მოდას. რის პასუხადაც, ლიტერატურულმა პიმენებმაც უმალ დააზუსტეს, რომ კოლუმბიელ რომანისტს ქართველი პოეტი ვერ წაიკითხავდა, თუმცა, გაბრიელ გარსია მარკესმა "მარტოობის ასი წელიწადი" ხუთი წლით ადრე დაამთავრა, ვიდრე ოთარ ჭილაძემ - თავისი პირველი რომანი, მაგრამ 70-იანი წლების დასაწყისში, როცა ოთარ ჭილაძე თავის რომანს წერდა, გარსია მარკესი ჯერ კიდევ არ იყო თარგმნილი. სავარაუდოა, რომ ქართული სული ლათინოამერიკული სულის კვალდაკვალ კი არ მომწიფდა მითოლოგიური რეალიზმისთვის, არამედ - პარალელურად და დამოუკიდებლად.[23]
რუსი კრიტიკოსი ლევ ანინსკი წერს: "კოლუმბიელი ჭილაძეს არ წაუკითხავს, მაგრამ გერმანელი ხომ წაიკითხა! "იოსები და მისი ძმები" სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში ითარგმნა რუსულად. მერე და, რა? თომას მანმა გავლენის ქვეშ კი არ მოიქცია, რწმენა განუმტკიცა, დაარწმუნა, სწორ გზაზე რომ მიდიოდა კაცი - და მართლაც, გარდა ჟანრების წმინდა ნომინალური მსგავსობისა, აქ ხომ ყველაფერი სხვანაირადაა! არაფერს არ ცვლის ის ამბავიც, თუკი არგონავტების მითი სხვა დროსაც გამოუყენებია ვიღაცას. ოთარ ჭილაძესთან, დამატებით, დედალუსი და იკაროსიც არიან მოხმობილნი, და რომანის ფინალში, ფარნაოზის დასჯის სცენა სახარებისეულ ჯვარცმას ეხმიანება, ხოლო, ვანელების თავს დამტყდარი უბედურებები იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას გვახსენებს უნებურად, და არც დარიაჩანგის ბაღია ბიბლიური ედემის გაუთვალისწინებლად გაშენებული..."[24]
გამოხმაურება
რედაქტირებაცნობილმა ლიტერატორმა და ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა თავის რადიო გადაცემაში ისაუბრა რომანის შესახებ. მისი თქმით, ქართველობა ნიშნავს ამ რომანის წაკითხვას და ოთარ ჭილაძე პირველი იყო, რომელმაც არგონავტების მითს ასეთი სიმაღლე მისცა და ხელახლა გააცოცხლა.[25]
ბერძენიშვილის თქმით, ოთარ ჭილაძის რომანები მისივე პოეზიაა, რომელთაც მწერალმა ფორმა შეუცვალა. მისი თქმით, ოთარ ჭილაძე ამ რომანით ამბობს, რომ ქართველი ერი ნაწყენია ზღვაზე, რომელმაც მიატოვა. რომანიდან კი ჩანს, რომ ის ქართველების მორალთან ერთად დაიკარგა.[26][27]
კრიტიკოსი და მწერლის მკვლევარი მანანა კვაჭანტირაძე კი აცხადებდა, რომ ოთარ ჭილაძემ ამ რომანით პოეზიასთან და ესეისტიკასთან ერთად შექმნა თავისი ლიტერატურილი სისტემა. მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა ქართულ ლიტერატურაში, როდესაც მითოლოგიური მასალა რომანად იქცა.[25]
გამოჩენილმა რუსმა კრიტიკოსმა სტანისლავ რასსადინმა ზედიზედ გამოქვეყნებული რომანების ტრაგიკული ტონალობის გამო ოთარ ჭილაძეს "ქართველი ესქილე" უწოდა, "გოდორის" წაკითხვის შემდეგ კი განაცხადა - ეროვნული გამოფხიზლების წარმომჩენი ასეთი სიძლიერის რომანი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოგვეპოვებაო.[28]
გამომცემლობა „აზბუკამ“ 2000 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოსცა „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“. წიგნის ანოტაციაში ლაპარაკია ოთარ ჭილაძის პროზის რთულ, ძნელად ასახსნელ ფენომენზე, კერძოდ, ნათქვამია: „ამ პროზის პოლიფონიურობა გვაჯადოებს, ხოლო მისი კუთვნილება მარადისობისადმი სიმშვიდითა და იმედით გვასაჩუქრებს“.[29]
რუს პროფესორ ელვირა გორიუხინაზე ჭილაძი შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და 1982 წელს ქალბატონი ელვირა თბილისში ეწვია მწერალს, რათა მისთვის ემცნო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აპირებდა, ნოვოსიბირსკის ერთ-ერთი სკოლის დამამთავრებელ კლასებში ქართული რომანი სავალდებულო საგნად შეეტანა.
თამაზ ჭილაძე კი ამ ფაქტზე წერდა: "ეს იყო ნამდვილი სენსაცია - რუსული პედაგოგიკის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დამამთავრებელ კლასში (საერთოდ!) სავალდებულო საგნად ექციათ სხვა ქვეყნის მწერლის რომანი".[2]
ელვირა გორიუხინას, როგორც მშობლების, ასევე ცნობილი მეცნიერებისა და თვით კოლეგების მხრიდან საკმაო წინააღმდეგობა შეხვედრია, მაგრამ როცა მისმა სამოცდაათმა მოწაფემ სამოცდაათი აღტაცების გამომხატველი, ღრმად გააზრებული ნაშრომი წარმოადგინა ამ რომანზე, მას ხელი ვეღარავინ შეუშალა და საბოლოოდ ყველანი მადლიერებით განისმჭვალნენ ნიჭიერი და ნოვატორი პედაგოგის მიმართ.
ერთ–ერთი ნოვოსიბირსკელი სტუდენტი წერს: "... ჭილაძის რომანი ძნელი წასაკითხია. ის თითქოს უსასრულოა, უსასრულოა, როგორც ცხოვრება. მას არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. ის იქ იწყება, სადაც გაჩნდა კაცობრიობა და დამთავრდება მხოლოდ მის დაღუპვასთან ერთად. ჭილაძის რომანი -ეს ცხოვრების უსასრულო ლენტის ნაგლეჯია".
ცნობილი უზბეკი ჟურნალისტი ჰამიდ ისმაილოვი რომანის შესახებ წერს:
მე კვლავ მახსოვს ჩემი უდიდესი სიხარული, როცა ამ წიგნს ვკითხულობდი – თითქოს ჩემი პირი სავსე იყო ცნობილი ქართული ყურძნით და ღვინით - თითქოს ეს ქინძმარაული ან ახაშენი ყოფილიყო, რომელიც თავბრუს მახვევდა.
მე იგივე გრძნობა მეუფლებოდა – შესაძლოა უფრო ძლიერიც – როცა ვკითხულობდი წიგნის ინგლისურ თარგმანს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი თავბრუსხვევა მოდიოდა ენის სიცხადისგან, პროზის გამჭვირვალე დინებისგან და წიგნის ტიპოგრაფიული ხარისხისგან.
თითქოს ოთარ ჭილაძის რომანის ქართული ღვინო ინგლისურ კასრებში დაღვინებულიყოს.ეს არის მწვავე და პატიოსანი რომანი, რომელიც არის შესაბამისი ყველა პოსტ–საბჭოთა ქვეყნისთვის, რომელიც ახალ იდენტობას იმკვიდრებს.[30]
ანალიზი
რედაქტირებაიდეალური ჰარმონია
რედაქტირებარომანში, კოლხეთი და ძველი ვანის შიდა სივრცე უაღრესად მოწესრიგებულია. სოციოკულტურული სივრცე რომ მყარი იყოს, აუცილებელია მისი ყველა კომპონენტი ამტკიცებდეს ამ სიმყარეს. სისტემა ისეა აწყობილი, რომ მისი შემადგენელი ელემენტები, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე, ქმნიან იდეალური სამყაროს მოდელს. ამ მოდელის შექმნას რომანში ემსახურება გარკვეული სიმბოლოები. სიმბოლო, თავისთავად, რთული ბუნებისაა და მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ არ გულისხმობს პირდაპირ მითითებას აღსანიშნზე. სიმბოლოს აქვს ნიშნური ბუნება და მისთვის დამახასიათებელია ნიშნის ყველა თვისება. თუმც, თუკი, გადამერის თანახმად, ნიშნის ფუნქციად მივიჩნევთ მხოლოდ ჩვენებას იმისა, რასაც იგი აღნიშნავს, მაშინ სიმბოლოს არსი აღმოჩნდება უფრო მეტი, ვიდრე ჩვენება იმისა, თუ რა არ არის იგი. აქედან გამომდინარე, სიმბოლოს აქვს არა ერთი მნიშვნელობა, არამედ მრავალი, იგი მრავალშრიანი მხატვრული სახეა. ამის მიზეზი თვით სიმბოლოს სპეციფიკაშია, რადგან სიმბოლიზება ხდება რამდენიმე სხვადასხვა პარამეტრის მეშვეობით: როგორც აშკარა ვიზუალური მსგავსების, ისე ფარული ასოციაციური და ფუნქციური შესაბამისობების საფუძველზე.
სიმბოლოები
რედაქტირებარომანში ბევრ სიმბოლოს ვხვდებით, რომლებიც კონკრეტული ადგილებით არის გამოხატული . მათი შემოტანით ავტორი კოდირებული სახით საუბრობს კონკრეტულზე და, ამავე დროს, მასში გულისხმობს მოვლენათა მრავლობითობას. ასეთ კოდებს წარმოადგენენ: შავთვალება მალალოს სახლი, დარიაჩანგის ბაღი, ბახას სარდაფი, ბოჩია, ოქრომჭედლების უბანი და ა.შ. თითოეული ეს სიმბოლო თავის თავში გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს, რომლის გაგება მოითხოვს სხვადასხვა ხასიათის კოდების წვდომას და ამოხსნას. ყველა მათგანს აქვს ზოგადი ნიშნები, რაც ასოციაციურად, ვიზუალურად ან ფუნქციონალურად უკავშირდება ამა თუ იმ მნიშვნელოვან მოვლენას ან ამბავს და ამით შესაძლებელი ხდება მათი მნიშვნელობების გახსნა.
შავთვალება მალალო ბაბილონელი ქალია და მისი წარმოშობა ასოციაციურად უკავშირდება მის საქმიანობას – უძველესი ქვეყნიდან მოსული ქალი ამავე დროს უძველეს პროფესიას ემსახურება. მალალოს სახე რომანში ამქვეყნიური სიამის, ტკბილ ცოდვასთან ადამიანის ზიარების სიმბოლოა.
ხორციელი სიამოვნების სიმბოლოა ბახას სარდაფიც, რომელიც თრობის, დროსტარების, "კურდღელივით მხდალი ქვეყნიდან" გაქცევის საუკეთესო ადგილია ვანელთათვის. ბახასთვის მისი სარდაფი მხოლოდ მატერიალური შემოსავლის წყარო არ არის. "ღვინის ვაჭარ ბახას ქეიფის ყურება უყვარდა, მას მთვრალი ხალხი უფრო აინტერესებდა, ვიდრე ფულის მოგება. …თუკი ვინმე ერთ ხელადას იყიდდა, ბახა ორს ჩამოდგამდა". ვანელები ბახას ორმოცსაფეხურიან სარდაფს ხშირად სტუმრობენ, მაგრამ ეს სიმთვრალის უხამს ფორმასთან და გადამეტებულ მემთვრალეობასთან არ იგივდება.
ბახას მიწისქვეშა სარდაფი უფრო წმინდა ადგილია, სადაც ვანელები შრომის შემდეგ ისვენებენ, საუბრობენ, ბედნიერდებიან ღვინის ძალითა და სიხალისით. იგი სიბრძნის სავანეა, ამიტომაც პირველად აქ გაისმის საფრთხის მაუწყებელი სიტყვები თვით ბახას პირით ბერძენთა შესახებ. ბახას სარდაფი დიონისეს დღესასწაულის კოლხური სივრცეა. მით უფრო, რომ ამგვარ პარალელს თვით ავტორის შენიშვნა ამძაფრებს: "თითქოს რომელიღაც აკრძალული ღვთაების სამყოფელში მორწმუნენი საიდუმლოდ შეკრებილანო". ბახას ორმოცსაფეხურიან სარდაფსაც და მალალოს მრავალოთახიან სახლსაც ესთეტიზმის ბეჭედი აზის. ამქვეყნიური სიამენი გაკეთილშობილებულია, რადგან ძველ ვანში ყველაფერი დადებითი იმპულსის მატარებელია.
ოქროს კონოტაციები მზის კულტს უკავშირდება, რის გამოც ოქრომჭედლების უბანი – მარადიული სიმდიდრისა და კეთილდღეობის სივრცული სიმბოლო – ოქროს კონოტაციებთან ერთად მზის სიმხურვალის, სიკაშკაშის, სინათლის, სითბოს ასოციაციებსაც აღმოაცენებს. ოქრომჭედლების უბანი ვანის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია. ოქრო და ფული, ზოგადად, ანგარებასთან, სიხარბესთანაა დაკავშირებული («ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!»), ვანში კი მას სრულიად საწინააღმდეგო დანიშნულება აქვს. ამ უბანში გავლილ კაცს სახელოსნოებიდან გამოსული იმდენი მტვერი ეყრება, რომ ოქროს კაცად იქცევა და ვანელი ოქრომჭედლები კმაყოფილებით უცქერენ, როცა გაოცებული მისჩერებია სარკეში იგი საკუთარ გამოსახულებას. ე.ი. ეს სიმდიდრე ყველასია და, ამავე დროს, საკუთრივ არავისი. სიმდიდრით მონიჭებულ ბედნიერებას ყველა ვანელი ერთნაირად განიცდის. აქაურთა გრძნობაში სიხარბე და ანგარება ჯერ არ შერეულა.
მარადიული სიცოცხლისა და სიყვარულის სახე–სიმბოლოა რომანში ბოჩია თავის განუყრელ მეუღლესთან ფოთოლასთან ერთად. მათი მრავალრიცხოვანი შთამომავლობა იზრდება, ბერდება, იხოცება, ისინი კი მუდმივად ახალგაზრდები არიან. ამის მიზეზი აკვნის განუწყვეტელი ჭრიალი, ცოლ-ქმრის უცვლელი სიყვარული, სიკეთის ქმნისა და სიცოცხლის წყურვილი და საერთოდ, ადამიანების სიყვარულია.
დარიაჩანგის ბაღი
რედაქტირებარომანში დარიაჩანგის ბაღი ნაყოფიერებისა და ბედნიერების სიმბოლოს წარმოადგენს. როგორც რუსუდან ცანავა[16] აღნიშნავს, უძველესი ქართული წარმართული წარმოდგენების მიხედვით, მართლაც არსებულა სამკურნალო მცენარეთა ღვთაებრივი ბაღი, რასაც ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალები (შელოცვები) ადასტურებენ.[13] არგონავტების შესახებ არსებული ბერძნული წყაროები ერთხმად აღიარებენ კოლხეთში ჰეკატეს კულტს.
"ორფეული არგონავტიკა" აღნიშნავს, რომ კოლხეთში მდგარა ჰეკატეს (ზოგი წყაროთი აიეტის ცოლის, აპოლონიოს როდოსელთან კი – მისი დის) ქანდაკება და ყოფილა ღვთაებრივი ბაღი, რომელშიც უამრავი მომაკვდინებელი და სამკურნალო მცენარე ხარობდა. ბაღის შუაგულში კი მდებარეობდა ჰეკატეს ტაძარი. (შედარებისათვის: მამიდა ყამარის ტაძარიც დარიაჩანგის ბაღში იყო და მედეასაც სწორედ მამიდა ასწავლიდა წამლების დამზადებას). ამრიგად, ანტიკური წყაროების ჰეკატეს ბაღისა და ჭილაძის დარიაჩანგის ანალოგიურობა თვალნათლივი მოვლენაა.[31]
თუმცა, ჭილაძის დარიაჩანგი უკვე არა რეალურად არსებული ბაღია, არამედ ღრმა და მრავალშრიანი სიმბოლური სახე, ისტორიული კეთილდღეობის სივრცული სიმბოლო. იგი ინარჩუნებს სიმბოლიზებულ ობიექტთან გარეგან მსგავსებას მაქსიმალურ სიახლოვემდე. ჰეკატეს ბაღის დენოტაცია დარიაჩანგის ბაღის ანალოგიურია, უფრო ზუსტად, დარიაჩანგის დენოტაციები საქართველოს ბედნიერი ისტორიული წარსულის კონოტაციებად იქცევა. სწორედ ასეთი კონოტაციებია: მისი ზემატერიალური თვისება – ერთი ბოლო როცა იკვირტებოდა, მეორეს ნაყოფი ჩამოსდიოდა.
ბაღში მოწყვეტილი ვაშლის სასწაულებრივი ძალა – უშვილობისაგან განკურნება, თანაც არა უბრალოდ განკურნება, არამედ განკურნება «ოქროსთმიანი» ვაჟის დაბადებით; ბაღში შესვლისა და მისი გამოყენების თავისუფლება – ნებისმიერ კაცს შეუძლია შევიდეს და ისარგებლოს ბაღის სასწაულმოქმედი ძალით, დაისვენოს, ოღონდ არ დაუზიანოს რამე. («…მაგრამ კიწი რაა, კიწიც არ უნდა შეეტეხა, თორემ ამოდენა ბაღი თვალის დახამხამებაში უკვალოდ გაქრებოდა». დარიაჩანგის ბაღი, რომელიც სამოთხის ასოციაციებსაც ბადებს, ვანის იდენტიფიცირებულ სივრცეში ერთ-ერთი მთავარი წევრია, ამიტომაც ქრება იგი ამ იდეალური სამყაროს რღვევისთანავე.
ჰარმონიის დარღვევა ვანში
რედაქტირებამითოლოგიის თანახმად, წესრიგი ანუ კოსმოსი იქმნება ქაოსიდან. ქაოსი არის უფორმო მდგომარეობა, კოსმოსი კი – მოწესრიგებულობას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით აიეტის სამეფოც კოსმოსია, სადაც ყველას და ყველაფერს, (ხალხსაც და ზღვასაც), თავისი ადგილი უჭირავს. მითოლოგია იმასაც ამბობს, რომ ქაოსი და კოსმოსი ერთიმეორეში გარდამავალი მდგომარეობებია, ანუ ქაოსის მოწესრიგება კოსმოსით მთავრდება, კოსმოსის შინაგანი რღვევის შედეგად კი ისევ ქაოსი წარმოიშობა; სამყარო მარადმოძრავია, მას ხან მოწესრიგებული ფორმა აქვს, ხან – მოუწესრიგებელი.
აიეტის სამეფო კოსმოსი იყო მანამ, სანამ ზღვა ერთი ნაბიჯით უკან დაიხევდა. ზღვის უკუსვლით იწყება იმ მოწესრიგებული სივრცის რღვევა, რომელიც იდენტიფიცირებული იყო ჰარმონიასთან, სიკეთესთან, ბედნიერებასთან, ე.ი. დადებით საწყისთან. რომანის სიმბოლოებისათვის ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რათა შევნიშნოთ, რომ მათი ნაწილი დადებითია, ნაწილი კი – უარყოფითი. ამასთან, დადებითი სიმბოლოები (დარიაჩანგის ბაღი, შავთვალება მალალო, ბახას სარდაფი, ბოჩია, ოქრომჭედლების უბანი…) ძველი ვანის ატრიბუტებია, ხოლო უარყოფითი (ოყაჯადოს სასახლე თავისი ცუცათი და კამათი, უხეიროს დარღვეული ოჯახი, კუსას სახლი თავისი გემბანისხელა საწოლითა და უნაყოფო ცოლით) – ახალი ვანისა.
ახალი ვანი სივრცის თვითიდენტიფიკაციის რღვევის შედეგია. სანამ ვანში არის მარადიული დრო – ყვავის დარიაჩანგის ბაღი, თავიანთ საქმეს აკეთებენ ბახა, მალალო, ბოჩია, ოქრომჭედლები – სივრცე არის მოწესრიგებული და მყარი ანუ იდენტიფიკაციაგანხორციელებული. ხოლო როცა ძველი ვანი დაემხობა და აიეტის მმართველობას ოყაჯადოს მმართველობა ცვლის, სივრცის იდენტურობა უკვე აღარ დასტურდება. ამაზე მეტყველებენ რომანის უარყოფითი სიმბოლოები თუ მოვლენები: შავთვალება მალალო და ბოჩია ბერდებიან, ბახა კვდება, დარიაჩანგის ბაღი უკვალოდ ქრება და ა.შ. ეს ამბები რომანის სიღრმეში ნელ-ნელა ვითარდება, მინიშნება ამის შესახებ კი თავიდანვე კეთდება: "ზღვისგან მიტოვებული მიწა, ახალშობილის კანივით სველი და დაჭმუჭნილი, თანდათან გაიზარდა, გაფართოვდა და სამგლოვიარო არშიასავით გაუყვა მთელ სანაპიროს. მერე ვანსა და ზღვას შუა უზარმაზარი ჭაობი გაჩნდა, ურჩხულის ამონარწყევივით მწვანე, დაბუშტული და ლორწოიანი"….
ამრიგად, აიეტის სამეფოს დაცემის ანუ სივრცის იდენტიფიკაციის რღვევის პირველი მანიშნებელი არის ზღვის უკან დახევა, რაც უშუალოდ მოყვება პირველი უცხოტომელის (ფრიქსეს) გამოჩენას კოლხეთში. ზღვა ნელ-ნელა შორდება იმ ჰარმონიულ სივრცეს, რომელთან ერთადაც იგი მარადიულ სიკეთეს, მაცოცხლებელ და განმწმენდ სტიქიას განასახიერებდა. უარყოფითის დამკვიდრების ანუ სივრცის ჩანაცვლების ერთ-ერთ პირველ ნიშნად კი გვევლინება მწვანე ლორწოიანი ჭაობის გაჩენა ზღვისგან მიტოვებულ ადგილზე.
თარგმანები
რედაქტირებარომანი პირველად 1972–1973 წლებში გამოიცა და მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე. მთარგმნელები იყვნენ როგორც ქართველი, ისევე უცხოელი ფილოლოგები. მათ შორის: დონალდ რეიფილდი და ქართული წარმოშობის თურქი მწერალი – ფარნა-ბექა ჩილაშვილი.
- თარგმნილია ინგლისურად – A Man Was Going Down the Road 2012 წელს. მთარგმნელი – დონალდ რეიფილდი
- თარგმნილია გერმანულად – Der Garten der Dariatschangi 2014 წელს. მთარგმნელი – Kristiane Lichtenfeld
- თარგმნილია თურქულად – Yolda Bir Adam Gidiyordu 2015 წელს. მთარგმნელი ფარნა-ბექა ჩილაშვილი.
- თარგმნილია რუსულად – Шел по дороге человек პირველად 1985 წელს. მთარგმნელი – ელიზბარ ანანიაშვილი.
- თარგმნილია სომხურად – Ճանապարհով գնում էր մի մարդ 2015 წელს. მთარგმნელი ანაიდ ბოსტაიანი.
- თარგმნილია სლოვაკურად – Kam ideš, človek... 1985 წელს. მთარგმნელი – პაველ ბრანკო.
- თარგმნილია ჩეხურად Půjdu za svým hněvem 1978 წელს. მთარგმნელი – V. Černý.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- მარტოობის ასი წელიწადი – კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის გაბრიელ გარსია მარკესის 1967 წლის რომანი. რომანში უხვად არის გამოყენებული უძველესი კულტურული სიმდიდრე: კლასიკური მითოლოგიური თემები, ხალხური ზღაპრული სახეები. რომანს და ასევე ავტორსაც ხშირად ადარებენ ოთარ ჭილაძეს და მის შემოქმედებას.
- მაგიური რეალიზმი – ესთეტიკური სტილი ან ფიქციის ჟანრი, რომელშიც მაგიური, გამოგონილი ელემენტები რეალურ სამყაროს ერევა. ოთარ ჭილაძე სწორედ ამ ჟანრის წარმომადგენელია. ნაწარმოები ამ მაგიური ელემენტების არსებობას ჩვეულებრივ მოვლენად განიხილავს, წარმოადგენს რა მათ პირდაპირ, უბრალოდ, ისე, რომ ძნელი ხდება გააზრება, სად მთავრდება „რეალური“ და იწყება „ფანტასტიკური“. ეს შეიძლება იყოს ფილმი, ლიტერატურული ნაწარმოები ან ვიზუალური ხელოვნების ჟანრი.
- ბერძნული მითოლოგია – ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.
- გილგამეშის ეპოსი – ასურულ-ბაბილონური (აქადური) ლიტერატურის ძეგლი, დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო მწერლობაში და ასევე, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც. საფუძვლად დაედო ძველი შუმერული თქმულებები ურუქის I დინასტიის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) მეფის გილგამეშის შესახებ. მეტ-ნაკლები სისრულით შემორჩენილია ხუთიოდე თქმულება. შუმერული თქმულებები ძველთაგანვე ითარგმნებოდა აქადური ენის დიალექტებზე, მუშავდებოდა მთელი ათასწლეულის მანძილზე და ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს - II ათასწლეულის დასაწყისში ერთიანი ეპოსის სახე მიიღო.[32] მრავალი კრიტიკოსის აზრით, როგორც ჯეიმზ ჯოისმა "ულისეს" შესაქმნელად გამოიყენა ჰომეროსის "ოდისეა", ისევე ოთარ ჭილაძემ გამოიყენა თავისი რომანისთვის ეს ეპოსი.[14][33]
- ოქროს საწმისი – ბერძნულ მითოლოგიაში ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავი იყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით ჰერმესმა გამოგზავნა ჰერას ან თავად ზევსის ბრძანებით, და რომლის ზურგზე ორქომენეს მეფე ათამანტეს შვილები - ფრიქსე და ჰელე - აზიის ნაპირებისკენ გაემგზავრნენ დედინაცვალი ინოსგან გადასარჩენად. გზად ჰელე ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს - ჰელესპონტი (თანამედროვე დარდანელის სრუტე). "გზაზე ერთი კაცი მიდიოდას" პირველი ნაწილის სიუჟეტი მისი ხაზით ვითარდება.[34]
- აპოლონიოს როდოსელი – გამოჩენილი ალექსანდრიელი ეპიკოსი, სწავლული, პოეტი.[35] მისი ნაშრომით "არგონავტიკა" ცნობილი გახდა არგონავტების მითი. სწორედ ეს ნაწარმოები გამოიყენა ჭილაძემ თავისი რომანის ძირითადად მასალად.
გალერეა
რედაქტირება-
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. გამომცემლობა არეტე.
-
Aylak Adam Yayınları 2015
-
Kam ideš, človek... 1978
-
A Man Was Going Down the Road 2012.Garnett Press.
-
Ճանապարհով գնում էր մի մարդ 2015
-
Шел по дороге человек 2000
-
Ment egy ember az úton 1983
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომანის უფასო ტექსტი დაარქივებული 2020-09-24 საიტზე Wayback Machine.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა – ტექსტი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- რომანს განიხილავენ ლევან ბერძენიშვილი და მანანა კვაჭანტირაძე გადაცემაში "წიგნები" დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- გზაზე ერთი კაცი მიდიოდა Goodreads.com-ზე
- ოთარ ჭილაძე – გამომცემლობა ინტელექტი
- ოთარ ჭილაძე - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა დაარქივებული 2017-04-24 საიტზე Wayback Machine.
- Book Review: A Man Was Going Down the Road by Otar Chiladze დაარქივებული 2016-02-14 საიტზე Wayback Machine.
- Аудиокнига "Шел по дороге человек"
- Шёл по дороге человек – Goodreads.com
- თემა 13. მითი და ფსევდომითი. ბიბლიური მოტივები. ისტორიის დემითოლოგიზაცია. ”პოლივალენტური” რომანი. გავლენები თუ ”თვითჩასახვის თეორია” . ”მაგიური რეალიზმი”? მითი და პარაბოლა
გამოყენებული ლიტერატურა
რედაქტირება- ანტიკურობის ლექსიკონი 1985: Lexikon der Antike. VEB Bibliographisches Institut Leipzig. Leipzig: 1985.
- აპოლონიოს როდოსელი 1970: აპოლონიოს როდოსელი. არგონავტიკა. თარგმანი და წინასიტყვაობა აკ. ურუშაძისა. თბ.: ძველბერძნულ-ქართული პარალელური გამოცემა, 1970.
- ბერძნული მითების სამყარო: ბერძნული მითების სამყარო. ასპარეზზე გამოდიან გმირები. თხრობა და კომენტარები ნანა ტონიასი და მანანა ღარიბაშვილისა. თბ.: პროგრამა ლოგოსი, 2000.
- ვაშლით გაჩენილები: ქართული ხალხური პროზა 22 ტომად, ჯადოსნური ზღაპრები — ვაშლით გაჩენილები (გამოსაცემად მზადდება).
- ორფიკული არგონავტიკა 1977: ორფიკული არგონავტიკა. ძველბერძნულიდან თარგმნა და გამოკვლევა დაურთო ნათელა მელაშვილმა. რედაქცია, შენიშვნები და საძიებელი აკაკი ურუშაძისა. თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1977.
- შანტრენი 1968-1980: Chantraine P. Dictionnaire etymologique de la langue grecque. Paris: 1968-1980.
- ჰომეროსი 1979: ჰომეროსი. ოდისეა. თარგმანი პ. ბერიძისა. თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1979.
- "ქართველ მწერალთა ცხოვრება და შემოქმედება. წიგნი 2" – ავტორი გივი ბოჯგუა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2013&art=1913[მკვდარი ბმული]
- ↑ 2.0 2.1 გზა მარადისობისაკენ: ოთარ ჭილაძის დაბადების 80 წლისთავის გამო
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-24. ციტირების თარიღი: 2021-06-19.
- ↑ მანანა კვაჭანტირაძე: “განგაშის რომანები”
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=iW-GmTeoB0A
- ↑ http://www.kvirispalitra.ge/public/15046-othar-tciladzis-romani-inglisurad-thargmnes.html
- ↑ http://www.ipress.ge/new/12672-literaturuli-premia-sabas-gamarjvebulebi-cnobilia[მკვდარი ბმული]
- ↑ http://www.dr.com.tr/Kitap/Yolda-Bir-Adam-Gidiyordu/Otar-Ciladze/Edebiyat/Roman/Dunya-Roman/urunno=0000000665939
- ↑ http://www.databazeknih.cz/knihy/pujdu-za-svym-hnevem-224743
- ↑ http://www.funtastic.sk/A-Kam-ides-clovek-Ciladza-Othar-d11741.htm?tab=description[მკვდარი ბმული]
- ↑ https://www.goodreads.com/book/show/28587298
- ↑ http://magazines.russ.ru/druzhba/2000/10/annins.html
- ↑ 13.0 13.1 მითით, ზღაპრით და რეალობით მოქარგული ტილო რუსუდან ცანავა (ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“)
- ↑ 14.0 14.1 https://www.youtube.com/watch?v=8FtmY6CqHC8
- ↑ http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.3&d=HASH104ccd1e8c99931b5bac39.4.7[მკვდარი ბმული]
- ↑ 16.0 16.1 http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.3&d=HASH104ccd1e8c99931b5bac39.4.9[მკვდარი ბმული]
- ↑ მხატვრული ტექსტის გააზრების ზოგიერთი ასპექტი. ირინა სამსონია
- ↑ გზა და უფსკრული. ლევ ანინსკი
- ↑ https://www.goodreads.com/book/show/13640934-morphology-of-the-folktale
- ↑ ოთარ ჭილაძე, „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, რჩეული თხზულებანი 3 ტომად, ტ. I, 1986, გვ. 9.
- ↑ ადა ნემსაძე – სივრცის იდენტიფიკაცია ოთარ ჭილაძის რომანებში
- ↑ http://arilimag.ge/მანანა-კვაჭანტირაძე-ოთა/
- ↑ ლევ ანინსკი: გზა და უფსკრული
- ↑ http://www.opentext.org.ge/index.php?m=21&y=2002&art=15948[მკვდარი ბმული]
- ↑ 25.0 25.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-07-28.
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=yScAz0WfYoc
- ↑ ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" - „ზღვა და ლიტერატურა" (ნაწ. 1)
- ↑ http://kuvaldn-nu.narod.ru/rassadin/Rassadin-Taroschina.htm
- ↑ http://chto-chitat.livejournal.com/8864935.html
- ↑ http://www.bbc.co.uk/blogs/worldservice/writerinresidence/2013/01/a_man_was_going_down_the_road.html
- ↑ სივრცის იდენტიფიკაციის რღვევა ოთარ ჭილაძის რომანში „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“
- ↑ კიკნაძე ზ., ქსე, ტ. 3, გვ. 154, თბ., 1978
- ↑ http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=period&cl=CL4.3&d=HASH01ab6f2183600ca96e46a18e.1.14
- ↑ https://ici.ge/news/otar-wilazis-ukanaskneli-interviu.html[მკვდარი ბმული]
- ↑ Bulloch, A.W. (1985), „Hellenistic Poetry“, P. Easterling and B. Knox, The Cambridge History of Classical Literature: Greek Literature, Cambridge University Press