ოდისეა (ბერძ. Ὀδύσσεια ან Odússeia) — ჰომეროსის დაწერილი 24 სიმღერისაგან შემდგარი ეპიკური პოემა, ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში, რომელშიც აღწერილია ოდისევსის ხიფათიანი თავგადასავალი ტროიდან ითაკაში. „ილიადასაგან“ განსხვავებით „ოდისეა“ უხვად შეიცავს ზღაპრის ელემენტებს (ცალთვალა ციკლოპები, მოგზაურობა ჰადესში, ნავზიკაეს რომანი და სხვა).

დემოდოკეს სიმღერით შეპყრობილი ოდისევსი

სიუჟეტი რედაქტირება

ითაკის მეფე ოდისევსი ტროას ომის შემდეგ აპირებს სახლში დაბრუნებას, ოლიმპოს ღმერთი პოსეიდონი კი მას ხელს უშლის, მისი კიკლოპის მკვლელობის გამო, ითაკაში მისი ვაჟი ტელემაქე ცდილობს მამის მოძებნას ამაში მას ეხმარება ქალღმერთი ათენა, ოდისევს ასევე დიდი მოლოდინით ელოდება მეუღლე პენელოპეც.

პოემა რედაქტირება

„ილიადის“ მსგავსად „ოდისეაც“ იწყება მუზასთვის მიმართვით:

„გვიამბე, მუზავ, იმ მრავალტანჯული კაცის ამბავი, ვინც
ბევრი იხეტიალა მას შემდეგ, რაც ტროას წმინდა ციხესიმაგრე დააქცია;
ვინც მრავალი ქალაქი მოვლო და შეიცნო მათი ზნენი“.
  • 1-ლი სიმღერა. თხრობა „ოდისეაში“ ტროას დაცემიდან 10 წლის შემდეგ იწყება. ოდისევსი იტანჯება კუნძულ ოგიგიაზე, სადაც მას ძალით აკავებს ნიმფა კალიფსო; ამ დროს ითაკაში, მის ცოლთან, პენელოპესთან, თავს იყრის მრავალი საქმრო, რომლებიც მის სახლში ნადიმობენ და მის სიმდიდრეს ფლანგავენ. ღმერთების საბჭოს გადაწყვეტილებით, ოდისევსის მფარველი ათენა ითაკაში მიემართება და ოდისევსის ახალგაზრდა ვაჟს, ტელემაქეს, მოუწოდებს გაემგზავროს პილოსსა და სპარტაში, რათა მამის ბედის შესახებ მიიღოს ცნობები.
  • მე-2 სიმღერა. ათენას დახმარებით ტელემაქე, რომელიც ამაოდ ცდილობდა საქმროების სახლიდან გაყრას, ფარულად მიდის ითაკიდან პილოსში.
  • მე-3 სიმღერა. პილოსის ხანდაზმული მეფე ნესტორი ამცნობს ტელემაქეს რამდენიმე აქაველი წინამძღოლის ამბავს, უფრო მეტის გასაგებად კი სპარტაში გზავნის მენელაოსთან.
  • მე-4 სიმღერა. მენელაოსისა და ელენეს მიერ სტუმართმოყვრულად მიღებული ტელემაქე იგებს, რომ ოდისევსი კალიფსოს ჰყავს დატყვევებული. ამასობაში საქმროები, რომლებიც შეშინდნენ ტელემაქეს გამგზავრებით, მას შინ დასაბრუნებელ გზაზე მახეს უგებენ.
  • მე-5 სიმღერა. მეხუთე სიმღერიდან იწყება თხრობის ახალი ხაზი: ღმერთები გზავნიან ჰერმესს კალიფსოსთან, რათა მან ნიმფას ოდისევსის გაშვება უბრძანოს. ოდისევსი ტივით გადის ზღვაში და სასწაულებრივად გადაურჩება ქარბუქს, რომელსაც მის მიმართ მტრულად განწყობილი პოსეიდონი წარმოქმნის. იგი გამოცურავს კუნძულ სქერიას სანაპიროზე, სადაც ცხოვრობენ მხიარული ფეაკელები — ზღაპრულად სწრაფი ხომალდების მქონე მოგზაურები.
  • მე-6 სიმღერა. სქერიას სანაპიროზე ოდისევსის შეხვედრა ფეაკელების მეფე ალკინოეს ქალიშვილთან, ნავზიკაესთან.
  • მე-7 სიმღერა. ალკინოე ყარიბს თავის მდიდრულ სასახლეში მიიღებს.
  • მე-8 სიმღერა. ალკინოე ოდისევსის პატივსაცემად ნადიმსა და ასპარეზობებს აწყობს. ასპარეზობებზე ბრმა მომღერალი დემოდოკე ოდისევსის საგმირო საქმეების შესახებ მღერის.
 
იაკობ იორდანსი. ოდისევსი პოლიფემეს მღვიმეში. XVII საუკუნე, პუშკინის სახელობის მუზეუმი, მოსკოვი
  • მე-9 სიმღერა. ოდისევსი, როგორც იქნა, ამხელს თავის სახელს და თავისი თავგადასავლების შესახებ იწყებს მოყოლას. ოდისევსის მონაყოლი ამბები („აპოლოგია“): ოდისევსმა ლოტოფაგების ქვეყანა მოინახულა, სადაც ლოტოსით იკვებებოდნენ და ყოველი, ვინც მას გასინჯავდა, ივიწყებდა სამშობლოს; კაციჭამია გოლიათმა, ციკლოპმა პოლიფემემ, თავის გამოქვაბულში ოდისევსის რამდენიმე ამხანაგი შეჭამა, მაგრამ ოდისევსმა ციკლოპი დაათრო და დააბრმავა, შემდეგ კი მისი ერკემალების მატყლს ამოფარებული დარჩენილ თანამგზავრებთან ერთად გაიქცა გამოქვაბულიდან; ამის გამო პოლიფემემ ოდისევსის საკუთარი მამის, პოსეიდონის, რისხვა დაატეხა თავს.
  • მე-10 სიმღერა. ოდისევსი აგრძელებს საკუთარი თავგადასავლების მოყოლას. ეოლიის კუნძულზე მისვლა. ქარების ღმერთი ეოლოსი კეთილად განეწყო ოდისევსის მიმართ და მას ქარებით სავსე კოლოტი გადასცა, მაგრამ როცა ოდისევსი და მისი თანამგზავრები უკვე უახლოვდებოდნენ სამშობლოს, მათ გახსნეს კოლოტი და იქიდან ამოვარდნილმა ქარებმა ისინი უკან, ეოლიაზე მოისროლა. გაბრაზებული ეოლოსი ოდისევსს აგდებს თავისი კუნძულიდან. გზად კაციჭამია-ლესტრიგონები ანადგურებენ ოდისევსის ყველა ხომალდს გარდა ერთისა, რომელიც გრძნეული ცირცეს კუნძლულსაა მიმდგარი, ამ უკანასკნელს კი ოდისევსის თანამგზავრები ღორებად გადაუქცევია; ჰერმესის დახმარებით ოდისევსი დაძლევს გრძნეულის ჯადოს და ერთი წლის განმავლობაში მისი ქმარი ხდება.
  • მე-11 სიმღერა. ოდისევსი შავეთში ჩადის, რათა იმკითხავოს წინასწარმეტყველ ტირეზიასთან. იქ იგი ესაუბრება გარდაცვლილი დედისა და მეგობრების აჩრდილებს.
  • მე-12 სიმღერა. შემდეგ ოდისევსი გაივლის სირინოზების წყლებს, სადაც ეს უკანასკნელნი მოგზაურებს ჯადოსნური სიმღერით იტყუებენ და ღუპავენ; გაივლის ორ კლდეს შორის, რომლებზეც ბინადრობენ ურჩხულები სცილა და ქარიბდა. მზის ღმერთ ჰელიოსის კუნძულზე ოდისევსის თანამგზავრები კლავენ ჰელიოსის ძროხებს და ზევსი მათ ქარბუქს მოუვლენს, რომელიც ოდისევსის ხომალდს ძირავს ყველა თანამგზავრთან ერთად; ოდისევსი სასწაულებრივად გადარჩება და კალიფსოს კუნძულზე აღმოჩნდება.
  • მე-13 სიმღერა. ოდისევსი ასრულებს თავის მონაყოლს. ფეაკელები ასაჩუქრებენ ოდისევსს და მას სამშობლოში აბრუნებენ. ამის გამო გაბრაზებული პოსეიდონი მათ ხომალდს ქვად აქცევს. სამშობლოში დაბრუნებულ ოდისევსს ათენა ღარიბ მოხუცად გადააქცევს, რათა იგი არავინ იცნოს. ოდისევსი თავის ერთგულ მეღორე ევმეოსთან მიდის.
  • მე-14 სიმღერა. ევმეოსის ქოხში ყოფნა — ჟანრული იდილიური სურათი.
  • მე-15 სიმღერა. სპარტიდან დაბრუნებული ტელემაქე უვნებლად გადაურჩება ჩასაფრებულ საქმროებს.
  • მე-16 სიმღერა. ტელემაქე ხვდება ევმეოსსა და ოდისევსს, რომელიც შვილს ვინაობას უმხელს.
  • მე-17 სიმღერა. ოდისევსი სახლში ბრუნდება მათხოვრის სახით. საქმროები და მსახურები მას შეურაცხმყოფელად ექცევიან.
  • მე-18 სიმღერა. მოხუცი ოდისევსი მუშტი-კრივს მართავს ადგილობრივ ღარიბ იროსთან. დაცინვები მისი მისამართით კვლავ გრძელდება.
  • მე-19 სიმღერა. ოდისევსი ემზადება შურისძიებისთვის. მხოლოდ გადია ევრიკლეა იცნობს ოდისევსს ფეხზე არსებული ნაიარევით.
  • მე-20 სიმღერა. ბოროტი ნიშნები აკავებენ საქმროებს, რომლებსაც ოდისევსის მოკვლა გადაუწყვეტიათ.
  • 21-ე სიმღერა. ოდისევსი ვინაობას გაუმხელს ევმეოსსა და მეძროხე ფილოტეოსს და მათ საქმროებზე შურის ძიებაში დახმარებას სთხოვს. პენელოპე თავის ხელს ჰპირდება მას, ვინც ოდისევსის მშვილდს მოჭიმავს და ისარს 12 ჩუგლუგში გააძვრენს. მის დავალებას მხოლოდ მათხოვრად გადაცმული ოდისევსი გაართმევს თავს.
  • 22-ე სიმღერა. ოდისევსი ვინაობას უმხელს და კლავს საქმროებს, შემდეგ კი მოღალატე მსახურებს სჯის სიკვდილით.
  • 23-ე სიმღერა. პენელოპე ცნობს ოდისევსს, რომელიც მას მხოლოდ მათთვის ცნობილ საიდუმლოს გაუმხელს.
  • 24-ე სიმღერა. პოემის მიწურულს რამდენიმე მოქმედება ხდება: საქმროების სულები ჩადიან შავეთში; ოდისევსი ხვდება საკუთარ მამას, ლაერტეს; დაღუპული საქმროების ნათესავები შურის საძიებლად მოდიან, ოდისევსი კი მათთან ზავს დებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
 
Wikisource
ვიკიწყაროში არის სტატიასთან დაკავშირებული ორიგინალური ტექსტი
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: