მინოტავრი
მინოტავრი, მინოტავროსი (ბერძ. Μινώταυρος „მინოსის ხარი“) — ბერძნულ მითოლოგიაში კაცის ტანიანი და ხარის თავიანი ურჩხული, რომელიც პოსეიდონის ხართან შეუღლებულმა პასეფაემ შვა. ლაბირინთში დაბმული ხარ-კაცი იკვებებოდა მსჯავრდებულთა ხორცით და მოხარკე ათენიდან ჩამოყვანილი ქალ-ვაჟებით, რაც მას ფინიკიელთა მოლოხს ამსგავსებს. მოლოხსაც ხარის თავი ება, მსხვერპლად ადამიანს ითხოვდა.
მინოტავრი | |
---|---|
მინოტავრის ბიუსტი. ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი (ათენი) | |
არსება | |
სახელი: | მინოტავრი |
აგრეთვე ცნობილი როგორც: | მინოტავროსი |
კლასიფიკაცია | |
ჯგუფი: | მითირი არსება |
ქვე-ჯგუფი: | მითირი ჰიბრიდი |
მსგავსი არსებები: | მოლოხი |
მონაცემები | |
მითოლოგია: | ბერძნული |
რეგიონი: | კრეტა |
ბინადრობს: | ლაბირინთი |
წარმოშობა
რედაქტირებამინოსის და მინოტავრის კულტი ეგვიპტური რელიგიის კვალსაც ატარებს: ადამიანის და ხარის გაღმერთება, რაც მსხვერპლად ადამიანს ითხოვდა. თეზევსმა მოკლა მინოტავრი, და ეს უბრალო ზღაპარი როდია. ამით ნათქვამია, რომ ბერძნულმა კულტურამ განდევნა ფინიკიურ-კრეტული კულტი, ადამიანის მსხვერპლად შეწირვის ბარბაროსული წესი.
მინოტავრი ხელოვნებაში
რედაქტირებაეს ამაღელვებელი მოვლენაცაა მიზეზი იმისა, რომ დიდმა ხელოვნებამ მინოსის თემიდან უპირატესად მინოტავრის ფენომენი შეარჩია. ეტრუსკული საფერფლე-ურნა გვაუწყებს, რომ მინოსი აღაშფოთა მისი ცოლის ნაშობი ურჩხულის ხილვამ (პასიფაე ყრმა მინოტავრით ხელში). თეზევსი კომბლით კლავს ურჩხულს ეპიქტეტეს ფიალაზე (ლონდონი), კერბერის მხატვრის წითელფიგურიან ფიალაზე (ლუვრი), პომპეის ფრესკაზე (ნეაპოლი), ათენის საგანძურის მეტოპზე (დელფო და ათენის თეზეიონი). კრეტულ მონეტებზე და რომაულ ნიშნებზე ხარ-კაცის უამრავი ასეთი გამოსახულებაა. ბრწყინვალე სურათია ერთ ატიკურ ჰიდრიაზე: თეზევსი მახვილს უყრის ყელში დაწინწკლულ, ტიტველ, კუდიან ადამიანს, რომელსაც ხარის თავი აქვს (ძვ. წ. VI ს.). კაროლინგების ჟამიდან სრულდება უამრავი ილუსტრაცია თეზევს-მინოტავრის თემებზე, ლაბირინთის სცენებზე. ზოგან მინოტავრს ხარის ტანი და კაცის მკერდი აქვს, კენტავრს ჰგავს (1120 წ.). ლუკა მახარობლის ხარ-კაცის ჩვენებაც აქედანაა. ერთგან ქრისტე-თეზევსი კლავს მინოტავრს. დანტეს ჯოჯოხეთის აღწერილობას შეესაბამება ფრთოსანი ხარი. შედარებით იშვიათია პლასტიკაში ურჩხულის მოკვლის სცენა, მაგრამ ესეც შეასრულა დიდმა კანოვამ (მარმარილოს ჯგუფი, 1783 ლონდონი).
როდენის მინოტავრი ნიმფას იტაცებს (ბრინჯაო, 1885).
პიკასომ მთელი ციკლი შექმნა ნახატებისა და გრავიურებისა (მინოტავრომაქია, მეოცნებე ტყვე მინოტავრი). ეს მნიშვნელოვანი ნაშრომებია, და მაინც, მინოტავრი პიკასოსთვის ხარის ერთ-ერთი სახეობაა, სინათლისაკენ ისწრაფვის. ერნსტმა 1944—1948 წწ. შექმნა ბრინჯაოს ჯგუფები. ამრიგად, კრეტის ხარი, მინოსის ურჩხული დღემდე რჩება მსოფლიო ხელოვნების ინტერესთა სფეროში.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 326, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983