ჰელიოსი
ჰელიოსი, ჱელიოს — ბერძენთა მზის ღმერთი, ჰიპერიონიდი, ხალხის საფიცარი, ტიტან ჰიპერიონისა და თეას (თეიას) მარად ჭაბუკი შვილი, მზე, სამყაროს სხივთამთოველი, მზის ეტლის მძლავრი მფლობელი, სელენეს და ეოსის (მთვარისა და განთიადის) ძმა. ფაეტონისა და ჰელიადების მამა. ჰელიოსს ჰყავდა შვილები აიეთისი, პერსე, ცირცეა, პასიფაი (მეუღლე მინოსისა)[1].
ტიტანთა მემკვიდრეს თვითონაც ტიტანს ეძახიან და მაშინ რანგით დგას დაახლოებით პრომეთეს, ჰეკატეს სიმაღლეზე. მაგრამ უფრო აღიარებულია როგორც ძალუმი ღვთაება, აგრეთვე ჰიპერიონად „მაღლამცხოვრებად“ წოდებული. ეოსის შემდეგ დგება შორეულ აღმოსავლეთში, ოკეანის უბესთან, ჯდება მზიურ მოციმციმე ოქროს ეტლში, რომელშიაც ოთხი ცეცხლისმფრქვეველი რაში შეუბამს, ციურ ბილიკს აიქროლებს, თანდათან ამაღლდება, ცის კაბადონზე გააქროლებს ეტლს, გაანათებს ქვეყნიერებას, ჩაეშვება ოკეანეში, ღამით კი ოქროს ეტლიანად ჯდება ოქროს ნავში, გადასცურავს ჩრდილოეთის დიდ ზღვას და ისევ აღმოსავლეთში ბრუნდება, თავის ოქროს სასახლეში, რათა დილით ისევ მარადიულ გზას დაადგეს ცოცხალ არსთა სასუხარულოდ. ეს დეტალები შედარებით მოგვიანებით შემუშავდა. ჰომეროსი არ იცნობს ჰელიოსის ეტლსა და რაშებს, არც მის ოქროს სასახლეს, არც ოქროს ნავსა და აღმოსავლეთით მოქცევას. იცის, რომ ოკეანის ნაკად-უბეში (ლიმნეში) იწყება მისი ციური გზა, ქვეყნიერების მანათობლის სხივი ყველგან და ყველაფერში აღწევს (პანდერკეს, -კეტეს, „ყოვლის მხილველი“ ჰომ, ესქ, ანთ) ამიტომ გასაგებია, რომ ფიცისა და პირობის დადებისას, როდესაც კი სამართალს ახსენებენ, ჰელიოსს უხმობენ, როგორც ღმერთს, რომელიც ყველა სიღრმეს ჭვრეტს. იგი მზიური, ნათელი, კეთილი ღმერთია. მხოლოდ მან და ჰეკატემ შეამჩნიეს, რომ პერსეფონე ჰადესმა გაიტაცა და დემეტრეს უთხრა, ქვესკნელშიაო.
თქმულება
რედაქტირებაასულის დაკარგვით შეძრწუნებული კეთილშობილი დემეტრე ჩირაღდნოსან ჰეკატეს დახმარებით პოულობს ჰელიოსს: „გთხოვ, ჰელიოსო, ყურად იღე ქალღმერთის თხოვნა, რადგან ოდესღაც გახარებდი სიტყვით და საქმით! შუქმოციმციმე ეთერიდან მესმა კივილი შესაბრალისი ასულისა, ჩემი ნუგეშის, თითქოს შეიპყრეს ტლანქი ძალით. მე რას ვნახავდი, შენ კი ნათელი ეთერიდან დასქერი შენი სხივთამთოველი თვალთა მზერით ზღვასა და ხმელეთს. მითხარი სიმართლე: ხომ არ ნახე ასული ჩემი ვინ გაიტაცა ძალადობით...“. ჰელიოსი მხურვალე თანაგრძნობით უხსნის, ზევსმა დაუთმო შენი ასული თავის ძმას, ჰადესსო“. (ჰომ. ჰიმ. დემეტრეს, 64-72).
მითოლოგიური ცნობები
რედაქტირებაკუნძულ თრინაკიაზე ჰელიოსს დაუდის შვიდი რქოსანი საქონლის ჯოგი და ამდენივე ცხვრის ფარა, თითოეულ ჯოგში 50 სული პირუტყვია, არც მეტი, არც ნაკლები (ოდ. 12, 17). ესაც გააზრებული სიმბოლიკაა: ძვ. კალენდრის წელი 50 კვირას შეიცავდა, კვირა შვიდ დღეს და შვიდ ღამეს. მისი სახელობის ჯოგებშიც საერთოდ თეთრი ან მოწითალო საქონელი ჰყავდათ. თრინაკიაზე მათ მწყემსავდნენ ჰელიოსის და ნეაირას ქალიშვილები — ფაეთუზა (ფაოსი) და ლამპეტია (ლამპო). ამის გარდა, ოკეანიდ კლიმენესგან ჰყავდა მშვენიერი ვაჟი ფაეთონი, რომელმაც მამა იპოვა, ერთი დღით მზის ეტლი სთხოვა, რაშებს სუსტი ხელით ვერ მოერია და ზევსმა მეხით განგმირა, რათა სამყარო არ გადაეწვა; პერსესთან (პერსეიდასთან) კი ჰელიოსს ჰყავდა აიეტი, კირკე და პასიფაე. შვილის — ფაეთონის სახელი თვით ჰელიოსის ზედწოდებაა („სხივოსანი“, ოდ. 5, 479).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“: ბ. ღმერთ-კაცნი. დ. ჱელიოს. ტომი I, გვერდი: 93.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Konrad Schauenburg, 1955. Helios: Archäologisch-mythologische Studien über den antiken (Mann)
- Karl Kerenyi. Apollo: The Wind, the Spirit, and the God: Four Studies
- Karl Kerenyi, 1951. The Gods of the Greeks, "The Sun, the Moon and their Family" pp 190–94 et passim.