აიეტი (მითოლოგია)

ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟი

აიეტი, ეეტ, აჲეთისი, აეტი (ძვ. ბერძნ. Αἰήτης) — ძველი კოლხეთის მითური მეფე. ჰელიოსისა და პერსეს „მრისხანე“ ვაჟი, პასიფაესა და კირკეს ძმა, იდიას ქმარი, მედეას, ქალკიოპესა და აფსირტეს მამა. ბერძნული მითოლოგიისა – არგონავტიკა, და კლასიკური მწერლობის მიხედვით, ცხოვრობდა ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში, მისი რეზიდენცია ჭოროხის ხეობაში მდებარეობდა. სხვა ვერსიის მიხედვით, აიეტი ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟია, ალოევსის ძმაა. როდესაც ჰელიოსმა ვაჟებს ქვეყანა გაუნაწილა, აიეტს წილად ხვდა კორინთო, მაგრამ არ მოეწონა, სამფლობელოდ გადასცა ვინმე ბუნე ჰერმესის ძეს, დაავალა შეენახა იგი მისი შთამომავლობისთვის, თვითონ კოლხეთში გადასახლდა, იქ დამკვიდრდა და მისი სახელოვანი მეფე გახდა. აიეტი იყო ძლიერი და მკაცრი მეფე მან კოლხეთი იმ დროის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მანვე ჩამოაყალიბა კოლხეთის პირველი მუდმივი არმია, ფლოტი, და მეეტლეთა გვარდიები. ერთ-ერთი ძველ ეგვიპტური გადმოცემით ძვ. წ. 1350–1240 წლებში კოლხეთი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთში. აიეტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან, მან კოლხეთს შეუერთა აღმოსავლეთით სასპერები, დასავლეთით ტრაპიზონი და ჩრდილოეთით მეოტების მიწა-წყალი, კოლხეთის დამოკიდებულებაში შევიდა აგრეთვე ხური-მითანის ძლიერი იმპერიაც. ძვ. წ. 1290–1240 წლებში ეგვიპტის ფარაონები და კოლხეთის მეფეები ხშირად ერთად აწყობდნენ დამპყრობლურ და მარბიელ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში. აიეტი ელინური ეკონომიკური ექსპანსიის გარიჟრაჟს მოესწრო. ზუსტად უცნობია რა მოხდა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა – კოლხთა მეფეს გაუჭირდა ბერძნული სამხედრო ექსპედიციის (არგონავტები) შეტევის მოგერიება – მოსულებმა ოქროს საწმისი გაიტაცეს. აპოლონიოს როდოსელი (295-215 ძვ. წ.), ელინისტური ანუ ალექსანდრიული ხანის მწიგნობარი, პოეტი აიეტის შესახებ წერს:

მეფე აიეტი, ბარტოლომეო დი ჯოვანის ნახატი.

ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება ძლევამოსილ კოლხეთის მეფეს, თუმცა შორს არის, თუ მოინდომა ელადაშიაც წავა სალაშქროდ.

კოლხთა სამეფო დინასტია აიეტის სახელს ატარებდა.[1][2]

ოქროს საწმისი

რედაქტირება

აიეტის ქვეყანას მიადგა ფრიქსე ოქროს ვერძით. მეფის თანხმობით ვერძი ზევსს შესწირა, ოქროსბეწვიანი ტყავი კი აიეტს მიართვა, რომელმაც იგი არესის ჭალაში ხეზე ჩამოაკიდებინა.

სხვა მითის მიხედვით, ფრიქსე კოლხეთში ოქროს ვერძით კი არ მივიდა, არამედ გემით. გემზე მას ჰქონდა საბერძნეთიდან წამოღებული ოქროს ქანდაკება და ის უძღვნა აიეტის ქალიშვილის — ქალკიოპეს მითხოვების სანაცვლოდ. ამის შემდეგ აიეტს სამისნომ უწინასწარმეტყველა, რომ აღესრულებოდა მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში უცხოელები მივიდოდნენ და ფრიქსეს მირთმეულ საჩუქარს უკან წაიღებდნენ. ამ მიზეზითა და თავისი სისასტიკის წყალობითაცო, გადმოგვცემენ ძველი ისტორიკოსები — აიეტმა გასცა განკარგულება: — ყველა უცხოელი, ვინც კი კოლხეთში რაიმე მიზეზით გამოჩნდებოდა, განუკითხავად შეეწირად მსხვერპლად. ამას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი სისასტიკის ამბავი შორს წასულიყო და ვერავის გაებედა კოლხეთში მისვლა ოქროს საწმისის წამოსაღებადო, გადმოგვცემენ ძველი კომენტატორები.

ყოველივე ამის მიუხედავად, გარკვეული დროის შემდეგ კოლხეთს მიადგნენ არგონავტები. მედეას მეშვეობით ისინი გადაურჩნენ მსხვერპლად შეწირვას, აიეტის სასახლეში მივიდნენ და ოქროს საწმისი მოითხოვეს. აიეტმა იასონს რამდენიმე ძნელი, თითქმის შეუსრულებელი დავალება მისცა, მაგრამ მედეას დახმარებით, რომელსაც შეუყვარდა ელინი ვაჟკაცი, მან ყველა დავალება შეასრულა და კვლავ აიეტს წარუდგა. გაოცებულმა, დაეჭვებულმა და განრისხებულმა აიეტმა გმირები ვახშამზე მიიწვია და მათი ამოხოცვა (ზოგი ვარიანტით არგოს დაწვა) განიზრახა. იმ ღამეს აიეტი აფროდიტემ ცოლის სარეცელზე ჩააძინა, ამასობაში მედეამ იასონს ყველაფერი უამბო, მერე მასთან ერთად არესის ჭალაში წავიდა, საწმისის მცველი დრაკონი რაღაც წამლისა და ლოცვის მეშვეობით დააძინა (ზოგი ვარიანტით რაღაც ხერხების საშუალებით მოაკვლევინა იასონს), არგონავტებმა საწმისი მოიტაცეს და მედეაც თან გაიყოლიეს. სხვა მითები გადმოგვცემენ, რომ აიეტმა მათ მიუსწრო ზღვის სანაპიროზე, შეებრძოლა, პირადად მან მოკლა იფიტე, მისი ამალიდანაც ბევრი დაიხოცა. ცხარე ბრძოლაში, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, აიეტი დაიღუპა მელეაგროსის ხელით.

ვერსიები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ აიეტს გააჩნია მრავალი, ზებუნებრივი თვისება, შესაძლებელია იგი მაინც იყოს რეალური, ისტორიული პიროვნება, რომელსაც დროთა მსვლელობაში დიდი სიძლიერის, სიმკაცრისა და გავლენიანობის გამო ახალ-ახალი თვისებები და ეპითეტები მოარგეს, ნახევარ ღმერთად აღიარეს და მითოლოგიის ლამაზი სამოსით შემოსეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. მელიქიშვილი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970.
  1. საქართველოს ისტორიის ქრონიკები: ნაწ. 1 / მიხეილ შერვაშიძე. - თბ., 2015. - გვ. 84
  2. აიეტი (მეფე). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.