ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მელეაგროსი (ძვ. ბერძნ. Μελέαγρος) — ეტოლიურ თქმულებათა გმირი. კალიდონის მეფის, ოინევსისა და ალთეას ვაჟი. არგონავტების ლაშქრობისა და კალიდონის ნადირობის მონაწილე.

ძველი მითოსის თანახმად, მომლოგინე ალთეას მოირები გამოეცხადნენ და ახალშობილის მომავალი ამცნეს. კლოთომ კეთილშობილება უმისნა, ლაქესისმა – ძლიერება და სიმედგრე, ატროპოსმა კი უცნაური რამ განაცხადა: ახალშობილი იმ წამს მოკვდება, როგორც კი კერიაში მუგუზალი დაიწვებაო. უმალ წამოდგა ალთეა ლოგინიდან, გამოიტაცა მუგუზალი აბრიალებული ცეცხლიდან, ჩააქრო, ზარდახშაში ჩადო და გადამალა. ასე გადარჩა მელეაგროსი, წამოიზარდა და სახელოვანი მონადირეც დადგა.

მელეაგროსის გარდაცვალების მითოსი კალიდონის ნადირობას უკავშირდება.როდესაც მეფე ოინევსმა საბერძნეთის სახელოვანი გმირები მძვინვარე ტახზე სანადიროდ მიიწვია, დააწესა ჯილდო: ნანადირევის თავი და ტყავი მას ერგებოდა, ვინც სასიკვდილოდ დაჭრიდა ნადირს. მონადირეთა შორის იყო არკადიელი მონადირე, მშვენიერი ატალანტე, რომელიც მელეაგროსს შეჰყვარებოდა. სწორედ მისი ისარი მოხვდა პირველად ტახს ყურის ძირას. უფრო გავეშდა ნადირი და მონადირეებს დაერია. მელეაგროსმა იმარჯვა, მისმა ოროლმა საბოლოოდ განგმირა ტახი. ჯილდოც მას უძღვნეს, თუმცა კეთილშობილმა ჭაბუკმა მშვენიერ ატალანტეს დაუთმო იგი. საპატიო იყო ეს ჯილდო, დიდების სახელს იხვეჭდა მისი მფლობელიც და მთელი მოდგმა. მელეაგროსის ბიძები (დედის ძმები) ეცნენ ატალანტეს და ნადავლი ხელიდან გამოგლიჯეს. რისხვამ შეიპყრო ჭაბუკი და გამძვინვარებულს მოულოდნელად შემოაკვდა თავისი ბიძები. ეს ამბავი რომ ამცნეს ალთეას, საკუთარი შვილი დაწყევლა. გადამალული ზარდახშიდან მუგუზალი ამოიღო და კერიის ცეცხლს შეუკეთა. მუგუზალი დაიფერფლა და მელეაგროსმაც დალია სული. როდესაც მიხვდა ალთეა, თუ რა ჩაიდინა, თავი მოიკლა. თავი მოიკლა გმირის ცოლმაც, ხოლო დები, მელეაგრიდები, გაუთავებლად მოთქვამდნენ და დასტიროდნენ თავის ძვირფას ძმას. ბოლოს ისინი შეიწყალა არტემისმა და ციცრებად გარდასახა.

მელეაგროსის მითი ანტიკური ხანის ხელოვანთა საყვარელი სიუჟეტი იყო.

რესურსები ინტერნენტში

რედაქტირება

მელეაგროსი

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მელეაგროსი“-დან