ევსტათი მცხეთელი (გ. დაახლოებით 550) — VI საუკუნის ქრისტიანი წმინდანი. ხსენების დღეა 11 აგვისტო (ძველი სტილით 29 ივლისი).

ევსტათი მცხეთელი
დაიბადა VI საუკუნე
გარდაიცვალა 550-იანები
თბილისი
ხსენების დღე 29 ივლისი
მოღვაწეობა მწერალი

ცხოვრება და მოღვაწეობა რედაქტირება

წმიდა ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი სპარსეთის არშაკეთის პროვინციის ქალაქ განძაკიდან საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. გაქრისტიანებამდე ერქვა გვირობანდაკი. მამამისი მოგვი იყო და მასაც მოგვად ზრდიდა, მაგრამ ევსტათი მცხეთელი ჯერ კიდევ სამშობლოში ყოფნისას დაეჭვდა მაზდეანური სარწმუნოების ჭეშმარიტებაში და ქრისტიანობის მხარეზე გადაიხარა. ამ გრძნობით შეპყრობილი 30 წლის ევსტათი მცხეთელი სპარსეთის შაჰის ხოსრო ანუშირვანის (531-579) მეფობის მე-10 წელს ქართლში ჩამოვიდა და მცხეთაში დასახლდა. აქ მან შეისწავლა მეწაღეობა, დაუახლოვდა ადგილობრივ ქრისტიანებს და ცოლად შეირთო ქრისტიანი ქალი. ამის შემდეგ უფრო შეიყვარა ქრისტიანული რჯული და მოინათლა კიდეც კათოლიკოს სამოელის ხელით, რომელმაც მას ევსტათი დაარქვა. ევსტათი მცხეთელმა მცხეთაში მცხოვრებ სპარსელ ხელოსნებს უარი უთხრა, მათთან ერთად მაზდეანთა მთავარ რელიგიურ დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. ამის გამო იგი დააბეზღეს მცხეთის სპარსელ ციხისთავ უსტამთან, რომელმაც ევსტათი მცხეთელი, სხვა შვიდ გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად, მარზპან არვანდ გუშნასპს თბილისში გაუგზავნა დასასჯელად. ქართლის კათოლიკოსისა და მთავრების თხოვნით იმავე მარზპანმა 6 თვის შემდეგ სპარსეთში გამგზავრების წინ ევსტათი მცხეთელი ციხიდან გაათავისუფლა. სამი წლის შემდეგ, როცა ქართლში ახალი მარზპანი — ვეჟან ბუზმირი მოვიდა, მცხეთელ სპარსელებს ევსტათი მასთანაც დაუსმენიათ. მარზპანი ცდილობდა ევსტათი მცხეთელი მამაპაპეულ სარწმუნოებაზე დაებრუნებინა, მაგრამ ამაოდ. ევსტათი მცხეთელი სიკვდილით დასაჯეს. მარზპანის ბრძანებით, ევსტათი მცხეთელი საპყრობილეში გადაიყვანეს, ღამით კი თავი მოკვეთეს და ქალაქგარეთ დააგდეს ფრინველთა საჯიჯგნად, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ დააგდეს. ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი, მალულად წაასვენეს მცხეთაში. მოწამის ნეშტს წმიდა სამოელ კათოლიკოსი შემოეგება და პატივით დაკრძალა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ. მისი ცხოვრება აღწერილია VI საუკუნის უცნობი ავტორის თხზულებაში „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელი წმინდანად შერაცხა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963;
  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
  • ბოგვერაძე ა., ენციკლოპედია საქართველო, გიმნაზია — ენდრო დაარქივებული 2021-05-14 საიტზე Wayback Machine. თბ. 2012.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება