ტარიელ გოლუა
ტარიელ გოლუა — ლეო ქიაჩელი სოციალური რომანი. რომანი 1915-1916 წლებში დაიწერა და ავტორის პირველ დიდ ნაწარმოებად ითვლება.
„ტარიელ გოლუა“ | |
---|---|
რომანის ილუსტრაცია | |
ავტორი | ლეო ქიაჩელი |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია |
ენა | ქართული |
თემა | რუსეთის რევოლუცია |
ჟანრი | სოციალური რომანი |
გამოცემის თარიღი | 1916 |
გვერდი | 200 |
მომდევნო | სისხლი (1926—1927) |
რომანის შესახებ
რედაქტირებალეო ქიაჩელის პირველივე რომანი „ტარიელ გოლუა“ , რომელიც 1916 წელს შეიქმნა, საეტაპო მნიშვნელობის ნაწარმოებად იქცა ქართული ლიტერატურისთვის. რომანში წარმოდგენილია 1905 წლის რევოლუციის თანამდევი მოვლენები მეგრული სოფლის მასშტაბით. გლეხი ტარიელ გოლუა და მისი შვილი ლევანი, თანამოაზრენი არიან ახალ იდეოლოგიის დამკვიდრებაში. ამ რომანში პირველად ჩნდება მამასა და შვილს შორის მოკავშირეობისა და პატივისცემის თემები, რაც ქიაჩელის მომავალ თხზულებებშიც არაერთხელ გამჟღავნდება.
1905 წლის რევოლუციის ტალღამ ქართულ სოფლებსაც გადაუარა. გლეხთა შეგნებაში ფეხს იკიდებს "ერთობის" იდეები, ისინი მემამულეებისგან ღალის შემცირებას მოითხოვენ. დამსჯელი რაზმი რეპრესიებს მიმართავს. ტარიელ გოლუა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, მაგრამ როდესაც სახლს გადაუწვავენ და ერთადერთ ვაჟს მუხანათურად მოუკლავენ, მიხვდება - თავისუფლების მოპოვება შეიარაღებული ბრძოლის გარეშე შეუძლებელია.[1]
შინაარსი
რედაქტირებარომანის სიუჟეტი იმ პერიოდში ვითარდება, როდესაც სოფლებში ერობა შემოდის. ტარიელ გოლუა ერთი ჩვეულებრივი გლეხია, რომელსაც რევოლუციის პრობლემა აწუხებს. მისი შვილი ლევან გოლუა გადაწყვეტს თავის შეყვარებულის, თინას მოტაცებას, თუმცა შორს გაქცევას ვერ მოასწრებს და თავის მეგობრებთან ერთად ანტონია ბუკაძის სახლს შეაფარებს თავს. ერთი დღე-ღამე იბრძოლებენ თინას მამის, აზნაურ დავითის ამალასთან, თუმცა ტყვიაწამალი გამოელევათ.
ამ ამბავს ტარიელს მისი ძმიშვილი გიო შეატყობინებს. ისიც არ დააყოვნებს და დავითს მიადგება. მოელაპარაკება და შეთანხმდებიან, რომ ქალს დააბრუნებენ, მაგრამ ლევანი უვნებელი დარჩება. თან დავითი ტარიელს აფრთხილებს, რომ მეორე შვილიც რომ ჰყოლოდა ლევანს არ დაინდობდა. ამ დროს დავითს თან ახლავს თანამოზრე გაიოზ გადალენდია, რომელსაც ასევე უყვარს თინა და ლევანი კი სძულს. ამიტომ იმედგაცრუებული დარჩება დავითის ლოიალობით. ლევანს გაუჭირდება ქალის დათმობა, მაგრამ მამამისი დააიმედებს, რომ საბოლოოდ სიმართლე გაიმარჯვებს.
გავა ხანი. ერობა და რევოლუციორი მოძრაობა სოფელს მთლიანად მოედება. დავითიც და სხვა აზნაურებიც სიფრთხილეს მოუმატებენ. თინას ლევანის ნახვას აუკრძალავს. ლევანი კი ამ დროს თავის მეგობარ ბეჟანასთან ერთად სოფლის ხალხის შეკრებას და გაერთიანებას დაიწყებს. გაიოზი დავითს თინას სიყვარულის შესახებ გააგებინებს. აზნაური და გადალენდია შეთანხმდებიან იმ პირობით, რომ გაიოზი ლევანს დაუახლოვდება და შემდეგ მოკლავს. მართლაც ასე მოხდება. გადალენდია ახალგაზრდებს შეუერთდება. ლევანი დაიჯერებს, რომ გაიოზი გამოსწორდა და ერთ-ერთ საქმეზე თან წაიყვანს. თინა, რომელმაც ეს ამბავი იცის ლევანის ოჯახს გააგებინებს, მაგრამ ტარიელი შვილს ცოცხალს ვეღარ მიუსწრებს.
ამასობაში ჩაივლის 1905 წლის რევოლუცია. ტარიელს ციხეში ჩასვამენ. გაიოზი თინას შერთვას ვეღარ შეძლებს, მაგრამ ქალაქში ჟანდარმად დაიწყებს მუშაობას. ერთხელაც სოფელში გადაწყვეტს ჩამოსვლას, რაც მისთვის საბედისწეროდ დასრულდება. ცხენზე შემჯდარს, ლევანის მეგობარი ბეჟანა ესვრის და მოკლავს.
პერსონაჟები
რედაქტირება- ტარიელ გოლუა - მეგრელი გლეხი. სახლს გადაუწვავენ და შვილს მუხანათურად უკლავენ. ბოლოს კი ციხეში ხვდება.
- ლევან გოლუა - ტარიელის შვილი. სოფელში ახალგაზრდული მოძრაობის მოთავე, რომელსაც კლავენ.
- გაიოზ გადალენდია - რომანის ანტაგონისტი. დავითის მეგობარი და ლევანის პირადი მტერი.
- თინა - აზნაურ დავითის შვილი და ლევანის საცოლე.
- დავითი - აზნაური.
- გიო - ტარიელის ძმიშვილი.
- ბეჟანა - ლევანის მეგობარი. ის იძიებს შურს და მოკლავს გადალენდიას.
ფილმი
რედაქტირებარომანის კინოვერსია 1968 წელს შექმნა რეჟისორმა ლევან ხოტივარმა. სცენარის ავტორები პავლე ჩარკვიანი და თამაზ მამულაშვილი არიან. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ალექსანდრე ომიაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ვახტანგ ნინუა, დოდო აბაშიძე და სხვები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომანი - Goodreads.com-ზე
- ტარიელ გოლუა - ეროვნული ფილმოგრაფია დაარქივებული 2016-03-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირებატარიელ გოლუა ვიკიციტატებში | |
ტარიელ გოლუა ვიკიწყაროებში |
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-19. ციტირების თარიღი: 2015-10-27.