შალვა აფხაიძე
შალვა ნიკოლოზის ძე აფხაიძე (დ. 20 ივლისი, 1894, ძუყნური, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 19 თებერვალი, 1968, თბილისი) — ქართველი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე.
შალვა აფხაიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 ივლისი, 1894 |
დაბადების ადგილი | ძუყნური, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 19 თებერვალი, 1968 (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი |
მეუღლე | ნინო თოიძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ოკრიბის ერთ-ერთ სოფელში. ადრე დაობლებული ბაბუამ გაზარდა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა პეტერბურგის ს უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ისმენდა ნიკო მარის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა გამოჩენილ მეცნიერთა ლექციებს. 1917 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წლიდან იყო „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ჯგუფის აქტიური წევრი. მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ ხელოვნების მთავარ კომიტეტში, გაზეთ „მუშის“ რედაქციაში, გამომცემლობა „ტექნიკა და შორომაში“, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი კონსულტანტი.
აფხაიძის პირველი კრიტიკული წერილი დაიბეჭდა 1914 წელს, პირველი ლექსი — 1917 (ქუთაისის გაზეთ „მეგობარი“), პირველი კრებული „ლექსები“ — 1941 წელს. მისი ნაწარმოებების შემდგომი კრებულებიდან აღსანიშნავია „ლექსები“ (1949), „ერთტომეული“ (1954), „გაზაფხულის მელოდიები“ (1957), „გაზაფხულის განთიადები“ (1963), „კრიტიკული წერილები“ (1959) და სხვა.
აფხაიძე ავტორია მონოგრაფიებისა ლიტერატურისა და ხელოვნების ქართული მოღვაწეთა შესახებ („ვერიკო ანჯაფარიძე“, 1956; „სანდრო ახმეტელი“, 1958; „აკაკი ხორავა“ 1962 და სხვა). მანვე შეადგინა „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ (1957), თარგმნა მ. გორკის, დ. ფურმანოვისა და სხათა ნაწარმოებები. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ნინო ალექსანდრეს ასული თოიძე (დ. 1898, თბილისი — გ. 1969, იქვე).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭილაია ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 35.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 65, თბ., 1994