ილია ჭავჭავაძე

ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან მგზავრის წერილები)
ეს სტატია პიროვნებას ეხება. ილია ჭავჭავაძის მწვერვალის შესახებ იხილეთ ილია ჭავჭავაძის მწვერვალი.

ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატი 1906-1907 წლებში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში.

ილია ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი 27 ოქტომბერი (8 ნოემბერი), 1837[1] [2]
დაბადების ადგილი ყვარელი, საქართველოს გუბერნია, რუსეთის იმპერია[3] [1]
გარდაცვალების თარიღი 30 აგვისტო (12 სექტემბერი), 1907[1] [2] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი წიწამური, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პოლიტიკოსი, პოეტი, გამომცემელი, ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი[4]
ენა ქართული ენა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
Magnum opus კაცია-ადამიანი?! და განდეგილი
მეუღლე ოლღა გურამიშვილი
ხელმოწერა

სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებმაც ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში მოდერნული, ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსდა და სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქართულ ჟურნალისტიკაში მის მიერ გამოცემულმა გაზეთებმა „საქართველოს მოამბემ“ და „ივერიამ“. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პირველი ფინანსური დაწესებულების - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნაში, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბანკის რესურსი უმეტესწილად საქართველოში სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საქველმოქმედო პროექტებს ხმარდებოდა. მანვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. მისი თაოსნობით გაიხსნა არაერთი სკოლა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც საქართველოში რუსიფიკაციის პროცესი შეაჩერა.

ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას ქართული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში უდიდესი როლი მიუძღვის. მისი წერილების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს: ეროვნულ საკითხებს, ლიტერატურას, განათლებას, თეატრს, ეკონომიკას, სოციალურ-პოლიტიკურ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მის პუბლიცისტიკაში ასახულია ევროპული იდეები, ხედვები, რომელთა გაცნობაც ჟურნალ-გაზეთების საშუალებით მთელი ქართული საზოგადოებისთვის ხდებოდა. მნიშვნელოვანია მისი შეხედულებები თვითმმართველობის, სასამართლო სისტემის, ეკონომიკის, სოციალური წესრიგის, ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების, სასკოლო და უმაღლესი განათლების, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის წერილები საგარეო საკითხებზე, რამაც ქართული საზოგადოება მეტად დააახლოვა დასავლეთსა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. აღსანიშნია, რომ ევროპელობის, საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი ყველაზე მკაფიოდ პირველად ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა ნააზრევში გამოჩნდა.

რუსეთში მიმდინარე რევოლუციის ფონზე, ილია ჭავჭავაძე აირჩიეს ქართველ თავადაზნაურთა წარმომადგენლად რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოში. მან სცადა გამოეყენებინა ეს ტრიბუნა არა ერთი რომელიმე წოდების, არამედ მთლიანად ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად. მონაწილეობდა სიკვდილით დასჯის შესახებ დებატებში, ასევე ლობირებდა საქართველოსთვის ავტონომიის მოპოვების საკითხს.

ილია ჭავჭავაძის მხატვრული შემოქმედება ეროვნულ და სოციალურ მოტივებზეა აგებული. ნაციონალურ საკითხთან მიმართებაში მისი ნაწერები, როგორებიცაა აჩრდილი, ქართვლის დედას და დიმიტრი თავდადებული სამშობლოსადმი თავგანწირვასა და მის უპირობო სიყვარულს ქადაგებს. სოციალურ საკითხებთან მიმართებაში ილია ჭავჭავაძე თავისი ნაწარმოებებით, როგორებიცაა რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან, გლახის ნაამბობი, კაცია-ადამიანი?! და ოთარაანთ ქვრივი, ილაშქრებს სოციალური უთანასწორობის და ფეოდალური ღირებულებების წინააღმდეგ.

1907 წლის 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე წიწამურთან მოკლეს. ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია.

ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმიდანად, სახელით წმიდა ილია მართალი[5]. ხსენების დღეა 2 აგვისტო (ძველი სტილით 20 ივლისი ).

წინაპრები

ილიას მამა გრიგოლ ჭავჭავაძე.
ილიას დედა მარიამ ბებურიშვილი.

ილია ჭავჭავაძე ჭავჭავაძეების ყვარლის შტოს მიეკუთვნებოდა. ჩვენთვის ცნობილი მისი უძველესი წინაპარია როშნია ჭავჭავაძე (იხსენიება 1470 წ.). მისი გენეალოგიური ხაზი ასე გამოიყურება: როშნია — გიორგი (იხსენიება 1517-29 წწ.) — გარსევანი (იხსენიება 1540-84 წწ.) —იასონი (იხსენიება 1590 წ.) — მამუკა (იხსენიება 1639-55 წწ.) — ფარემუზი (იხსენიება 1642-82 წწ.) — ბესპაზი (იხსენიება 1755-77 წწ.) — პაატა (1771-1825 წწ.) — გრიგოლი (1811-1852 წწ.) — ილია.[6]

ილია ჭავჭავაძის პაპა პაატა ბესპაზის ძე ჭავჭავაძე აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლაში, რომელშიც სოლომონ II-მ დაიბრუნა იმერეთის სამეფო ტახტი. პლატონ იოსელიანის ცნობით პაატას სოლომონისთვის დახმარება ერეკლე II-მ დაავალა. გიორგი XII-მ პაატა ჭავჭავაძეს უბოძა ბახტრიონიდან გავაზამდე გაღმამხარის ხუთასის თავობა. XIX საუკუნის 20-იან წლებში პაატა ჭავჭავაძე დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით. პაატას ცოლად ჰყავდა მარიამ (პელაგია) მელქისედეკის ასული ანდრონიკაშვილი (1771-1830), რომელთანაც შეეძინა შვილები: მაკრინე (1792-1872), მიხეილი, სვიმონი (1802-27), ალექსანდრე (1808-38), გრიგოლი (1811-52), გარსევანი (1816-47), იოსები (1818-28).

ბიოგრაფია

დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

განათლება

თბილისი 1848-1856 წლები

 
ილია გიმნაზიაში, 1848 წ.

1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა — „მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი) წარმატებით ჩააბარა. 1859 წლის ზაფხულში მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ის რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის, კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:

 
„უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ...ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს.“

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: „მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა „პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - „თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები უხვი გამოდგა სტუდენტ ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.

სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, ისე მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუს და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; დიდი მონდომებით ეცნობოდა რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

 
ილია 1860 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში

1859-1872 წლებში ჭავჭავაძემ დაწერა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: აჩრდილი (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებს ეხებოდა; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა „ქართვლის დედას“. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა „კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“ (1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860).

 
ილია ჭავჭავაძე 1870-იან წლებში.

ამავე ხანებში შექმნა ჭავჭავაძემ პროზაული ნაწარმოებები, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა კლასის მანკიერი მხარეები და ყოფა სატირულად ასახა. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“ („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), მან ჩამოაყალიბა რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, დაასაბუთა სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო სახალხო ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა...“ იქცა „მამებისა და შვილების ბრძოლის“ საწყისად.

სამშობლოში მოღვაწეობა

ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნების მოლოდინი მან მხატვრულად ასახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც ავტორისა და „თერგდალეულების“ ერთგვარი საპროგრამო მანიფესტია და მათ მიზნებსა და ამოცანებს გამოხატავდა. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

 
ილიასა და აკაკის ძეგლი თბილისის კლასიკური გიმნაზიასთან, თბილისი.

1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მუშაობის ძირითად პლაცდარმად იქცა.

1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.

1864 წელს მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 წლებში მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის მნიშვნელოვანი ქმნილებები — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

1873-წლიდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში გარკვეულწილად ჩამოცილებული იყო. 1875 წელს სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას იმდროინდელ საქართველოში. 1881-წლიდან ჭავჭავაძე იყო მისი და დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.

მკვლელობა

 
ილია ჭავჭავაძის სიკვდილის გამომწვევი ნასროლი ტყვიის ტრაექტორია
 
ილიას დაკრძალვა თბილისში, 1907.

1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია“. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.

საზოგადოებრივი საქმიანობა

ილია ჭავჭავაძე და „თვითმოქმედების“ პრინციპი

სამოქალაქო აქტივიზმი თანამედროვე ტერმინია, თუმცა მის შესახებ ილია ჭავჭავაძე მრავალს საუბრობდა და წერდა. რასაც დღეს სამოქალაქო აქტივიზმად მოიხსნიებენ, ილია ჭავჭავაძე ტერმინ „თვითმოქმედებას“ უწოდებდა. მას ეს საკითხი ფართოდ აქვს განხილული პუბლიცისტურ წერილში „თვითმოქმედებისთვის“. ავტორი მსჯელობას ინდივიდიდან იწყებს - თუკი ადამიანი საკუთარ თავს ვერ ინახავს და სხვებზეა დამოკიდებული, მაშინ იგი „გადადებულია უფრო სასიკვდილოდ, ვიდრე სასიცოცხლოდ“.[7]

იგივე მსჯელობა ერგება რომელიმე ცალკე აღებულ წოდებასა თუ მთლიანად საზოგადოებას. ეს პუბლიცისტური წერილი თავადაზნაურთა წოდების კრიტიკაა, რომლებიც, ილიასავე სიტყვები რომ გამოვიყენოთ: „დაიკრებს ხოლმე გულზედ ხელებსა და წუწუნებს, ვაი რა მეშველება, არავინ არა მშველისო “სასიცოცხლოდ“.[8]

კონკრეტულად, ილიასთვის მიუღებელია თავადაზნაურთა პასიურობა განათლების საკითხში და მსჯელობისას ამბობს:

 
„აქაოდა მთავრობას სკოლები და სასწავლებლები აქვსო სხვათა შორის ჩვენთვისაცო, და იმას — კი აღარ ჰფიქრობენ, რომ მთავრობა ვერ გასწვდება, ძალიანაც მოწადინებული რომ იყოს, მთელს იმ სიდიდე საჭიროებას, როგორიც ქვეყნის სწავლა-განათლებაა. აქ უეჭველად თვითონ ერის, საზოგადოების თაოსნობა და შველაც უნდა სასიცოცხლოდ.[9]

ეს პუბლიცისტური წერილი შეიცავს მოწოდებას - ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთმა წოდებამ, თუმცა უფრო ზოგადად მთლიანად საზოგადოებამ, გარკვეული პრობლემების გადაჭრაზე თავადვე უნდა იზრუნოს და მთავრობის დახმარების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. ილია ჭავჭავაძის ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს მისი შეხედულებიდან -

 
„ამაზედ უარესი სენი [უმოქმედობა, სხვაზე დამოკიდებულება] ჩვენ არ ვიცით, რომელ წოდებასაც, თუ საზოგადოებას, ეს სენი ჩასჯდომია გვამსა და აგებულებაში, ფუტურო ხესავით დღედადღე იფხვნება და პირქვე დასამხობლად გამზადებულია და გადადებული: თავოსნობას მუხლი ეჭრება, თვითმოქმედებას, გამრჯელობას და მხნეობას - ამ დედაბოძებს წარმატებისას - ძირი ულპებათ.[10]

„თვითმოქმედება“ ანუ თანამედროვე ტერმინით სამოქალაქო აქტივიზმი ილია ჭავჭავაძისთვის ცხოვრების ის ერთადერთი წესია, რომელიც ყოველგვარი პირადი თუ საზოგადოებრივი წარმატების წინაპირობაა.[11]

პირველი ნაბიჯები სამოქალაქო ცხოვრებაში - „საქართველოს მოამბე“

 
ჟურნალის 1852 წლის გამოცემის გარეყდა.

ილია ჭავჭავაძის სამოღვაწეო არენაზე გამოჩენა უკავშირდება „ცისკარში“ დაბეჭდილ სტატიას „ორიოდ სიტყვა თავად რ. ერისთავის მიერ კაზლოვის შეშლილის თარგმანზედა“, რომელიც, როგორც გრიგოლ ყიფშიძე აღნიშნავს: „ნამდვილი ყუმბარა იყო. მისმა ძალა-აფეთქებამ თავ-ზარი დასცა მთელ მაშინდელ მწერალთა კრებულს, ძირამდე შეარყია დაგუბებული, ხავს-მოკიდებული, სალიტერატურო ჭაობი და დიდი მითქმა-მოთქმა, დიდი ალიაქოთიც გამოიწვია“.[12]

ეს წერილი მან საქართველოში ჯერ კიდევ პეტერბურგში სტუდენტად ყოფნის პერიოდში გამოგზავნა. წერილის გამოქვეყნებიდან მალევე ილია სამშობლში დაბრუნდა და პირველი საზოგადოებრივი საქმიანობაც წამოიწყო - ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ დააარსა.[11]

„საქართველოს მოამბე“ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ისტორიაში პირველ სამოქალაქო გაერთიანებად, რომლის წევრებსაც გარკვეული საერთო საზოგადოებრივი ამოცანები აერთიანებდათ. ამათგან უპირველესი ენის დემოკრატიზაციის საკითხი იყო.[13]

ილიასა და მისი თანამოაზრეების შეხედულების თანახმად, ინტელექტუალთა ნაწერი ხალხისთვის მარტივად გასაგები უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მისი ხელოვნურად გართულება გრამატიკული ფორმებითა და წესებით, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოიყენებოდა, საჭიროებას არ წარმოადგენდა. „საქართველოს მოამბის“ გარშემო დაჯგუფებულ ადამიანების მთავარი ამოცანა ცოდნის ხალხში გატანა, რიგითი მოქალაქეების განათლება იყო, შესაბამისად „საქართველოს მოამბე“ ამასთანავე საგანმანათლებლო პროექტიც იყო. მთავრობის მოთხოვნით, „საქართველოს მოამბეში“ არ უნდა ყოფილიყო საპოლიტიკო მიმოხილვები [14], თუმცა, ილია ჭავჭავაძემ ჟურნალის პროგრამაში შეინარჩუნა რუბრიკა - „სხვადასხვა“, სადაც მოხერხდა რამდენიმე პუბლიცისტური წერილის მოთავსება.[15]

ილია ჭავჭავაძემ და „საქართველოს მოამბემ“ ქართული საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია - საქარველოს ისტორიაში კონსერვატორულად განწყობილ თაობათა შორის თუ თაობათა შიგნით ახალი დებატების პერიოდი დაიწყო - თემატიკა ძირითადად ლიტერატურული იყო, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა გარკვეულ საკითხთა განხილვა და მათზე სჯა-ბაასი დაიწყეს, უკვე წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა წინარე ეპოქასთან შედარებით. „საქართველოს მოამბე“ დასაწყისი იყო, იგი ხანგრძლივი პროექტი ვერ აღმოჩნდა, მან მხოლოდ 1 წელი გასტანა, შემდგომ კი ილიას ხელმოკლეობის გამო დაიხურა.[11]

გლეხთა განთავისუფლება

XIX საუკუნის სამოციან წლების საქართველოში მიმდინარეობდა გლეხთა განთავისუფლების პროცესი. „საქართველოს მოამბის“ ჯგუფის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელი იყო, სწორედ ამ ჟურნალში დაიბეჭდა ილიას „კაცია-ადამიანი?!“ და „გლახის ნაამბობის“ რამდენიმე თავი. თავად ილია ჭავჭავაძე ჟურნალის მიღმაც იყო ჩართული გლეხთა გათავისუფლების პროცესში. წარმოშობით იგი თავადი იყო, შესაბამისად, მონაწილეობას იღებდა თავადაზნაურთა იმ კრებებში, რომლებიც განიხილავდნენ გლეხთა განთავისუფლების საკითხს. ქრისტეფორე მამაცაშვილის მოგონებაში ვხვდებით ორ ეპიზოდს, რომელიც ნათელს ჰფენს, რომ ილია ჭავჭავაძე საკმაოდ აქტიურად იცავდა იმ პოზიციას, რომ გლეხობა საკუთარი მიწითვე უნდა გათავისუფლებულიყო: „წამოდგა ახალგაზრდა პოეტი და პუბლიცისტი ილია ჭავჭავაძე და ხმამაღლა განაცხადა, რომ გლეხს მიწა უნდა მიეცესო... ერთმა თავადმა ხანჯალი იშიშვლა და ლანძღვა-გინებით ილიასკენ გაიწია და ყვიროდა: „გამიშვით, გამიშვით! ეხლავე უნდა მოვკლაო“. ინციდენტის გარეშე არც მეორე კრებას ჩაუვლია: „მეორე კრებაზე გლეხთა განთავისუფლების წინააღმდეგ ილაპარაკა გენ.ლეიტ. ივ. მუხრანსკიმ. მან განაცხადა, რომ უმიწოთ გლეხთა განთავისუფლებას მთელი თავად აზნაურობა მიემხრობაო, მიწიანად კი - მხოლოდ ორიოდე კაცუნაო. ილია ჭავჭავაძემ ორატორს ხელი სტაცა, მოაბრუნა თავისკენ და ჰკითხა: „ვინ არიან ეგ კაცუნებიო?“[16].

ეს ორი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ილია ჭავჭავაძე საკუთარი ხედვების ცხოვრებაში განსახორციელებლად აქტიურად იყენებდა ყველანაირ საშუალებას, მათ შორის იმ მცირე წარმომადგენლობით ორგანოს, რასაც თავადაზნაურთა კრება წარმოადგენდა.[11]

ილიას ბრძოლა გლეხთა კეთილდღეობისთვის ამით არ დასრულებულა. ამ ბრძოლის პერიოდში იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ნაკლებად ავტორიტეტული პიროვნება იყო, განსაკუთრებით იმ თავადაზნაურთა შორის, რომლებიც გლეხთა განთავისუფლების საკითხს წყვეტდნენ. რადგანაც ფართო ასპარეზზე ილია ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა საკუთარ „თვითმოქმედების“ პრინციპს დაბრუნებოდა და თავისი გლეხების მიწიანად განთავისუფლება მაინც უზრუნველეყო. 1905 წელს დაწერილ პუბლიცისტურ წერილში „ნუთუ?!“, იგი მოიხსენიებს, რომ თავის გლეხებს კერძო საკუთრება და ვენახები უსასყიდლოდ დაუთმო. ქართველმა მკვლევარმა გურამ შარაძემ კი მოიძია რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებს ილია ჭავჭავაძის ამ მტკიცებას.[17]

„საქართველოს მოამბის“ დახურვის შემდეგ, ილია სახელმწიფო სამსახურში შევიდა და გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი - დუშეთში, სადაც მომრიგებელ შუამავლად (მოგვიანებით მომრიგებელი მოსამართლე) განაწესეს. მისი მოვალეობა გლეხთა განთავისუფლების შედეგად მათსა და მებატონეებს შორის წარმოქმნილი დავების მოგვარება იყო. ამ პერიოდში ილია ჭავჭავაძე სამოქალაქო აქტივიზმს მეტწილად ჩამოშორდა, თუმცა სახელმწიფო სამსახურშიც კი საკუთარი ხედვების გამტარებლად დარჩა და იცავდა გლეხების სამოქალაქო და სამართლებრივი ინტერესებს. [18]

თბილისის საადგილმამულო ბანკი და მისი მნიშვნელობა

საადგილმამულო ბანკის დაარსება

 
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მოგვიანებით ბანკის შენობებში განთავსდა.

იმ პერიოდში, როცა ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო სამსახურში იყო, თბილისში დიმიტრი ყიფიანის თაოსნობით საფუძველი ეყრებოდა თბილისის საადგილმამულო ბანკს. დიმიტრი ყიფიანი მიიჩნევდა, რომ ქართველი თავადაზნაურობა მარტივად ვერ გადაიტანდა გლეხთა განთავისუფლების პროცესს. შესაბამისად, ბანკის უმთავრეს მიზნად თავადაზნაურთა ფენის ეკონომიკური კოლაფსისგან გადარჩენას სახავდა.[19] ბანკის შექმნის იდეა 1864 წელს გაჩნდა, თუმცა ეს პროცესი გაიწელა. წესდების პირველ სარედაქციო კომიტეტში დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე ერთად მუშაობდნენ.[20] წესდების მიღება და დამტკიცება მალევე ვერ მოხდა. ამ დროს ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ სახელმწიფო სამსახურში იყო და აქტიური ლიდერის როლს ვერ ითავსებდა. სიტუაცია შეიცვალა 1870 წლიდან, როდესაც დიმიტრი ყიფიანი ტფილისის თავადაზნაურთა მარშლის პოზიციიდან გადააყენეს და მის ნაცვლად რევაზ ანდრონიკაშვილი აირჩიეს[21]. ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ბანკის დაარსების იდეას და სასესხო ამხანაგობის წესდების შედგენა დაიწყო[22], რომლის უარყოფით მხარე ის იყო, რომ გამორიცხავდა მისი რესურსის საზოგადოებრივი საქმისთვის გამოყენებას, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმას, რისთვისაც დიმიტრი ყიფიანი და სხვანი, მათ შორის, ილია ჭავჭავაძეც, იბრძოდნენ.[19]

ამ პროექტს ახალგაზრდა ინტელიგენცია დაუპირისპირდა. მათ ლიდერად ილია ჭავჭავაძეს მოუხმეს. ნიკო ნიკოლაძე თავის წერილში „ჩემ პოლიტიკაზე“ იხსენებს:

 
„რამდენჯერ დაგვჭირდა დუშეთს ასვლა 1871-1873 წწ., რამდენ ყმაწვილს, რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისთვის სახელმწიფო სამსახურზე ხელი აგვეღებინებინა, ბანკის დაარსება იერიშით აგვეღო, ბანკი განახლების ბანაკად გვექცია და შიგ ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის სათავეში ჩაგვეყენებია.[23]

ილია ჭავჭავაძემ 1872 წლის თავადაზნაურთა კრებაში მონაწილეობა მიიღო, გამოვიდა სიტყვით და დაგმო რევაზ ანდრონიკაშვილის პროექტი. შემდგომ კრებაზე ბანკის ტიპი საბოლოოდ გადაწყდა, ილია ჭავჭავაძემ და პროგრესულმა ახალგაზრდობამ თავისი გაიტანა - საქართველოში საფუძველი ეყრებოდა პირველ ორგანიზაციას, რომელიც საკუთარ, საკმაოდ დიდ რესურსს საზოგადოებრივი საქმიანობისთვის გამოიყენებდა. ბანკის დაარსების პროცესი გაიწელა. იგი ფუნქციონირებას მხოლოდ 1875 წლიდან შეუდგა. ილია ჭავჭავაძე ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს და ამ თანამდებობას 1905 წლამდე იკავებდა.[24]

საადგილმამულო ბანკის საქმიანობა

საადგილმამულო ბანკის კრებები საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო პროცესი იყო. ამ კრებებზე წყდებოდა თუ როგორ დაეხარჯათ საბანკო საქმიანობისგან მიღებული ფული. ბანკი საზოგადოებრივი დაწესებულება იყო და ილია ჭავჭავაძესთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვან დებულებას წარმოადგენდა. საკუთარი შეხედულება მან ნათლად საპროგრამო სიტყვაში ჩამოაყალიბა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკი არ შექმნილა ცალკეულ ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ცალკე აღებული პირისთვის მისგან მიღებული სარგებელი მხოლოდ სესხი შესაძლოა ყოფილიყო:

 
„ვინც მაინც და მაინც ბანკს შეჰხარის მარტო თავისი პირადი სარგებლობისთვის, ის ბანკისგან უნდა მოელოდეს მხოლოდ იმას, რომ ბანკი ფულს ასესხებს, იმასაც დიდი სიფრთხილით, რომ ბანკს ფული არ დაეკარგოს.[25]

ილიას მოსაზრებით, მხნე და გამრჯე ადამიანი სესხს სათავისოდ მოიხმარს, საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს, ვალსაც დააბრუნებს და უფრო ბედნიერადაც იცხოვრებს. ბანკის დაარსების მიზანი კი არა ცალკეულ პირთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ ისაა, რომ სასესხო კაპიტალი რაციონალურად დაიხარჯოს: „მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს, სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს“,[26] ხოლო ბანკის მიერ მოგებული ფული, ილიას წარმოდგენით, ორ რამეში უნდა დაიხარჯოს: ქვეყნის საერთო საჭიროებები და იმათი დახმარება, ვინც უბედურების და არა სიზარმაცის გამო სიღარიბეში ჩავარდნილა. ბანკის საქმიანობა ადასტურებს, რომ ილია ჭავჭავაძეს არ გადაუხვევია თავისი საპროგრამო სიტყვიდან. ილიას თაოსნობითა და ლობირებით ბანკმა 15.000 მანეთი გაიღო კახეთში რკინიგზის მშენებლობისთვის,[27] 1879-1909 წლებში ტფილისის ქართული გიმნაზიის საჭიროებისთვის გაიცა 1.304.883 მანეთი,[28] ის აფინანსებდა ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულ სამეურნეო სკოლას,[29] განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქალთა განათლების საკითხს და აძლევდა ფულად რესურსებს გორის, თბილისისა და თელავის ქალთა სასწავლებლებს.[30] „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც“ სახსრებს სწორედ ბანკისგან იღებდა,[31] საადგილმამულო ბანკის დახმარებით აღდგა ქართული თეატრი.[32] ილია ჭავჭავაძის აქტიური მონაწილეობით ბანკმა გაიღო სახსრები ქოლერის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე შიმშილიანობის დროს ხალხის დასახმარებლად.[33] ამ საქმიანობების განხორციელებისას ილიას ხშირად უწევდა წინააღმდეგობის დაძლევა. მოწინააღმდეგეთა არგუმენტს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ფული იხარჯებოდა არა თავადაზნაურებისთვის, არამედ სხვა ფენების წარმომადგენლებისთვისაც, მაშინ როცა ბანკი თავადაზნაურთა ფულით დაარსდა. ილიასთვის მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელი იყო.

საადგილმამულო ბანკი „თვითმოქმედების“ პრინციპის ცხოვრებაში განხორციელებას წარმოადგენდა, ამას ილია ჭავჭავაძე პირდაპირაც წერს: „ერთი ამისთანა ნაყოფი თვითმოქმედებისა ტფილისის და ქუთაისის ბანკებია და მათის შემწეობით დაარსებული სათავად-აზნაურო სკოლები.“[34]

დებატები ბანკის გარშემო

ბანკმა ქართულ ინტელიგენციაში არაერთი დებატი და დაპირისპირება გამოიწვია. ილია ჭავჭავაძე მუდმივად მკაცრი საბანკო პოლიტიკის გატარების მომხრე იყო. აკაკი წერეთლის მოსაზრებით, ბანკი თუმცა ზოგადად კარგ რამეს წარმოადგენდა, მაგრამ ქართული საზოგადოება მისთვის მზად არ აღმოჩნდა - ქართველებმა ფულის შოვნის მარტივი გზა იპოვეს, შემდგომ ეს თანხა ვალად დაედოთ და გადახდა ვეღარ მოახერხესო - ამბობდა იგი. [35] ილიას პასუხი პირდაპირი და მარტივია:

 
„ნუთუ აქედან ის გამოდის, რომ რკინისგზა ჩვენთვის მავნებელია? არა გვგონია. როგორც რკინისგზა არ არის მავნებელი იმით, რომ ადვილად სასიარულო სახსარი მოგვცა, ისეც ბანკი, რომ ძნელად საშოვარი ფული ადვილად საშოვარი გაგვიხადა.[36]

მისი მოსაზრებით, ფულთან წვდომის გამარტივება თავისთავადად კარგი რამაა, ხოლო თუკი ამ რესურსს ადამიანი სათავისოდ ვერ გამოიყენებს, ეს მისი პრობლემაა და არა ბანკის: „ბანკი არაფერს შუაშია, თუ ვინმე ფულს გაიტანს იმისათვის, რომ წყალში გადაჰყაროს, ან ტყუილუბრალოდ, უხეიროდ გაჰფლანგოს“. [36]

დიმიტრი ყიფიანისთვის პრობლემას ზედმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენდა. იგი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბანკის შექმნის პროექტს ხელმძღვანელობდა, მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ კრედიტი იაფი უნდა ყოფილიყო. მისი მთავარი ამოცანა თავადაზნაურთა გადარჩენა და მათი ეკონომიკური გაჯანსაღება იყო.[19] ილია ჭავჭავაძე ამ მოსაზრებას არ იზიარებდა - მისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბანკს ეარსება, რათა შესძლებოდა ქვეყანაში კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობის დაფინანსება. თავადაზნაურთა კლასის გადარჩენა, განსაკუთრებით იმ ნაწილის, რომლებიც შრომითა და გარჯით თავს არ იწუხებდნენ, ილია ჭავჭავაძისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. კრედიტის ფასი, ილიას მოსაზრებით, ობიექტურ გარემოებათა შედეგად მიღებული რიცხვია და არა ვინმეს ნება-სურვილზე დამოკიდებული მონაცემი. ბუნებრივად მიღებული საპროცენტო განაკვეთი კი ბანკის ფუნქციონირების წინაპირობაა.[35]

ნიკო ნიკოლაძის ძირითადი მოთხოვნა ის იყო, რომ მიწა ქართველთა ხელში დარჩენილიყო. მის ოცნებას ქართული საშუალო ფენისა და ბურჟუაზიის შექმნა წარმოადგენდა. მისი შემოთავაზებული გზა გულისხმობდა, რომ ბანკს პირველ რიგში მიწის მიყიდვა ამ მიწის მეზობლად მცხოვრები მესაკუთრეებისთვის უნდა ეცადა.[19] ილია ჭავჭავაძისთვის კვლავ უმნიშვნელოვანესი ბანკის არსებობა იყო, შესამისად, მისი აზრით, სწორი იქნებოდა მიწა იმისთვის მიეყიდათ, ვინც უფრო მეტს გადაიხდიდა, ხოლო ამ პოზიციიდან რაიმე გადახვევა თავისუფალი ეკონომიკის პრინციპების ღალატი იქნებოდა.[37] აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მალევე ნიკო ნიკოლაძემ პოზიცია შეცვალა და ბანკის ილიასეული პოლიტიკის დამცველი გახდა.[19]

ილიასა და ივანე მაჩაბლის დაპირისპირება თავისი მასშტაბურობით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ამას „ბანკობიადასაც“ ეძახდნენ. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს, ამ პროცესამდე გავრცელებული იყო აზრი, რომ ილია ჭავჭავაძის მემკვიდრე ივანე მაჩაბელი უნდა ყოფილიყო.[38] მათ ერთად თარგმნეს „მეფე ლირი“ და დიდი ხნის განმავლობაში გვერდიგვერდ იბრძოდნენ საერთო საქმისთვის. გრიგოლ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ დავა ილიასა და ივანეს შორის მწერლობის ნიადაგზე გაჩნდა, უფრო სწორად კი მაშინ, როდესაც ჯერ ილიამ ივანეს ყოველთვიურ ჟურნალს დახმარება არ გაუწია, შემდგომ კი „დროების“ რედაქტორად არა მაჩაბელი, არამედ ნიკოლოზ ქანანოვი დაასახელა.[12] ამის შემდეგ მაჩაბელმა მალევე დატოვა „ივერიის“ მეორე რედაქტორის თანამდებობა და მაინც მოახერხა „დროების“ რედაქტორობა. თავდაპირველად ბანკში ისინი მაინც კარგად თანამშრომლობდნენ. აქტიური დაპირისპირება 1889 წლიდან დაიწყო, როდესაც ბანკის მესამე დირექტორად ისეთი პიროვნება (გიორგი თარხნიშვილი) აირჩიეს, რომელიც თავიდან ივანე მაჩაბელს უჭერდა მხარს, არჩევის შემდგომ კი ილიას პოზიციის დამცველი გახდა.[39] სხვადასხვა მოგონებებში უფრო მეტად იკვეთება მოსაზრება, რომ დაპირისპირება ილიასა და ივანეს შორის პიროვნულ ნიადაგზე დაიწყო, თუმცა როგორც ჩანს მათ შორის დაპირისპირებას იდეოლოგიური ელფერი უფრო ჰქონდა.[19] პოლემიკა გამწვავდა 1890 და 1891 წლის კრებებზე, რომლის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ ივანე მაჩაბელი იმ დროს უკვე გარდაცვლილი დიმიტრი ყიფიანის პოლიტიკის დამცველი და გამგრძელები გახდა. [40] იგი ამტკიცებდა, რომ ბანკმა მამულები არ უნდა გაყიდოს და უფრო მეტი გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს,[41] - რადგანაც მამულებს ბანკში თავადაზნაურობა დებდა. ეს დამოკიდებულება სწორედ ამ ფენის პოზიციას გამოხატავს. ილიასთვის მნიშვნელოვანი არა თავადაზნაურობის გადარჩენა, არამედ საზოგადოებრივი საქმიანობის წარმოება იყო. მაჩაბლის საპასუხო სიტყვაში მან თქვა:

 
„ერთი მსესხებელი მოვიდა ვადაზედ და დაგვიწყო მუდარა, რომ სამოცდაათი თუმნის მაგიერ, რომელიც შემოსატანი მაქვს, თხუთმეტი აიღეთ და დანარჩენი მადროვეთო. მე უარი ვუთხარი, არ შეიძლება მეთქი, მამულს გამიყიდითო? რასაკვირველია, გაგიყიდით მეთქი, ოც თუმანს მოგცემთო. არ შეიძლება, ორმოცდაათს, აპა სამოცს. არ შეიძლება, რომ ვერას გახდა, აიღო და სულ შემოიტანა. როცა ვკითხე კაცო, თუ ფული გქონდა, რაღას გვალაპარაკებდი, ის გვიპასუხებს, რომ ცოტა მინდოდა გადამენარჩუნებინა, პატარა, ქალაქში გამევლო-გამომეარნაო. ი.მაჩაბლის გულჩვილობა რომ გამომეჩინა, ვადას მივცემდი, იმ ფულებს მიაფშვნეტდა და მეორე ვადაზედ მამული გაეყიდებოდა, განა ცუდი ვქენი, რომ შეღავათი არ მივეცი.[42]

მას ესმოდა, რომ ამგვარ დამოკიდებულებას გულქვაობად ჩაუთვლიდნენ, თუმცა მისი მოსაზრებით სხვანაირად ბანკის მართვა შეუძლებელი იქნებოდა. დაპირისპირებამ კრებებიდან გაზეთის ფურცლებზეც გადაინაცვლა. „ბანკობიადა“ მხოლოდ 1896 წელს დასრულდა. გამარჯვებას ილია ჭავჭავაძემ და მისმა პრინციპულმა პოლიტიკამ მიაღწია.

ილია ჭავჭავაძე ბანკში 1905 წლამდე მოღვაწეობდა. ამ პერიოდში ბანკის ქონება გაიზარდა, მისი მეშვეობით უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი პროექტებისთვის. ჯამში, 1875 წლიდან 1909 წლამდე, თბილისის საადგილმამულო ბანკს საერთო სარგებლობის, სასოფლო-სამეურნეო და ექსტრაორდინალური კაპიტალებიდან საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის გაუღია 1.944.136 მან და 38 კაპ.[43]

ბანკი ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი საქმიანობის ფუნდამენტური ნაწილია. მან, თავისი მკაცრი, თუმცა პრინციპული პოლიტიკით, არა მხოლოდ შექმნა, არამედ შეინარჩუნა კიდეც იგი და მოახმარა ეს რესურსი საერთო საჭიროებებს, რომელთაგან ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები.

პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში

 
ორგანიზაციის მუზეუმი და ბიბლიოთეკა, ალექსანდრე როინაშვილის სურათი

თანამედროვე გადმოსახედიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1860-იან წლებში გაუჩნდათ ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანსა და გრიგოლ ორბელიანს.[11]

საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ დიმიტრი ყიფიანი აირჩიეს, ილია ჭავჭავაძე კი მის „ამხანაგად“ (მოადგილედ) დაასახელეს. 1885 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საზოგადოებას ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა. საზოგადოების უმთავრესი ამოცანა სოფლებსა და ქალაქებში ქართული სკოლების გახსნა იყო, სადაც სწავლება უშუალოდ ქართულ ენაზე იქნებოდა.

საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას საადგილმამულო ბანკი უწევდა. თავადაზნაურთა ნაწილისთვის გაუგებარი იყო, მათი ფულით დაარსებული ბანკი რატომ უნდა დახმარებოდა ორგანიზაციას, რომელიც მომსახურებას (განათლების მიწოდება) გლეხობას უწევდა. ამაზე ილიამ შემდგომი პასუხი გასცა:

 
„ჩვენი უბედურება ის ყოფილა, არის და ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ იყოს, რომ ყველა ქართველი, გლეხია თუ თავადი, ძმად და შვილად არ მიგვაჩნია. ზემოხსენებულ საზოგადოებას სახეში აქვს მთელი ქართველობა, თავად-აზნაურობა კი გამოსულა და იძახის, მეო და არა სხვაო.[44]

სკოლები გაიხსნა ქალაქებსა და სოფლებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, აგრეთვე სვანეთში, გურიაში, სამეგრელოში, კავკავში, წანარებში, დიდ თონეთში, ხელთუბანში, გომარეთში, მოგვიანებით გერგეთში, სოხუმში, თელავში, ატენში, აგრეთვე ბაქოში. საზოგადოების ფუნქცია არა მხოლოდ სკოლების დაარსება, არამედ საკუთარი წინგთსაცავის შექმნაც იყო, რასაც ილია დიდი ყურადღებით ეპყრობოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“.

საზოგადოებამ გახსნა არაერთი სახალხო ბიბლიოთეკა და სამკითხველო. პირველმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმატებით შეასრულა საკუთარი მოვალეობა და ხალხისთვის განათლება იმაზე გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ვიდრე იქამდე იყო. ამასთან, საზოგადოებამ მომავალში სხვადასხვა სამუზეუმო, თუ საბიბლიოთეკო დაწესებულებას დაუდო საფუძველი. ილია ჭავჭავაძის როლი ამ ორგანიზაციის დაფუძნებასა და შემდგომ წარმატებულად ფუნქციონირებაში განსაკუთრებით დიდია. მისი ანდერძის მიხედვით, მთელი მისი ქონება სწორედ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადაეცა.[24]

ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმა

ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა — როდესაც ანბანიდან ამოიღეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:

  • — ჰე
  • — იოტა
  • — ვიე
  • — ხარი
  • — ჰოე

თუმცა ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გამოიყენება ქართველურ ენებსა თუ დიალექტებში (ხევსურული, ფშაური, სვანური, ტაოური, იმერხეული, ფერეიდნული...).

თანამედროვე ქართული დამწერლობის გავრცელებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

გაზეთი „ივერია“

 
ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული „ივერია“.

1870-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა ბანკის შემდგომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროექტს - გაზეთ „ივერიას“. „ივერია“ ილიასა და გაზეთ „დროების“ სარედაქციო ჯგუფს, კერძოდ, ნიკო ნიკოლაძეს შორის არსებული დავის შედეგად ჩამოყალიბდა. ნიკო ნიკოლაძე განსაკუთრებული იმედით არც შეჰყურებდა ილიას ახალ წამოწყებას და მიიჩნევდა, რომ იგი ახალ გაზეთს ბანკის საქმეებში საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ქმნიდა.[13]

„ივერიამ“, რომელმაც ილიას რედაქტორობით გამოდიოდა 1902 წლამდე (ილიას შემდგომ მისი არსებობა გაგრძელდა 1906 წლამდე და ასევე 1909 წელს), დაამტკიცა, რომ ის მხოლოდ ერთი ადამიანის კერძო ინტერესების სასარგებლოდ არ შექმნილა. „ივერია“ თავისი არსებობის ხანგრძლივ პერიოდში განსხვავებული ფორმატით გამოიცემოდა. პირველად იგი 1877 წელს გამოჩნდა და 1877-1878 წლებში გამოდიოდა ყოველკვირეულ გაზეთად. 1879-ში გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად; ამავე წელს „ივერიისა“ და „დროების“ რედაქციები გაერთიანდა, „ივერია“ სამთვიან ალმანახად იქცა, ხოლო „დროება“ კვლავ ყოველდღიურ გაზეთად დარჩა. 1881-1885 წლებში „ივერია“ ყოველთვიურ ჟურნალად ბრუნდება. 1885 წელს „დროება“ - საქართველოში ერთადერთი ყოველდღიური გაზეთი დაიხურა. ილია ჭავჭავაძემ სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება და „დროების“ დახურვით გათავისუფლებული, თუმცაღა ქართველთა საჭიროებისთვის აუცილებლად შესავსები ნიშა მალევე დააკავებინა თავის „ივერიას“ და 1886 წლიდან მოყოლებული ის ყოველდღიურ გაზეთად გამოდიოდა.[13]

„ივერიის“ მნიშვნელობა და როლი კარგადაა ასახული ილიას წერილში, რომელიც წინასიტყვაობად დაერთო გაზეთის პირველ ნომერს. ჟურნალ-გაზეთობის მთავარი ფუნქცია ცოდნის გავრცელებაა - ეს ფუნდამენტური მოსაზრება ილიას „საქართველოს მოამბის“ და მის შესახებ დაწერილი წერილის შემდგომ არ შეუცვლია და „ივერიის“ წინასიტყვაობაშიც იმეორებს:

 
„აქ [საქართველოში] უპირველესი მოვალეობა ჟურნალ-გაზეთობისა სწავლისა და ცოდნის გავრცელება უნდა იყოს, მან უნდა ფეხი აუდგას თვითმოქმედების ძალსა, მან უნდა აღადგინოს გონებითი და ზნეობითი ნიჭი.[45]

ამ ციტატიდან გამომდინარეობს, რომ გაზეთი „ივერია“ მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას ან მიმდინარე პროცესების გადმოცემას არ ემსახურება, მისი მოვალეობა კონკრეტული ხედვების, იდეების პოპულარიზება, ხალხის - ანუ საზოგადოების აღზრდა და მათთვის თვითმოქმედების, ანუ აქტიურად ცხოვრების უნარის მინიჭებაა. აქვე ილია ჟურნალ-გაზეთობას „ერთს უდიდეს სასწავლებელს“ უწოდებს, „რომლის მეოხებითაც უნდა აღორძინდეს, აღიზარდოს, დაფუძნდეს და გამშვენიერდეს საზოგადოების აზრი და რწმენა“.[46] ამ სასწავლებელმა კი „როგორიც უნდა იყვეს ცხოვრება, ძლიერი თუ უძლური, მაღალი თუ მდაბალი, ჟურნალ-გაზეთმა უსათუოდ თვალი უნდა დააკვირვოს, უნდა შეისწავლოს, უნდა განმარტოს. იმიტომ, რომ ადამიანები განა მარტო მაყურებელნი არიან ცხოვრებისა, არამედ მომქმედნი პირნიცა. ცხოვრება არის თითონ ამ პირთა ქმნილება, ამ პირთა ნამოქმედარი და ჭირნახული“.[47] ილია ჭავჭავაძის მოსაზრებით, ჟურნალ-გაზეთების, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად „ივერიის“ ფუნქცია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა იყოს.

„ივერიის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა როგორც მნიშვნელოვან ავტორთა ლიტერატურული ნაშრომები, ასევე სხვადასხვა პუბლიცისტური წერილები პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუბრიკა „საშინაო მიმოხილვა“, სადაც იმ პერიოდში ქვეყნის შიგნით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები იყო არა მხოლოდ აღწერილი, არამედ განხილული და გაანალიზებულიც. ცალკე აღსანიშნია წერილები უცხოეთის ამბების შესახებ, რამაც ქართული საზოგადოება კიდევ უფრო დააახლოვა ევროპასთან და იქ მიმდინარე პროცესებთან.[11]

ილია ჭავჭავაძე, „ივერია“ და აჭარა

მნიშვნელოვანია ილიასა და „ივერიის“ როლი აჭარაში მიმდინარე პროცესებში. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ სამუსლიმანო საქართველო, ანუ აჭარის მხარე შემოიერთა, დადგა საფრთხე იმისა, რომ აქ მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა განსხვავებული რელიგიის გამო ვერ მოახერხებდა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებას.

ეს დაუშვებელი იქნებოდა ილია ჭავჭავაძის გადმოსახედიდან. მან დაწერა დიდი მნიშვნელობის მქონე პუბლიცისტურ წერილი „ოსმალოს საქართველო“, სადაც თქვა:

 
„ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა.[48]

და დაიცვა ის მოსაზრება, რომ რელიგიური სხვადასხვაობა ეროვნული ერთობის შემაბრკოლებელი ფაქტორი არ უნდა გახდეს. 1879 წლის „შინაურ მიმოხილვაში“ ილიამ დაწერა, რომ აჭარის მოსახლეობა უკიდურესი გაჭირვების პირობებში ცხოვრობს და მოუწოდა ქართველ საზოგადოებას მათთვის დახმარების ხელი გაეწოდებინათ - ამ მოწოდებამ შედეგი გამოიღო.

საქველმოქმედო ღონისძიებას სერგეი მესხიმ, დროების რედაქტორმა, უხელმძღვანელა და აჭარლებს არაერთგზის ჩაუტანა ხალხის მიერ შეგროვებული ფული და სხვა რესურსები. ასევე, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით 1881 წელს ბათუმში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ პირველი სკოლა გაიხსნა. აქ პირველ მასწავლებლად დაინიშნა ალექსანდრე ნანეიშვილი, რომელიც შემდგომში ცნობილი მოღვაწე და პედაგოგი გახდა. ამ სკოლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აჭარის მოსახლეობის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში. 1895 წელს ილიას პირდაპირი მხარდაჭერით ბათუმის ქალაქის თავად არჩეულ იქნა ლუკა ასათიანი, მისი გარდაცვალების შემდგომ კი ივანე ანდრონიკაშვილი. ორივე ეს ადამიანი საქართველოს ისტორიაში, აჭარის საკითხების გამო დადებით პიროვნებებად არიან შესულნი[24].

„ივერია“ და ახალი თაობა

1880-იანი წლები ილიას ცხოვრებაში განსაკუთრებით დატვირთული იყო. იგი ერთდროულად ხელმძღვანელობდა ბანკს, „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ და ყოველდღიურ გაზეთს. 1890-იან წლებში კი „ბანკობიადა“ დაიწყო. ყოველივე ამან სტრესი და დაღლილობა გამოიწვია. შესაბამისად, უკვე 1890-იანები წლებიდან ილია ჭავჭავაძე თუმცა ინარჩუნებდა რედაქტორის თანამდებობას, მაგრამ ძირითადად აღარ ერეოდა სარედაქციო პოლიტიკაში და წერილებსაც შედარებით იშვიათად წერდა. [49] ამ ყველაფერს ერთვოდა ახალგაზრდა თაობისთვის სამოქმედო სივრცის გახსნა.

ილია ჭავჭავაძემ 1890-იანი წლების შუაში თანარედაქტორობა შესთავაზა ნოე ჟორდანიას, რომელიც ამ პერიოდში იყო გამორჩეული ქართველი მარქსისტი. ამ თანამშრომლობას წინაპირობად ის ედო, რომ ორივე შეძლებდა განსხვავებული პოზიციების გამოხატვას გაზეთის ფურცლებზე. ეს თანამშრომლობა ვერ შედგა.[50]

ამავე 90-იან წლებში ივერიაში აქტიურად იწყებენ მოღვაწეობას ე.წ „ახალგაზრდა ივერიელები“, მათ შორის, გამორჩეული ფიგურა იყო გიორგი ლასხიშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდი ილიას თანარედაქტორიც კი იყო. ამ პერიოდში გაზეთმა ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით შედარებით რადიკალური ხასიათი მიიღო, რის შედეგადაც, მთავრობამ გაზეთი დახურა და მისი აღდგენა მხოლოდ 8 თვის შემდგომ ილიას ძალისხმევით მოხერხდა. ამ ეპიზოდის შესახებ მოიპოვება გიორგი ლასხიშვილისავე მოგონება:

 
„მაისის პირველი რიცხვები იყო ... უკვე დაიწყო ბანკის კრებები. მე და გიორგი წავედით თეატრში „ბანკოვიადის“ სერიის საყურებლად. ავედით სცენაზე, დავიჭირეთ კორესპონდენტების ადგილები. იმავ წუთს სცენაზე გამოჩნდა ილიაც, რომელიც პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა - „აი თქვენმა რევოლუციობანამ უკვე გამოიღო პირველი ნაყოფი: ეს არის ქაღალდი მომივიდა ივერიის დახურვის შესახებ“. ადვილად წარმოიდგენდით როგორ თავზარს დამცემდა ეს ამბავი, როგორ მიცრუვდებოდა ყველა იმედი გაზეთის განახლებასა, გაზეთში თანამოაზრე ხალხის შეკრებისა და ახალი მიმართულებით მუშაობისა... ამგვარად ქართული საზოგადოება დარჩა უგაზეთოდ. დიდის მეცადინეობით ილიამ მოახერხა გაზეთის განახლება...[51]

„ახალგაზრდა ივერიელები“ თავიანთ შეხედულებებს, ნაწილობრივ სწორედ ილიას ეროვნული კონსოლიდაციის საჭიროების თეზისზე აფუძნებდნენ. „ივერიაში“ გამოწვრთნილმა ახალგაზრდებმა მოგვიანებით დაარსეს გაზეთი „ცნობის ფურცელი“, შემდგომ კი „საქართველო“. ამ ჯგუფს ადრევე შეუერთდა არჩილ ჯორჯაძე. მან „საერთო ნიადაგის“ თეორია ჩამოაყალიბა, რომელიც თავისი არსით ილიას შეხედულებათა გაგრძელებაა.[52]

ილია ჭავჭავაძე გაზეთ ივერიას რედაქტორობდა 1902 წლამდე. აღსანიშნია, რომ მის წინააღმდეგ დაბეჭდილი, ცილისწამებებით სავსე წერილი „საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება“ სწორედ ივერიამ გადაბეჭდა, ხოლო ილიას საპასუხო წერილი „ნუთუ?!“ ამავე „ივერიამ“ არ დაუბეჭდა.[13]

ილია ჭავჭავაძე და ქართველთა პირველი მანიფესტაციები

ამავე პერიოდში ილიას უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, რომელმაც ქართველთა ერთიანობის და სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახის არსებობის დემონსტრირება მოახდინა.

დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება

 
დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი გადაღებული ალექსანდრე როინაშვილის მიერ.

პირველი მანიფესტაცია, რომლის ორგანიზებაში ილია ჭავჭავაძეს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის, ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი თავმჯდომარის, 1875-1879 წლებში თბილისის ქალაქის თავის, თავადაზნაურობის მარშლის თბილისსა და ქუთაისში, დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება იყო. დიმიტრი ყიფიანი რუსეთში, კერძოდ სტავროპოლში მას შემდეგ გადაასახლეს, რაც ამხილა და სასტიკად გააკრიტიკა საქართველოში დანიშნული ეგზარქოსი პავლე (ლებედევი), რომელმაც ქართველი ერი დაწყევლა. რუსეთში გადასახლებულ მოხუცებულ მოღვაწეს ქვით თავი გაუტეხეს. ქართველთა შორის ეჭვს არ იწვევდა ის ფაქტი, რომ იგი ხელისუფლების აგენტებმა მოკლეს.

ილია ჭავჭავაძე შეძრა ამ ამბავმა, ერთ-ერთ მოგონებაში აღნიშნულია, რომ ამის გაგების შემდგომ: „ილიას ჯერ ქვემო ტუჩმა დაუწყო თრთოლვა და მერე მის გაწითლებულ თვალთაგან ორი მსხვილი ცრემლი გადმოიწურა და ლამაზ ულვაშებზე დაენთხია. მე არასდროს არ მენახა ასეთი ჩუმი, მუნჯი და იმავე დროს უმაღლესად მეტყველი მწუხარება“.[53] ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და ივანე მაჩაბელმა გადაწყვიტეს, რომ დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება სახალხო პროცესად გარდაექმნათ - ორგანიზება გაუწიეს დასაფლავების ისეთ ცერემონიალს, რომელზეც მოსახლეობის დიდი რაოდენობა შეძლებდა დასწრებას. ყველა ხარჯი ილია ჭავჭავაძის ინიციატივით საკუთარ თავზე ბანკმა აიღო.

დასაფლავებას დაესწრო ხუთი ათას კაცამდე. ვინაიდან ილია ისედაც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, გადაწყვიტა დასაფლავებაზე სიტყვით არ გამოსულიყო, ექვთიმე თაყაიშვილთან პირად საუბარში კი თქვა: „რა ამბავიც დღეს აქ მოხდა, ამას არავითარი სიტყვა არა სჭირია. მთელმა საქართველომ ჭეშმარიტად აღბეჭდა თუ როგორ აფასებდა იგი დიმიტრი ყიფიანს და როგორ უყვარდა ეს დიდებული ეროვნული მოღვაწე“.[54]

იმის გათვალისწინებით, რომ დიმიტრი ყიფიანის მკვლელობას იმპერიის ხელისუფლებას მიაწერდნენ, შესაძლოა ითქვას, რომ ეს პროცესია იქცა პირველ მშვიდობიან მანიფესტაციად და პროტესტად რუსეთის იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ.

კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავი

 
კრწანისის ბრძოლის პანაშვიდის ამსახველი ფოტოსურათი.

1895 წლის 11 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მოწოდებით გადაწყდა საჯარო პანაშვიდი ჩატარება, რომელიც მიეძღვნებოდა კრწანისის ბრძოლას. გაზეთ „ივერიაში“ დაიწერა არაერთი წერილი ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. ილია ჭავჭავაძის მოწოდებით შეიქმნა ფონდი, რომელსაც უნდა დაედგა ამ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ქანდაკება. ილიასა და „ივერიის“ მცდელობა წარმატებით დასრულდა - 11 სექტემბერს მრავალი დეპეშა მოვიდა გაზეთ „ივერიაში“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში კრწანისის გმირთა მოსახსენიებლად აღსრულებული პანაშვიდების შესახებ. თბილისში ეკლესიებმა მოუწოდეს ხალხს ჩართულიყვნენ საჯარო პროცესიაში. ამ ღონისძიებისთვის ნებართვა იმპერატორ ნიკოლოზ II-სგან გამოითხოვა კონსტანტინე მუხრანსკიმ.[55]

გიორგი ლასხიშვილის მოგონების მიხედვით „ზოგი იძახოდა, ასი ათასამდე ხალხი იქნებაო, ზოგი ათი-ათასობითაო, ზოგიც ათასობით ანგარიშობდა. ყოველ შემთხვევაში იმ ხანებში არავის უნახავს ამდენი თავმოყრილი ხალხი და ყველაზე უფრო საგულისხმიერო ისაა, რომ ეს ამოდენა ხალხი თავისი ნებით იყო მოსული: არავის უზრუნვია წინასწარ მისი შეკრებისთვის“.[56]

1895 წლის 11 სექტემბერს იქცა დიდი მასშტაბის ეროვნულ დღესასწაულად, რომელშიც ერთდროულად ჩართულნი იყვნენ ქართველები სხვადასხვა კუთხეებიდან. ამ პროცესიის წარმატებულად ჩატარება მიუთითებს იმაზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკვე ამ პერიოდისთვის შეიძინა სპონტანურობისა და თვითორგანიზებულობის უნარები, რაც მიუთითებდა ილია ჭავჭავაძის საქმიანობის ეფექტიანობასა და სამოქალაქო საზოგადოება თანდათანობით ჩამოყალიბებაზე. [11]

რაფიელ ერისთავის იუბილე

 
რაფიელ ერისთავი - ქართველი პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი.

მესამე მნიშვნელოვანი ღონისძიება უკავშირდება რაფიელ ერისთავის იუბილეს. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული როლი ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და მთლიანად „ივერიამ“ შეასრულეს. სწორედ ამ გაზეთის ფურცლებზე დაიბეჭდა იუბილეს დღის წესრიგი. რაფიელ ერისთავის იუბილესაც დიდი რაოდენობით ხალხი დაესწრო, დელეგაციები ჩამოსული იყვნენ მთელი საქართველოდან.[57]

გიორგი ლასხიშვილის მოგონებით: „რაფიელის იუბილე - პირველი ამგვარი დღესასწაული იყო ჩვენში და ძლიერ ღრმა კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მთელ ერზე“.[58] მნიშვნელოვანი აქაც ისაა, რომ იუბილეში წარმომადგენელნი მთელი საქართველოდან იღებდნენ მონაწილეობას. მსგავსი ტიპის ერთობა ამ ამბამდე ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. ის, რომ ზემოთაღნიშნულ პროცესიებში მონაწილეობას მთელი საქართველო იღებდა იმაზე მიუთითებს, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ პოზიტიური ნაბიჯები იყო გადადგმული.

აღსანიშნია, რომ იგეგმებოდა ილიას იუბილის აღნიშვნაც, თუმცა, როდესაც მას ამის შესახებ შეატყობინეს, დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა და მოგვიანებით არც მთავრობის მიერ მის ჩაშლას აღუდგა წინ. საბოლოო ჯამში, ილიას იუბილე ვერ შედგა.[57]

ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები შესაძლოა არ ატარებდა პოლიტიკურ შინაარსს, თუმცა წარმოადგენდა ქართველთა პირველ მცდელობებს მშვიდობიანი და შინაარსიანი მანიფესტაციებისა, რომლებიც განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების დამახასიათებელ ნიშნებად აღიქმება. ამ ღონისძიებებმა წარმოაჩინა, რომ შესაძლებელი იყო თვითორგანიზებული სახალხო ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი იქნებოდა ჩართული. ამ ყველაფერში განსაკუთრებით აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძისა და გაზეთ „ივერიის“, როგორც პირდაპირი როლი ორგანიზაციულ საკითხებში, ასევე - ირიბი, ვინაიდან სწორედ ილიას და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობის შედეგი იყო მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარების უნარი.[11]

ილია ჭავჭავაძე პოლიტიკაში

ილია ჭავჭავაძე ფართო პოლიტიკურ სამოღვაწეო ასპარეზზე 1905 წლის რევოლუციის დროს გამოჩნდა. იგი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელიც სთხოვდა მეფისნაცვალს არ გაეგზავნა აჯანყებული გურულების წინააღმდეგ სისასტიკით განთქმული გენერალი ალიხანოვი. ილია ზურაბიშვილის მოგონების მიხედვით:

 
„ილია წინადადებას იძლეოდა, მეფის ნაცვალს დელეგაცია მივუგზავნოთ და მოვითხოვოთ, დამსჯელი ექსპედიციის გაგზავნა გადათქვასო, თანაც უნდა განვუცხადოთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველანი იქ წავალთ და ჩვენ ძმებთან ერთად „костьми ляжем“, როდესაც ვიღაცამ შენიშნა, ხომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არავინ ჩვენთაგანი არ წავა და костьми не ляжет-ო, ილიამ უპასუხა „მაშინ სირცხვილი ჩვენ“ და რამდენადაც მაგონდება, დაიმატა ერთ-ერთი შემდეგი ფრაზა: „ამ სირცხვილს ხალხი არ გვაპატიებს“ ან „თორემ ხალხი თვითონ წავაო.[59]

ნ.ნაკაშიძის მოგონება ადასტურებს როგორც ამ ამბავს, ასევე იმასაც, რომ ასეთი დელეგაცია ილიას მეთაურობით მართლაც ეწვია მეფისნაცვალს და დროებით გენერალი ალიხანოვის დამსჯელი ექსპედიციაც გადავადებულა[60]. საბოლოო ჯამში აჯანყება მაინც ჩაახშეს, ამის შემდგომ ილია იღწვოდა აოხრებული გურიისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად.[61]

რევოლუციის პირობებში ილია ჭავჭავაძე ფიქრობდა პარტიის ჩამოყალიბებას თანამოაზრეებთან ერთად. ეს პარტია კონსტიტუციონალისტურ-დემოკრატიულ პლატფორმაზე უნდა შექმნილიყო და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოსთვის ავტონომიის მოპოვება იქნებოდა. მისი პროგრამის ავტორი ილია არ ყოფილა, თუმცა, სავარაუდოდ, იგი მას იცნობდა და გარკვეული შესწორებებიც ჰქონდა შეტანილი. ამ პარტიამ ვერ მოახერხა მუშაობის დაწყება.[57] 1905 წლის რევოლუციას მოჰყვა ოქტომბრის მანიფესტი და დუმის მოწვევა. ამავე პერიოდში ფუნქციურად გარდაიქმნა სახელმწიფო საბჭო - იგი თავადაზნაურთა, სასულიერო პირთა და მეცნიერთა წარმომადგენლობით ორგანოდ უნდა ქცეულიყო. ქართველმა თავადაზნაურობამ თავის ერთ-ერთ წარმომადგენლად ილია ჭავჭავაძე აირჩია. ილია ჭავჭავაძემ რუს ჟურნალისტს განუცხადა:

 
„სახელმწიფო საბჭოში მე ამომირჩია თავადაზნაურობამ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭოში მე მარტო აზნაურ-თავადთა საჭიროებებზე ვილაპარაკებ. თუ ამას ფიქრობენ ზოგნი ჩემი ამომრჩეველნი აქაური რუსთა აზნაურნი - ეს დიდი შეცდომაა. სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ - ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები. საერთო კითხვებსაც შევწირავ ჩემს ღონეს.[62]
 
ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრებს შორის.

ილია 1906 წელს გაემგზავრა პეტერბურგში. როგორც ვიცით, რეფორმები რუსეთში დღემოკლე აღმოჩნდა, თუმცა ცნობილია, რომ სახელმწიფო საბჭოში ილია იბრძოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. დადასტურებულად ცნობილი არაა გამოვიდა თუ არა იგი სიტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო საბჭოში, თუმცა მოიპოვება მისი სიტყვის კონსპექტური ჩანაწერი.[57]

ამავე პერიოდში ის აქტიურად აკვირდებოდა სახელმწიფო სათათბიროს საქმიანობას. სათათბიროში საქართველოს ავტონომიის საკითხი განსახილველად დარეგისტრირებული იყო მოსკოველი ვექილი ლედნიცკის მიერ პეტერბურგელ ქართველთა მინდობილობით. ქართველი დელეგატები ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოსულნი და ილიამ დეპუტატთა ჩამოსვლამდე ამ საქმის წინამძღოლობა ითავა, დაიწყო შესაბამისი მასალების მოძიება. საქართველოდან ჩამოსული დეპუტატების უმრავლესობა სოციალ-დემოკრატები იყვნენ, რომლებიც არ უჭერდნენ მხარს საქართველოს ავტონომიას. ილიამ დავით სარაჯიშვილს სთხოვა მათთან შეხვედრის ორგანიზება. შეხვედრა შედგა, თუმცა ილიამ შედეგად მხოლოდ სოციალ-დემოკრატთა დაპირება მიიღო, რომ ისინი ავტონომიას არც დაიცავდნენ, თუმცა არც წინააღმდეგ იტყოდნენ რამეს.[63]

საბოლოო ჯამში, არც სახელმწიფო საბჭოს და არც სათათბიროს ეფექტური მუშაობა არ დასცალდა. 1907 წელს ილია საქართველოში დაბრუნდა.

ხსოვნა

 
ილია ჭავჭავაძის საფლავი მთაწმინდის პანთეონში. კედლის ცენტრალურ ნაწილში მდეობარობს იაკობ ნიკოლაძის სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის მონუმენტური ნამუშევარი - „მწუხარე საქართველო“.

ილია ჭავჭავაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა ქართველი საზოგადოებრიობის ყველა ფენის საერთო აღიარება, პატივისცემა და დაფასება. მისი მკვლელობის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მისი წვლილი ქართული ეროვნული ცნობიერების განვითარების საქმეში. აღსანიშნავია ისიც, რომ 1932–1937 წლებში, საბჭოთა კავშირში აქტიურად მიმდინარეობდა ისტორიის რეაბილიტაციის მასიური პროპაგანდა. 1937 წელს გრანდიოზულად აღინიშნა ილია ჭავჭავაძის იუბილეც, რასაც მკვლევართა ნაწილი სტალინურ ეპოქაში ისტორიული ნარატივის მნიშვნელოვანი ფიგურის შექმნის აუცილებლობით ხსნიან, თუმცა ეს ილიას პერსონისთვის აუცილებელიც კი იყო.

ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს ცენტრალური გამზირი თბილისიში და სხვადასხვა ქუჩები და გამზირები საქართველოს ქალაქებში.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ილიას სახელს ატარებს მწვერვალი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში და სხვა არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი არსებობს თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, ასევე გაზეთ „ივერიის“ შენობაში განთავსებულია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.

დუშეთში მდებარეობს ილია ჭავჭავაძის მუზეუმი და ძეგლი.

თბილისში, თბილისის კლასიკური გიმნაზიიის წინ, აღმართულია ილიასა და აკაკის ძეგლი.

დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. საფლავის ძეგლის - სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის მონუმენტური ნამუშევრის - „მწუხარე საქართველო“ - ავტორია იაკობ ნიკოლაძე.

მემკვიდრეობა

ბიბლიოგრაფია

მნიშვნელოვანი პოემები

მოთხრობები

მნიშვნელოვანი ლექსები

  • პასუხის პასუხი
  • მესმის, მესმის სანატრელი
  • ალაზანს
  • სანთელი
  • ქართვლის დედას
  • ბაზალეთის ტბა
  • პოეტი
  • გაზაფხული
  • ნანა
  • გუთნისდედა
  • ბედნიერი ერი
  • ჩემო კალამო
  • ლოცვა

ლიტერატურა

ქართულენოვანი

  • იოველ ასათიანი, ილია ჭავჭავაძე და თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკი, თბილისი: მეცნიერება, 1994.
  • მოგონებანი გარდასულ დღეთა, [ნაწ.] მოგონება ილია ზურაბიშვილის, თბილისი: მერანი, 1987.
  • ვახტანგ გურული, ილია [ჭავჭავაძე: მონოგრაფია], თბილისი: არტანუჯი, 2014, ISBN 9789941445491.
  • მოგონებანი გარდასულ დღეთა, [ნაწ.] მოგონება ექვთიმე თაყაიშვილის, თბილისი: მერანი, 1987.
  • მოგონებანი გარდასულ დღეთა, [ნაწ.] მოგონება გიორგი ლასხიშვილის, თბილისი: მერანი, 1987.
  • მოგონებანი გარდასულ დღეთა, [ნაწ.] ილია ჭავჭავაძე - ბიოგრაფია, გრიგოლ ყიფშიძისა, თბილისი: მერანი, 1987.
  • გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე - ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ტ. 1, თბილისი: ხელოვნება, 1987.
  • გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე - ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ტ. 2, თბილისი: ხელოვნება, 1990.
  • ქართული მწერლობა, ტ. 14, [ნაწ.] ნიკო ნიკოლაძე - „ჩემ პოლიტიკაზე“, თბილისი: ნაკადული, 1997.
  • დიმიტრი შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, თბილისი: არსი, 1993.
  • პავლე ინგოროყვა, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 10 ტომეული, [ნაწ.] ილია ჭავჭავაძე - „ზოგიერთი რამ“, თბილისი, 1953.

ინგლისურენოვანი

  • Kinzer, Stephen (7 May 1998). „Saguramo Journal; On the Tallest Pedestal, a Man for All Georgians“. The New York Times.

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  2. 2.0 2.1 Педагоги и психологи мира — 2012.
  3. Чавчавадзе Илья Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Czech National Authority Database
  5. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
  6. ი. ჩიქოვანი, „თავადი ჭავჭავაძეები“ — თბილისი, 2002 წ.
  7. ინგოროყვა - ჭავჭავაძე5, 1957, გვ. 315
  8. ინგოროყვა - ჭავჭავაძე5, 1957, გვ. 316
  9. ინგოროყვა - ჭავჭავაძე5, 1957, გვ. 317
  10. ინგოროყვა - ჭავჭავაძე5, 1957, გვ. 315-316
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 11.7 კობახიძე, 2020
  12. 12.0 12.1 ცაიშვილი,გვერდწითელი-ყიფშიძე, 1987
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 ჯოლოგუა, 2013
  14. ჯოლოგუა, 2013, გვ. 205
  15. ჯოლოგუა, 2013, გვ. 216
  16. ნანიტაშვილი - მამაცაშვილი, 1989, გვ. 66-68
  17. შარაძე, 1987, გვ. 216-217
  18. შარაძე, გვ. 1987
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 ასათიანი, 1994
  20. შარაძე, 1987, გვ. 241
  21. ასათიანი, 1994, გვ. 101
  22. შარაძე, 1990
  23. თვარაძე, ბაქრაძე - ნიკოლაძე, 1997, გვ. 286
  24. 24.0 24.1 24.2 შარაძე, 1987
  25. ასათიანი, 1994, გვ. 130
  26. ასათიანი, 1994, გვ. 131
  27. ასათიანი, 1994, გვ. 229
  28. ასათიანი, 1994, გვ. 235
  29. ასათიანი, 1994, გვ. 240
  30. ასათიანი, 1994, გვ. 240-241
  31. ასათიანი, 1994, გვ. 241-248
  32. ასათიანი, 1994, გვ. 259
  33. ასათიანი, 1994, გვ. 261-263
  34. ინგოროყვა - ჭავჭავაძე3, 1956, გვ. 345
  35. 35.0 35.1 ინგოროყვა - ჭავჭავაძე4, 1956
  36. 36.0 36.1 ინგოროყვა - ჭავჭავაძე4, 1956, გვ. 377
  37. ინგოროყვა - ჭავჭავაძე2, 1956
  38. ცაიშვილი,გვერდწითელი-თაყაიშვილი, 1987
  39. ცაიშვილი,გვერდწითელი-თაყაიშვილი, 1987, გვ. 94
  40. ასათიანი, 1994, გვ. 305
  41. ასათიანი, 1994, გვ. 300
  42. ასათიანი, 1994, გვ. 301-302
  43. ასათიანი, 1994, გვ. 264
  44. შარაძე, 1987, გვ. 310
  45. ინგოროყვა - ჭავჭავაძე6, 1954, გვ. 258
  46. ინგოროყვა - ჭავჭავაძე6, 1954, გვ. 257
  47. ინგოროყვა - ჭავჭავაძე6, 1954, გვ. 259
  48. შარაძე, 1987, გვ. 287
  49. ცაიშვილი,გვერდწითელი-ლასხიშვილი, 1987
  50. ჯოლოგუა, 2013, გვ. 359
  51. ჯოლოგუა, 2013, გვ. 353
  52. შველიძე, 1993
  53. შარაძე1, 1900, გვ. 106
  54. შარაძე1, 1990, გვ. 106-107
  55. შარაძე, 1990, გვ. 134-143
  56. ცაიშვილი,გვერდწითელი-ლასხიშვილი, 1987, გვ. 397
  57. 57.0 57.1 57.2 57.3 შარაძე1, 1990
  58. ცაიშვილი,გვერდწითელი-ლასხიშვილი, 1987, გვ. 398
  59. ცაიშვილი,გვერდწითელი-ზურაბიშვილი, 1987, გვ. 263
  60. შარაძე1, 1990, გვ. 234-235
  61. შარაძე1, 1990, გვ. 235
  62. შარაძე1, 1990, გვ. 277
  63. შარაძე1, 1990, გვ. 302