დავით სარაჯიშვილი
დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1848, თბილისი — გ. 20 ივნისი, 1911, იქვე) — ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სოვდაგრის ოჯახში. 1866 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. სარაჯიშვილს არ მოეწონა სანქტ-პეტერბურგში სწავლა და ცხოვრება და ერთი წლის შემდეგ გადავიდა გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში. ევროპაში ის გადადიოდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სწავლობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 წელს დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1872-1878 წლებში ჰოფენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. 1878 გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.
სამშობლოში დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ შეირთო ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი. მათი ცოლ-ქმრობა, თუმცა უშვილო მაგრამ მშვიდობიანი და ბედნიერი იყო.
საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველო ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. 1884 წელს სარაჯიშვილმა ხელი მიჰყო მრეწველობას და კავკავში არყის ქარხანა შეიძინა. არყის ხდას მოჰყვა ჯერ ლიქიორის ხოლო შემდეგ კონიაკის დაყენება. კონიაკის დაყენება რუსეთის იმპერიაში პირველად დავით სარაჯიშვილმა დაიწყო და გაუკვალა გზა ამ ახალ მრეწველობას. 1885 სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. 1888 თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1900 წლისთვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. 1889-1913 სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.1905 წლის ოქტომბრის ბოლოს იყო წევრი დეპუტაციისა მეფისნაცვალთან, რომელიც მიზნად ისახავდა აჯანყებულ გურიაში რეპრესიების შეჩერებას[1]
ქველმოქმედება
რედაქტირებასარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის“, სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.
სარაჯიშვილი აფინანსებდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას და პირადად ნოე ჟორდანიას. მას მიაჩნდა, რომ ქართული ბურჟუაზია არ არსებობდა, თავად-აზნაურობის მმართველობის დრო წასული იყო, ამიტომ ქვეყანას სათავეში მუშათა და გლეხთა პარტია უნდა ჩადგომოდა. ამიტომ აფინანსებდა სოციალ-დემოკრატებს და ამ საკითხის გამო პოლემიკა ჰქონდა მემარჯვენე ინტელიგენციასთან (ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე და სხვ.)[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- სტეფანიშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 100.
- ბერიძე გ., ღლონტი თ., ქართველი მეღვინეები, თბ., 1974;
- სარაჯიშვილი ალ., დავით სარაჯიშვილი // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 8-12.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზეთი „ივერია“ N192 გვ. 3 — 1905 წ.
- ↑ ჟორდანია ნ., ჩემი წარსული (მოგონებანი), პირველი გამოცემა, თბილისი: „სარანგი“, 1990 [1953]. — გვ. 64-65 (ქართული მემუარული ლიტერატურა).