სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

გიორგი გრიგოლის ძე აბაშიძე (დ. 13 (26) თებერვალი1909, ზედა რგანი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 7 ოქტომბერი, 1995, თბილისი[1]) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. იმავე წელს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის შუამდგომლობით ჩარიცხეს კლინიკურ ორდინატურაში, შემდგომ კი ასპირანტურაში. 1935 წელს იგი მიავლინეს მოსკოვში სკლიფასოვსკის ინსტიტუტში, პროფესორ იუდინთან, ხოლო ერთი წლის შემდეგ პირველად საქართველოში გააკეთა გულის ოპერაცია, რომლის შესახებაც დაიბეჭდა პრესაში, როგორც იშვიათ მოვლენაზე.

1938 წელს კვლავ ბრუნდება აკადემიკოს გრ. მუხაძესთან ასისტენტად და განაგებს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფილტვის ქირურგიის კათედრას. იკვლევს უმთავრესად ფილტვის ქირურგიის საკითხებს. დაამუშავა ფილტვის ზოგიერთი ოპერაციის ახალი ანატომიის საფუძვლები. აღწერა ფილტვის რეზექციის ორიგინალური მეთოდი. ამ პერიოდში გიორგი აბაშიძის მიერ გაკეთებული ოპერაციების მთელი სერიები მედიცინის მუშაკთა ყურადღებას და მოწონებას იმსახურებდა. იმავე წელს, მან პირველმა საქართველოში გააკეთა კუჭის რეზექცია.

1938 წელს იგი მოხალისედ მიდის შორეულ აღმოსავლეთში. მონაწილეობდა ხალხინგოლის ბრძოლებში, შემდეგ კი ფინეთის ომში.

1940 წელს გ. აბაშიძე კვლავ საქართველოშია, საიდანაც მალევე გაემგზავრა მოსკოვში პროფესორ სტოიკოსთან ფილტვის ქირურგიაში დახელოვნების მიზნით.

მეორე მსოფლიო ომში ქერჩის ნახევარკუნძულზე დაინიშნა სამედიცინო-სანიტარული ბატალიონის უფროსად. იმავდროულად ითავსებდა დივიზიის სანიტარული სამსახურის უფროსის მოვალეობასა და 51-ე არმიის უფროსი ქირურგის თანამდებობას. ომში მასზე დაკისრებულ ორგანიზატორულ მოვალეობას უთავსებდა სამედიცინო მოღვაწეობას, რომლის დროსაც უმძიმეს საველე პირობებში გააკეთა ათეულობით ოპერაცია. აქვე მიიღო მძიმე ჭრილობა და კონტუზია, რის გამოც მისცეს მეორე ჯგუფის ინვალიდობა. მიუხედავად ამისა ის კვლავ მწყობრში რჩებოდა, ახლა უკვე საველე ჰოსპიტალის უფროსად.

1945 წელს გ. აბაშიძე ინიშნება საქართველოს პროფკავშირების ჰოსპიტლების სამმართველოს უფროსად და მთავარ ქირურგად, მალე კი რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმად, სადაც აკეთებდა იმ დროისთვის მრავალ უნიკალურ ოპერაციას (კუჭის ტოტალური რეზექცია, დუოდენუმის საყლაპავთან შეერთებას და სხვა).

1948 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1957 წელს სადოქტორო დისერტაციებს. ამ დროს გ. აბაშიძე მოღვაწეობს თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ფთიზიოქორურგიაში, სადაც აყალიბებს პულმონოლოგიას, როგორც მეცნიერებას და საქართველოში პირველი აკეთებს პულმონექტომიას.

მისეული ოპერაციები შესულია ნ. ამოსოვის, მ. ახუტინის და სხვათა სახელმძღვანელოებში. ავტორია ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და 4 მონოგრაფიისა. დაჯილდოვებული იყო მრავალი მედლითა და ორდენით.

  • ექსტრაპლევრული პნევმოთორაქსი და ოლეოთორაქსი. გაფართოებულ: პნევმოლიზით ფალტვის ტუბერკულოზის დრის, თბ., 1956
  • ფილტვის რეზექცია კავერნოზული ტუბერკულოზის დროს, თბ., 1962
  • ატელექტაზი ფილტვის ნაწილობრივი რეზექციის შემდეგ, თბ., 1963
  • ბრონქოსკოპია და ბრონქოგრაფია ფილტვის ტუბერკულოზის დროს, თბ., 1966 (თანაავტორები გ. აბაშიძე, გ. ცანავა)
  • ბრონქული სისტემის მდგომარეობა ექსტრაპლევრული პნევმო - და ოლეოთორაქსით მკურნალობის შემდეგ, თბ., 1969 (თანაავტორები გ. აბაშიძე, ლ. მებაღიშვილი)
  • ფილტვის რეზექცია ტუბერკულოზის დროს, თბ., 1969 (თანაავტორი გ. მელაძე)
  • Расширенный экстрапревральный пневмотноракс, Тб., 1960
  • გართულებები ფილტვებში და მათი მკურნალობა ქირურგიული რჩევის დროს, თბ., 1973 (თანაავტორები ზ. კახიანი, თ. ზაქარიაძე)

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება