სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურამიშვილი.

ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე (დ. 12 მარტი, 1842, ქვემო ავჭალა — გ. 29 აპრილი, 1927) — ქართველი პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის მეუღლე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების წევრი. 1895-1906 წწ. ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე, ქალთა ჭრა-კერვის სკოლის ხელმძღვანელი. ქველმოქმედი, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას.

ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე
დაბადების სახელი ოლღა გურამიშვილი
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1842
ქვემო ავჭალა, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 29 აპრილი, 1927
რელიგია მართლამდიდებელი
მეუღლე(ები) ილია ჭავჭავაძე

გვარის წარმომავლობა

რედაქტირება

XV საუკუნის მიწურულს ზემო ქართლიდან — მესხეთიდან გურამ ზევდგინიძეს, ლტოლვილ დიდგვაროვანს, კახთა მეფემ ალექსანდრემ გადასცა „ქვეყანა ხარკისა“ — ტერიტორია, ზედაზნიდან არაგვის გაყოლებით ავჭალამდე, რაც შემდგომში გურამიშვილთა გვარის შტოს ფუძემდებელი ფაქტორი გახდა, ხოლო „ხარკის ქვეყანა“ შემდგომში საგურამოდ მოინათლა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოლღა გურამიშვილი დაიბადა 1842 წლის 12 მარტს, ქვემო ავჭალაში. როგორც ქვემო ავჭალის მიქელ მთავარანგელოზის ეკლესიის 1842 წლის მეტრიკული წიგნი იუწყება:

 
„ქვემო ავჭალის მცხოვრებ თავად თადეოზ გურამიშვილს და მის კანონიერ მეუღლეს ელისაბედ გიორგის ასულს, ორთავე მარლთმადიდებლური სარწმუნოების მქონეთ, დაებადათ ქალიშვილი ოლღა 12 მარტს და მონათლულ იქნა 20 მარტს მღვდელ პლატონ ემევის მიერ, ნათლია — თბილისელი აზნაურის იოსებ მესხიშვილის თანდასწრებით.“
(ხელნ. ინსტ., ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი №704)

ოლღას მამა — თადეოზ გურამიშვილი (1800-1875) ქართლის ერთ-ერთი უმდიდრესი მემამულე, მარიამ ციციშვილის, საქართველოს უკანასკნელი დედოფლის დედის დისწული. ოლღას დედა — ელისაბედ გიორგის ასული (სამწუხაროდ, გვარი დღემდე უცნობია) ნაადრევად გარდაიცვალა. თადეოზ გურამიშვილს მისგან ორი ასული — ეკატერინე გურამიშვილი და ოლღა დარჩა.

ცხოვრება მამიდასთან

რედაქტირება

დედით დაობლებული დები — ოლღა და ეკატერინე თბილისში დიდგვაროვან ახლო ნათესავთან, კერძოდ, მამიდასთან — სიდონია გურამიშვილთან, უშვილოდ დარჩენილ მდიდარ გენერალ — მაიორ სავარსამიძის ქვრივთან გადადიან. სწორედ მისგანვე ერგო ოლღას ქონება, რომელიც 1862 წლით დათარიღებული ანდერძით დასტურდება:

 
„წელსა 1862 დღესა მარტის 10-ისა, რადგანა ეს ორი წელიწადი არის ჩემი ავადმყოფობა, უცებ სიკვდილს ველი, ამისთვის ჩემის ხელით ვწერ ჩემს ანდერძს დაამტკიცებინონ ჩემმა დისწულებმა გიორგიმ და ელენემ, რომელიც შემემთხვა იმ ჟამთ, ჩემი დისწული ოლგა არის მემკვიდრე, დამარხვითაც უნდა დამმარხოს და ვისაც ჩემი მართებს იმან აიღოს და ვისაც მისცეს, ქალაქის სახლიც და ქვჭალაც იმისი უნდა იყოს, ეს არის ჩემი მემკვიდრე ჩემი ყოვლისა, რომელზედაც ხელს ვაწერ ქვრივი კნეინა სიდონია ზაქარევნა(!) გენერალ მაიორისა სავასამიძისა. სრულსა მეხსიერებისა შინა და სრულსა გონებასა შინა მყოფმან დასწერა ესე ანდერძი, მოძღვარი მისი დეკანოზი იოსები გრიგორიევი. ამ ანდერძის დაწერაში დავესწარი და მოწამეცა ვარ კოლეჟსკის სოვეტნიკი კნიაზ ირაკლი ბაგრატიონი — მუხრანსკი.“
(ხელნ. ინსტ., ილიას საარქივო ფონდი, №1005)

განათლება

რედაქტირება

1854 წლის 1 საქტემბერს ოლღა გურამიშვილი ჩაირიცხა ამიერკავკასიის კეთიშობილ ქალთა ინსტიტუტში, თბილისში, სადაც შეისწავლა საღვთო სჯული, მსოფლიო ისტორია, გეოგრაფია, არითმეტიკა, რუსული, ფრანგული და მშობლიური ქართული ენა; გარდა ამისა, წერა, ცეკვა, ფერწერა და ყველა საგანში ფრიადზე სწავლისა და მისაბაძი ყოფა-ქცევის წყალობით 1856 წლის სექტემბერში წარმატებით გადავიდა მომდევნო კლასში, მაგრამ იმავე წლის 7 დეკემბერს მამის სურვილით სასწავლებლისთვის თავი მიანებებინეს.

მომავალ მეუღლესთან დაახლოება

რედაქტირება

წარჩინებული მამიდის ოჯახში მყოფი ოლღა გურამიშვილი თბილისის მაშინდელი მაღალი საზოგადოების წრეში ტრიალებდა და ყურადღებით ადევნებდა თვალს „ცისკრის“ გამოცემაში გაჩაღებულ „მამათა და შვილთა“ ბრძოლას. ეს ის პერიოდია, როდესაც პეტერბურგიდან ახლადდაბრუნებული ილია ჭავჭავაძე სამშობლოში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. ილიას და ოლღას დაახლოება ემთხვევა „საქართველოს მოამბის“ პუბლიკაციის ასპარეზს. კერძოდ, 1863 წლის იანვარს, რაც თავის მხრივ, მიუთითებდა ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი ძალებით განახლებას. ოლღა ერთ-ერთ წერილში (თარიღი — 1863 წელი, 2 აპრილი) ამგვარ რამეს წერს:

 
„ჩემდა სანუგეშოდ, ჩემდა სიცოცხლედ — ეს შენი წიგნებიდანაა და მინამ პირში სული მიდგას ამით ვასიამოვნებ, რომ მე ვიყავი ესე წელიწადი სრული ბედნიერი. ამას ვიტყვი, რომ ჩემისთანა ბედნიერი არამგონია ვინმე ყოფილიყოს, მაგრამ სოფელი და ჟამი გრძელი ყოფილა. ეს წიგნები ჩემთან დაიმარხებიან, მე რომ მოვკვდები.“
(ხელნ. ინსტ., ილიას ფონდი №226.)

როგორც ჩანს, ოლღამ სატრფოსთან მიმოწერის შესახებ თავის დას, ეკატერინეს გაუმხილა. აღელვებული ოლღა 1863 წლის 14 მარტს ილიას ატყობინებს:

 
„საშინლად ვნანობ, რომ ვუთხარი ჩენს დასა, მომიტევე ჩემი უფიქრელი დანაშაულება. იმედი მაქვს თვით, რომ ჩემი სიცოცხლე მომიტევებს და თუ ამაღამ მოვახერხე, შემოვთვლი და მოხვალ. შენ გენაცვალე, საშინლად ვნანობ, მაგრამ რაღა გაეწყობა.“
(ხელნ. ინსტ., ილიას ფონდი, №273.)

ილიასთან თანაცხოვრება

რედაქტირება

ილიას თანამოსაგრეები შიშობდნენ, რომ მათი მედროშის კარს მომდგარი ჯვრისწერა პირდაპირ ხელის შემშლელი იქნებოდა „საქართველოს მოამბის“ გამოცემისა. თუმცა ილიასთვის „საქართველოს მოამბე“ უკვე შობილი პირმშოა, რაზეც დიდი სიხარულით უზიარებდა ჯერ კიდევ ჯვარდაუწერელ მეუღლეს, ოლღას:

 
„გუშინწინ კეკე ბარათაშვილიც დამელაპარაკა შენზე. მე ვუთხარი, რომ უკვე ჯვარდაწერილი ვარ, ცოლი ფეხმძიმედა მყავს და მალე მეყოლება ვაჟიშვილი, რომელსაც სრულიად წინასწარ „საქართველოს მოამბე“ დავარქვი მეთქი.“

ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილის ჯვრისწერა საიდუმლოდ, 1863 წლის 10 აპრილს თბილისში, თბილისის სამების ეკლესიაში ჩატარდა. ილიას მხრიდან ჯვრისწერას ესწრებოდნენ — „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი, დავით ყიფიანი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ხოლო ოლღას მხრიდან — ფლიგელ-ადიუტანტი ვიცე-პოლკოვნიკი ილია ჩოლოყაშვილი და „კოლეჟის ასესორი“ სულხან თუმანიშვილი. ჯვარი დასწერა მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა, რომელმაც საეკლესოი წიგნში შემდეგი რამ ჩასწერა:

 
„1863 წ. № 21, 10 აპრილს. სასიძო თავადი ილია გრიგორის ძე ჭავჭავაძე, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველი ქორწინებითა, 25 წლისა. სასძლო თავად თადეოზ გურამიშვილის ქალი ოლღა, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველი ქორწინებითა, 20 წლისა...“
(ხელნ. ინსტ., ილიას ფონდი, №5)

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მოამბემ“ 1 წელი იარსება და მხოლოდ 12 ნომრით შემოიფარგლა. მთელი ამ ხნის მანძილზე ილიას გვერდით იდგა მეუღლე ოლღა, რომელიც ყველანაირად უწყობდა ხელს ჟურნალის გამოცემაში. თავად ილია აფასებდა და ანგარიშს უწევდა ოლღას ნიჭიერებას და ლიტერატურულ გემოვნებას. ჯერ კიდევ 1863 წლის 15 მარტით დათარიღებულ წერილში, ჯერ კიდევ ჯვარდაუწერელი ილია თამამად უმხელს მას თავის ლიტერატურულ ფსევდონიმს — „ჯუმბერიძე“. ილიას თანამებრძოლისა და პირველი ბიოგრაფის გროგოლ ყიფშიძის თქმით:

 
„ოლღა აღმოჩნდა ყოვლად კეთილი, სათნო ხასიათის ადამიანი, ქველის მოქმედი, ყოველის კეთილის თანამგრძნობელი, დიდად მოსიყვარულე, თავისი სახელოვანი ქმრის და მაღმერთებელი მისის ნიჭისა.“
(მ. გედევანიშვილის გამოცემა, თბილისი, 1914., გვ. 31.)

ოლღასადმი თავისი დიდი სიყვარული და პატივისცემა ილიამ იმითაც ცხადყო, რომ სწორედ მას უძღვნა არაერთი ლექსი და რაც მთავარია პოემა — „განდეგილი“.

გარდაცვალება

რედაქტირება
 
ოლღა გურამიშვილის საფლავი მთაწმინდის პანთეონში

თითქმის 20 წელი იცოცხლა ოლღა ჭავჭავაძემ ილიას სიკვდილის შემდეგ და ღრმად მოხუცი, 1927 წლის 29 აპრილს გარდაიცვალა, 85 წლის ასაკში. დაკრძალეს ილიას გვერდით მთაწმინდაზე. ოლღას ადამიანობა კიდევ უფრო გამოიკვეთა მაშინ, როდესაც ილიას მკვლელებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. მან უმაღლეს მთავრობას თხოვნით მიმართა — მკვლელები შეეწყალათ, იმიტომ, რომ თავად ილია სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა სიკვდილით დასჯისაო.

იოსებ იმედაშვილმა, ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძის დაკრძალვაზე:

 
„ახლა მიწას ვაბარებთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს დიდი ჭირისუფლის, ქართველი ხალხის წინამძღოლის და საიმედო პატრონის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების თანამგზავრს, მის ღირსეულ მეუღლესა და თანამზრახველს ოლღა თადეოზ გურამიშვილის ასულს, ვინაც მასთან ერთად სწია ქართველი ერის მძიმე ჭაპანი, და თავისი მეუღლის ნარ-ეკლით მოფენილ ცხოვრებასა და სისხლიან სიკვდილს უმწიკვლო ზვარაკად შეეწირა.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 210.
  • ილია ჭავჭავაძე, ტ. 1, გამომცემლობა „ხელოვნება“ 1987 წ.
  • ილია ჭავჭავაძე, ტ. 2, გამომცემლობა „ხელოვნება“ 1990 წ.