ავჭალა

(გადამისამართდა გვერდიდან ქვემო ავჭალა)

ავჭალა[1]თბილისის გარეუბანი 1962 წლიდან, ამჟამად გლდანის რაიონის ნაწილი. ადრე სოფელი გარდაბნის რაიონში. მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთით, საგურამოს ქედის მთისწინეთისა და გარე კახეთის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის ტერასაზე, ზღვის დონიდან 440 მეტრზე.

ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური

ავჭალა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელი იყო. ისტორიულ ქრონიკებში ხშირად მოიხსენიება. დიდი თურქობის დროს, XI საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით ავჭალასა და დიღომში იდგნენ. IX-XI საუკუნეებში ავჭალა თბილისის საამიროში შედიოდა, XII-XIII საუკუნეებში — კახეთის საერისთავოში.

ავჭალასთან მტკვარზე კარგი ფონი იყო, რითაც სარგებლობდნენ ლეკი მოთარეშეები. ლეკებისაგან თავდასაცავად 1734 წელს მტკვრის გაყოლებით აშენდა ციხე და 12 კოშკი. 1887 წელს კი თბილისის წყლით მოსამარაგებლად შეკრიბეს წყაროები და გაიყვანეს ავჭალის წყალსადენი.

სოფელი ავჭალა გაყოფილი იყო ორ ნაწილად: ზემო და ქვემო ავჭალად. ზემო ავჭალა იწყებოდა თითქმის მცხეთიდან გვინდაძის ხევამდე, ხოლო ქვემო ავჭალა იწყებოდა გვინდაძის ხევიდან მდინარე გლდანულამდე. უბნის ასეთი დაყოფა და შესაბამისი ტოპონიმები დღემდე შემორჩა.

1939 წლის 20 სექტემბერს თბილისის რაიონის ავჭალის სასოფლო-საბჭოს სოფლები ზემო-ავჭალა და ქვემო-ავჭალა გაერთიანდა დასახლებულ პუნქტად დაბა ავჭალა[2].

ავჭალა საყოველთაოდ ცნობილი გახდა ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ. თბილისისაკენ მიმავალი გზატკეცილის გაყოლებით აიგო მრავალი საწარმო: ელმავალმშენებელი ქარხანა, თუჯსამსხმელო ქარხანა ცენტროლიტი, შამპანიურის ქარხანა, კონიაკის ქარხანა, ღვინის ჩამომსხმელი ქარხნები, ჩაის საწონი ფაბრიკა და სხვა. 1959 წელს ავჭალის მოსახლეობა შეადგენდა 8352 ადამიანს. 1962 წელს შევიდა თბილისის შემადგენლობაში.[3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება