ივრის ზეგანი

(გადამისამართდა გვერდიდან გარე კახეთის ზეგანი)

ივრის ზეგანი (აგრეთვე ცნობილია როგორც გარე კახეთის ზეგანი) — ზეგანი აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვარ-ალაზნის შუამდინარეთში. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 170 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე 50-60 კმ. იგი შეადგენს აღმოსავლეთ ამიერკავკასიის იმ ეგრეთ წოდებული „მესამეული ზეგნის“ ნაწილს, რომლის მნიშვნელოვანი სხვა ნაწილები აზერბაიჯანში შედის.[1]

ივრის ზეგანი
შირაქი
შირაქი
კოორდინატები: 41°24′56″ ჩ. გ. 45°52′39″ ა. გ. / 41.41556° ჩ. გ. 45.87750° ა. გ. / 41.41556; 45.87750
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
უმაღლესი წერტილი ნიკორაციხე
სიმაღლე 1001 
სიგრძე 170 კმ
სიგანე 50-60 კმ
ლანდშაფტი სტეპი
ტყესტეპი
არიდული ტყე
ნახევარუდაბნო
ამგებელი ქანები ქვიშაქვა
კონგლომერატი
თიხა
კირქვა
ივრის ზეგანი — საქართველო
ივრის ზეგანი
ივრის ზეგანი — აზერბაიჯანი
ივრის ზეგანი

ივრის ზეგნის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მისი ერთობლივი შემაღლებულ-ვაკისებური, დატალღული, სუსტად დანაწევრებული რელიეფი და კონტინენტური მშრალი ჰავა მათგან გამომდინარე ჰიდროლოგიური, ნიადაგურ-გეოგრაფიული და გეობოტანიკური შედეგებით. ეს ტერიტორია საქართველოს სხვა ნაწილებისგან განირჩევა უწყლობით, მწირი მცენარეულობითა და ნიადაგურ საბურველს მოკლებული ბედლენდების ფართო გავრცელებით. ადამიანის არსებობის თვალსაზრისით, ივრის ზეგანზე ერთადერთ დამაკმაყოფილებელ სეზონს გაზაფხული წარმოადგენს. ზაფხულობით შემხუთველი სიცხე, გადახრუკული ბალახი, დამშრალი ნაკადულები და წყაროები და ქვეწარმავალთა სიმრავლე ამ რაიონში ცხოვრება-მოგზაურობას არასასიამოვნოს ხდის.[1]

ივრის ზეგნის სიმაღლე იცვლება 90-150 მ-იდან 1000 მ-მდე. რელიეფში შერწყმულია გრძელი, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული, ანტიკლინურად და მონოკლინურად აგებული ბორცვნალი სერები, რომლებიც მიოცენური, შუა და ქვედა პლიოცენური ქანებისაგან შედგებიან და მათი გამყოფელი ვაკეები, რომლებიც გაჩენილია სინკლინური ქვაბულების კონტინენტური ნაფენებით ამოვსების შედეგად.[1]

რელიეფი ვაკე-ბორცვიანია. ივრის ზეგანი აგებულია ძირითადად სუსტად დანაოჭებული კაინოზოური ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, თიხებითა და კირქვებით. ტექტონიკურად ზეგნის უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ეჟექტური ნაოჭების სისტემას, განვითარებულს ნეოგენური წყებების საფუძველზე და მხოლოდ მის ჩრდილო-დასავლურ კუთხეს, შემოსაზღვრულს თბილისის ქვაბულითა და ივრის ხეობის უჯარმა-სართიჭალის მონაკვეთით, პალეოგენი აგებს. ვრცელი სინკლინური ტაფობები, როგორიცაა დიდი შირაქი, ნაომარი და სხვები, ამოვსებულია მეოთხეული კონტინენტური ნაფენებით — თიხნარებითა და რიყნარებით.[1]

უმნიშვნელოვანესი ვაკეებია: დიდი შირაქი, პატარა შირაქი, ტარიბანა, ოლე, ნაომარი, უდაბნო, ყაჯირი; სერებია — ამართული, დემურდაღი, გარეჯა, პირუკუღმამთა, კოწახურის ქედი, ბურდამთა, შვინდისყელი, ყათარყელი, ზილჩა, ყაში, ყალადარა და სხვა. ვაკეები წარმოქმნილია მეოთხეულ პერიოდში ფხვიერი ნაფენებით სინკლინების ამოვსებით. ივრის ზეგანზე არის ბედლენდები, ტალახიანი ვულკანები, ხელოვნური გამოქვაბულები. ჰავა მშრალი სუბტროპიკულია, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0-დან-2°C-მდე, ივლისის — 23-24°C. ნალექები 499-600 მმ წელიწადში. მთავარი მდინარეა იორი. არის მარილიანი ტბები — ყაჯირი, მუხროვანი, ქოჩები, აზამბურის ტბათა ჯგუფი. გავრცელებულია შავმიწა, წაბლა, ყავისფერი, მურა და მლაშობ-ბიცობიანი ნიადაგები. ივრის ზეგანის ლანდშაფტი ადამიანის ხელითაა გარდაქმნილი და უმთავრესად სტეპური, ტყესტეპური, არიდული ტყისა და ნახევარუდაბნოს ხასიათისაა.[2]

ივრის ზეგნის ფაუნა შედგება აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სტეპებისა და ნახევრად უდაბნოების ფაუნის წარმომადგენელთაგან. ძუძუმწოვართა შორის არის აფთარი, ქურციკი, მგელი და მურა დათვი; ფრინველთაგან სავათი, მრავალი მტაცებელი ფრინველი, ტუგაის ტიპის ტყეებში მობინადრე ხოხობი და დურაჯი; ბევრია ქვეწარმავალი, რომელთა შორის შხამიანი გველების რამდენიმე სახეობაც არის.[1] ამ მხრივ აღსანიშნავია გიურზა.[3]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ლევან მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, გვერდი 269-276, გამომცემლობა „ცოდნა“, თბილისი, 1964.
  2. ლევან მარუაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 218–219.
  3. ბიოლოგის რჩევები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით[მკვდარი ბმული]