ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური

ჰიდროელექტროსადგური საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზაჰესი (მრავალმნიშვნელოვანი).

ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) — პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, აგებულია მდინარე მტკვარზე ქ. თბილისის მიმდებარედ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,[1] მტკვრისა და არაგვის შესართავის მახლობლად.

ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური

ჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ზაჰესკომი (თავმჯდომარე შალვა ელიავა, მოადგილეები ვ. სუხიშვილი და ნ. იორამიშვილი). ესკიზური პროექტი (ავტორი ინჟ. ო. მელიქ-ფაშაევი) დეტალურად დაამუშავა სპეციალურმა კომისიამ მ. ანდრეევი, დამანტოვიში, ლ. დიასამიძე, ვ. ვასილიევი, ნ. ზვორიკინი, ა. კიკნაძე — ხელმძღვ., ლ. კონიუშევსკი, ბ. კოსტინი, ო. მელიქ-ფაშაევი — მშენებლობის უფროსის მოადგილე, ს. ფირალიშვილი, ბ. ჭიჭინაძე — მშენებლობის უფროსი). ნაგებობათა არქიტექტურული ნაწილის ავტორები არიან ანატოლი კალგინი, კ. ლეონტიევი, მ. მაჭავარიანი.

თბილისის გაზრდილი კომუნალური და სამრეწველო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მსხვილი ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყო მსჯელობის საგანი. არსებობდა ჰესის მშენებლოობის რამდენიმე პროექტი-წინადადება, რომლებიც ითვალისწინებდა ჰესის აგებას: უშუალოდ ქალაქში ე. წ. მადათოვის კუნძულის მიდამოებში (1904-1905 წლებში ბელგიელი ინჟინერი მეტცემი); მდინარე არაგვზე სოფელ წიწამურთან (1907 წ., ინჟინრები ა. ანდრეევი, ნ. ზვორიკინი); მდინარე ხრამზე სოფ. არუხლოსთან (1920 წ. ინჟინრები ავალიშინი, კოჟევნიკოვი, ზვორიკინი, საქართველოს ქალაქების კავშირის ინიციატივით) და სხვა. პროექტის განხორციელება ნაგულისხმევი იყო უცხოელი კონცენსიონერების დახმარებით. 1920 წლის ნოემბრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწათმოქმედების სამინისტრო ამზადებდა ხელშეკრულების პროექტს წიწამურიდან ზემო ავჭალამდე მტკვრისა და არაგვის ენერგიის გამოყენების უფლების შვედეთის ფირმებისათვის გადაცემის თაობაზე.

მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების რთული შინაპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა დაიწყო მუშაობა დიდი ჰესის მშენებლობისათვის.

სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ჰიდრომშენმა ჩაატარა ინსტრუმენტული საძიებო სამუშაოები, დაამუშავა საველე მასალა და დაიწყო დამუშავება ინჟინერ მელიქ-ფაშაევის მიერ წამოყენებული ესკიზური პროექტისა, რომელიც ითვალისწინებდა მდინარე არაგვის ბოლო მონაკვეთის (ბებრის ციხიდან შესართავამდე) და მდინარე მტკვრის (მდიანრე არაგვთან შეერთების ადგილიდან დიღმის რკინიგზის ხიდამდე) გამოყენებას.

1922 წლის I ნახევარში იყო კიდევ ერთი წინადადება თვით თბილისში 10 000 ც. ძ-ის ცენტრალური თბოსადგურის აგებისა (ინჟინერი ი. ვაწაძე) სპეციალური საექსპორტო კომისიების დასკვნებით უპირატესობა მიეცა ჰესის მშენებლობას ზემოთ უკვე ნახსენებ სქემებში — ზემო ავჭალისა მდინარე მტკვარზე.

ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისათვის. 1922 წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზემო ავჭალასთან 12 ათ. ც. ძ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და რსფსრ შრომისა და თავდაცვის საბჭოს (შთს) მიმართა თხოვნით დახმარებისათვის.

ტფილისის საბჭოს პრეზიდიუმმა 1922 წლის 20 ივნისს დაამტკიცა ზაჰესის მშენებლობის სქემა და ჩამოაყალიბა ზაჰესკომი.

ზაჰესკომმა და მშენებლობის უშუალო ხელმძღვანელებმა დიდი ორგანიზაციული და პრაქტიკული მუშაობა ჩაატარეს, ზაჰესის მოკლე დროში და მაღალ ტექნიკურ დონეზე აშენებისათვის.

ვ. ი. ლენინის ინიციატივით 1923 წლის 16 იანვარს შთს-მ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 1923 წლის I კვარტალში, თბილისის საბჭომ, ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირიო სახსრებიდან მიიღო ოქროს 750 ათ. მანეთი. შემდგომ წლებშიც სსრკ-ის მთავრობა სისტემატურად ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად. 1922 წლის 10 სექტემბერს ზაჰესის მშენებლობაზე მოეწყო თბილისის მუშების შაბათობა, რომელზეც მონაწილეობდა 4 ათასი კაცი.

შერჩეულ ადგილზე წყლის რესურსების შემოწმების შემდეგ საბჭოთა და უცხოელი სპეციალისტების რჩევისა და ადგილობრივი სპეციალური საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე ზაჰესის პირველი რიგის აგრეგატების სიმძლავრე განისაზღვრა 18 ათ. ც. ძ-ის ოდენობით (ნაცვლად გათვალისწინებული 10 ათ. ც. ძ-ისა). ჰიდროტექნიკური ნაგებობის აგებისას მხედველობაში უნდა მივიროთ საბოლოო საპროექტო სიმძლავრე (36 ათ. ც.ძ.).

ზაჰესკომის გადაწყვეტილებით ელექტრომექანიკური მოწყობილობები დაუკვეთეს საბჭოთა რუსეთის ქარხნებს, რომლებიც არდგენიტი პერიოდის მძიმე წლებში საჭიროებდნენ დახმარებასა და მხარდაჭერას. გამონაკლისი იქნა დაშვებული ტურბინების დამზადების საკითხში — საჭირო ოთხი ტურბინიდან ერთი (1500 ც. ძ.) უნდა დამზადებულიყო ლენინგრადის ლითონის ქარხანაში ფრიცნოიმაიერის ქარხნის ნახაზების მიხედვით, ხოლო დანარჩენი სამი — ფრიცნოიმაიერის ქარხანაში (გერმანია).

ჰესის პირველი რიგი 1927 წლის 9 აპრილს გადაეცა საექსპლუატაციოდ. სრული სიმძლავრით ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა — დაემატა კიდევ ოთხი ტურბინა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომიშავება 20,3 მლნ. კვტ. სთ-ს შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავის ბეტონის კაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნის სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს. სადგურმა უდიდესი როლი შეასრულა დიდი სამამულო ომის პერიოდში მრეწველობისა და ტრანსპორტის ელექტროენერგიით მომარაგების საქმეში. 1952 წელს ზაჰესი მთლიანად ავტომატიზებული და ტელემექანიზებული გახდა, ამით მისი სიმძლავრე საპროექტოსთან შედარებით კიდევ 15%-ით გაიზარდა.

2007 წლის 20 ივლისს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე 41 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. „ზაჰესი“ კომპანია „ბონასერა ტრეიდ ლიმიტედის“ მფლობელობაში გადავიდა.

ელექტროსადგურის აღწერა

რედაქტირება

ზაჰესის ძირითადი ნაგებობებია:

(ა) სათავო ნაგებობანი — 1. მთავარი კაშხალი, 2. წოლხვრელი და მცირე კაშხალი, 3. წყალმიმღები და სათავო რაბი. ისინი განლაგებულია მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავტან. მთავარი კაშხალისათვის (სიმ. 40 მ) შერჩეულია ამ უბაში მდინარე მტკვრის ყველაზე ვიწრო (300-400 მ) კლდოვანი კალაპოტი. რკინაბეტონის ნაგებობა მთლიანად დაყრდნობილია კლდის მაგარ ქანებზე (ქვიშაქვა). წყლის გაშვების და ბურჯების კედლები, წყლის დარტყმის ძალის შესასუსტებლად, მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული გრანიტის (გელატის, ნაწილობრივ ბამბაკის) ფილებით. დანარჩენი ზედაპირი ტორკრეტირებულია ცემენტის ხსნარით. კაშხალს ხუთი ხვრელობი აქვს: შუა სამი აწესრიგებს წყლის დონეს ზემო ბიეფში; გარე მარჯვენა სიფონური გამშვებია (მას მარჯვნიდან ემიჯნება თევზების გასაშვები), გარე მარცხენა კი ყინულის გამშვები. ხვრელობების გამყოფი ოთხი ბურჯის (თითოეულის სიგანე 4 მ, სიგრძე 27,7 მ) ვერტიკალები კარგად ეხამება კლდოვან გარემოს. ნაგებობა გამოირჩევა სადა, მკაცრი გეომეტრიული ფორმებით. წოლხვრელი და მცირე კაშხალი აღმოსავლეთიდან ეკვრიან დიდ კაშხალს, წოლხვრელი (სიგრძე 150 მ, სიღრმე 18,5 მ, სიგანე 16-18,5 მ) გათხარეს მშენებლობის პროცესში წყლის გადასაყვანად. მისი კედლები და ძირი დაცემენტებულია. წოლხვრელს კეტავს მცირე რკინაბეტონის კაშხალი (სიმაღლე 18,5 მ, სიგრძე 24 მ, სიგანე ზემო წელში 3,9), რომლის ხვრელების კედლები და ძირი მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული გრანიტის (გელათის, ბამბაკის და აირუმის) ფილებით. კაშხალის დანარჩენი ზედაპირი ტორკრეტირებულია ცემენტის ხსნარით. ამჟამად კაშხალი და წოლხვრელი გამოყენებულია მდინარე არაგვის მიერ მოტანილი ნალექის გასაშვებად. მთავარ კაშხალსა და წოლხვრელს შორის წარმოქმნილი კუნძული მთლიანად ბეტონის ბალიშით არის დაფარული. მისი საყრდენი კედელი ამოყვანილია დიდი კაშხლის ბურჯების სიმაღლეზე, რის გამოც ეს ორი ნაგებობა ერთიან ჰორიზონტალურ ზოლად აღიქმება. წყალმიმღებიდან სათავე რაბის საშუალებით წყალი სადერივაციო არხში გადადის. ნაგებობის მარჯვენა ბოლო ნაწილში მოწყობილია ნალექისაგან წყლის გამწმენდი რაბი-კაშხალი (სიმაღლე 11,73 მ).
(ბ) სადერივაციო არხი — ტრაპეციული კვეთის ღია არხია (სიგრძე 3,056 კმ, სიგანე ძირზე 8,11 მ, წყლის სიღრმე 8-9,2 მ). იწყება სათავო რაბიდან და მიემართება მტკვრის პარალელურად, მის მარცხენა მაღალ ნაპირზე. მისი დანიშნულებაა წყლის დაწნევის გაზრდა. არხის ძირი და კედლები დაცემენტებულია.
(გ) წნევის აუზი — წნევის აუზი მოწყობილია არხის ბოლოსთან გაფართოებულ ნაწილში (სიგანე 8,11-65, მ, მოცულობა 40.000 კუბ. მ). აქედან ლითონის დაწნევის მილგამტარით და რკინაბეტონის სპილარული კამერებით წყალი მიემართება ტურბინებში.
(დ) საგენერატორო სადგური — აგებულია რკინიგზის ხიდის მახლობლად და მთავარი, გრძივი ფასადიტ მტკვრის მარცხენა კლდოვან ნაპირს გადმოჰყურებს. მისი საძირკველი არმირებულია ლიანდაგებით კედლების კონსტრუქცია წარმოადგენს აგურიტ შევსებულ რკინაბეტონის კარკასს. მთავარი ფასადი მოპირკეთებულია ეკლარის ქვით. საგენერატოროს ძირითადი სატავსია დიდი დარბაზი (72X12 მ, სიმაღლე 14,38 მ, მთელი ნაგებობის სიმაღლე 25,88 მ), სადაც რვა ტურბინა დგას. დარბაზში უხვად არის სინათლე და ჰაერი. მთავარი ფასადის მთელი სიგრძე უჭირავს რვა შეისრულთაღოვან დიდ ფანჯარას. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული კოშკია. აქედან არის სადგურში შესასვლელი. საგენერატოროს არქიტექტურა მარტივი, მკაცრი და დასამახსოვრებელია.
(ე) გამანაწილებელი სადგური — მდებარეობს საგენერატოროს სამხრეთით 80 მ-ზე. მისი ორი ურთიერთპარალელური კორპუსი სახელოსნოებს ეკვრის. მათ შორის ღია ეზოა. არქიტექტურული გადაწყვეტით შენობა ენათესავება საგენერატორო სადგურის ფასადებს — ცემენტით შელესილ კედლებზე სხვადასხვა სიგანის დიდი შეისრულთაღოვანი სარკმლებია. განსხვავებულია უკანა ფასადი — დიდი თაღოვანი შესასვლელი და ლოჯიის ექვსი დაბალსვეტიანი თაღედი ქმნიან მარტივ, მეტყველ კომპოზიციას.

ვ.ი. ლენინის ძეგლი1927 წელს ჰესის ტერიტორიაზე დაიდგა ვ. ი. ლენინის პირველი ძეგლი სსრკ-ში (მოქანდაკე ივანე შადრი, არქიტექტორი ს. ჩერნიშოვი). ბრინჯაოს სკულპტურის სიმაღლე 7 მ, ღია რუხი ფერის გრანიტით მოპირკეთებული პოსტამენტისა 15 მ.

ბესარიონ ჭიჭინაძის ძეგლი — გაიხსნა 1975 წლის 8 ივლისს (მოქანდაკე 1. რატიანი, არქიტექტორი გ. ქავთარაძე). დგას საგენერატორო სადგურის ტერიტორიაზე, მთავარი ხეივნის ღერძზე, მდინარე მტკვრის კლდოვან ნაპირთან. ბუნებრივი თეთრი ქვით მოპირკეთებულ მაღალ (6 მ) კედელზე გამოსახულია ინჟინერ ბესარიონ ჭიჭინაძის ჰორელიეფური პორტრეტი (ბრინჯაო 1,1 მ).

ჯილდოები

რედაქტირება

1947 წელს დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16059