ბებრისციხე

(გადამისამართდა გვერდიდან ბებრის ციხე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბებრისციხე (მრავალმნიშვნელოვანი).

ბებრისციხე (ნაცხერი, ნაციხვარი, ბელტისციხე) — ადრინდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე საქართველოში. მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. უძველეს დროში ერქვა ბელტა. აგებულია ანტიკურ ხანაში. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობია დაახლოებით 1500 მ², შიდა ეზოსი — 600 მ².

ბებრისციხე
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება ანტიკური ხანით
ბებრისციხე — საქართველო
ბებრისციხე
ბებრისციხე ვიკისაწყობში

ბებრისციხეს 2014 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი[1].

ქართულ წერილობით წყაროებში ბებრისციხეს პირველად ახსენებს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, რომლის თანახმადაც საქართველოს მეფე დემეტრე I (1125-1156 წწ.) გარდაიცვალა ბელტისციხეში, შემდეგ იგი წაასვენეს და გელათში, მისგანვე კურთხეულ ტაძარში დაკრძალეს.

ბებრისციხის მშენებლობას XVIII ს. ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი არდამ ქართლის ერისთავს მიაწერს, რომლის ზეობა ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდს უნდა ემთხვეოდეს. ბებრისციხე-ბელტისციხე მცხეთა ქალაქის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველის როლს ასრულებდა. იმ ადგილას, სადაც იგი დგას, ხეობა მეტად ვიწროა, ამიტომ ციხე მშვენივრად რაზავდა ქალაქს ამ მხრიდან.

2006-2008 წლებში ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა მრავალრიცხოვანმა და სხვადასხვა პერიოდის მასალამ ცხადყო, რომ IV ს-დან მოყოლებული ვიდრე XVIII ს ჩათვლით ბებრისციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო.

ბელტის ციხე

რედაქტირება

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით:

 
„ხოლო მცხეთის ჩრდილოთ არს ციხე ბელტისა, აღაშენა არდამ ერისთავმან[2].“

ქალაქი სევსამორა

რედაქტირება

ზოგიერთი მკვლევარის აზრით ბებრისციხე სტრაბონის გეოგრაფიკაში ნახსენები ქალაქი სევსამორაა.[3]

 
„ἀπὸ δὲ τῆς Ἀρμενίας τὰ ἐπὶ τῶι Κύρωι στενὰ καὶ τὰ ἐπὶ τῶι Ἀράγωι· πρὶν γὰρ εἰς ἀλλήλους συμπεσεῖν͵ ἔχουσιν ἐπικειμένας πόλεις ἐρυμνὰς ἐπὶ πέτραις διεχούσαις ἀλλήλων ὅσον ἑκκαίδεκα σταδίους͵ ἐπὶ μὲν τῶι Κύρωι τὴν Ἁρμοζικὴν ἐπὶ δὲ θατέρωι Σευσάμορα.[4]
  • თარგმანი:... სომხეთის მხრიდან ქმნის გასასვლელს მტკვრისა და არაგვის ხეობაში; ზევით ამ მდინარეების შერწყმის ადგილას კლდეებზე ორი გამაგრებული ქალაქია, რომლებიც ერთმანეთისაგან 16 სტადიონით არიან დაშორებულნი. მდინარე მტკვარზე მდებარეობს ჰარმოზიკა, ხოლო მეორე მდინარეზე სევსამორა.“

ავტორის აზრით ქალაქი სევსამორა, ქართული ტოპონიმი — წიწამურის დამახინჯებული ფორმაა. იქვე მოჰყავს შედარებები "ციცაბოსა" და "წრიაფის" სიტყვებისა და გამოაქვს დასკვნა რომ წიწამური ესაა მცენარეული საფარისაგან ცარიელი ანუ მოტიტვლებული ბორცვი. ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ დღევანდელი დასახლება წიწამური, რომელიც მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს მდებარეობს სინამდვილეში შემდგომ შერქმეული სახელია და რომ ციხე ქალაქი სემსამორა უნდა ვეძებოთ არაგვის მარჯვენა ნაპირზე, სავაჭრო გზის პირას. მისი მოსაზრებით დღევანდელი წიწამური ვერ იქნება ქალაქი სევსამორის უწინდელი სახელი, რადგანაც წიწამურიდან არმაზციხემდე დაშორება 25 სტადიონია, ხოლო არმაზციხიდან ბებრისციხემდე კი 16 (3154,56 მეტრი) სტადიონი.

ნაგებობა

რედაქტირება

ბებრისციხე კომპლექტურადაა აგებული შემაღლებულ კონცხზე. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება: მთავარი ციტადელი, მას სამხრეთით პატარა ეზო აკრავს. გეგმაში იგი სამკუთხედს უახლოვდება. სამივე კუთხეში კოშკები მდგარა, რომელთაგანაც სამხრეთ-აღმოსავლეთისა ყველაზე დიდია. იგი რამდენიმე სართულისაგან შედგება, რაც მის არა მარტო თავდაცვით, არამედ საცხოვრებელ დანიშნულებასაც მიუთითებს.

ჩრდილოეთის კოშკი ზომით უფრო მცირეა, თუმცა აგებულებით იგივე ტიპის. ორივე კოშკში ერთი საინტერესო დეტალია შემორჩენილი: ღრმა ნიშებში განლაგებულია საბრძოლო ხვრელები, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მშვილდ-ისრის სროლა. ეს კი ვერ მოხდებოდა ორი-სამი მეტრის სისქის კედლებიდან, თუ მათში განიერი და ღრმა ნიშები არ გაკეთდებოდა.

მესამე, აღმოსავლეთის კოშკი ასევე დანგრეულია და მოგვიანებით ამ ადგილას, გაუქმებული ციხის ტერიტორიაზე, საგუშაგო კოშკი აუგიათ, რომელიც იქვე მდგარი კოშკისაგან განსხვავებით ცილინდრული ფორმისაა.

ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ ხეობის ვიწროში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველი ჩაუყენებია. თავად ორი შვილი ჰყოლია; ლამაზი მაკრინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომებისათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკას მათი გადასახადისაგან გათავისუფლება სთხოვა. გამძვინვარებულმა ძმამ მაკრინე კოშკში გამოამწყვდია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დადევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შეევედრა: ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო. ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამალული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმას ეკლესიურად ცხოვრება დაუწყიათ. და მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა.

70 წლის მაკრინე გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს მისულა თეთრწვერა მოხუცი, რომელიც მიცვალებულს ეამბორა შუბლზე და წარმოსთქვა: „დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა“. ამ სიტყვების დასრულებისთანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია, ამიტომ ეწოდება ციხეს „ბებრის ციხე“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბებრის ციხე // საქართველო: ენციკლოპედია - თბ., 1997, გვ. 386
  • ბებრის ციხე - ბელტის ციხე // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა -თბ., 1990, გვ. 242
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 262.
  • ბებრის ციხე // ნაკაშიძე ლ., საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები - თბ., 2003, გვ. 125
  • ბოჭოიძე მ., საქართველოს ციხე-კომპლექსები სარესტავრაციო პრაქტიკაში // ძეგლის მეგობარი - 1994, N1(91), გვ. 61
  • ბოჭოიძე მ., ბებრის ციხე // ძეგლის მეგობარი - 1987, კრ. 75, გვ. 41
  • ზაქარაია პ., არაგვისა და თერგის ხეობა - თბ., 1972, გვ. 17
  • ბებრის ციხე // ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები - თბ., 1988, გვ. 54-55
  • ზაქარაია პ., ბებრის ციხე - თბ., 1959
  • სიმაგრეები: ბებრის ციხე // ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები- თბ., 1973, გვ. 50-52
  • ზაქარაია პ., სამშობლოს გუშაგი - თბ., 1965, გვ. 64-66
  • ზაქარაია პ. თბილისი, ბორჯომო, ვარძია - თბ., 1977, გვ. 16-17
  • ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამიდული კოშკები: "ბებრის ციხე"(ანანურთან) // ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე - თბ., 2002, გვ. 64-67
  • კალანდაძე ზ., არქეოლოგიური გათხრები ბებრის ციხეზე // არქეოლოგიური ძიებანი- თბ., 1982, გვ. 143-147
  • როსტომაშვილი ი., ბელტის ციხე // მგზავრი- 1901, N1, გვ. 34-36
  • იამბე, ციხის ნაშალო.... - თბ., 2007, გვ. 28-29
  • ციხესიმაგრეები ბებრის ციხე // ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე - დარბაზები ციხე - გალავნები კოშკები - თბ., 2001, გვ. 67-70

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება