თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა
თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა — კვების მრეწველობის საწარმო თბილისში, ავჭალის ტერიტორიაზე. აშენდა 1940 წელს როგორც თბილისის ჩაის გადამწონი ფაბრიკა. აფასოებდა შავ და მწვანე ბაიხაოს ჩაის. 1954–55 წლებში ჩატარდა მისი ტექნიკური გადაიარაღება, ხოლო 1983–89 წლებში მოხდა რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც ფაბრიკის სიმძლავრე წელიწადში 21 ათას ტონამდე გაიზარდა. ძირითადი პროდუქცია იყო სხვადასხვა ხარისხის ბაიხაოს ჩაი: „საქართველოს თაიგული“, უმაღლესი ხარისხის, I, II და III ხარისხისა და სხვ. სანედლეულო რესურსებს იღებდა საქართველოს სხვადასხვა ჩაის პირველადი გადამმუშავებელი ფაბრიკიდან, აგრეთვე ინდოეთიდან და ჩინეთიდან (როგორც საკუპაჟე მასალას). გამოშვებული პროდუქცია იგზავნებოდა ძირითადად საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში. 1993 წლიდან ფაბრიკა გასაღების ბაზრის დაკარგვის გამო მუშაობდა 10%-იანი დატვირთვით და წელიწადში უშვებდა 2000 ტ. დაფასოებულ ჩაის, რომელიც გადიოდა ძირითადად დსთ-ის ქვეყნებში. 1996 წელს თბილისის ჩაის საწონი ფკის ბაზაზე შეიქმნა ამავე სახელწოდების სააქციო საზოგადოება. ამ პერიოდიდან საწარმო თავისი პროფილით აღარ ფუნქციონირებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.