ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი — ინტერნატის ტიპის 3-კლასიანი სასწავლებელი რუსეთის იმპერიაში, სადაც სწავლობდა თავადაზნაურული წარმოშობის 80 ქალიშვილი (რომელთაგან 60 სახელმწიფო ხარჯზე იყო, 20 კი — საკუთარ კმაყოფაზე). დაარსდა 1840 წელს „მცირეწლოვან ქალთა პანსიონის“ (1830) ბაზაზე, მაგრამ მუშაობა დაიწყო 1842 წლიდან. ინსტიტუტში ასწავლიდნენ საღვთო სჯულს, რუსულ ენასა და სიტყვიერებას, ფრანგულ ენასა და სიტყვიერებას, ბუნებისმეტყველებას, ისტორიას, გეოგრაფიას, არითმეტიკას, ხატვას, ხელსაქმეს, მუსიკასა და ცეკვას. 1865 წელს დაემატა პედაგოგიკა და სავალდებულო საგანი გახდა ქართული ენა. 1896 წელს სასწავლებელს ნიკოლოზ I-ის სახელი მიენიჭა. ექვემდებარებოდა დედოფალ მარიას დაწესებულებათა უწყებას. სხვადასხვა დროს სასწავლებელში ასწავლიდნენ ნიკო ცხვედაძე და ბესარიონ ღოღობერიძე. XIX საუკუნის 90-იან წლებში ინსტიტუტი გადავიდა ახალ შენობაში. 1917-1918 სასწავლო წელს ინსტიტუტს ერთი კლასი დაემატა, მაგრამ სასწავლებელი იმავე წელს დაიხურა.
ინსტიტუტის შენობა XIX საუკუნის თბილისის არქიტექტურის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია. მდებარეობდა ა. ერმოლოვის (ახლანდ. 9 აპრილის 4) ქუჩაზე. აგებულია არქიტექტორ პროფ. რ. გედიკეს პროექტით (1894). შეულესავი წითელი აგურის შენობა თავისი მისიური ფორმებითა და ფასადების ყაზარმული წყობით საკმაოდ უხალისო შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადის შუა შვერილი ნაწილის მორთულობის ელემენტები, პორტალისა და მისი მიმდებარე სარკმლების საპირეებში გამოყენებული წნულის სახეები ვერ ჩაითვლება ეროვნულ ხელოვნ. თავისებურებათა გაგებისა და რეპროდუქციის ცდად. აქ საბჭოთა ხელისუფლების წლებში ამიერკავკასის კომუნისტური უნივერსიტეტი, შემდეგ კი უმაღლესი პარტიული კურსები, აღმოსავლეთ მცოდნეობისა და კიბერტენიკის ინსტიტუტები, სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოებათა გამგეობები იყო განლაგებული. ამჟამად ამ შენობაშია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 282, ISBN 99928-20-32-2.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 389.