ატენი — ქალაქი ფეოდალურ საქართველოში, ატენის ხეობაში, მდინარე ტანის ორივე ნაპირზე, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ატენის სოფლის თემის ტერიტორიაზე.

ატენის ეკლესია

ქალაქი აშენდა მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით XI საუკუნის შუაწლებში. ატენსა და ატენის ხეობაზე გამავალ გზებს იცავდა და სამეფო ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი იყო ატენის და ვერეს ციხეები, დეკციხე და სხვა. XIII-XVII საუკუნეებში ატენი მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა, მაგრამ დაღესტნელი ფეოდალების განუწეყვეტელი თავდასხმების შედეგად XVIII საუკუნისათვის დაკნინდა და სოფლად იქცა.

1806 წელს დაპყრობილი და განადგურებული იყო ლეკების მიერ. მოსახლეობა დაბრუნდა 1821 წელს[1].

ატენი, როგორც მნიშვნელოვანი დასახლებული ადგილი, ცნობილია Vll საუკუნიდან, ატენის სიონის ტაძრის აგების შემდეგ. ამ დროისათვის იგი ქალაქად ჯერ კიდევ არ იწოდებოდა. ატენი ერთხანს კლდეკარის ერისთავთერისთავს, რატი ბაღვაშს ეკუთვნოდა. 989 წელს, საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლმა მეფე ბაგრატ lll დაიმორჩილა რატი და ატენის ციხესაც დაეპატრონა. ატენის სიონის ტაძრის წარწერის თანახმად, მეფე ბაგრატ lV-ის ბრძანებით ქალაქი აუშენებია ატენის ციხისთავს (დაახლოებით Xl საუკუნის 60-იანი წლები). აქედან მოყოლებული ქალაქი ატენის ქართველ მეფეთა საკუთრება იყო. დავით აღმაშენებელს ატენში სამეფო საჭურჭლეც კი ჰქონია. ატენის გაქალაქება განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ქალაქი გაშენებული იყო ატენის სიონის ტაძრის მიდამოებში და ვრცელდებოდა მდინარე ტანისა და მისი მარჯვენა პატარა შენაკადის შესართავამდე. ამ ხეობაში შესანიშნავი პირობები იყო მიწათმოქმედებისთვის. ტანის ხეობაზე გადიოდა უმოკლესი გზა, რომლითაც შიდა ქართლი სამხრეთ საქართველოს უკავშირდებოდა. Xl საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიისაგან ზურგმომაგრებულმა ბაგრატ lV-ის ნახევარძმამ, დემეტრემ და ძლიერმა ფეოდალმა, ლიპარიტ ლიპარიტის ძემ, სცადეს ატენის ციხის აღება, მაგრამ ბაგრატ lV-ის ერთგულმა პირებმა ისინი დაამარცხეს. Xlll საუკუნეში აბაღა ყაენმა ატენი ქართლის სხვა სოფლებთან ერთად უწყალობა დავით ულუს. დემეტრე ll-ის დროს, ატენისა და „მისი ქვეყნის“ მფლობელია რაჭის ერისთავი კახაბერი, მაგრამ იგი მალე ღალატისათვის სიკვდილით დასაჯეს. ატენი კვლავ მეფეთა საკუთრებად იქცა. XVl საუკუნის დასაწყისში, ქართლის მეფე დავით X, კახეთის მეფემ, ავგიორგიმ ატენის ციხეში გამოამწყვდია. ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, მაგრამ ავგიორგიმ ციხე მაინც ვერ აიღო. სპარსეთის გამგებელმა, შაჰ-თამაზმა 1556 წელს, იერიში მიიტანა ატენის ციხეზე, სადაც შეხიზნულები იყვნენ ქართლის მეფის, ლუარსაბის დედა, ნესტან-დარეჯანი, მეფის და და სხვა ქართველ დიდებულთა ოჯახის წევრები. ატენის ციხე საკმაოდ გამაგრებული იყო, მაგრამ ღალატის გამო ციხე დაეცა. XVll საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მეფეს, როსტომს აუჯანყდნენ ქართლ-კახეთის მეფის, თეიმურაზ l-ის მომხრე დიდგვაროვანი ფეოდალები. შეთქმულებმა ატენის ციხეს შეაფარეს თავი. როსტომმა აიღო ციხე და დაანგრია. ამის შემდეგ, ციხეს აღარ შეუსრულებია რაიმე მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხორებაში. XVlll საუკუნეში, ლეკთა განუწყვეტელმა შემოსევებმა დააკნინა და დააქვეითა ქალაქი. როგორც სოფელი და პატარა სავაჭრო პუნქტი, ატენი არსებობას განაგრძობს XlX საუკუნემდე. XX საუკუნის დასაწყისში, ატენში რამდენიმე რევოლუციური გამოსვლა მოხდა. 1902 წლის 5 თებერვალს გაიფიცნენ ფინელი მრეწველის, ა. ზეზემანის სახერხი ქარხნის მუშები. მათი მღელვარება გამოიწვია ხელფასის დაგვიანებამ. მუშები ქარხნის ეზოში შეგროვდნენ. ზეზემანის თხოვნით, ბოქაულმა ატენში ჩაფრები გაგზავნა. მუშებსა და ჩაფრებს შორის მოხდა შეტაკება. გაფიცვის მოწყობისათვის პოლიციამ დააპატიმრა მოთავეები და ქარხნის 25 მუშა. 1905 წლის 2 მარტს, სოფლის მაშინდელ ცენტრში (ამჟამად აქ საცხოვრებელი სახლებია) გლეხების თავყრილობამ შეადგინა მთავრობისთვის გასაგზავნი „თხოვნა“, რომელშიც გლეხობა მოითხოვდა ტყით და საძოვრებით სარგებლობის უფლებას, ბეგარის შემცირებას. თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით, სოფელი გამოყოფილია ორად — დიდ ატენად (მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას) და პატარა ატენად (მდინარე ტანის ორივე ნაპირზე).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება