დავით VII ულუ

(გადამისამართდა გვერდიდან დავით ულუ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით.

დავით VII ულუ (დ. 1216 — გ. 1270) — საქართველოს მეფე 1247–1270 წლებში, გიორგი IV ლაშას შვილი უკანონო ქორწინებიდან. დაახლოებით 1236 (1237) წელს რუსუდან მეფემ ტახტის შესაძლო პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით იგი თავის სიძესთან (რუსუდანის ასულის, თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზვნა. სულთანმა ბორკილგაყრილი დავით გიორგის ძე ციხეში დაამწყვდია. გათავისუფლდა მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით 1242/1243 წწ.). უმეფობის ხანაში ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გიორგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. მონღოლთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლოებით 1245 (1246) წელს ტახტის ახალი კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს. 1246 წელს ყარაყორუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე. ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და შესაბამისად ქართველ დიდმოხელე ფეოდალთა ორი დაჯგუფებაც შეიქმნა. დავით გიორგის ძის მომხრეებმა იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით ვერ გაიმარჯვებდნენ (ქართული სამართალი უკანონო შვილის უფლებებს არ ცნობდა) და ამიტომ ყაენს სთხოვეს ეს საკითხი მონღოლთა სამართლის მიხედვით გადაეწყვიტა (მონღოლთა სამართალი არ განარჩევდა კანონიერ და უკანონო შვილებს და უპირატესობას უფროს შვილს ანიჭებდა). 1247 წელს გუიუქ-ყაენმა ორივე დავითი მეფე დაამტკიცა: დავით გიორგის ძეს უფროსი (მონღოლურად „ულუ“), ხოლო დავით რუსუდანის ძე — უმცროსი (მონღოლურად „ნარინი“) უწოდეს. 1248 (1249) წელს დავით VII დავით VI-თან ერთად თბილისში დაბრუნდა. ორივე მეფე 1259 წლამდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას.

დავით VII ულუ

მეფე დავითი ნადირობისას. მინიატურა მარკო პოლოს წიგნიდან „მსოფლიოს აღწერილობა“, დაახლ. 1410 (საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, Fr2810, ფოლიო 8r)
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1247
მმართ. დასასრული: 1270
წინამორბედი: რუსუდანი
მემკვიდრე: დემეტრე II თავდადებული
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1216
გარდ. თარიღი: 1270
დაკრძ. ადგილი: სვეტიცხოველი
მეუღლე: ჯიგდა-ხათუნი
ალთუნი
გვანცა
ესუქნი
შვილები: დემეტრე II
თამარი
გიორგი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი IV ლაშა
დავით ულუს დროს გამოშვებული მონეტა.

1256 წლიდან საქართველო ილხანთა ანუ ჰულაგუიანების სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. ილხანთა ბატონობის ხანაში კიდევ უფრო დამძიმდა გადასახად-გამოსაღებელი, რის შედეგადაც 1259 წელს აჯანყებამ იფეთქა. მას სათავეში დავით VI ნარინი ჩაუდგა. ამ აჯანყების დროს ჰულაგუ-ყაენმა დავით VII-ს ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მოსთხოვა. მეფემ არ შეასრულა ყაენის მოთხოვნა და 1260 წელს, როდესაც 1259 წლის აჯანყება უკვე დამცხრალი იყო, აჯანყდა. აჯანყებულთა მთავარი დასაყრდენი სამცხე იყო. ახალდაბასთან ბრძოლაში ყაენის სარდალმა არღუნ-ნოინმა დაამარცხა დავით VII-ისა და სამცხის სპასალარ სარგის ჯაყელის მცირერიცხოვანი ჯარი. აჯანყება მაინც გრძელდებოდა. 1261 წლის მაისში ყაენის ბრძანებით არღუნი დიდძალი ჯარით კვლავ შევიდა სამცხეში, მაგრამ დავით VII-ის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, ვერც ჯაყელთა რეზიდენცია ციხისჯვარი აიღო და ივნისში უკან გაბრუნდა. მიუხედავად ამისა, დავით VII იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა და ქუთაისში დავით VI-თან გადასულიყო. მონღოლთა ლიხთიმერეთში გადასვლა ვერ გაბედეს და ბრძოლა შეწყვიტეს. დასავლეთ საქართველოში დიდებული ფეოდალები დავით VI-ისა და დავით VII-ის მომხრეებად გაიყვნენ. ამასობაში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მეთვალყურედ დასვეს ვინმე შადინი და მას მმართველად დანიშვნასაც უპირებდნენ, რაც აღმოსავლეთ საქართველოს სრული დაპყრობის მომასწავებელი იქნებოდა. ასეთ პირობებში დავით VII მონღოლებს შეურიგდა, თბილისში გადავიდა და 1262 წელს სარგის ჯაყელთან ერთად ჰულაგუსთან გაემგზავრა. ამ დროიდან საქართველო ფაქტობრივად ორ პოლიტიკურ ერთეულად — აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ გაიყო. დავით VII-ის საქმის გამოძიების დროს ყაენს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ დაძრულიყო ოქროს ურდოს ყაენი ბერქა. ჰულაგუმ გამოძიება შეწყვიტა, დავით VII საქართველოში დაბრუნდა და ჯარით ხლება უბრძანა. 1263 წელს ბერქასთან ბრძოლაში დამარცხებულმა ჰულაგუმ შირვანში სიბა ააგო ოქროს ურდოს შემოსევათა შესაკავებლად. მეფე ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე ლაშქრით სიბაზე იყო. 1265 წელს დავით VII საქართველოს ჯარით აბაღა-ხანის ლაშქარში იბრძოდა ბერქას წინააღმდეგ.

დავით VII-ის დროს ქვეყანა ეკონომიურმა კრიზისმა მოიცვა. მეფისა და მწიგნობართუხუცეს ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელის აგრარულმა პოლიტიკამ — საეკლესიო მამულების ფეოდალებისთვის გადაცემამ — ვერ აღადგინა ფეოდალთა მიწათმფლობელობის ადრინდელი სიმტკიცე. საქართველოში ფეხს იკიდებდა მონღოლთა წესები. 1266 წელს საქართველოს სამეფოს გამოეყო სამცხე, რომელიც უშუალოდ ყაენს დაექვემდებარა. ამრიგად, XIII საუკუნის 60-იანი წლებისათვის საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერთეულად გაიყო.

XIII საუკუნის 70-იან წლებში სიბაზე გაჩენილა მუცლის ავადმყოფობა. ამ ავადმყოფობას ჟამთაამწერელი „მუცლის სალმობას“ უწოდებს. მეფე ულუ დავითი და მისი შვილი გიორგი ამ ავადმყოფობის მსხვერპლნი გამხდარან. გიორგი ბატონიშვილს „მუცლის სალმობა“ თბილისში შეჰყრია. დაკრძალულია სვეტიცხოველში[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე, „თბილისის ისტორია“, თბილისი: საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა, 1958.
წინამორბედი:
რუსუდანი
საქართველოს მეფე
1247 - 1270
შემდეგი:
დემეტრე II