ყარაყორუმი (ჩინ.: 喀喇昆仑山脉, ურდ. سلسلہ کوہ قراقرم‎, თურქ. შავქვა მთები) — მთათა სისტემა ცენტრალურ აზიაში. პაკისტანის, ჩინეთისა და ინდოეთის ტერიტორიებზე. ყარაყორუმი ჰიმალაის მთების შემდეგ, სიმაღლით მეორე მთათა სისტემაა დედამიწაზე. იგი ინდისა და ტარიმის აუზების წყალგამყოფია.

ჩოგორი
ცენტრალური ყარაყორუმი

ბუნებრივი პირობები

რედაქტირება

ყარაყორუმის სიგრძე დაახლოებით 500 კმ-ია. ჩანგჩენმოსა და პანგონგის ქედებთან ერთად 800 კმ. სიგანე 150-დან 250 კმ-მდე. შედგება რამდენიმე პარალელური ქედებისაგან. ყარაყორუმის საშუალო სიმაღლე დაახლოებით 6000 მ-ია, მაქსიმალური - 8611 (ჩოგორი, სიმაღლით მეორეა ევერესტის შემდეგ). კიდევ სამი მწვერვალის სიმაღლე 8000 მ აღემატება, ხოლო რვა მწვერვალისა - 7500 მ-ს. ბევრი უღელტეხილი 4600-4800 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ყარაყორუმი წარმოადგენს ალპური დანაოჭების დიდ ანტიკლინორიუმს, რომლის ღერძული ზონა აგებულია გნაისებით, კრისტალური ფიქლებით, გრანიტებითა და მარმარილოთი. ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონა - ზედა პალეოზოური და მეზოზოური კარბონატული და თიხოვანი ქანებით, სამხრეთ-დასავლეთ ზონა კი - ვულკანოგენური დანალექი ქანებით.

წიაღისეულებიდან აღსანიშნავია მოლიბდენის, ოქროს, გოგირდის საბადოები.

ჰავა ნახევრადუდაბნოსია, მკვეთრად კონტინენტური. სამხრეთ კალთაზე შეინიშნება ინდოეთის ოკეანის მუსონის გავლენა. ყარაყორუმში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურები უარყოფითია. მაღალმთიან ზოლში ნალექები თოვლის სახით მოდის. თანადროული გამყინვარების ფართობია დაახლოებით 17,8 ათ. კვ.კმ. მყინვარებიდან აღსანიშნავია: სიაჩენი, ბალტორო და ჰისპარი.

თოვლის მიჯნა სამხრეთ კალთაზე დაახლოებით 4700 მ სიმაღლეზე გადის, ჩრდილოეთ კალთაზე - 5900 მ-ზე. ცენტრალური ნაწილის მთათაშორის ქვაბულებში გვხვდება მლაშე ტბები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: