გრამატიკა
გრამატიკა (ბერძ. Γραμματική) — ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც შეისწავლის ბგერით სისტემას, სიტყვისა და შესიტყვების სტრუქტურასა და ფუნქციებს. იგი მოიცავს ფონეტიკას, მორფოლოგიასა და სინტაქსს (ასევე ფონოლოგიას, სემანტიკას და პრაგმატიკას). ყოველ ენას თავისი საკუთარი გრამატიკა გააჩნია.
ისტორია
რედაქტირებაგრამატიკა ჩამოყალიბდა ძველ ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. გრამატიკა, როგორც სწორად წერისა და მეტყველების „ხელოვნება“ შეიქმნა ძველი ბერძნული ენის შესწავლის პროცესში (დიონისე თრაკიელის Technē grammatikē, ძვ. წ. II–I სს.). სინტაქსი შექმნა აპოლონიოს დისკოლომ ახ. წ. II საუკუნეში. XVII საუკუნეში შეიქმნა „ზოგადი ანუ რაციონალური გრამატიკა“ („პორ-როიალის გრამატიკა“), რომელიც ენის კატეგორიებს ლოგიკის კატეგორიებზე დამყარებით განიხილავდა. XIX საუკუნეში ენის ისტორიისა და შედარებითი კვლევის შედეგად გრამატიკა მეცნიერებად ჩამოყალიბდა.
საქართველო
რედაქტირებაგრამატიკის მეცნიერებით ქართველთა დაინტერესება იწყება X საუკუნიდან. X–XII საუკუნეებში ბიზანტიური გავლენით შეიქმნა პირველი გრამატიკული ტრაქტატები: ანონიმი ქართველი გრამატიკოსის „სიტყუაჲ ართრონთათჳს“ და იოანე პეტრიწის „ბოლოსიტყუაჲ“, რომელიც ერთვის პროკლე დიადოხოსის „განმარტებაჲს“. XII საუკუნეში ითარგმნა ამონიოს ჰერმიას თხზულებანი, რომელშიც ბერძნული გრამატიკული ტერმინოლოგია ან პირდაპირ არის გადმოტანილი, ან შექმნილია სათანადო კალკები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი ხდება მსჯელობა ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის მრავალ საკითხზე. „ღრამატიკოსად“ მოიხსენიება გიორგი მთაწმიდელი ათონის ივერთა მონასტრის 1074 წლის აღაპების წიგნში. მისი ღვაწლი დახასიათებულია დიონისე თრაკიელის გრამატიკის მოთხოვნათა მიხედვით.
გელათის აკადემიამ იოანე პეტრიწის ხელმძღვანელობით დაიწყო სალიტერატურო ენის დემოკრატიზაცია სამწერლობო ენაში სამეტყველო ენის ლექსიკისა და გრამატიკული ფორმების შემოტანით. ამ პერიოდში შექმნილი ენობრივი ლექსიკური მოდელები წარმატებით გამოიყენეს მეხოტბეებმა და პოეტმა შოთა რუსთაველმა. ქართული ენის გრამატიკული კვლევა განახლდა XVII საუკუნეში იტალიელ კათოლიკე მისიონერთა ინიციატივით. მათ მიერ საქართველოში გახსნილ სკოლებში ბერძულ-ლათინურ გრამატიკასთან ერთად ისწავლებოდა ქართული ენისთვის მათ მიერ დადგენილი გრამატიკული წესები. 1629 წელს რომში დაიბეჭდა სტეფანო პაოლინის და ნიკიფორე ირბახის „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“, ხოლო 1643 წელს იქვე — ფრანცისკო-მარია მაჯოს „ქართული ენის გრამატიკა“ (ლათინურ ენაზე). 1670-1680 ბერნარდე ნეაპოლელმა შეადგინა ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ხელნაწერი ლექსიკონები, ხოლო XVIII საუკუნის პირველი მეოთხედში გორელმა ანონიმმა მისიონერმა — „იტალიურ-ქართული ლექსიკონი“ ვრცელი გრამატიკული ტრაქტატით. ორივე ეს ავტორი ლექსიკონში სახელებთან უთითებს ფუძეთა წარმოქმნას, ზმნებთან კი — სიტყვათა ფორმაცვალებას კატეგორიების მიხედვით. ლექსიკონებში ლექსიკურ განმარტებებთან ერთად არის გრამატიკული ინფორმაციაც.
XVII–XVIII საუკუნეებში ქართული გრამატიკული მეცნიერების აღორძინება დაკავშირებულია სულხან-საბა ორბელიანის და კათოლიკოს ანტონ I-ის სახელებთან. ევროპელ მისიონრებთან ურთიერთობამ ორივეს საშუალება მისცა, კარგად გასცნობოდნენ როგორც ლათინურ გრამატიკებს, ისე თვით უცხოელთა მიერ შედგენილ ქართული ენის გრამატიკებსა და ლექსიკონებს. სულხან-საბას ლექსიკონისა და სხვა ნაშრომების და ევროპული გრამატიკული ტრაქტატების გაცნობის საფუძველზე ანტონ I-მა მოსკოვში რუსეთში წლებში შექმნა „ქართული ღრამმატიკა“, რომლის მეორე რედაქცია ჩამოყალიბებული მეცნიერული ნაშრომია, რომელშიც ავტორი მოითხოვს ერთიანი სამწერლობო ენის ტრადიციებსა და ხალხურ მეტყველებაზე დამყარებული სალიტერატურო ენის შექმნას. ანტონის დებულებები ქართულ გრამატიკულ აზრში XIX საუკუნის ბოლომდე ბატონობდა (გაიოზ რექტორი, პლატონ იოსელიანი და სხვ.). ამ პერიოდში ქართული გრამატიკის საკითხებზე მუშაობდნენ არისტო ქუთათელაძე, თედო ჟორდანია, ზურაბ შანშოვანი, ავქსენტი ცაგარელი.
XX საუკუნეში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული სახელების ბრუნების პარადიგმა (მხოლოდ მოთხრობითი იწვევს გარკვეულ მერყეობას): ამოიღეს ბრალდებითი ბრუნვა (აკუზატივი), ვითარებითმა კი თავისი ადგილი დაიმკვიდრა, მოხდა გრამატიკული კატეგორიების სრული მეცნიერული აღწერა და ზმნური პარადიგმების სრულქმნა (ნიკო მარი, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია და სხვ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- უთურგაიძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 143-144.
- ჩიქობავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 249-250.
- American Academic Press, The (ed.). William Strunk, Jr., et al. The Classics of Style: The Fundamentals of Language Style From Our American Craftsmen. Cleveland: The American Academic Press, 2006. ISBN 0978728203.
- Rundle, Bede. Grammar in Philosophy. Oxford: Clarendon Press; New York: Oxford University Press, 1979. ISBN 0198246129.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Grammar from the Oxford English Dictionary დაარქივებული 2016-09-08 საიტზე Wayback Machine.