გაიოზ რექტორი (რუს. Гаий (Такаов); დ. 1746, სოფ. მაღარო, ახლანდელი სიღნაღის რაიონი — გ. 21 თებერვალი, 1821, ასტრახანი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მეცნიერი, ლიტერატორი, პედაგოგი, მთარგმნელი, დიპლომატი.

გაიოზ რექტორი

ბიოგრაფია რედაქტირება

მკვლევართა აზრით, გაიოზ რექტორი გვარად ბარათაშვილი, ბარათაშვილ-თაყაიშვილი, ან ვაგოშვილი იყო. 1765 წელს დაამთავრა თბილისის სემინარია. მისი მასწავლებელი იყვნენ 1765–1772 წლებში ანტონ I და ფილოსოფოსი ფ. ყაითმაზაშვილი. გაიოზ რექტორი მონაწილე იყო ანტონ I-სა და ლევან ბატონიშვილის დიპლომატიური მისიისა რუსეთში 1772 წელს, იქვე დარჩა და 1778 წელს დაამთავრა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და ერთხანს ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო სემინარიას. 1780–1782 წლებში სპეციალური დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა მოსკოვში. 1782 წლიდან იყო მისივე ინიციატივით გახსნილი თელავის სემინარიის რექტორი. გაიოზ რექტორმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) დადებაში. 1783 წელს გაემგზავრა რუსეთს და საქართველოში აღარ დაბრუნებულა. იყო ერეკლე II-ის პოლიტიკის მიმდევარი და რუსეთის მეფის კარზე საქართველოს ინტერესებს იცავდა. 1784–1793 წლებში გაიოზ რექტორი „ოსეთის სასულიერო კომისიის“ წევრია. 1793–1799 წლებში იყო მოზდოკის, 1799-1808 წლებში - სარატოვისა და პენზის ეპარქიის ეპისკოპოსი, 1808 წლიდან გარდაცვალებამდე - ასტრახანის მთავარეპისკოპოსი. გაიოზ რექტორი არის ავტორი სამასზე მეტი ნათარგმნი და ორიგინალური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობის" წინათქმა (იამბიკოდ), იმავე ავტორის „ღვთისმეტყველების“ საძიებელი, „ქრისტიანობრივი სწავლა ანუ ჭეშმარიტი სიტყვა ღმრთისა“ და სხვა.

გაიოზ რექტორის „ღრამმატიკა“ (დაიწერა 1789) წარმოადგენს ქართული ენის გრამატიკის პირველ ნაბეჭდ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე. გაიოზ რექტორის გრამატიკა ძირითადად ანტონ I-ის „ქართული ღრამმატიკას“ მისდევს, მაგრამ მისგან განსხვავდება ნათელი სტილითა და ორიგინალური დაკვირვებით. იმ საკითხებს შორის, რომლის ორიგინალურად დამუშავება წილად ხვდა გაიოზ რექტორს, როგორც აღმზრდელსა და პედაგოგს, აღსანიშნავია: *ადამიანი და მისი დანიშნულება საზოგადოებაში;

  • აღზრდის მნიშვნელობა პიროვნების ფორმირებაში;
  • გონებრივი განათლების წამყვანი როლი პიროვნების ფორმირებაში;
  • სკოლის როლი და დანიშნულება;
  • სწავლების არსი;
  • სწავლა-აღზრდის მეთოდები.

გაიოზ რექტორმა საფუძველი ჩაუყარა ოსური ანბანის შექმნას. აღსანიშნავია გაიოზ რექტორის ორიგინალური ნაშრომი „საქართველოს ისტორის“ და მისი შესანიშნავი გამოსვლები თბილისსა და თელავში, რომლებიც ორატორული მჭერმეტყველების ნიმუშად არის მიჩნეული.

გაიოზ რექტორი გარდაიცვალა 1821 წლის 21 თებერვალს 72 წლის ასაკში. იგი მღვდელთმთავრობდა ასტრახანის ეპარქიას 12 წელი. დაკრძალულია მიძინების ქვედა ტაძარში.

ჯილდოები და მედლები რედაქტირება

დაჯილდოვებული იყო წმინდა ანას I ხარისხის ორდენით[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება