ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629)
ქართულ-იტალიური ლექსიკონი — 1629 წელს ქალაქ რომში გამოცემული პირველი ქართულენოვანი ნაბეჭდი წიგნი. შეიცავს 3084 სიტყვას. ლექსიკონი შედგენილია სტეფანო პაოლინის მიერ ნიკიფორე ირბახის დახმარებით, რომელიც თეიმურაზ I–ის ელჩი იყო საქართველოდან დასავლეთის ქვეყნებში. ლექსიკონის სრული სათაურია[1]:
(იტალიური) „Dittionario Giorgiano e Italiano, composto da Stefano Paolini con l'aiuto del M. R. P. D. Niceforo Irbachi Giorgiano, Monaco di S. Basilio — ad uso de Missionarii della Sagra Congregatione de Propaganda Fide.
“
|
(ქართული) „ლექსიკონი ქართული და იტალიური, შედგენილი სტეფანო პაოლინის მიერ, ქართველ ნიკიფორე ირბახის, წმ. ბასილის (წესის) ბერის დახმარებით — სახმარად სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების მისიონერთა
“
|
(ქართულ–იტალიური ლექსიკონის თავფურცელი.
)
|
აღწერილობა
რედაქტირებალექსიკონში ტექსტი სამ სვეტადაა განაწილებული: პირველ სვეტს ქართული სიტყვები შეადგენს; მეორე სვეტში ქართული სიტყვის ლათინური ტრანსლიტერაციაა მოცემული სიტყვებზე მახვილებითურთ; მესამე სვეტში კი ქართული სიტყვების იტალიური განმარტებებია. ლექსიკონში ხშირია ქართული სიტყვების არაზუსტი დაწერილობა (აგმოსაულეტი, ადვილიდ, აგმოზენებული, აბრეშომი და სხვა). ეს შეცდომები გამოწვეულია ლექსიკონის შემდგენლის – პაოლინის ქართული ენის თავისებური ბგერების გაურკვევლობა. მართალია მას ქართველი ნიკიფორე ირბახი ეხმარებოდა, მაგრამ გაურკვეველია ლექსიკონის შედგენისას კონკრეტულად რაში მიიღო მან მონაწილეობა და და რა გაკეთდა მის გარეშე. [2] ორთოგრაფიული შეცდომების სიმრავლემ გამოიწვია ნიკიფორე ირბახის წარმომავლობისა და ეროვნების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის თავფურცელზე იგი ქართველადაა მოხსენიებული. მიხეილ თამარაშვილის აზრით, ნიკიფორე ქართველ დიდებულთა წრიდან უნდა ყოფილიყო, მისი მამა კი ქართველთა ჯარის სარდალი. [3] დავით კარიჭაშვილი სხვადასხვა გარემოებებზე დაკვირვებით ასკვნის, რომ ნიკიფორე ირბახი იგივე ნიკიფორე მიტროპოლიტია, ნიკოლოზად წოდებული, რომელიც ეროვნებით ბერძენი იყო.[4] სწორედ ნიკიფორე ირბახის ბერძნული წარმომავლობით ხსნის დავით კარიჭაშვილი ლექსიკონში არსებულ შეცდომებს. მის მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ლექსიკონში ქართულ სიტყვათა ნაცვლად არაერთ ადგილას ბერძნულია მითითებული: „მამაკაცის“ ნაცვლად წერია „ანირი“; „მეფის“ ნაცლად – „ვასილია“; „ცხენი“ – „იპო“ და სხვა. დავით კარიჭაშვილს ლექსიკონში ქართული სიტყვების ბერძნულით შეცვლის სულ 47 მაგალითი მოჰყავს.[5]
ქართული სიტყვანი
რედაქტირებაქართული–იტალიური ლექსიკონის 3084 სიტყვა პირველი მცდელობაა ქართულენოვანი სიტყვების ანბანურ რიგზე დალაგებისა, სტეფანო პაოლინის გამოცემაში პირველადაა მოცემული ქართული სიტყვანი. უცნობია, ვინ შეადგინა სიტყვანი. არნოლდ ჩიქობავამ ეჭვქვეშ დააყენა, რომ რომში ჩასულმა ნიკიფორე ირბახიმ 3084 ქართული სიტყვა ზეპირად, წყაროების გამოყენების გარეშე შეადგინა. იგი მიიჩნევს, რომ სიტყვანი სხვაენოვანი (სავარაუდოდ ბერძნული) ლექსიკონის სიტყვანიდან გამოკრებილი მასალის ქართულ ენაზე თარგმნით შედგა. ამით ხსნის იგი „უთარგმნი“ ბერძნული სიტყვების არსებობას ლექსიკონში.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ა. ჩიქობავა, ჯ. ვათეიშვილი; "პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები", გვ. 27, თბ., 1983
- ↑ ა. ჩიქობავა, ჯ. ვათეიშვილი; "პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები", გვ. 27, თბ., 1983
- ↑ მიხ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველტა შორის, 1902, გვ. 92
- ↑ დ. კარიჭაშვილი, "ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია", 1929, გვ. 17–22
- ↑ დ. კარიჭაშვილი, "ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია", 1929, გვ. 25–26
- ↑ ა. ჩიქობავა, ჯ. ვათეიშვილი, პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები, 1983, გვ. 28–29.