მთავარი მენიუს გახსნა

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ნიკიფორე ირბახი)
ნიკიფორე ირბახი, კრისტოფორო დე კასტელი

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი) (დ. დაახლოებით 1585 — გ. 1658) — ქართველი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მწიგნობარი, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი.

ბიოგრაფიარედაქტირება

8 წლისა სწავლა-განათლების მისაღებად გააგზავნეს იტალიაში, სადაც კათოლიკეთა ბერძნულ სკოლაში მიებარა სასწავლებლად. იქვე აღიკვეცა კათოლიკე ბერად. დაახლოებით 1608 წელს საქართველოში დაბრუნდა და კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის კარის მოძღვარი გახდა. 1614 წელს შაჰ-აბას I-ის საქართველოში ლაშქრობის დროს, იერუსალიმში წავიდა. 1625 წელს ანტისპარსული კოალიციის შექმნის თაობაზე მოსალაპარაკებლად, თეიმურაზ I-ის დავალებით, დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ევროპაში.

ნიკიფორე ირბახის ცხოვრების გზა წააგავს სულხან-საბა ორბელიანის გზას. თეიმურაზ I-ის დავალებით იგი მიემგზავრება ევროპაში და 1626-1629 წლებში უკვე მოიხსენიება როგორც თეიმურაზის ელჩი პაპ ურბან VIII-ის კარზე. ამ პერიოდშივე იგი ეწვია ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს, რომელიც მაშინ ევროპაში მიმდინარე ოცდაათი წლის ომშია ჩაბმული. რომში ყოფნისას ჩოლოყაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში. 1629 წელს მისი დახმარებით ჩამოისხა ქართული ანბანი. მისიონერული მიზნებით სტეფანო პაოლონისთან ერთად მან რომშივე შეიმუშავა და გამოსცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი და „ლოცვანი“ ქართულ ენაზე. 1629 წელსვე ჩოლოყაშვილი საქართველოში დაბრუნდა თეატინელთა ორდენის მისიონარებთან ერთად და იმავე წელს გახდა მეტეხის ტაძრის წინამძღვარი. მაშინდელი მიმოწერა მისიონერებს, პაპსა და ქართველ მეფეს შორის ადასტურებს, რომ ნიკიფორე ირბახი შუამავლობდა ურბან VIII-სა და თეიმურაზ I-ს შორის ქართული ეკლესიის რომთან შეერთებას (ე. წ. უნიას). 1632 წელს, როდესაც თეიმურაზ I იძულებული შეიქმნა იმერეთის სამეფოსთვის შეეფარებინა თავი, ჩოლოყაშვილი სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის უახლოესი თანამშრომელი და მისი ვრცელი პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგმელი გახდა. მისიონერები მას დადიანის კარის სახლთუხუცესად იხსენიებენ.

1643-1649 წლებში ჩოლოყაშვილი კვლავ იერუსალიმშია ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად. 1650 წელს ის საქართველოში ბრუნდება. ჯერ იმერეთის სამეფოს კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კვლავ ლევან II დადიანთან, რომლის ხელისშეწყობითაც 1656-1657 წ. სამეგრელოსა და აფხაზეთის კათოლიკოსი ხდება. 1657 წელს, ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ, ოდიშის ახალმა მთავარმა ვამეყ III-მ სხვა თავის მოწინააღმდეგეთა შორის ჩოლოყაშვილიც შეიპყრო და საპყრობილეში მოათავსა, სადაც იგი გარდაიცვალა.

ჩოლოყაშვილის მრავალმხრივი საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს პოლიტიკის და კულტურის აღორძინებისაკენ. თანამედროვენი მას უწოდებდნენ ბრძენსა და ფილოსოფოსს, რიტორს, "ღირსსა ყოვლისა სიკეთისა".

ლიტერატურარედაქტირება

  • თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ., 1902;
  • აკოფაშვილი გ., ქსე, ტ. 11, გვ. 147, თბ., 1987
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: