აღაპი (ბერძ. agapē — ძმური ტრაპეზი) — მიცვალებულის მოსახსენებელი პურისჭამა, განკუთვნილი ეკლესია-მონასტრის კრებულისათვის. საწყისს იღებს ადრინდელი ქრისტიანობიდან, როდესაც ეკლესიის წევრები საღამოობით სერობაზე იკრიბებოდნენ (სიმბოლურად ეს იყო „საიდუმლოს სერობის“ მოგონება). ამ დროს ასრულებდნენ ზიარებას, არჩევდნენ საზოგადო და საეკლესიო საქმეებს. თავდაპირველად აღაპი ეკლესიის წევრთა თანასწორუფლებიანობასა და ძმობა-სიყვარულს გამოხატავდა. შემდეგ კი თანდათან დაკარგა დემოკრატიული ხასიათი და მდიდართა ღრეობად იქცა, IV საუკუნეში ადგილობრივი საეკლესიო კრებებმა ჩამოაშორეს აღაპს ზიარება, ხოლო კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებებმა (680 და 692) აკრძალეს აღაპის გამართვა ტაძარში და ამით საეკლესიო შინაარსი დაუკარგეს მას. აღაპი სრულიად მოისპო, აღმოსავლეთ მართლმადიდებელ ქრისტიანებში კი დიდხანს შემორჩა, როგორც წმინდანთა და გარდაცვლილ ნათესავთა მოსახსენებელი სერობა.

აღაპი საქართველოში ძველთაგანვე ეკლესიაში ან მონასტერში ეწყობოდა და თან ახლდა წირვა, ზოგჯერ კი — პანაშვიდიც. სააღაპო ტრაპებზე უნდა შეესვათ ღვინო მიცვალებულის ცოდვების შესანდობრად, ხოლო წირვისას მოუხსენიებინათ მისი სახელი. ზოგჯერ ეწყობოდა ე. წ. „კარგაღებული“ აღაპი. ამ დროს უფასოდ უმასპინძლებოდნენ „გლახაკებს“. აღაპი ეკლესია-მონასტრების გამდიდრების წყარო იყო. რამდენიმე მისი ხარჯების დასაფარავად ხდებოდა ყმების, მამულების, ფულის და სხვა შეწირვა.

აღაპის ნიადაგზე ფეოდალურ საქართველოში წარმოიშვა პირობითი მიწათმომფლობელობის განსაკუთრებული ფორმა ე. წ. „შეწირული“, შეიქმნა ყმა-გლეხთა ცალკე ჯგუფი — „მეაღაპენი“, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ ეკლესია-მონასტრებში აღაპის საჭიროებისათვის თავიანთი ჭირნახული მიეტანათ. დიდ ეკლესია-მონასტრებში შემუშვებული იყო აღაპის ადგილობრივი წესები. ადგენდნენ აგრეთვე დავთრებს, სადაც აღაპები კალენდრის რიგით შეჰქონდათ. საქართველოს მთიანეთში არსებობდა აღაპის მოწყობის ხალხური წესი.

აღაპის ჩასაწერად ჩვეულებრივად იყენებდნენ სვინაქსარს, სადაც აღნიშნავდნენ შემომწირველთა სახელებს, შემოწირულებას და მიცვალებულის მოხსენიების დღესა და წესს. ასეთ მინაწერებს შეიცავს იერუსალიმისა და გოლგოთის ქართული სვინაქსარები. რადგან აღაპები სვინაქსარზე წლებისა და საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა, ხელნაწერი ძველდებოდა, იხეოდა. მათი განახლებისა და თავმოყრის მიზნით აღაპების ტექსტებს ცალკე იწერდნენ. ამგვარი სააღაპე წიგნის ნიმუშია 1901 წელს გამოცემული „ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპები“.

ლიტერატურა

რედაქტირება