ბერნარდე ნეაპოლელი
ბერნარდე ნეაპოლელი — XVII საუკუნის იტალიელი კათოლიკე მისიონერი, ქართული ხალხური ზღაპრების ჩამწერი. საქართველოში პირველად 1661 წელს ჩამოვიდა მცირე ხნით, რომის ეკლესიის დავალებით. 1670—1680 წლებში საქართველოში ცხოვრობდა. შეისწავლა ქართული ენა და რამდენიმე წიგნიც თარგმნა; კერძოდ, 1681 წელს რომში დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი ქართული კატეხიზმო. მ. თამარაშვილის მოწმობით, ბერნარდე ნეაპოლელს ეკუთვნის აგრეთვე ქართულ ენაზე შედგენილი წიგნი "ბჭობა კათოლიკობის შესახებ". ბერნარდე ნეაპოლელის არქივი იტალიაში ტორე-დელგრეკოს კაპუცინთა მონასტერში ინახებოდა. ამონაწერები ამ არქივიდან და მისი მოკლე აღწერა დაცულია თბილისში, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (H - 661). 1947 წელს ამ ფონდში მიაკვლიეს ბერნარდე ნეაპოლელის მიერ ჩაწერილ ორ ქართულ ზღაპარს. 1964 წელს გამოქვეყნდა იტალიაში (ნეაპოლის ეროვნული ბიბლიოთეკა) დაცული თორმეტი ქართული ზღაპარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902;
- ვირსალაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 329.