გიორგი ახვლედიანი

ქართველი ენათმეცნიერი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი ახვლედიანი (მრავალმნიშვნელოვანი).

გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი (დ. 13 აპრილი, 1887, სოფელი დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1973, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი.

გიორგი ახვლედიანი
დაბ. თარიღი 13 აპრილი, 1887(1887-04-13)
დაბ. ადგილი დერჩი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 7 ივლისი, 1973(1973-07-07) (86 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ენათმეცნიერი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „კავკასიის დაცვისათვის“

ბიოგრაფია

რედაქტირება

1914 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, სადაც ახვლედიანის გამოკვლევას „ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სლავურ ენებში“ ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები („ენათმეცნიერების შესავალი“, 1918-1919; „სანსკრიტი“, 1920), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა.

ახვლედიანმა იოსებ ყიფშიძესთან და აკაკი შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება“. ახვლედიანის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენში ახალი კადრების აღზრდა ზოგად საექსპერიმენტულ ფონეტიკაში, ზოგად ენათმეცნიერებაში, გერმანისტიკაში, რომანისტიკაში, ინდოლოგიაში, ირანისტიკაში, ოსოლოგიაში.

მისი ნაშრომები „ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები“ (ტ. 1, 1938), „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“ (1949), „ზოგადი ფონეტიკის შესავალი“ (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართულ-ქართველური სპეციფიკური თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და, საერთოდ, ბგერითი სისტემის შესწავლით მან მრავალი ახალი დებულება შემატა ზოგად ფონეტიკას. ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ახვლედიანის შემოღებული არაერთი ტერმინი. ახვლედიანის ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენების - ლოგოპედიის მამამთავარია საქართველოში.

ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან "დასაბამი ნივთთა" (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან „ავესტა“ (17 გათა); ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს („ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო“, 1914).

ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში“ (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.

თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები

რედაქტირება
 იასონ მოსეშვილივასილ კაკაბაძესოლომონ ქურდიანიგიორგი ახვლედიანიმიხეილ ზანდუკელიკორნელი კეკელიძეევგენი ჭოღოშვილიმიხეილ თაქთაქიშვილიგიორგი კონიაშვილიალექსანდრე დიდებულიძემიხეილ კონიაშვილინიკო მგელაძესერგო გორგაძეგრიგოლ ნათაძეანდრია ბენაშვილიივანე ჯავახიშვილინიკო ჩიგოგიძე
  • თბილისის 130-ე საშუალო სკოლა გიორგი ახვლედიანის სახელს ატარებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თბილისის უნივერსიტეტი - გიორგი ახვლედიანს (საიუბილეო კრ., მიძღვნილი გიორგი ახვლედიანის დაბადების 80 წლისთავისადმი), თბ., 1969;
  • ძიძიგური შ., გიორგი ახვლედიანი, თბ., 1967;
  • Жгенти С. М., Георгий Сариданович Ахвледиани (к 70-летию со дня рождения), «Фонетический сборник», 1959, т. 1;