დიალექტოლოგია
დიალექტოლოგია — ენათმეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ისეთ არასტანდარტიზებულ ენობრივ ნაირსახეობებს, როგორიცაა დიალექტები.
დიალექტოლოგიის მეთოდები
რედაქტირებაშინაგანი აღწერა
რედაქტირებაშინაგანი აღწერა დიალექტოლოგიაში გამოყენებული ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც გამოყოფენ და იკვლევენ მოცემული დიალექტის ფონეტიკის, ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსისა თუ სემანტიკისთვის დამახასიათებელ შტრიხებს. ამ მხრივ დიალექტური აღწერა თითქმის არაფრით განსხვავდება სინქრონული ლინგვისტური აღწერისგან.
კონტრასტული აღწერა
რედაქტირებადიალექტოლოგიაში შესაძლოა ერთი და იმავე ენობრივი ოჯახის ან ჯგუფის ერთი ან რამდენიმე დიალექტის ურთიერთშედარება მოხდეს. ამ დროს ხშირად ლინგვისტური გეოგრაფიის გამოკითხვებს მიმართავენ, რაც საშუალებას იძლევა აღიწეროს მოცემული ენობრივი ოჯახის წევრებისათვის სპეციფიკური ნიშნების სივრცობრივი განაწილება. ამგვარი გამოკითხვები ხშირად ლინგვისტური ატლასების შექმნას ედება საფუძვლად და ენობრივ მახასიათებლებს შორის საზღვრების გამოკვეთით დიალექტებს შორის განსხვავებების გარჩევის საშუალებას იძლევა. ამგვარი საზღვრები იზოგოსების სახელითაა ცნობილი. განსხვავებების აღსაწერი მეორე ტექნიკა არის დიალექტომეტრია, რომელიც მდგომარეობს დიალექტური რუკის რამდენიმე წერტილს შორის დაპირისპირებათა რაოდენობრივ გაზომვაში.
გენეტიკური აღწერა
რედაქტირებაეს მეთოდი ხშირად დიაქრონიულ (ანუ ისტორიულ) შესწავლასთან არის ასოცირებული, რომლის მიზანია აჩვენოს საერთო წყაროდან წამოსული დიალექტების განსხვავებული განვითარება და ამით ახსნას მათი ფორმირება (ეს არის ე.წ. დიალექტური დიფერენციაციის ანუ დიალექტიზაციის პროცესი.
ანთროპოლოგიური აღწერა
რედაქტირებააღნიშნული მეთოდი სწავლობს მოცემულ საზოგადოებაში დიალექტური ნაირსახეობების ხმარებას, მაგ, დიალექტების ლექსიკის შეპირისპირებით მოცემული საზოგადოების ადათ-წესების, ჩვეულებების, რწმენისა თუ ორგანიზაციისადმი. ამ მხრივ დიალექტოლოგია უახლოვდება ანთროპოლოგიას (აქედან გამომდინარე ანთროპოლინგვისტიკასაც) და ფოლკლორის მეცნიერულ შესწავლას.
სოციოლინგვისტური აღწერა
რედაქტირებასოციოლინგვისტური მეთოდით დიალექტოლოგია სწავლობს მოცემულ საზოგადოებაში არსებულ ენობრივ ნაირსახეობებს შორის დამოკიდებულებასა და კონკურენციას (დიგლოსიის სიტუაცია). მას შეუძლია შეისწავლოს ის დამოკიდებულებები და წარმოდგენები, რომლებიც მოცემული ენობრივი ნაირსახეობის მომხმარებლებს გააჩნიათ ამ დიალექტის მიმართ. ამ თვალსაზრისით, დიალექტოლოგია სოციოლინგვისტიკის ნაწილია.
დიალექტოლოგიის ისტორია
რედაქტირებადიალექტოლოგია საფუძველს იღებს გერმანელი ენათმეცნიერის, ჯორჯ ვენკერის ნაშრომებში. ხოლო როგორც მეცნიერება იგი საბოლოოდ ჩამოაყალიბა შვეიცარიელმა ჟიულ ჟიიერონმა. დიალექტოლოგიის სახელი კი მას პროფესორმა ჟან ჰაუსტმა უწოდა.
დიალექტოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს იმ საზოგადოებებში, რომლებიც ცდილობენ თავიანთი კულტურული თუ ენობრივი მემკვიდრეობის ხაზგასმას, კულტურული და ენობრივი უმცირესოებებისთვის გარკვეული უფლებების მინიჭებას.
დიალექტოლოგია საქართველოში
რედაქტირებაფრაგმენტული ცნობები ქართული დიალექტების შესახებ XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან მოგვეპოვება. თურქმა მოგზაურმა ევლია ჩელებიმ მესხეთში ჩაიწერა ორი ქართული ზღაპარი, რაც პირველ დიალექტოლოგიურ ჩანაწერად ითვლება. ცალკეული დიალექტოლოგიური ცნობები გვხვდება სულხან-საბა ორბელიანთან (XVIII ს. დასაწყისი), ვახუშტი ბატონიშვილთან (XVIII ს.), მარი ბროსესთან (1834), გ. როზენთან (1846), რიხარდ ერკერტთან (1895).
ქართული ენის დიალექტების სისტემატური მეცნიერული შესწავლა XX ს. 10-იანი წლებიდან დაიწყო. 1911 წელს ნიკო მარმა გამოაქვეყნა იმერხეული ტექსტები მოკლე ფონეტიკურ-გრამატიკული მიმოხილვითურთ; გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის შრომა საინგილოს შესახებ (1911–19); ამავე პერიოდში ქართული დიალექტების აქტიური შესწავლა დაიწყეს აკაკი შანიძემ („ქართული კილოები მთაში", 1915) და ვუკოლ ბერიძემ. 20-იანი წლებიდან უკვე ფართოდ გაიშალა დიალექტოლოგიური მუშაობა (ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ა. ჩიქობავა, ვ. თოფურია და სხვ.). დიალექტოლოგიური კვლევის უმთავრესი ცენტრები იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილება.
საქართველოში დიალექტოლოგიური კვლევა მიმდინარეობს ეთნოგრაფიული კუთხეებისა და გეოგრ. რეგიონების მიხედვით. შეკრებილი ტექსტობრივი და ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური მასალის საფუძველზე აღიწერება დიალექტის ყველა დონის ენობრივი თავისებურებანი; მზადდება და გამოიცემა მონოგრაფიები თითოეული დიალექტის შესახებ. მეტ-ნაკლები სისრულით შესწავლილია ქართული ენის ყველა დიალექტი, გამოქვეყნებულია ტექსტობრივი და ლექსიკური მასალები. ამ მასალების საფუძველზე გამოქვეყნებულია მონოგრაფიები: „გურული კილო" (ს. ჟღენტი, 1936); „ხევსურულის თავისებურებანი" (ა. ჭინჭარაული, 1960); „თუშური კილო" (თ. უთურგაიძე, 1960); „ქართული ენის კახური დიალექტი" (ა. მარტიროსოვი, გ. იმნაიშვილი, 1956); „ქართული ენის მოხევური დიალექტი" (ი. ქავთარაძე, 1982); „ფშავური დიალექტი" (გ. ცოცანიძე, 1978); „აჭარული დიალექტი" (შ. ნიჟარაძე, 1971); „ჩვენებურების ქართული" (შ. ფუტკარაძე, 1985) და სხვ.
გამოცემულია განმაზოგადებელი შრომები: ქართული დიალექტოლოგია (ბ. ჯორბენაძე, I, II 1989, 1997), ქართველურ ენათა დიალექტები (მისივე, 1995). ლინგვისტური ატლასის შესაქმნელად შედგენილია კითხვარი, ეწყობა ექსპედიციები სათანადო მასალების მოსაპოვებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქავთარაძე, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 501.
- ცოცანიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- იმნაიშვილი, გ. „ქართული დიალექტოლოგიის ბიბლიოგრაფია“, თბილისი, 1969.