ვუკოლ ბერიძე
ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე (დ. 15 თებერვალი, 1883, ხონი — გ. 11 მაისი, 1963, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1948), პროფესორი (1932).
ბიოგრაფია
რედაქტირება1902 წელს დაამთავრა ხონის სემინარია და იქვე დაიწყო მასწავლებლობა. 1907 წელს ექსტერნად ჩააბარა გამოცდები ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში და მიიღო სიმწიფის ატესტატი. 1912 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. 1922–1932 წლებში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში, 1932 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1912 წელს შეადგინა "სიტყვის-კონა იმერულ და რაჭულ თქმათა", რომელიც გამოირჩევა სანიმუშო განმარტებით, მდიდარი და კარგად შერჩეული საილუსტრაციო მასალით. ბერიძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენაში. ამ საქმეს იგი თითქმის სამი ათეული წელი მოთავეობდა. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა შემდეგი ტერმინოლოგიური ლექსიკონები: სამშენებლო (1926), ფიზიკისა და ელექტროტექნიკის (1928), ენისა და ლიტერატურის (1928), ნორმალური ანატომიის (1930), ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული საქმის (1932), ტექნიკური (1936), მემცენარეობის (1938), ენტომოლოგიის (1938), საავიაციო (1945), სამედიცინო (1947), ნიადაგმცოდნეობისა (1950) და სხვა.
ბერიძეს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი რუსთველოლოგიაში, ქართული ენისა და ლიტერატურის სხვადასხვა საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია: "ვეფხისტყაოსნის ხალხურობისათვის", რომელშიც ავტორი იკვლევს რუსთაველის პოემის ეროვნულ ძირებს, მის კავშირს ქართულ ფოლკლორთან; "შოთას პოეტიკისათვის" და "რუსთაველის შაირისათვის", რომელიც ეხება რუსთაველის შეხედულებას პოეზიაზე და მისი ლექსთწყობის თავისებურებებს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიდუბის პანთეონში მასთან ერთად დაკრძალულია მისი მეუღლე — ელისაბედ (ლიზიკო) კონსტანტინეს ასული ჩხეიძე — (დ. 1895, ხონი — გ. 11 მაისი, 1963, თბილისი).
ლიტერატურა
რედაქტირება- მეგრელიძე ი., რუსთველოლოგები, თბ., 1970;
- ცაიშვილი ს., ღამბაშიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 322-323.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 83, თბ., 1994