რუსთველოლოგია

მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს შოთა რუსთაველის პოემა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორთან დაკ

რუსთველოლოგიაქართველოლოგიის დარგი, რომელიც შოთა რუსთაველის პოემა ვეფხისტყაოსანსა და ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას იკვლევს.

ვეფხისტყაოსანი - რუსთველოლოგიის კვლევის მთავარი ობიექტი

რუსთველოლოგიის სხვადასხვა პრობლემის შესახებ ნაშრომები გამოაქვეყნეს: ივანე ჯავახიშვილმა, კორნელი კეკელიძემ, აკაკი შანიძემ, იუსტინე აბულაძემ, პავლე ინგოროყვამ, ნიკო მარიმ, სარგის კაკაბაძემ, შალვა ნუცუბიძემ, ალექსანდრე ბარამიძემ, ვუკოლ ბერიძემ, სოლომონ იორდანიშვილმა, გიორგი წერეთელმა, ილია აბულაძემ, ივანე გიგინეიშვილმა, დავით ჩუბინაშვილმა, პლატონ იოსელიანმა, ალექსანდრე ხახანაშვილმა და სხვ. რუსთველოლოგური საკითხები გამოკვლეულია უცხოელი რუსთველოლოგების: მარი ბროსეს, მიკოლა გულაკის, ევგენი სტალინსკისა და სხვათა ნაშრომებშიც.

მიმოხილვა რედაქტირება

 
შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმში. ავტორის ვინაობა რუსთველოლოგიის ერთ-ერთი საკვლევი პრობლემაა

ვეფხისტყაოსნის შესწავლისა და ტექსტის დადგენის საფუძველია პოემის ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლა. რუსთველოლოგიის დარგში სხვადასხვა დროს ჩამოყალიბდა გარკვეული კონცეფცია ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორიაზე, პოემის შედგენილობა-მოცულობის საკითხებზე, ახლებურად დაისვა რუსთაველსა და მის პოემასთან დაკავშირებული არაერთი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხი (პოემის დაწერის თარიღი, ავტორის ვინაობა, პოემის ორიგინალობა, რუსთაველის მიმართება ადრინდელ ქართულ მწერლობასთან, მისი კავშირი აღმოსავლურ პოეზიასთან, ვეფხისტყაოსნის გავლენა ქართული მწერლობის შემდგომ განვითარებაზე) და ა. შ.

რუსთველოლოგიის დარგში დაიწერა სპეციალური ხასიათის ნაშრომები ვეფხისტყაოსნის ეპოქაზე, რომლებშიც წარმოდგენილია პოემის სოციალური გარემოს განუყოფელი კავშირი XII საუკუნის ქართული ისტორიის სინამდვილესთან. საგულისხმო ნაშრომები გამოქვეყნდა პოემის ლექსიკაზე, ენაზე, პოეტიკის და მხატვრული კონსტრუქციის თავისებურებაზე, პოემის ტიპოლოგიურ მიმართებაზე შუა საუკუნეების აღმოსავლეთისა და დასავლეთის მწერლობასთან, სპეციალურად დამუშავდა ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული ფოლკლორისტული საკითხები, საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული რუსთაველის შემოქმედების მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ ესთეტიკური ასპექტები, გამოვლინდა მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც წარმოაჩენენ ვეფხისტყაოსნის ავტორის კავშირებს ქრისტიანულ რელიგიასთან და ქართულ კულტურასა და აზროვნებასთან.

რუსთველოლოგიის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი ნაშრომები გამოაქვეყნეს: აკაკი გაწერელიამ, შოთა ძიძიგურმა, გ. ჯიბლაძემ, სოლომონ ყუბანეიშვილმა, გ. ნადირაძემ, ი. ლოლაშვილმა, ვ. ნორაკიძემ, მ. ჩიქოვანმა, შ. ღლონტმა, ი. მეგრელიძემ, ლ. მენაბდემ, მ. გუგუშვილმა, მ. კარბელაშვილმა, ე. ხინთიბიძემ, გ. შარაძემ, მ. გიგინეიშვილმა, ლ. ანდღულაძემ, ბ. დარჩიამ, ს. სერებრიაკოვმა, გ. კარტოზიამ, რ. პატარიძემ, ა. ჭინჭარაულმა, მ. მახათაძემ, დ. ქუმსიაშვილმა და სხვ.[1]

ისტორია რედაქტირება

 
1712 წელს დაბეჭდილი ვეფხისტყაოსნის თავფურცელი

„ვეფხისტყაოსნის“ კრიტიკულად შესწავლა ვახტანგ VI-ის პერიოდიდან იწყება. იგი პოემის ერთ-ერთი პირველი კომენტატორი იყო და პირველი რუსთველოლოგიური ნაშრომიც მას ეკუთვნის. 1712 წელს გამოცემული „შოთა რუსთაველი. ვეფხისტყაოსანი. აწ ახალი დაბეჭდული ქართულს ენასა ზედა ჟამსა ამაღლებულისა საქართველოს მპყრობელისა უფლისა უფლისა ვახტანგისსა:. შრომითა და წარსაგებელითა მისვე მპყრობელისათა“ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ოთხმოციან წლებში იქცა. 1712 წლის გამოცემას ახლავს „თარგმანი“, ანუ კომენტარები, „წიგნის ამის ვეფხისტყაოსნისა: თქმული ბატონის შვილის გამგებელის პატრონის ვახტანგისა“.[2]

ამავე ხანებიდან ვეფხისტყაოსნით დაინტერესდნენ უცხოელი მკვლევრებიც. პირველი რუსი რუსთველოლოგის, ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნში „საქართველოს ისტორიული სურათი პოლიტიკური, საეკლესიო და სწვალა-განათლების მდგომარეობის თვალსაზრისით“ ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორს სათანადო ადგილი ეთმობა, რამაც რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში რსთაველის პოემით დაინტერესებას შეუწყო ხელი.[3]

რუსთველოლოგიის ისტორიაში ნაყოფიერი აღმოჩნდა XIX საუკუნის II ნახევარი, როდესაც ვეფხისტყაოსნისადმი განსაკუთრებული ინტერესი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას დაუკავშირდა. აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის,[4] აკაკი წერეთლის,[5] იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და სხვების წერილები, რომლებშიც მხატვრული თავისებურებების წარმოჩენასთან ერთად არ იყო უგულებელყოფილი პოემაში დადასტურებული მაღალი საკაცობრიო იდეალები.

რუსთველოლოგიის მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვანია ნიკო მარის შრომები. მათ ღირსებებს განსაზღვრავს მკაცრი დილოლოგიური მეთოდები, ტექსტოლოგიურ ძიებათა მაღალი დონე. ამასთან ნ. მარმა, ერთ-ერთმა პირველთაგანმა, ვეფხისტყაოსნის რთული პრობლემატიკა წარმოადგინა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ მწერლობის შუქზე. XX საუკუნის დასაწყისიდანვე რუსთველოლოგიის საკითხებზე ინტენსიურად მუშაობდნენ ალექსანდრე სარაჯიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, იუსტინე აბულაძე, სარგის კაკაბაძე, ივანე ჯავახიშვილი და სხვები.

საბჭოთა პერიოდში რუსთველოლოგია ჩამოყალიბდა კომპლექსურ დარგად, რომელიც ითვალისწინებდა როგორც ფილოლოგიურ, ისე ისტორიულ და სხვა მომიჯნავე მეცნიერებათა მიღწევებს. მუშაობამ შეიძინა გამიზნული ხასიათი, შეიცვალა ორგანიზაციული ფორმები, ჩამოყალიბდა სპეციალური რუსთველოლოგიური კერები (რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის რუსთველოლოგიური განყოფილება, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისია“, თსუ-ის „რუსთაველის კაბინეტი“) და ა.შ.

შესწავლის ეტაპები რედაქტირება

 
ვახტანგ VI - რუსთველოლოგიის ფუძემდებელი

შესწავლის ისტორიის მიხედვით, რუსთველოლოგიაში ოთხი ეტაპი შეიძლება გამოიყოს. პირველი ეტაპი ვახტანგ VI-დან ნიკო მარამდე გრძელდება. ამ ეტაპზე მარი ბროსემ და დავით ჩუბინაშვილმა ალეგორიების თეორია ჩამოაყალიბეს, თუმცა პოემის სიუჟეტის წარმოშობის საკითხში ვახტანგ VI-ის შეხედულებას იზიარებდნენ. პოემის სიუჟეტის ქართული ზეპირსიტყვიერებიდან აღების თვალსაზრისი გამოთქვა ალექსანდრე ხახანაშვილმა, მაგრამ მეთოდოლოგიით, ისიც პირველი ეტაპის რუსთველოლოგებს მიეკუთვნება.

რუსთველოლოგიის მეორე ეტაპი ნიკო მარის ნაშრომებით იწყება. ამ ეტაპზე დარგის პრობლემების მეცნიერულად შესწავლა, შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და პოემის წინა ეპოქის ქართული და მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში განხილვა, ღრმა ტექსტოლოგიური და ლექსიკოლოგიური ძიებები იწყება.

მესამე ეტაპი 1930-1960 წლებს მოიცავს. ამ პერიოდში დაიწყო ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგის მიღწევებისა და მეთოდების აქტიურად გამოყენება. მეოთხე ეტაპი 1960 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.

რუსთველოლოგიის განვითარების ეტაპები დაკავშირებულია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის გამოცემებთან, რომელთაგან გამორჩეულია 1712, 1841 (რომლის ტექსტის, წინასიტყვაობისა და თანდართული ლექსიკონის შედგენაში თეიმურაზ ბაგრატიონი უშუალოდ მონაწილეობდა), 1937 და 1966 წლების გამოცემები. თავისებურია ე.წ. ქართველიშვილის 1888 წლის, იუსტინე აბულაძის, სარგის კაკაბაძის, პავლე ინგოროყვასა და კონსტანტინე ჭიჭინაძის გამოცემები.[2]

პოემის კვლევა რედაქტირება

 
ნიკო მარი

რუსთველოლოგიის კვლევის ფარგლებში მოქცეულია პოემასა და მის ავტორთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. რუსთველოლოგიაში კვლევის მთავარი ობიექტი ვეფხისტყაოსანია. შესაბამისად, რუსთველოლოგები შეისწავლიან პოემის 160-ზე მეტი ხელნაწერის ისტორიას, იკვლევენ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის წარმოშობასთან, რუსთველურ სტროფებთან, პერსონაჟთა სახეებთან, მხატვრულ ხერხებთან, გაგრძელებებთან, თარგმანებთან და სხვ. დაკავშირებულ პრობლემებს.

შინაარსის კვლევა რედაქტირება

რუსთველოლოგიის საკვლევ პრობლემებს შორის მნიშვნელოვანია პოემის პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგის ნამდვილობისა და ურთიერთმიმართების საკითხი. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ პოემის შესავალი და დასასრული შოთა რუსთაველს არ ეკუთვნის და გვიანდელ ეპოქაშია დაწერილი, ნაწილი მიიჩნევს, რომ მათში რამდენიმე სტროფია დამატებული, ნაწილისთვის კი ორივე პოემის ორგანული ნაწილია.

დავით კარიჭაშვილი პოემის შემადგენლობის თაობაზე აღნიშნავდა, რომ იგი „სამის უსწორმასწორო ნაწილისაგან“ შედგებოდა და წინასიტყვაობასა და უკანასიტყვაობას პოემის ძირითად ნაწილთან საერთო არ ჰქონდა. ამ მოსაზრებას ერთ ხანს კორნელი კეკელიძეც იზიარებდა.[6] პროლოგისა და ეპილოგის არარუსთველობას შემდეგში ალექსანდრე სვანიძემაც დაუჭირა მხარი, თუმცა ეს მცდარი პოზიცია ნიკო მარმა და ალექსანდრე ბარამიძემ მკაცრად გააკრიტიკეს.[7][8]

1895-1901 წლებში ალექსანდრე სარაჯიშვილმა „მოამბეში“ წერილების სახით გამოაქვეყნა მონოგრაფია „ვეფხისტყაოსნის ყალბი ადგილები“, რომელშიც პროლოგისა და ეპილოგის რიგი სტროფები ყალბად მიიჩნია.[9] მას პოემის ზედმეტად შემცირების გამო აკრიტიკებდნენ, რადგანაც რიგი რუსთველური სტროფებიც ყალბად მიიჩნია და ხშირად ლექსიკურ საკითხებშიც ცდებოდა, თუმცა იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგსა და პოემას შორის ორგანული კავშირი დაინახა და დაასაბუთა კიდეც, რომ პოემა და წინასიტყვაობა რუსთაველს ეკუთვნის.

ვეფხისტყაოსნის დაბოლოების საკითხზე სხვადაასხვა აზრია გამოთქმული. ამ საკითხს ვრცლად მიმოიხილავენ: ალექსანდრე სარაჯიშვილი, იუსტინე აბულაძე, ვუკოლ ბერიძე, კონსტანტინე ჭიჭინაძე, სარგის კაკაბაძე, მ. გოგიბერიძე და სხვები. ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ პოემა ავთანდილისა და თინათინის ქორწილის თავის იმ ტაეპზე უნდა წყდებოდეს, სადაც ნესტან0დარეჯაი თინათნთან გამოთხოვებისა და სამშობლოში დაბრუნების ამბავია აღნიშნული.

რუსთველოლოგთა ნაწილი პოემის მთავარ თემად სიყვარულს მიიჩნევს (ალექსანდრე ბარამიძე, ვლადიმერ შიშმარიოვი), ნაწილი კი (ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი[10]) − მეგობრობას. ზურაბ ავალიშვილის აზრით, პოემის მთავარი თემა ორივე ერთადაა.[11]

სიუჟეტის წარმოშობის საკითხი რედაქტირება

 
დავით კარიჭაშვილი

XIX საუკუნის 80-იან წლებში ქართულ და უმთავრესად რუსულ პრესაში გამწვავდა საკითხი „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის წარმოშობის შესახებ. მკლევართა ნაწილი პოემის სიუჟეტის ორიგინალობას უჭერდა მხარს, მეორე ნაწილი თვლიდა, რომ იგი სპარსულიდან იყო თარგმნილი, ხოლო ალექსანდრე ხახანაშვილის აზრით, პოემის სიუჟეტი რუსთაველმა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან აიღო.[12]

ვახტანგ VI თვლიდა, რომ პოემა ორიგინალური ნაწარმოები იყო. თეიმურაზ ბაგრატიონი მას ეთანხმებოდა და ტექსტის კომენტარებიც მსგავსი ჰქონდა. ვახტანგთან კომენტარებს „თარგმანი“ ეწოდება, თეიმურაზთან კი − „განმარტება“, რომელთა შორის გამორჩეულია „განმარტება პოემა ვეფხისტყაოსნისა“. ორიგინალობის მოსაზრება დაიცვა დავით კარიჭაშვილმაც. იუსტინე აბულაძემ ნაწარმოები ორიგინალად მიიჩნია, ხოლო სიუჟეტი - ნასესხებად.

ნიკო მარი ქართულ ლიტერატურაზე კლასიკური სპარსული ლიტერატურის გადაჭარბებული გავლენის აზრს იცავდა და ამტკიცებდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტი სპარსული პროზაული ნაწარმოების პირდაპირი თარგმანი თუ არა, სპარსული სიტყვიერებიდან იყო აღებული. მისი აზრით, რუსთაველის შემოქმედება არა მარტო ქრისტიანული საქართველოს, არამედ წარმართობის დროინდელი ქართული კულტურის ელემენტების შემცველიცაა, ამიტომაც პოემის სიუჟეტის საფუძველში ქართული სინამდვილეცაა ჩადებული და ავტორის მსოფლმხედველობა ქრისტიანული და მუსულმანური შემოქმედების საზღვარზე ქართულ ნიადაგზეა ჩამოყალიბებული.

ავტორის კვლევა რედაქტირება

 
დავით ჩუბინაშვილი

წარმომავლობა რედაქტირება

თეიმურაზ ბატონიშვილს ეკუთვნის მოსაზრება შოთა რუსთაველის ჰერეთიდან წარმომავლობის შესახებ. მისი აზრით, ტაეპში „ვწერ ვინმე მესხი მელექსე...“ არა პოემის ავტორი, არამედ მისი გადამწერი, რუსთაველის მდივანი იგულისხმება. იუსტინე აბულაძე რუსთველოლოგიაში ნიკო მარის მიდგომებს იყენებდა, თუმცა რიგ საკითხებში მასწავლებელს არ ეთანხმებოდა. მასწავლელისგან განსხვავებით, იგი პირველი მიემხრო თეიმურაზ ბაგრატიონს და რუსთაველის ჰერეთიდან წარმოშობის თეორია გაიზიარა.

მარი ბროსე კი თვლიდა, რომ პოემის ავტორი მესხეთიდან იყო. ბროსეს მსგავსად, რუსთაველს მესხად თვლიდა დავით ჩუბინაშვილიც.

ავტორის ვინაობასთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენდა კორნელი კეკელიძე. იგი აღნიშნავდა, რომ ორ რუსთავს შორის პირდაპირი მითითება არ არსებობს, თუმცა მაინც რუსთაველის მესხური წარმოშობისკენ იხრებოდა. კორნელი კეკელიძე ვრცლად განიხილავდა პოემის წარმოშობის საკითხს და თვლიდა, რომ რუსთაველი თამარ მეფის თანამედროვე იყო.

რელიგია რედაქტირება

შოთა რუსთაველის ქრისტიანობის იდეა პირველად ვახტანგ VI-მ წამოაყენა, რაც შემდეგში რუსთველოლოგთა დიდმა ნაწილმა გაიზიარა, მათ შორის: პლატონ იოსელიანმა, იუსტინე აბულაძემ და სხვ. კორნელი კეკელიძემ საფუძვლიანად უარყო შეხედულება რუსთაველის მაჰმადიანობის შესახებ და აღიარა, რომ იგი ბიბლიური ქრისტიანობის მომხრე იყო, თუმცა საეკლესიო ცერემონიული რიტუალებით არ იყო დაკავებული.

რუსთველოლოგები რედაქტირება

ქართველი რუსთველოლოგები რედაქტირება

ვახტანგ VI რედაქტირება

ვახტანგ VI პირველი იყო, ვინც „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის ორიგინალობა აღიარა, რაც საბოლოოდ დამკვიდრდა რუსთველოლოგიაში. მანვე წამოაყენა რუსთაველის ქრისტიანობის იდეა, რასაც ნიკო მარი არ ეთანხმებოდა. ვახტანგისეული კომენტარები მიუღებელი იყო სასულიერო პირებისთვისაც, მათ შორის: ანტონ I-ის, ტიმოთე გაბაშვილისა და სხვებისთვის. ვახტანგ VI-ის შეხედულებები პოემაში სიყვარულის თემის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით არაზუსტი აღმოჩნდა, თუმცა „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებისა და სტრიქონების შესახებ გაკეთებული კომენტარების დიდი უმრავლესობა რუსთველოლოგიაში დამკვიდრდა.[2]

დავით ჩუბინაშვილი რედაქტირება

რუსთველოლოგიაში „ვეფხისტყაოსნის“ ისტორიული ანალოგიების დადგენის პირველი სერიოზული ცდა დავით ჩუბინაშვილს ეკუთვნის. მან „ვეფხისტყაოსანი“ ფილოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით შეისწავლა. ტექსტოლოგიური საქმიანობის მხრივ აღსანიშნავია 1841 წლის რედაქციაზე მუშაობა. დავით ჩუბინაშვილმა გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ თავისი ტექსტი: „ვეფხის-ტყაოსანი. თქმული შოთთა რუსთველისა-გან, თამარ მეფის დროს. ახლად დაბეჭდილი დავით ჩუბინოვისა-გან განმარტებითურთ. სანქტ-პეტერბურღს სამეცნიერო აკადემიის სტამბასა შინა 1860 წელსა“, რომელშიც 1841 და 1846 წლების გამოცემებთან შედარებით ტექსტოლოგიური ცვლილებები შეიტანა. ერთ-ერთმა პირველმა პროზულად თარგმნა პოემის რიგი სტროფები. იგი „ვეფხისტყაოსანში“ მოთხრობილ ამბავს თამარ მეფის ცხოვრებას ადარებდა და შესაბამისი პარალელები მოჰყავდა.

პლატონ იოსელიანი რედაქტირება

 
პლატონ იოსელიანი

პლატონ იოსელიანი ერთ-ერთი პირველი რუსთველოლოგი იყო, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ლიტერატურული და ესთეტიკური თვალსაზრისით განიხილა, პოემა მსოფლიოს უდიდეს პოეტთა შედევრებს შეადარა და იგი საერთაშორისო მნიშვნელობის ქმნილებად აღიარა. მას ეკუთვნის ნაშრომი „შოთა რუსთაველი“, რომელშიც რუსთაველის იდეოლოგია, რელიგია, პოეტის ბიოგრაფია, პოემის წარმოშობის, ლიტერატურული წყაროებისა და სხვა საკითხები განიხილა. პლატონ იოსელიანი ვახტანგ VI-ის ხაზს აგრძელებდა და თვლიდა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ქართული ორიგინალური ნაწარმოებია, ხოლო რუსთაველი ქართველი ქრისტიანი იყო.

ალექსანდრე ცაგარელი რედაქტირება

რუსთველოლოგიური საკითხები ალექსანდრე ცაგარელის სხვადასხვა ნაშრომშია განხილული, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა პოეტის ეპოქის, ბიოგრაფიისა და შემოქმედების რიგი საკითხების შესასწავლად. ალექსანდრე ცაგარელმა ნიკო ჩუბინაშვილის მასალებითა და პირადი შთაბეჭდილებებით დაასაბუთა, რომ შოთა რუსთაველი ერისკაცად გარდაიცვალა და არა - ბერად. 1883 წელს მან იერუსალიმში იმოგზაურა და რუსთაველის პორტრეტის წარწერა გადმოიღო და გამოაქვეყნა. მანვე პირველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იერუსალიმში არსებული სურათი რესტავრირებული იყო, რაც 1960 წლის ექსპედიციამაც დაადასტურა. ალექსანდრე ცაგარელმა მიმოიხილა პოემის სალექსო ზომაც. მისი აზრით, საქართველოში შაირის გავრცელებას სწორედ „ვეფხისტყაოსანმა“ შეუწყო ხელი.[13]

ალექსანდრე სარაჯიშვილი რედაქტირება

ალექსანდრე სარაჯიშვილმა საფუძვლიანად შეისწავლა პოემის ე.წ. არტანუჯული ვარიანტი და დაასკვნა, რომ ის XIX საუკუნის პირველ ნახევარშია გადაწერილი. იგი შეეხო პოემის გამომსახველობითი ხერხების სიახლის საკითხსაც და მტკიცებ ემხრობოდა რუსთაველის ქრისტიანობის პოზიციას.

მოსე ჯანაშვილი რედაქტირება

1896 წელს მოსე ჯანაშვილმა გამოაქვეყნა ნარკვევი „შოთა რუსთაველი“, რომელშიც პოემის შესახებ სხვადასხვა მკვლევრის მოსაზრებები შეაჯამა. 1899 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა სტატია „რუსთაველის გამქიქებელნი“, რომელშიც მკვლევრებისგან რუსთაველის ენის საფუძვლიან ცოდნას მოითხოვდა. რუსთველოლოგიურ საკითხებს არაერთხელ შეეხო წიგნში „თამარ მეფე“ და სხვადასხვა პუბლიკაციაში. მოსე ჯანაშვილს გამოუქვეყნებელი დარჩა „ვეფხისტყაოსნის ლექსიკონი“, რომელიც 7 000 სიტყვას შეიცავდა და მოზრდილი ნაშრომი „შოთა რუსთაველი“.

რუსთველოლგიურ პრობლემათაგან მოსე ჯანაშვილი პოემის ავტორის ვინაობის, დაწერის თარიღის, ორიგინალობისა და პერსონაჟების საკითხებს განიხილავდა. მოსე ჯანაშვილის შეხედულებები დროთა განმავლობაში იცვლებოდაა, თუმცა საბოლოოდ შემდეგზე შეჩერდა: პოემის ავტორი მესხი შოთა თორელი ართავაჩოსძეა, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ გარდა „თამარიანიც“ დაუწერია; პოემა დაახლოებით 1215 წელს უნდა იყოს დაწერილი; იგი ორიგინალური ნაწარმოებია და განსაკუთრებით საინტერესოა მასში მოცემული ისტორიულ-გეოგრაფიული ინტერპრეტაციით.

ალექსანდრე ხახანაშვილი რედაქტირება

 
ალექსანდრე ხახანაშვილი

ალექსანდრე ხახანაშხვილი რუსთველოლოგიური თემატიკით 1890 წლიდან დაინტერესდა. 1895 წელს მან პოემის უვრცესი ვარიანტი გამოიკვლია და შენიშნა, რომ პოემის გაგრძელებები რუსთაველს არ ეკუთვნოდა. მანვე ქართული ისტორიული წყაროებისა და ხალხური გადმოცემების მიხედვით დაადგინა პოემის ავტორის ბიოგრაფიული დეტალები. ალექსანდრე ხახანაშვილმა „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის წარმოშობის შესახებ არც ორიგინალობის და არც თარგმნის ვერსიას დაუჭირა მხარი და საკუთარი ჰიპოთეზა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც პოემა ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე იყო დაფუძნებული.[14] ამ მოსაზრებას იზიარებდა მიხეილ ჩიქოვანიც,[15] თუმცა შემდეგში დამტკიცდა, რომ „ტარიელიანი“ პოემის შექმნის შემდეგ შეთხზული ფოლკლორული ვარიანტია.[16]

დავით კარიჭაშვილი რედაქტირება

დავით კარიჭაშვილმა „ვეფხისტყაოსანი“ ვრცელი წინასიტყვაობით, შენიშვნებითა და ლექსიკონით ორჯერ გამოაქვეყნა. ის არ იზიარებდა რუსთაველის ბერად შედგომის ტრადიციულ აზრს. სიუჟეტის საკითხში დავით კარიჭაშვილმა პოემის ორიგინალობის თვალსაზრისი დაიცვა. იგი შეეხო „ვეფხისტყაოსნის“ ვახტან VI-ისეული გამოცემის წყაროების საკითხსაც და მაშინ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გამოთქმულ სწორ ვარაუდს არ დაეთანხმა, რომლის მიხედვითაც მეფის გამოცემა კრიტიკულ ტექსტს შეიცავდა.

ნიკო მარი რედაქტირება

ნიკო მარი თავდაპირველად „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის წარმოშობის საკითხით იყო დაინტერესებული, შემდეგ კი პოემის შინაარსულ და მხატვრულ ანალიზზე გადაერთო. მისი უმთავრესი რუსთველოლოგიური ნაშრომი პოემის შესავალსა და დასასრულზე აკეთებს აქცენტს. პირველად მან დაადგინა სათანადო სტროფების ტექსტი, მათი თანმიმდევრობის საკითხი და კომენტარები და შენიშვნები დაურთო. დავით კარიჭაშვილისგან განსხვავებით, ნიკო მარი თვლიდა, რომ პოემის ძირითადი ნაწილი და პროლოგი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.

ექვთიმე თაყაიშვილი რედაქტირება

ექვთიმე თაყაიშვილმა შეაგროვა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, აღწერა, მათი ზუსტი კლასიფიკაცია მოახდინა და ვრცელ და მოკლე ვარიანტებ ორის არსებული ურთიერთობები გაარკვია. მან პირველმა შენიშნა, რომ ვახტანგ VI-ის მიერ 1712 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ ხელოვნურად იყო შემოკლებული. შემდეგში ეს მოსაზრება განავითარეს აკაკი შანიძემ, კორნელი კეკელიძემ, სარგის ცაიშვილმა და სხვებმა. ექვთიმე თაყაიშვილმა აღნიშნა, რომ „ბარამ-გულიჯანიანი“, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ წყაროდ თვლიდნენ (ჯერ თედო ჟორდანია, შემდეგ იუსტინე აბულაძე), სპარსულში არ ჩანს, რის გამოც პოემასთან საერთო ვერ ექნებოდა, რაც გამართლდა კიდეც.

იუსტინე აბულაძე რედაქტირება

 
იუსტინე აბულაძე

იუსტინე აბულაძემ გამოსცა ტექსტოლოგიური ხასიათის ნაშრომები: „შესწორებანი და შენიშვნები ვეფხისტყაოსნის 22-ე გამოცემის შესახებ კრიტიკული ტექსტის რამდენიმე ნიმუშით“ (1914), „ვახტანგ VI გამოცემული ვეფხისტყაოსნის რედაქცია... პოემის შესავალი კრიტიკული ტექსტით“ (1920) და სხვ. მანვე დაადგინა „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის სტროფული შედგენილობა და თანმიმდევრობა, გამართა მცდარად წაკითხული და გადამწერების მიერ დამახინჯებული ტაეპები, გამოარკვია ქართული საერო ლიტერატურის რიგი თავისებურებები და ა.შ.

იუსტინე აბულაძემ უამრავი სიახლე შეიტანა „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის საკითხების გარკვევასა და პოემის ლექსიკონის დადგენაში. მან პოემის ლექსიკონს არაბულ სიტყვათა, სპარსულ სიტყვათა, ბერძნულ-ქართულ სიტყვათა, საკუთარ სახელთა ლექსიკონები და თურქულ-ოსმალურ-ქართული და ლათინურ-ქართული სიტყვები დაურთო.

ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ იუსტინე აბულაძემ პირველმა აღწერა და დაახასიათა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, მათი კლასიფიკაციაც მოახდინა, ზოგიერთი მათგანის წარმომვლობა დაადგინა და ხელნაწერების მიხედვით გადამწერებისა და რედაქტორების ორ კატეგორიად დაყოფის იდეაც შეიმუშავა.

ივანე ჯავახიშვილი რედაქტირება

„ვეფხისტყაოსნის“ 750 წლის იუბილესთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებში ავტორი ვრცლად იკვლევს პოემის ლექსიკას. გარდა ამისა, მიმოიხილავს რუსთაველის ვინაობის, პოემის რაობისა და ეპოქის თავისებურებების საკითხებსაც. ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ პოემაში ქარული სინამდვილე იყო ასახული, მიუხედავად იმისა, რომ ავორმა მოქმედება ინდოეთში გადაიტანა. რუსთველოლოგიურ ძიებებში ივანე ჯავახიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქალების აქტიურ პიროვნებებად წარმოჩენის საკითხზე, მეგობრობისა და სიყვარულის პრობლემებზე, მეცნიერული კრიტიკული ტექსტის დადგენის აუცილებლლობაზე, პოემის პირთა სახეებზე და სხვ. ივანე ჯავახიშვილის აზრით, პოემა 1196 წლის შემდეგ შეიქმნა.[17]

ერთ დროს ივანე ჯავახიშვილი ნიკო მარისა და იოსებ ორბელის მსგავსად, თვლიდა, რომ პოემის მთავარი გმირი ავთანდილია, თუმცა ბოლოს მთავარ პერსონაჟად ტარიელი აღიარა.

მისი აზრით, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენისას უმნიშვნელოვანესი იყო არა გრამატიკული თვისებები, არამედ ლექსიკა, ტერმინები და რეალიები. მან ქართველი ერის ისტორიაში გამოიკვლია პოემის სახელმწიფოებრივი წყობის ტერმინები, ეკონომიურ ისტორიაში - სოფლის მეურნეობის ტერმინები და ა.შ. (მეგრელიძე, 1970, გვ. 214-223)

კორნელი კეკელიძე რედაქტირება

 
კორნელი კეკელიძე

კორნელი კეკელიძე იზიარებდა იმ აზრს, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ორი ელემენტი: რაინდობა და ქალის კულტია შეზავებული. ავტორის ვინაობასთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენდა და აღნიშნავდა, რომ ორ რუსთავს შორის პირდაპირი მითითება არ არსებობს, თუმცა მაინც რუსთაველის მესხური წარმოშობისკენ იხრებოდა. კორნელი კეკელიძე ვრცლად განიხილავს პოემის წარმოშობის საკითხს და თვლის, რომ რუსთაველი თამარ მეფის თანამედროვე იყო. კორნელი კეკელიძემ საფუძვლიანად უარყო შეხედულება რუსთაველის მაჰმადიანობის შესახებ და აღიარა, რომ იგი ბიბლიური ქრისტიანობის მომხრე იყო, თუმცა საეკლესიო ცერემონიული რიტუალებით არ იყო დაკავებული.

ვუკოლ ბერიძე რედაქტირება

ვუკოლ ბერიძე პოემის დაბოლოების შესახებ აღნიშნავდა, რომ ნაწარმოები შეიძლებოდა „ქაჯეთის ციხის აღებით“ დამთავრებულიყო, მაგრამ ციხის აღების შემდეგ ლხინიც საჭიროა და ესეც ინტერესით იკითხებაო. ზოგიერთი მკვლევარი ვეფხისტყაოსანში გადაჭარბებულ ტირილში ზომიერებას ვერ ხედავდნენ, რის გამოც ვუკოლ ბერიძემ სპეციალური წერილი „ტირილი და მისი აზრი ვეფხისყაოსანში“ გამოაქვეყნა. ვუკოლ ბერიძემ ვრცლად მიმოიხილა „ვეფხისტყაოსნის“ ხალხურობა, თუმცა ცოტა ცალმხრივად დიალექტიზმს მეტ ყურადღებას აქცევს.

ალექსანდრე სვანიძე რედაქტირება

ალექსანდრე სვანიძის რუსთველოლოგიურ ნაშრომებში „ვეფხისტყაოსანი“ ქართული კულტურისა და ინდურ-ირანული, არაბულ-ბერძნულ-რომაული კულტურული ურთიერთობების ფონზეა შესწავლილი. მისი აზრით, პოემაში დასახელებული გეოგრაფიული ობიექტები რეალურ სახელმწიფოებს შეესაბამებოდა და დაასკვნა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ 1204-1228 წლებს შორის უნდა დაწერილიყო.[18]

აკაკი შანიძე რედაქტირება

 
აკაკი შანიძე ვეფხისტყაოსნით ხელში

აკაკი შანიძემ დიდი წვლილი შეიტანა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგებაში. იგი თვლიდა, რომ პოემის გამოცემებს ენათმეცნიერების თვალი აკლდა. იგი ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი იყო და პოემაში მისი არაერთო შესწორება შევიდა. აკაკი შანიძის მიერ გამოაქვეყნებულ ნაშრომებში განხილულია და ბევრ შემთხვევაში საბოლოოდაა გადაწყვეტილი პოემის ტექსტის სადავო საკითხები. რუსთველის დაბადებიდან 800 წლისთავთან დაკავშირებით მან ნაშრომი „ვეფხის ტყაოსნის საკითხები“ გამოსცა. ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად მანვე გამოსცა „ვეფხისტყაოსანი: ტექსტი და ვარიანტები“, გამოცემის მეორე ტომში კი ჩანართ-დანართი სტოფები, კომენტარები და ლექსიკონი დაიბეჭდა.[19]

1937 წელს ვახტანგისეული გამოცემა აკაკი შანიძემ აღადგინა. მისი შეფასებით, ვახტანგ VI-ის დროს „ვეფხისტყაოსნის“ მოკლე (57 თავიანი) და ვრცელი (67 თავიანი) რედაქციები არსებობდა. აკაკი შანიძის აზრით, პოემის ტექსტი სწორედ მეფემ გაცხრილა და კრიტიკული, ხელოვნურად შემოკლებული ტექსტი დაბეჭდა. ამავე მოსაზრებას იზიარებდნენ კონსტანტინე ჭიჭინაძე და ალექსანდრე ბარამიძე. აკაკი შანიძემ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანებში ისეთი სტროფები გამოავლინა, რომლებიც 1712 წლის რედაქციაში არაა შეტანილი და დაასკვნა, რომ მეფემ კომენტარები ვრცელი რედაქციის ტექსტის მიხედვით დაიწყო და საბოლოოდ მოკლე რედაქცია (ამბავი ტარიელის გამეფებამდე) გამოსცა.[20]

იოსებ ორბელი რედაქტირება

რუსთველოლოგიაში ორგანიზაციული საქმიანობის გარდა, იოსებ ორბელი კვლევით მუშაობასაც ეწეოდა. მან დაახასიათა „ვეფხისტყაოსნის“, როგორ ეპოსის არსი და მკვეთრად განასხვავა ის „ვისრამიანისგან“. იოსებ ორბელმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებს ამავე პოემის იდეისა და რუსთაველი აზროვნების საკითხების კვლევა-ძიებაში. მან გამოკვლია პოემის პერსონაჟებიც. იოსებ ორბელი პირველი იყო, ვინც ფატმანის სახე სწორად გაიგო და მასში ის ადამიანი დაინახა, რომელსაც ქმარი არ უყვარს და საკუთარ თავს ეკუთვნის. შემდგომში ეს მოსაზრება კარპეზ დონდუამაც განავითარა. არტურ ზუტნერის მსგავსად, იოსებ ორბელმაც პოემაში ცრემლის სიჭარბე შენიშნა.[21]

კონსტანტინე ჭიჭინაძე რედაქტირება

კონსტანტინე ჭიჭინაძემ „ვეფხისტყაოსნი“ საკუთარი რედაქციით, გამოკვლევებითა და შენიშვნებით გამოსცა. იგი მონაწილეობდა პოემის 1937 წლის გამოცემის ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში და თავგამოდებით იცავდა ყოველ სადავო სტროფს. ჭიჭინაძეს მიაჩნდა, რომ გამოცემაში ჩანართი სტოფების დატოვება უმჯობესი იქნებოდა, ჩანართობის საბაბით, ვიდრე რომელიმე ნამდვილი სტროფის ამოგდება. მანვე შეისწავლა პოემაში ალიტერაციის ყველა სახეობა. კონსტანტინე ჭიჭინაძე მონოგრაფიაში „რუსთაველის გარშემო“ და სხვა ნარკვევებში ეთანხმება იმ აზრს, რომ ვახტანგ VI-ის რედაქცია კრიტიკულ ტექსტს შეიცავდა და ეწინააღმდეგება პავლე ინგოროყვასა და იუსტინე აბულაძის მოსაზრებებს. გარდა ამისა, ის მიიჩნევდა, რომ ვახტანგისეულ რედქციაში პოემის თავდაპირველი ტექსტი შემოკლებითაა მოცემული და არა გაგრძელებით, როგორც ეს კორნელი კეკელიძესა და სარგის კაკაბაძეს მიაჩნდათ.

უცხოელი რუსთველოლოგები რედაქტირება

მარი ბროსე რედაქტირება

მარი ბროსე „ვეფხისტყაოსანს“ შეისწავლიდა როგორც ფილოლოგი და ისტორიკოსი. 1828-1831 წლებში იგი „ვეფხისტყოსნის“ პროზაული თარგმანის ნაწყვეტებს ფრანგულ ენაზე აქვეყნებდა.[22][23]. მარი ბროსემ განსაზღვრა, რომ პოემა ენობრივ-სტილისტურად „ბიბლიური“ წიგნების ქართული თარგმანების სტილისგან დიდად განსხვავდებოდა. მან პორველმა შეამჩნია მსგავსება ჩახრუხაძისა და რუსთაველის ცალკეულ აფორიზმებსა და მხატვრულ ლექსიკას შორის და ამ ორი პოეტის იგივეობის ჰიპოთეზა წამოაყენა, თუმა არ გამართლდა.

თეიმურაზ ბატონიშვილთნ ერთად მარი ბროსემ 1841 წელს „ვეფხისყაოსანი“ გამოსცა, რომლის წინასიტყვაობაში აღნიშნა, რომ პოემის სიუჟეტი სპარსული, სხვა დანარჩენი კი - ქართული იყო. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ „ვეფხისტყაოსანში“ უშვერი სიტყვები არ გვხვდება და ანტონ კათალიკოსი და ტიმოთე გაბაშვილი პოემის ბრალდებისთვის გააკრიტიკა. დავით ჩუბინაშვილთან ერთად მარი ბროსემ პოემის ისტორიულ-ეროვნული ინტერპრეტაციაც გააღრმავა. მარი ბროსე ნაშრომში რუსთაველის ბიოგრაფიას, ეპოქის ისტორიას, პოემის შინაარსსა და აღნაგობას და ა.შ. განიხილავდა. მანვე გაავლო პარალელები „ვეფხისტყაოსანსა“ და მსოფლიოს სხვა ლიტერატურულ ძეგლებს შორის.

მიკოლა გულაკი რედაქტირება

 
მიკოლა გულაკი

„ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ნაშრომი გამოაქვეყნა უკრაინული წარმოშობის მწერალმა და მეცნიერმა, მიკოლა გულაკმა. კომპილაციური ნაშრომი არა მხოლოდ მოცულობით, არამედ სიღრმითაც გამოირჩევა. გულაკი ბროსე-ჩუბინაშვილის შემდეგ კიდევ უფრო საფუძვლიანად ამტკიცებდა პოემის ორიგინალობას. მიკოლაა გულაკმა ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა პოემის შინაარსის საგულისხმო ანალიზი რუსულ ენაზე, მხარი დაუჭირა ალეგორიების თეორიას, პოემის საერთაშორისო მნიშვნელობა აღიარა და ა.შ. პეტრე უმიკაშვილმა მიკოლა გულაკის ეს ნაშრომი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ავტორი „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ მხარეს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა.

ევგენი სტალინსკი რედაქტირება

1885 წელს ევგენი სტალინსკიმ რუსულ ენაზე გამოქვეყნა ნარკვევი „შოთა რუსთაველი - ქართველი სახალხო პოეტი“, რომლის გადამუშვებული ვარიანტი სამი წლის შემდეგაც გამოიცა. ორივე გამოცემაში რუსთაველი ბიოგრაფია, „ვეფხისტყაოსნის“ დახასიათება და პროლოგის ნაწყვეტის თარგმანი იყო მოთავსებული. რუსთველოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია წიგნის ნარკვევი, რომელშიც სტალინსკი ვახტანგ VI-ის მიერ წიგნის ბეჭდვის დაწყებასა დ მეფის კომენტარებზე საუბრობს. ევგენი სტალინსკი ტრადიციული ცნობების მიხედვით გადმოგვცემს რუსთაველის ბიოგრაფიას, საინტერესო ცნობებს იძლევა პოემის სხვადასხვა ენაზე თარგმნის ისტორიიდან, ახასიათებს რუსთაველის ეპოქის საქართველოს, პარალელებს ავლებს პოემის ეპიზოდებსა და თამარ მეფის ცხოვრებას შორის, განიხილავს პოემის მხატვრულ მხარეს და ა.შ.

ცნობილი ნაშრომები რედაქტირება

ვრცელ მონოგრაფიულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია შალვა ნუცუბიძის „რუსთაველის შემოქმედება“ (რუსულ ენაზე, 1958); ალექსანდრე ბარამიძის „შოთა რუსთაველი“ (1975); გაიოზ იმედაშვილი „ვეფხისტყაოსანი და ქართული კულტურა“ (1968), ნ. ნათაძის „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“ (1965); სარგის ცაიშვილის „ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორია“ (ორ ტომად, 1970) და სხვა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • აბჟანდაძე, ა. (1994). ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი. თბილისი: სამშობლო.
  • გამსახურდია, ზ. (1991). ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  • მეგრელიძე, ი. (1970). რუსთველოლოგები. თბილისი: საბჭოთა საქართველო.
  • მენაბდე, ლ. (რედ.). (1976). რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში I. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • მენაბდე, ლ. (რედ.). (1988). რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში III. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • შანიძე, ა. (1956). ვეფხისტყაოსნის სიმფონია. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • შანიძე, ა. (1966). ვეფხისტყაოსნის საკითხები. ტ. I. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • შარაძე, გ. (1978). ევგენი ბოლხოვიტინოვი - პირველი რუსი რუსთველოლოგი: ნარკვევი რუსთველოლოგიის ისტორიიდან. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  • შარაძე, გ. (1980). პლატონ იოსელიანი - რუსთველოლოგი. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  • შარაძე, გ. (1982). დავით ჩუბინაშვილი - რუსთველოლოგი. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  • ხინთიბიძე, ე, (2000). რუსთველოლოგია. თბილისი: ქართველოლოგი.

დამატებითი ლიტერატურა რედაქტირება

  • არაბული, გ. (1972). შოთა რუსთაველის ბიოგრაფია ქართულ მეცნიერებაში. თბილისი: გამომცემლობა „მერანი“.
  • არაბული, გ. (2002). რუსთველოლოგიური ლიტერატურა (1957-1965). თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
  • არაბული, გ. (2009). რუსთველოლოგიური ლიტერატურა (1967-1980). თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
  • არაბული, გ. (2012). რუსთველოლოგიური ლიტერატურა (1981-2000) დაარქივებული 2021-08-15 საიტზე Wayback Machine. . თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
  • ბარამიძე, ა. (1958). შოთა რუსთაველი: მონოგრაფიული ნარკვევი. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  • ბარამიძე, ა. (1966). შოთა რუსთაველი და მისი პოემა. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  • ბენაშვილი, გ. (2003). რუსთველოლოგია. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
  • გეგეჭკორი, ა.(2010). „ვეფხისტყაოსანი“ ბიოგეოგრაფის თვალით. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“.
  • გუგუშვილი, მ. (1966). პოლემიკა რუსთველის გარშემო (XV-XVIII სს.). თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  • თაგაური, გ. (2015). რუსთველოლოგიის საკვანძო საკითხები. თბილისი: გამომცემლობა „მუსფონდი“.
  • იმედაშვილი გ. (1957). რუსთველოლოგიური ლიტერატურა (1712-1956 წლები). თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია.
  • კაკაბაძე, ს. (1966). შოთა რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი. თბილისი: განათლება.
  • კეკელიძე, კ. (1979). შოთა რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი (მეხუთე გამოცემა). თბილისი: გამომცემლობა „განათლება“.
  • მიქაძე, გ. (1968). ძველი ქართული მწერლობის ბიბლიოგრაფია, ტ. 2. თბილისი.
  • ნათაძე, ნ., ცაიშვილისი, ს. (1966). შოთა რუსთაველი და მისი პოემა. თბილისი: განათლება.
  • ყუბანეიშვილი, ს. (1966). ვეფხისყაოსნის ბეჭდვის ისტორიიდან (XVIII-XIX სს.). თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  • ცაიშვილი, ს. (1970). ვეფისტყაოსნის ტექსტის ისტორია: ტომი I, ვეფხისტყაოსნის რედაქციები. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  • ცაიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 512.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 2.0 2.1 2.2 მეგრელიძე, ი, რუსთველოლოგები, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1970. — გვ. 4-21.
  2. შარაძე, გ. (1978). [ევგენი ბოლხოვიტინოვი - პირველი რუსი რუსთველოლოგი: ნარკვევი რუსთველოლოგიის ისტორიიდან]. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  3. ჭავჭავაძე, ი. (1927). აკაკი წერეთელი და მისი ვეფხისტყაოსანი. თბილისი. გვ. 183-198.
  4. წერეთელი, ა. (1957). თხზულებანი შვიდ ტომად, ტომი VI. ასათიანი, ლ. (რედ.). თბილისი. გვ. 39-69, 87-95.
  5. კეკელიძე, კ. (1924). ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II. თბილისი. გვ. 89.
  6. მეგრელიძე, ი. (1970). რუსთველოლოგები. თბილისი: საბჭოთა საქართველო. გვ. 131-163.
  7. ბარამიძე, ა. (1975). შოთა რუსთაველი თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 19-20.
  8. სარაჯიშვილი, ა. (1895). ვეფხისტყაოსნის ყალბი ადგილები. მოამბე. 11. გვ. 8-9.
  9. ჯავახიშვილი, ი. (1956). ქართული ენისა და მწერლობის ისტორიის საკითხები. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. გვ. 15-18
  10. ავალიშვილი, ზ. (1931). ვეფხისტყაოსნის საკითხები. პარიზი. გვ. 174.
  11. ალექსანდრე ხახანაშვილი (1890). „ხალხში დარჩენილი ტარიელის ამბავი და შოთას ვეფხისტყაოსანი“. „ივერია“. თბილისი (№25).
  12. მეგრელიძე, 1970, გვ. 90-93
  13. ალექსანდრე ხახანაშვილი (1890). „ხალხში დარჩენილი ტარიელის ამბავი და შოთას ვეფხისტყაოსანი“. „ივერია“. თბილისი (№25).
  14. ჩიქოვანი, მ. (1936). ხალხური ვეფხისტყაოსანი. თბილისი.
  15. მეგრელიძე, 1970, გვ. 145-157.
  16. ჯავახიშვილი, ი. (1956). ქართული ენისა და მწერლობის ისტორიის საკითხები. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. გვ. 46.
  17. მეგრელიძე, 264-271
  18. ძიძიგური შ., აკაკი შანიძე, თბილისი: საქართველოს სსრ საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა „ნაკადული“, 1963. — გვ. 60-67.
  19. მეგრელიძე, ი. (1970). რუსთველოლოგები. თბილისი: საბჭოთა საქართველო. გვ. 4-21.
  20. მეგრელიძე, 273-283
  21. (ფრანგული)Premiere Historie de Rostevan, roi d'Arabie, traduite du roman georgien intitule L'homme a la peau de tigre (Nouveau Journal Asiatique, 1828, t. II, გვ. 277-294
  22. Recherches sur la poesie georgienne; notice de deux manuscrits et extraits du roman de Tariel, Nouveau Journal Asiatique, 1830, ტ. V, გვ. 257-284, ტ. VI, გვ. 372-394; ტ. VII, გვ. 321-372