იოსებ ყიფშიძე
იოსებ ალექსის ძე ყიფშიძე (დ. 25 აგვისტო, 1882, რგანი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 21 თებერვალი 1919, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი. თსუ-ის გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი, ქართული ენის კათედრის გამგე (1918-1919).
იოსებ ყიფშიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 აგვისტო, 1882 |
დაბ. ადგილი | რგანი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 21 თებერვალი, 1919 (36 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
საქმიანობა | ენათმეცნიერი და ფილოლოგი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი (1911) და სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა „აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში“, კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. აქ მან რუსულ ენაზე გამოაქვეყნა „ქართული ენის გრამატიკა“ (1911). 1914 წელს პეტერბურგში გამოსცა „მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით“. 1915 წელს ყიფშიძე პრივატ-დოცენტი იყო და აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე ქართული ენის კურსს კითხულობდა. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში, მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში.[1]
ყიფშიძე იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: „დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ“ (1911), „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“, (1919-1920). აკაკი შანიძისა და ყიფშიძის რედაქციით გამოქვეყნდა სულხან-საბა ორბელიანის „ქართული ლექსიკონი (1928)“ და სხვა. იოსებ ყიფშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა თინათინ ყიფშიძემ 2001 წელს.[2]
2013 წლის 26 დეკემბერს იოსებ ყიფშიძე დიდუბის პანთეონიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში გადმოასვენეს. ღონისძიებას აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თსუ-ის აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში იოსებ ყიფშიძის სახელობის დარბაზში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია — იოსებ ყიფშიძე, ევგენია ეგაძე-ყიფშიძისა, დავით ყიფშიძე — „ჩანაწერები“ (თბილისი, „ინტელექტი“, 2013, შემდგენელ-რედაქტორი ეთერ ქავთარაძე).[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- დანელია კ., იოსებ ყიფშიძე. ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა, თბ., 1985.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩიქობავა არნ. კიზირია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 656-657.
- ↑ იოსებ ყიფშიძის ბიოგრაფიული ცნობები[მკვდარი ბმული]
- ↑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში იოსებ ყიფშიძის ნეშტი გადმოასვენეს