კონსერვატიზმი (ფრანგ. conservatisme, ლათ. conservo — ვინახავ) — კულტურული, სოციალური, ესთეტიკური და პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული ფასეულობებისა და ინსტიტუტების შენარჩუნებას. კონსერვატიზმის ძირითადი პოსტულატები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა კულტურის და ცივილიზაციის ტრადიციული ღირებულებებისა და პრაქტიკის მიხედვით. დასავლურ კულტურაში, კონსერვატიზმი მიზნად ისახავს შეინარჩუნოს ეკლესია, ოჯახი, კონსტიტუციონალიზმი, შეზღუდული მთავრობა, საკუთრების უფლებები.

როგორც იდეოლოგია, კონსერვატიზმი ჩამოყალიბდა რეაქციად „საფრანგეთის რევოლუციის საშინელებებზე“ (ედმუნდ ბიორკი პამფლეტები). ის ეწინააღმდეგებოდა როგორც ლიბერალიზმს, ასევე სოციალიზმს. კონსერვატიზმის დამფუძნებელთა შორის არის ასევე იეზუიტი ჟოზეფ დე მესტრი და ავსტრიის კანცლერი კლემანს მეტერნიხი.

ისტორია რედაქტირება

კონსერვატორული იდეების წინა ისტორია სახელმწიფოსა და პოლიტიკაზე პირველ სისტემურ რეფლექსიებს უკავშირდება, რომლის პოვნაც ჯერ კიდევ ანტიკური ფილოსოფოსების - პლატონის და არისტოტელეს შრომებში აისახება. მართალია, ისინი არ ითვლებიან კონსერვატორებად, თუმცა ბევრი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი იდეები, რომელიც მათ შეიმუშავეს, კონსერვატორული იდეოლოგიის საფუძვლად იქცა. გარკვეული თეზისები და პოსტულატები, რომლებიც კონსერვატორული იდეოლოგიის საფუძვლებს შეადგენენ, ჩანს რუსული შუასაუკუნეობრივი ავტორების ნაშრომებშიც.[1]

შემდგომ პერიოდში კონსერვატორულმა იდეებმა გამოხატულება ჰპოვეს ინგლისის, კლასიკური პოლიტიკური კონსერვატიზმის სამშობლოს პოლიტიკური მოღვაწეებისა და ფილოსოფოსების ნაშრომებში. წესების და კანონების მკაცრი დაცვის აუცილებლობა საკუთარ ნაშრომში „საეკლესიო პოლიტიკის კანონები“ აღწერა ინგლისელმა ფილოსოფოსმა რობერტ ჰუკერმა. ის ეწინააღმდეგებოდა ბუნებითი სამართლის იდეის მომხრეებს, იგი არ უარყოფდა მას, თუმცა აღნიშნავდა, რომ ის იმდენად ფართოა, რომ მისგან არავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გამოდის. ამით ფილოსოფოსი ახდენდა იდეის ფორმულირებას, რომ სოციალური წესრიგი რთული ისტორიული წარმონაქმნია. დევიდ ჰუმი ტრადიციებს ანიჭებდა უპირატესობას, რადგან ადამიანთა უმრავლესობისთვის ისინი უმაღლეს ავტორიტეტს წარმოადგენენ და მხოლოდ ამიტომ არ სჭირდებათ არავითარი მტკიცებულება.[2] „მორალური ფილოსოფიის“ შოტლანდიური სკოლის წარმომადგენლები - მაგალითად ადამ სმიტი, ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის ბუნებრივ-ისტორიული წარმოშობა, ეკამათებოდნენ ფრანგ განმანათლებლებს, რომლებიც საზოგადოებას თანასწორი ინდივიდების ნაკრებად განიხილავდნენ.[3]

 
ფრანსუა-რენე შატობრიანი, ფრანგი მწერალი და დიპლომატი

კონსერვატიზმის, როგორც პოლიტიკური მიმართულების წარმოშობა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე უკავშირდება საფრანგეთის რევოლუციას. თავისი პირველი გამოხატულება მან ედმუნდ ბერკის 1790 წლის ნაშრომში „ფიქრები საფრანგეთის რევოლუციაზე“, ასევე ჟოზეფ დე მესტრის, ლუი ბონალდის, ადრეული ფელისიტე რობერ დე ლამენეს, სამუელ კოლრიჯის, გერმანელი პუბლიცისტების და პოლიტიკური მოაზროვნეების ფრიდრიხ გენცის, ადამ მიულერის და სხვების თხზულებებში ჰპოვა. ტერმინი დამკვიდრდა ფრანსუა რენე დე შატობრიანის მიერ 1818-1820 წლებში გამოცემული ჟურნალ „Le Conservatour“ დასახელებიდან.

პირველი პოლიტიკური პარტია, რომელსაც „კონსერვატორული“ ეწოდა 1830-იანი წლებიდან, იყო ბრიტანელი ტორების პარტია, რომლის ლიდერი რობერტ პილი პარტიის ამოცანად საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით რეფორმების გატარებას მიიჩნევდა. ტორიზმი მხარს უჭერდა იერარქიულ საზოგადოებას, მონარქით სათავეში, რომელიც ღვთის მიერ მინიჭებული ძალით მართავდა სახელმწიფოს. ტორის პარტია ეწინააღმდეგებოდა ხალხთა სუვერენიტეტის, პარლამენტარიზმისა და რელიგიის თავისუფლების იდეებს. დიდ ბრიტანეთში ლიბერალური პოლიტიკური რეფორმები, რომლებიც დიდწილად მოსახლეობის საარჩევნო უფლებებს მოიცავდნენ, ტორების - პილის და ბენჯამინ დიზრაელის კაბინეტების მიერ გატარდა.

 
რობერტ პილი, ბრიტანეთის პირველი კონსერვატული პარტიის პრემიერ-მინისტრი 1834-1835 და 1841-46 წლებში

XIX საუკუნის განმავლობაში სწრაფი ინდუსტრიალიზაციის, ურბანიზაციის, ეროვნული სახელმწიფოების ფორმირების დასრულებასთან ერთად მიმდინარეობდა კონსერვატორული იდეოლოგიის და პოლიტიკის ეტაპობრივი ტრანსფორმაცია: კონსერვატორული პარტიები გამოხატავდნენ არა მხოლოდ „ძველი წესრიგის“ პრივილეგირებული ფენების, არამედ მეწარმეების, მიწათმფლობელების, ქალაქის წვრილი და მსხვილი ბურჟუაზიის ინტერესებს.

ოტო ფონ ბისმარკი და დიზრაელი XIX საუკუნის მეორე ნახევრის გამორჩეული კონსერვატორული პოლიტიკოსები იყვნენ. ამ ეპოქაში კონსერვატიზმი ხშირად იკვეთებოდა ნაციონალიზმთან. XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა უკიდურესად მემარჯვენე კონსერვატორული პარტიებიც (მაგალითად „აქსიონ ფრანსეზ“, რომელსაც შარლ მორასი ხელმძღვანელობდა).

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაქრა მსხვილი ევროპული მონარქიები, ხოლო მათთან ერთად პრაქტიკულად წარსულში დარჩა კონსერვატიზმი, რომელიც მიზნად ტახტის და საკურთხევლის შენარჩუნებას ისახავდა. იმ ვითარებაში, როდესაც გაჩნდა საფრთხე არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების წინაშე (კომუნიზმი, ნაციონალ-სოციალიზმი), ლიბერალიზმმა შეიძინა დაცვის ფუნქციები. ამავდროულად მოხდა კონსერვატორების ნაწილის რადიკალიზაცია, რომელთაც სოციალისტების პროგრამული დებულებების ნაწილი მიიღეს. ყველაზე მკაფიოდ ეს გამოჩნდა ვაიმარის გერმანიაში, სადაც შეიქმნა „კონსერვატორული რევოლუციის“ იდეოლოგია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსხვილმა მემარჯვენე პარტიების პროგრამებმა დასავლეთ ევროპაში ლიბერალიზმის და კონსერვატიზმის ელემენტები გააერთიანეს. 1970-იან წლებში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში შეიქმნა ნეოკონსერვატიზმი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რონალდ რეიგანის და მარგარეტ ტეტჩერის ხელისუფლებებზე. პოლემიკაში ლიბერალური პოლიტიკური ფილოსოფიის მიმდევრებთან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კომუნიტარიზმის მიმდევრებმა, რომლებიც ნაწილობრივ ეთანხმებოდნენ ე.წ. სოციალური კონსერვატიზმის იდეოლოგიას (პირადი თავისუფლების და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების შერწყმა).

ფორმები რედაქტირება

ლიბერალური კონსერვატიზმი რედაქტირება

საფრანგეთში, ლეგიტიმისტების კონსერვატიზმთან ერთად „შეუდარებელი პალატიდან“, 1830-იან წლებში ფორმირდება „ლიბერალური კონსერვატიზმი“ (ტერმინი შემოიღო ფრანსუა გიზომ), რომელზეც ლუი ფილიპის მომხრეები ორიენტირდებოდნენ. ლიბერალური კონსერვატიზმი მოიცავს კლასიკურ ლიბერალურ შეხედულებებს ეკონომიკაში ხელისუფლების მინიმალურ ჩარევასთან დაკავშირებით. ინდივიდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სავაჭრო ბაზრის ფუნქციონირებაში და შეიძინონ სიმდიდრე სახელმწიფოს ძალების ჩარევის გარეშე.[4] ამასთან, ინდივიდები დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებენ სხვა სფეროებში და სწორედ ამიტომ ლიბერალ-კონსერვანტები თვლიან რომ ძლიერი სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონის აღსრულებისა და წესრიგის დამყარებას, ხოლო სოციალური ინსტიტუტების არსებობა აუცილებელია, რათა ერის წინაშე პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობა გაიზარდოს. ლიბერალურ კონსერვატიზმზე დიდი გავლენა აქვს ლიბერალურ იდეებს.[5]

დამატებითი მნიშვნელობა ლიბერალური კონსერვატიზმისა განვითარდა ევროპაში, როცა მოხდა ორი იდეოლოგიის, თანამედროვე კონსერვატიზმისა და სოციალური ლიბერალიზმის, შერწყმით. ეს მიდგომა იმ დროისთვის განვითარებულ კოლექტივიზმს უწევდა წინააღმდეგობას. ეს შეხედულება უფრო მეტად დაკავშირებულიას ეკონომიკაში თავისუფალი ვაჭრობის კონეცეფციასთან, ინდივიდუალური პასუხიმსგებლობასა და სამოქალაქო უფლებების დაცვის სოციალიალურ მიდგომასთან. კონტინენტურ ევროპაში ეს ტერმინი, ზოგჯერ, ითარგმნება როგორც სოციალური კონსერვატიზმი.

ეროვნული და ტრადიციული კონსერვატიზმი რედაქტირება

ეროვნული კონსერვატიზმი პოლიტიკური ტერმინია და გამოიყენება ევროპაში. ეს ფორმა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ეროვნულ ინტერესებს, ვიდრე კლასიკური კონსერვატიზმი, ასევე ის მიმართულია კულტურული და ეთნიკური იდენტობის დაცვისკენ,[6] ამასთან უნდა აღინიშნოს რომ ეს იდეოლოგია სრულიად განსხვავებულია ნაციონალიზმისგან, ვინაიდან მისი მიმდევრები უფრო მემარჯვენა ფრთას უჭერენ მხარს.[7][8] ევროპაში ეროვნულ-კონსერვატორები, როგორც წესი, ევროსკეპტიკოსები არიან.[9][10]

ეროვნული კონსერვატიზმი ორიენტირებულია ტრადიციული ოჯახისა და სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებისკენ, ასევე ემიგრაციის პოლიტიკის შეზღუდვაზე. ეროვნული კონსერვატორები განსხვავდებიან ეკონომიკური კონსერვატორებისგან, რომელთა პრიორიტეტია ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის მოცულობის შემცირება და ფისკალური კონსერვატიზმი.

სოციუმის განვითარების ძირითად კანონებში გონების შეზღუდულობის იდეიდან გამომდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი პრინციპიც - ტრადიციონალიზმის პრინციპი. გონებას ირლანდიელი პოლიტიკური ფილოსოფოსი ედმუნდ ბერკი უპირისპირებდა ტრადიციას, რომლის გაყოლასაც იგი მთავარ პოლიტიკურ ქმედებად თვლიდა. ტრადიციონალიზმის აზრი პოლიტიკაში მდგომარეობს „შენარჩუნებასა და ამავდროულად რეფორმირებაში“, თუმცა საზოგადოების მოწყობის ტრადიციული წესების დანგრევის გარეშე.[11] ტრადიციული კონსერვატიზმი არის პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბუნებითი სამართლის პრინციპებსა და ტრანსცენდენტალურ მორალურ წესრიგს, ტრადიციებს, იერარქიასა და ორგანულ ერთიანობას, კლასიციზმსა და მაღალ კულტურულ სფეროებს.[12] საზოგადოებაში არსებული იერარქიის იდეით ტრადიციული კონსერვატორები, მათ შორის ამერიკელებიც, მხარს უჭერენ მონარქიულ პოლიტიკურ სტრუქტურა, როგორც ყველაზე ბუნებრივ და სასარგებლო სოციალურ წყობას.

რელიგიური კონსერვატიზმი რედაქტირება

რელიგიური კონსერვატიზმი იყენებს ცალკეული რელიგიების სწავლებებს პოლიტიკაში, ერთის მხრივ წინა პლანზე მხოლოდ ამ სწავლებების ღირებულებებს აყენებს, ხოლო მეორეს მხრივ ამ სწავლებების ზეგავლენაზე კანონშემოქმედობის პროცესში.[13]

უმეტეს დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური კონსერვატიზმი ცდილობს დაიცვას ტრადიციული საოჯახო და სოციალური ფასეულობები. რელიგიური კონსერვატიზმი, როგორც წესი, ეწინააღმდეგება აბორტს, ლგბტ საზოგადოებას, ნარკომანიას და ქორწინების გარეშე სექსუალურ ურთიერთობებს. ზოგიერთ შემთხვევაში, კონსერვატიული ფასეულობები ემყარება რელიგიურ რწმენას და კონსერვატორები ცდილობენ გაზარდონ რელიგიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.[14]

პრინციპები რედაქტირება

ედმუნდ ბერკმა ნაშრომში „ფიქრები საფრანგეთის რევოლუციაზე“ ჩამოაყალიბა ბევრი შეხედულება და პოსტულატი, რომელიც დღემდე კონსერვატიზმის ქვაკუთხედად მიიჩნევა.[15] ერთ-ერთი ცენტრალური თეზისი იყო სკეპტიკური დამოკიდებულება გონების და საზოგადოებრივი მოწყობის აბსტრაქტული პროექტების მიმართ. არ უარყოფდა რა გონების როლს, ავტორი ხაზს უსვამდა, რომ იგი გამოიხატება არა ინდივიდუალურ ცნობიერებაში, არამედ ასწლეულების ისტორიულ გამოცდილებაში. საზოგადოების გონიერ-რაციონალისტურ გაგებას, დამახასიათებელს განმანათლებლებისთვის, ინგლისელი კონსერვატორი უპირისპირებდა სოციუმის შეზღუდულობას და სირთულეს, რომელიც მის მიერ კონკრეტული ადამიანის და არა ერთიანი ორგანიზმის პრიზმაში განიხილება. ლიბერალი თანამედროვეებისგან განსხვავებით ედმუნდ ბერკი უყურებს საზოგადოებას როგორც ფუნქციების, ავტორიტეტების, ინდივიდუალური სტატუსების იერარქიას. საზოგადოებრივი წესრიგი წარმოადგენს არა უბრალოდ თავისუფალ იმპროვიზაციას, არამედ ნელი ისტორიული განვითარების შედეგს. ედმუნდ ბერკის კონსერვატორული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის გონების ლიბერალურ ინტერპრეტაციაზე, როგორც ინდივიდის ბუნებრივ უნარზე რეაქცია.

 
ედმუნდ ბერკის ნაშრომი „ფიქრები საფრანგეთის რევოლუციაზე“

ედმუნდ ბერკის ნაშრომებთან ერთად კონტინენტური ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაჩნდა ნაშრომები, რომლებშიც ჩადებული იყო კონსერვატორული თეორიის და იდეოლოგიის საფუძვლები. ფრანგები ჟოზეფ დე მესტრი და ლუი დე ბონალდი, მათი გერმანელი თანამოაზრე ადამ მიულერი საკუთარ ნაშრომებში საზოგადოებრივი მოწყობის კორპორატიულ პრინციპს იცავდნენ, რომელშიც კერძო ინტერესები „საერთო სიკეთეს“ ემორჩილებოდა და აანალიზებდნენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ძალაუფლების სუვერენიტეტი, ლეგიტიმურობა, ავტორიტეტი. დიდი წვლილი კონსერვატორული თეორიის ჩამოყალიბებაში შეიტანეს ისეთმა მოაზროვნეებმა და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, როგორიცაა ალექსის დე ტოკვილი, ბენჯამინ დიზრაელი, ფრანც ფონ ბაადერი, რომელთაც შეიმუშავეს კონსერვატორული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და სახელმწიფოს და საზოგადოების კონსერვატორული განვითარების პროგრამები.

XIX საუკუნის დასაწყისში ევროპაში დამკვიდრდა საზოგადოებრივი აზრის კონსერვატორული მიმართულება, რომელიც პრინციპულად ახალ ხედვას წარმოადგენდა კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების გზაზე. ეს ხედვა წარმოადგენდა კონსერვატიზმის, როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური ფენომენის მრავალსაუკუნოვანი განვითარების შედეგს. იგი გამოხატავდა საზოგადოების მნიშვნელოვან მოთხოვნას ადამიანური ყოფის საფუძვლების შენარჩუნებასა და ევოლუციურ განვითარებაზე.

აუცილებელია აღინიშნოს, ომ მთლიანი, დეტალურად შემუშავებული კონსერვატორული იდეოლოგიური დოქტრინა არ არსებობს. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მთავარი თავისებურება კონსერვატორული აზროვნების არის უკიდურესად სკეპტიკური დამოკიდებულება სხვადასხვა თეორიების, იდეოლოგიების, პროგრამების მიმართ. კონსერვატიზმის ამ თვისებას ამერიკელმა ისტორიკოსმა პეტერ ვირეკმა უწოდა „ანტითეორიულობა“.[16] თავად კონსერვატორები საკუთარი მსოფლმხედველობრივი პოზიციების დაფიქსირებისას ამჯობინებენ ისეთ დეფინიციებს, როგორიცაა „კონსერვატორული ტემპერამენტი“, „განწყობა და არა იდეოლოგია“, „პრინციპების სისტემა“ და ა.შ. კონსერვატორული შეხედულების ამერიკელი სოციოლოგი კლინტონ როსიტერი აღნიშნავს, რომ „განსხვავებით რადიკალიზმის ან ლიბერალიზმისგან ჭეშმარიტი კონსერვატორი თეორიულ სპეკულაციებში არ ეშვება... თავად კონსერვატიზმის თეორიის შემუშავების მცდელობა კონსერვატიზმისთვის დამახასიათებელი არ არის“.[17] პოსტულატების მკაცრი სისტემა, თეორიული ნაგებობები, სქემები, დამახასიათებელი სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებებისთვის, კონსერვატიზმში ბევრად სუსტად არის გამოხატული. ეს თავისებურება, ბევრ მკვლევარს აძლევდა მტკიცების საშუალებას, რომ კონსერვატიზმი არ არის იდეოლოგია, მას აკლია ყოველგვარი თეორია, არ გააჩნია საფუძველმდებარე იდეები და თეზისები, რომელიც მისი ყოფითი ქცევითი სტერეოტიპებისგან, აზრებისგან და მსჯელობებისგან გამორჩევის საშუალებას მოგვცემდა. ამ შეხედულებას იზიარებს კონსერვატიზმის ცნობილი მკვლევარი სამუელ ჰანტინგტონი, რომელიც ამტკიცებს, რომ კონსერვატიზმი წარმოადგენს რაღაც განუსაზღვრელს, არ აქვს დასრულებული იდეოლოგია და შესაბამისად არ ექვემდებარება სამეცნიერო ანალიზს.[18]

თუმცა კონსერვატიზმის „ანტითეორიულობა“ ნიშნავს არა იდეების და თეორიების სრულ არარსებობას, არამედ პრაქტიკული ქმედების უპირატესობას. სამუელ ჰანტინგტონი აღნიშნავდა, რომ კონსერვატორების სიმართლე არსებობს არა საერთო მტკიცებების, არამედ კონკრეტული გამოცდილების ფორმაში.[19] XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კონსერვატორი მოაზროვნე მაიკლ უოკშოტი შეუძლებლად თვლიდა კონსერვატიზმის, როგორც გარკვეული იდეების ნაკრების განხილვას და მიაჩნდა, რომ ამ მოვლენის რეფლექსია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრაქტიკული ქცევის „ზნეობის“ გაგებით ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით.[20]

ძირითადი ღირებულებები რედაქტირება

მნიშვნელოვანი ღირებულება კონსერვატიზმისთვის არის ტრადიციონალიზმი, რომლის აზრიც მდებარეობს ზნეობრიობის ობიექტურ კანონში. თანამედროვე მეცნიერებაში არ არსებობს ტრადიციის ერთიანი ცნება. ისტორიულ-სოციოლოგიური ინტერპრეტაციის თანახმად ტრადიცია არის განცდების, ქცევების და აზროვნების სტერეოტიპების კომპლექსი, რომელსაც ნამდვილი ან ფიქტიური მიკუთვნებულობით სოციალური მემკვიდრეობისადმი დადებითად ან უარყოფითად აფასებენ ნებისმიერი თემის თუ საზოგადოების ფარგლებში. იერჟი შაცკი გამოყოფს სამ მთავარ კრიტერიუმს ტრადიციის ცნებაში: პირველი არის თავად ამა თუ იმ ღირებულების გადაცემის პროცესი თაობიდან თაობაზე კონკრეტულ საზოგადოებაში; მეორე არის აზროვნების კონკრეტული ფორმები, პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები, ეთიკური და ესთეტიკური შეხედულებები, აკვიატებები, რომელიც ტრადიციად განიხილება; მესამე კი არის ამ თაობის დამოკიდებულება გადაცემული ტრადიციის მიმართ.[21] მაქს ვებერი აღნიშნავდა, რომ ტრადიცია არის უპირობო ღირებულება, რომელიც არ ექვემდებარება რაციონალურ მსჯელობას.[22]

ორგანულად წარმოქმნილი ტრადიციული ინსტიტუტები და ურთიერთობები, კონსერვატორების აზრით ხელს უწყობს საზოგადოების თვითორგანიზაციას და თვითრეგულირებას, კონკრეტული ინდივიდების თუ ჯგუფების ინტერესების და სურვილების თანხვედრას და შესაბამისად საშუალებას აძლევს სოციუმს კონფლიქტების თავიდან აცილების გზით განვითარების. ფრანგი სოციოლოგის გუსტავ ლე ბონის სიტყვებით, ტრადიციის გარეშე შეუძლებელია როგორც ეროვნული სული, ასევე ცივილიზაცია.[23] ტრადიციონალიზმი გულისხმობს, რომ პოლიტიკა ეყრდნობა მხოლოდ იმ ტრადიციებს, რომელიც დროში გამოცდილია. არსებული ინსტიტუტები და პრაქტიკა უნდა შენარჩუნდეს. სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები კი ნდობას არ იმსახურებენ. სხვა სიტყვებით, კონსერვატორის თვალში ნებისმიერი ახალი სარგებლობს ერთგვარი დანაშაულის პრეზუმციით, ხოლო ყველაფერი ტრადიციული, უკვე არსებული და ფუნქციონირებადი პირიქით - უდანაშაულობის პრეზუმფციით.

 
ჟოზეფ დე მესტრი, მწერალი, იურისტი და დიპლომატი

კონსერვატორებისთვის ტრადიცია კულტურის განუყოფელ თვისებას წარმოადგენს. ნიკოლაი ბერდიაევი წერდა: „ტრადიციის, მემკვიდრეობითობის გარეშე კულტურა შეუძლებელია. კულტურა წარმოიშვა კულტისგან, კულტში კი ყოველთვის არის წმინდა კავშირი ცოცხლების და გარდაცვლილების, აწმყოსი და წარსულის...“[24] ტრადიციის უარყოფა შესაბამისად გარდაუვლად საფრთხის ქვეშ აყენებს მთელ კულტურას, მთელ სამყაროს წესრიგს, ფორმირებულს საუკუნეების განმავლობაში. კონსერვატორები თვლიან, რომ ადამიანის ბუნება პროდუცირებული არ არის მხოლოდ აწმყოთი.[25] ადამიანთა ქცევა მათი აზრით რეგულირდება არა მხოლოდ აწმყოს გამოწვევებით, არამედ სოციალური გამოცდილებით, ისტორიული პრაქტიკით, პრეცედენტით, რომელთა ავტორიტეტიც კონსერვატორებისთვის გარდაუვალია. თუმცა ტრადიციონალიზმი კონსერვატორებისთვის აბსოლუტური არ არის. მოდერნიზაცია იწვევს ბევრი ინსტიტუტის და სტრუქტურის მოშლას, რომლებიც პრაქტიკულ და ღირებულებით მნიშვნელობას კარგავენ. კონსერვატიზმი არ ცდილობს სრულიად განადგურებულის აღდგენას და შენარჩუნებას. ეს თვისება მას რეტროგრადობისგან განასხვავებს.

კონსერვატორული აზროვნება იერარქიულია. ნებისმიერი იერარქია შეზღუდვების სისტემის არსებობას გულისხმობს. კონსერვატორები მხარს უჭერენ აზრს, რომ შეზღუდვა, ჩარჩოები არის კოსმოსის შემადგენელი ნაწილები, რაც მას ქაოსისგან განასხვავებს. კულტურის სამყარო მათთვის შეზღუდვების სამყაროა. კონსერვატიზმის იერარქიულობა პირველ რიგში საზოგადოებრივი წყობისადმი დამოკიდებულებაში გამოიხატება. კონსერვატორები ამტკიცებენ, რომ თანასწორობა შეუძლებელი და უსამართლოა. ეს მათთვის უტოპიური და უკიდურესად საშიში ლოზუნგია, რომელიც საყოველთაო უნიფიკაციის, ადამიანის შემოქმედებითი საქმიანობის სიკვდილის საფრთხეს შეიცავს. საზოგადოების მკაცრად იერარქიული მოწყობა, როდესაც თითოეული წევრი მკაფიოდ იაზრებს საკუთარ საზღვრებს და ქმედების შესაძლებლობას, კონსერვატიზმის პირველი ევროპელი იდეოლოგებისთვის - ედმუნდ ბერკისთვის, ჟოზეფ დე მესტრისთვის, ლუი დე ბონალდისთვის იდეალი იყო. მათ მსგავსი წესრიგი შეზღუდულად და შესაბამისად ერთადერთ შესაძლებლად მიაჩნდათ. გერმანელი კონსერვატორი გეორგ კარლ კალტენბრუნერი აღნიშნავდა: „ბუნების მიხედვით, არავითარი თანასწორობა არ არსებობს. ეს სოციალური ცნებაა, შეზღუდული გარკვეული სფეროებით და ამავდროულად იდეოლოგიურ ფიქციას წარმოადგენს“.[26]

კონსერვატორული აზროვნების ტიპი არ უარყოფს გარდაქმნებს საზოგადოებაში. ევროპული კონსერვატორული იდეოლოგიის დამფუძნებელი ედმუნდ ბერკი წერდა: „სახელმწიფო, რომელიც არ ფლობს საკუთარი ცვლილებების შესაძლებლობებს, მოკლებულია საკუთარი გადარჩენის შესაძლებლობას“.[27] კონსერვატორები, მიუხედავად იმისა, რომ იდეალურ საზოგადოებრივ ურთიერთობებს წარსულში ხედავდნენ, მის გადმოტანას აწმყოში და მით უმეტეს მომავალში არ ცდილობდნენ. კონსერვატორული მსოფლმხედველობა არ უპირისპირდება აწმყოს. მსგავსი რადიკალური რესტავრაცია მიუღებელია კონსერვატორებისთვის, რადგანაც ამ გზით „რეანიმირებული“ უუნარო იქნება მიიღოს მოცემულობა და დამოუკიდებლად იარსებოს აწმყოში.

აღიარებენ რა საზოგადოების ცვლილების აუცილებლობას, კონსერვატორები მას მთელ რიგ მოთხოვნებს უყენებენ: უპირველეს ყოვლისა იგი უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს მდგომარეობის ობიექტურ ცვლილებაზე (მოსახლეობის ზრდა, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები და ა.შ.) პასუხს. მეორე მხრივ უნდა იყოს ხალხის დიდი მასების მოთხოვნაზე რეაქცია და მესამე მხრივ, უნდა იყოს იმდენად ეტაპობრივი, რომ ნეგატიური ხასიათის გვერდითი ეფექტების თავიდან აცილება მოხერხდეს.

ყველა ცვლილებას კონსერვატიზმი ორ სახედ ყოფს: ისინი, რომელთაც პირველ რიგში ნგრევა მოაქვთ და ისინი, რომლებიც მხოლოდ ვითარებას აუმჯობესებენ. მაიკლ უოკშოტი აღნიშნავდა, რომ პირველი ტიპის მომხრეებს საკუთარი კეთილი განზრახვების გამყარება არაფრით შეუძლიათ, გარდა ლოგიკურად აწყობილი გონებრივი კონსტრუქციებისა. ასეთი სიახლეები გრანდიოზულ ექსპერიმენტებად იქცევა, სადაც საზოგადოება, მისი სტრუქტურები, ინსტიტუტები მათი ავტორებისთვის მხოლოდ აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენს. ისტორიული გამოცდილება საკმარისად აჩვენებს, რომ რყევები, რომელსაც საზოგადოება მსგავსი ექსპერიმენტების დროს განიცდის, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიღწეული დადებითი შედეგები.[28]

მეორე ტიპის ცვლილებები, უფრო მისაღები კონსერვატორებისთვის, წარმოადგენს პასუხს გარკვეულ სირთულეზე ან რეალური ცხოვრების პრობლემურობაზე. სიახლეებმა არაფერი უნდა დაანგრიონ და მათ ადგილას ხელოვნური ფორმები არ შექმნან. მათ მხოლოდ ძველი უნდა ჩაანაცვლონ ახლით, რომელიც ამავე ცივილიზაციის ფარგლებში წარმოიშვა. კონსერვატორები საკუთარ ამოცანას მოდერნიზაციის შედეგად გარდაუვლად წარმოქმნილი დისბალანსების, კონფლიქტური სიტუაციების, წინააღმდეგობების დარეგულირებაში ხედავენ. იმისთვის, რომ გარდაქმნა ნაკლებად მტკივნეულად განხორციელდეს, ნებისმიერ რეფორმირებაში უნდა იყოს „კონსერვატორული შემადგენელი“, რომელიც წარმოადგენს არა „სტატუს-კვოსკენ“ დაბრუნებას, არამედ უარს რადიკალურ წყვეტაზე აწმყოსთან და პოლიტიკური პრაქტიკის ყველაზე ოდიოზურ ფორმებთან. შესაბამისად შეგვიძლია ვისაუბროთ „კონსერვატორულ რეფორმირებაზე“, რომელსაც ახასიათებს ცვლილებების ტრადიციული საზოგადოების მოთხოვნისგან ამოზრდა, ცვლილებების ორგანული, თანდათანობითი ხასიათი.

საქართველოს კონსერვატიული პარტია რედაქტირება

საქართველოში ასევე არსებობს საქართველოს კონსერვატიული პარტია - მემარჯვენე ორიენტაციის პარტია საქართველოში.

პარტიას თავდაპირველად ერქვა „ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორები“ და წარმოადგენდა ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ერთობას. 2002 წელს კონსერვატორები გაერთიანდნენ ბლოკში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და რესპუბლიკურ პარტიასთან.

ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24 % და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. უკვე 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27 %-ით. კონსერვატიული პარტია იყო ერთ-ერთი ორგანზატორი არჩევნების გაყალბების გამო ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებისა.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იყვმენ ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ შემადგენლობაში და მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2 %-ით.

კონსერვატორებმა შეწყვიტეს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა იმავე წლის გაზაფხულზე. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორები მონაწილეობდნენ რესპუბლიკელებთან ერთად ბლოკით „დავითაშვილი - ხიდაშელი - ბერძენიშვილი“. ბლოკმა საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 12 % და გავიდა მეორე ადგილზე.

2007 წლის შემოდგომაზე კონსერვატიული პარტია გაწევრიანდა ეროვნულ საბჭოში და იყო 2007 წლის ნოემბრის აქციების ერთ-ერთი ინიციატორი. პარტია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა ლევან გაჩეჩილაძეს, ხოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად.

მიუხედავად არჩევნებში მიღებული ხმებისა, პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს მანდატებზე. 2009 წლიდან პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა 9 აპრილიდან 26 მაისამდე მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

ფსიქოლოგია რედაქტირება

კონსერვატიზმის, როგორც ფენომენის სწორად გასაგებად აუცილებელია გავმიჯნოთ კონსერვატიზმი როგორც საზოგადოებრივი აზრი, იდეოლოგია და კონსერვატიზმი, როგორც ფსიქოლოგიური მოვლენა, რომელიც საზოგადოების ქმედების რეგულირების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ეს მეორე ცნება ნიკოლაი ბერდიაევმა დაახასიათა როგორც „ადამიანური საზოგადოებისთვის „ერთ-ერთი მარადიული და ონტოლოგიური საწყისი“.[29] დღეს კონსერვატიზმის ეს მხარე საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის დამახასიათებელ სააზროვნო მოდელად ითვლება, გაფორმებულად პოლიტიკური ძალების ან კონკრეტული ინდივიდების მიერ. მას ახასიათებს სიახლოვე ტრადიციებთან, სტაბილურობასთან, წესრიგთან, უარყოფს რევოლუციურ დამოკიდებულებებს და ეჭვით უყურებს რეფორმისტულ იმპულსებს. მსგავსი მსოფლმხედველობა პრინციპულად შეუძლებლად მიიჩნევს გონიერი სოციალური წესრიგის დამყარების შესაძლებლობას და მხარს უჭერს საზოგადოების „ორგანული“ მშენებლობის და მისი „ბუნებრივი“ განვითარების პრინციპებს.

1973 წელს, ბრიტანელმა ფსიქოლოგმა გლენ უილსონმა გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ამტკიცებდა რომ ზოგადი ფაქტორი, რომელსაც კონსერვატიზმი ეყრდნობა არის „გაურკვევლობის შიში“.[30] 2003 წელს იოსტის, გლესერის, კრუგლანსკისა და სულოვეის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო რომ ორაზროვნების მიუღებლობა და შემეცნებითი უნარის შეზღუდვისკენ სწრაფვა ხელს უწყობს პოლიტიკური კონსერვატიზმის ხარისხის გაზრდას.[31] კეითლინ მაკლაი თავის ნაშრომში აცხადებდა, რომ „ეს მახასიათებლები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ ზოგად ღირებულებებთან, როგორიცაა ინდივიდუალური ვალდებულება და მტკიცე ერთგულება“. მისმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ როდესაც ადამიანების უმეტესობა მდგრადია ცვლილებების მიმართ, ლიბერალები უფრო ტოლერანტულად უდგებიან ამ საკითხს.[32]

ფსიქოლოგი ბობ ალტმეიერის აზრით ინდივიდები, რომლებიც პოლიტიკური კონსერვატორები არიან ხშირად მემარჯვენე მხარის ავტორიტარიზმის მიმართულებით მაღალ თანამდებობეს იკავებენ.[33] ფსიქოლოგი ფელიცია პრატო და მისი კოლეგები მისდევდნენ მაღალი სოციალური დომინირების იდეას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კონსერვატიულ პოლიტიკურ შეხედულებებთან და ეწინააღმდეგება სოციალურ ინჟინერიას, რომელიც ემხრობა სოციალური თანასწორობის პრინციპს.[34] მიუხედავად კვლევებისა პრატომ და მისმა მიმდევრებმა ასევე დაადგინეს, რომ მაღალი სოციალური დომინირება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საზოგადოებაში დამკვიდრებულ ცრურწმენებთან.

მკვლევართა ნაწილი კონსერვატიზმს აზროვნების სტილად ან ქცევითი სოციოკულტურული ნორმების კომპლექსად მიიჩნევს, რომელიც შემდეგ შესაბამის პოლიტიკურ იდეოლოგიას წარმოშობს. გერმანელი პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი გერდ კლაუს კანტენბრუნერი კონსერვატიზმს „დროის მიღმა უნივერსალური ღირებულებების სისტემად“ განსაზღვრავდა, რომელიც ერთ დონეზე დგას ისეთ ზოგადსაკაცობრიო კატეგორიებთან, როგორიცაა ტრადიცია, რელიგია, ეთიკა და კულტურა.[35]

1996 წელს ჩატარებულმა კვლევებმა რასიზმისა და კონსერვატიზმის შორის ურთიერთობის შესახებ დაადგინა, რომ „შავკანიანების წინააღმედ წარმოქმნილი ცრურწმენები არანაირ კავშირში არ იყო პოლიტიკურ კონსერვატიზმთან არც ინტელექტუალურ და არც საგანმანათლებლო დონეზე“. მათ ასევე დაადგინეს, რომ რასიზმსა და კონსერვატიზმს შორის თანაფარდობა მთლიანად გამოწვეული იყო მათი საერთო - სოციალური დომინირების იდეასთან დაკავშირებით.[36]

2008 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს რომ კონსერვატორები უფრო ბედნიერები არიან ვიდრე ლიბერალები. ვინაიდან შემოსავლებზე უთანასწორობა თანდათან იზრდება, ასევე იზრდება ბედნიერების ხარისხიც კონსერვატორებში, რადგან ისინი უფრო მეტად ფლობენ იდეოლოგიურ ბუფერს ეკონომიკური უთანასწორობის ნეგატიური ჰედონისტური გავლენის წინააღმდეგ.[37]

კონსერვატიზმი, როგორც აზროვნების ტიპი, სამყაროსადმი დამოკიდებულება და პოლიტიკურ-იდეოლოგიური ორიენტაცია, ასევე კონსერვატორული ხასიათის პოლიტიკური პრაქტიკა ცხადია ისტორიის უფრო ადრეულ ეტაპებზეც არსებობდა. კონსერვატორული მთლიანობის ამ მხარეს გერმანელი სოციოლოგი და ფილოსოფოსი კარლ მანჰეიმი „უნივერსალურ კონსერვატიზმს“ უწოდებს.[38] ეს მოვლენა შეიძლება კონსერვატორულ ინსტინქტად ან გარკვეული ცნობიერების თავისებურებად გავიგოთ. კონსერვატორული ფენომენის მსგავსი ახსნა მისი მნიშვნელობის გაბუნდოვანებას და სხვადასხვა სპეკულაციების გაჩენას იწვევს, რომელიც კონსერვატიზმს წარმოაჩენს „ინსტინქტად, რომელიც გააჩნდა გამოქვაბულის ადამიანს, კმაყოფილს საკუთარი ქვის ჩაქუჩით ან ველურს, რომელიც ბრმად მისდევს ტომის ჩვეულებებს“.[39] უნივერსალური კონსერვატიზმი კი რთულ მექანიზმს წარმოადგენს. მანჰეიმის აზრით, იგი არა მხოლოდ ინარჩუნებს უკვე არსებულ ინსტიტუტებს, არამედ ხელს უწყობს განვითარებას საზოგადოებაში არსებული რელიგიურ-ზნეობრივი მსოფლმხედველობის, ღირებულებათა სისტემის, სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ურთიერთობების ფორმების ჩარჩოებში. როდესაც განვითარება ამ გზით მიმდინარეობს, კონსერვატიზმი ლატენტური ფორმით არსებობს. თუმცა სიტუაცია იცვლება, როდესაც საზოგადოებაში ხდება ძირეული ტრანსფორმაციები, რომელიც ცხოვრების არსებულ წყობას ემუქრება. მანჰეიმის სიტყვებით, ამ დროს ხდება კონსერვატორული მსოფლმხედველობის რეფლექსია, მისი იდეოლოგიურ სისტემად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის მიმართულებად გადაქცევა.[40] ამ პროცესის განვითარება მიმდინარეობდა ძირითადად ახალ დროში, რომელიც დასავლეთ ევროპაში გლობალური ცვლილებების პერიოდად იქცა, დაკავშირებულად ახალ, ბურჟუაზიულ-ინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლასთან. მკვლევარი იურგენ ჰაბერმანსი აღნიშნავდა, რომ ამ ეპოქაში ბატონობდა „ისტორიული ცნობიერება, რომელიც კავშირს წყვეტდა ტრადიციულ „ბუნებრივ კონტინუუმებთან“. ასევე პრევალირებდა „ნდობა გონიერი დისკურსის მიმართ, რომელიც უნდა ყოფილიყო საბაზისო ნებისმიერი პოლიტიკური ბატონობის ლეგიტიმიზაციის პროცესში“.[41] კონსერვატიზმის თეორიული გაფორმება კი გაცილებით ადრე დაიწყო.

წყაროები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • O’Sullivan Noel. Conservatism. L., 1976
  • Oakeshott Michael. On Being Conservative // Oakeshott M. Rationalism in Politics and Other Essays. Indianapolis, 1991
  • Huntington Samuel. Conservatism as an Ideology. The American Political Science Review. Vol. 51, No. 2 (Jun., 1957)
  • Nisbet Robert. Conservatism: dream and reality. 2nd ed. L. a. o., 2002
  • Kirk Russell. The conservative mind: from Burke to Eliot. 7th ed. Chi., 2001
  • Бердяев Николай. Философия неравенства. М., 1990
  • Kaltenbrunner Georg-Karl. Der schwierige Konservatismus // Aus Politik und Zeitgeschiscte. N49. Bonn, 1973
  • Mannheim Karl. Conservatism:Intro Sociol V11 (The Sociology of Karl Mannheim). Routledge (February 15, 2007)
  • Adams, Ian (2001). Political Ideology Today. Manchester University Press. ISBN 978-0-7190-6020-5. 
  • Eccleshall, Robert (1990). English Conservatism since the Restoration: An Introduction and Anthology. London: Unwin Hyman. ISBN 978-0-04-445346-8. 
  • Hainsworth, Paul. The extreme right in Western Europe, Abingdon, OXON: Routledge, 2008 ISBN 0-415-39682-4.
  • Heywood, Andrew (2015). Key Concepts in Politics and International Relations. Palgrave Macmillan. ISBN 978-1-137-49477-1. 
  • Heywood, Andrew (2012). Political Ideologies: An Introduction. Palgrave Macmillan. ISBN 978-0-230-36994-8. 
  • Heywood, Andrew (2017). Political Ideologies: An Introduction. Palgrave Macmillan. ISBN 978-1-137-60604-4. 
  • Heywood, Andrew (2013). Politics. Palgrave Macmillan. ISBN 978-1-137-27244-7. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Гусев В. А. Русский консерватизм. Тверь, 2001.
  2. Nisbet Robert. Conservatism: dream and reality. 2nd ed. L. a. o., 2002
  3. Nisbet Robert. Conservatism: dream and reality. 2nd ed. L. a. o., 2002
  4. McAnulla 2006, p. 71.
  5. Grigsby, Ellen (2008). Analyzing Politics. Cengage Learning, გვ. 108–109, 112, 347. ISBN 978-0-495-50112-1. 
  6. Mandal, V.C. (2007). Dictionary Of Public Administration. Sarup & Sons, გვ. 306. ISBN 978-81-7625-784-8. „National conservatism -inpublisher:icon.“ 
  7. Wilson, Jason (August 23, 2016). "'A sense that white identity is under attack': making sense of the alt-right". The Guardian. Retrieved September 7, 2016.
  8. Eliot, T.S. (1984). Notes Towards the Definition of Culture. Faber & Faber. ISBN 978-0-571-26533-6. 
  9. parties-and-elections.de.
  10. Traynor, Ian (April 4, 2006). „The EU's weary travellers“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 7, 2006.
  11. Burke Edmund. Reflections on the Revolution in France. Digireads.com (July 1, 2004)
  12. National questions – conservatives fragmenting as liberals unite, National Review, June 30, 1997
  13. Andersen, Margaret L., Taylor, Howard Francis. Sociology: Understanding a Diverse Society Cengage Learning, 4th Ed. (2005), pp. 469–470. ISBN 978-0-534-61716-5
  14. Petersen, David L. (2005). "Genesis and Family Values". Journal of Biblical Literature. 124 (1).
  15. Burke Edmund. Reflections on the Revolution in France. Digireads.com (July 1, 2004)
  16. Viereck Peter. Conservatism Revisited. Routledge (April 30, 2004)
  17. Rossiter Clinton. Conservatism in America: The Thankless Persuasion. Vintage; Second Edition edition (1962)
  18. Huntington Samuel. Conservatism as an Ideology. The American Political Science Review. Vol. 51, No. 2 (Jun., 1957)
  19. Huntington Samuel. Conservatism as an Ideology. The American Political Science Review. Vol. 51, No. 2 (Jun., 1957)
  20. Oakeshott Michael. On Being Conservative // Oakeshott M. Rationalism in Politics and Other Essays. Indianapolis, 1991
  21. Szacki Jerzy. Liberalism After Communism. Oxford University Press (February 22, 1996)
  22. Szacki Jerzy. Liberalism After Communism. Oxford University Press (February 22, 1996)
  23. Nisbet Robert. Conservatism: dream and reality. 2nd ed. L. a. o., 2002
  24. Бердяев Никола́й. Философия неравенства. М., 1990
  25. Бердяев Никола́й. Философия неравенства. М., 1990
  26. Kaltenbrunner Georg-Karl. Der schwierige Konservatismus // Aus Politik und Zeitgeschiscte. N49. Bonn, 1973
  27. Burke Edmund. Reflections on the Revolution in France. Digireads.com (July 1, 2004)
  28. Oakeshott Michael. On Being Conservative // Oakeshott M. Rationalism in Politics and Other Essays. Indianapolis, 1991
  29. Kirk Russell. The conservative mind: from Burke to Eliot. 7th ed. Chi., 2001
  30. Wilson, G.D. (Ed.)(1973) The Psychology of Conservatism, London: Academic Press.
  31. Chan, EY; Ilicic, J (2019). „Political ideology and brand attachment“. International Journal of Research in Marketing. 36 (4): TBD. doi:10.1016/j.ijresmar.2019.04.001.
  32. Researchers help define what makes a political conservative (2003).
  33. Altemeyer, B. (1981). Right-wing authoritarianism. Winnipeg, Canada: University of Manitoba Press.
  34. Pratto, Felicia; Sidanius, Jim; Stallworth, Lisa M.; Malle, Bertram F. (1994). „Social dominance orientation: A personality variable predicting social and political attitudes“. Journal of Personality and Social Psychology. 67 (4): 741–763. doi:10.1037/0022-3514.67.4.741.
  35. Kaltenbrunner Georg-Karl. Der schwierige Konservatismus // Aus Politik und Zeitgeschiscte. N49. Bonn, 1973
  36. Sidanius, J; Pratto, F; Bobo, L (1996). „Racism, conservatism, affirmative action, and intellectual sophistication: A matter of principled conservatism or group dominance?“ (PDF). Journal of Personality and Social Psychology. 70 (3): 476–490. CiteSeerX 10.1.1.474.1114. doi:10.1037/0022-3514.70.3.476.
  37. Napier, J.L.; Jost, J.T. (2008). „Why Are Conservatives Happier Than Liberals?“. Psychological Science. 19 (6): 565–572. doi:10.1111/j.1467-9280.2008.02124.x. PMID 18578846.
  38. Mannheim Karl. Conservatism:Intro Sociol V11 (The Sociology of Karl Mannheim). Routledge (February 15, 2007)
  39. Gottfried Paul. The conservative movement. 2nd ed. N. Y., 1993
  40. Mannheim Karl. Conservatism: Intro Sociol V11 (The Sociology of Karl Mannheim). Routledge (February 15, 2007)
  41. Habermas Jürgen. The New Conservatism: Cultural Criticism and the Historians' Debate (Studies in Contemporary German Social Thought). The MIT Press; Reprint edition (August 28, 1991)