გომარეთი
გომარეთი[4][5] — სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გომარეთი, კაკლიანი, მამულა, ქცია).
სოფელი | |
---|---|
გომარეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | დმანისი |
თემი | გომარეთი |
კოორდინატები | 41°29′48″ ჩ. გ. 44°09′46″ ა. გ. / 41.49667° ჩ. გ. 44.16278° ა. გ. |
მოსახლეობა | 594 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (360)[2] |
საფოსტო ინდექსი | 1704[3] |
მდებარეობს გომარეთის პლატოზე, ზღვის დონიდან 1380 მ. დმანისიდან 30 კმ. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 594 კაცი.
გომარეთი ადრე შედგებოდა ორი სოფლისაგან დიდი გომარეთისა და პატარა გომარეთისაგან. გაერთიანდა მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ 1999 წელს მიღებული კანონის საფუძველზე[6]
ისტორია
რედაქტირებაგომარეთის მოსახლეობა ქართულია (გადმოსულია სხვადასხვა დროს ჯავახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, კახეთიდან და სამეგრელოდან). მიუხედავად მკაცრი ჰავისა, ზურტაკეტის პლატოზე და საკუთრივ გომარეთშიც ადამიანის ცხოვრების, მისი შემოქმედების კვალი უძველესი ხანიდან ჩანს. მოსახლეობის უძველესი ნაკვალევი აქ დასტურდება მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარი — III ათასწლეული) დროიდან, ამასვე ადასტურებს ნეოლითური ხანის ცალკეული ნივთები, ენეოლითური ხანის ნამოსახლარი, ადრე ბრინჯაოს ხანის უდიდესი ყორღანები; აღსანიშნავია გვიანდელი ბრინჯაოს – ადრე რკინის ხანის სამაროვნები (ორმოსამარხები); ადრეანტიკური და ელინისტური ხანის სამარხები (ქვაყუთები, ორმოსამარხები); მშრალი წყობით (ციკლოპური) ნაგები სხვადასხვა დროის კედლები; ადრე და შუა ფეოდალური ხანის საკულტო-მემორიალური დანიშნულების ძეგლები (ქვასვეტი); განვითარებული და გვიანდელი ფეოდალური ხანის ბევრი ეკლესია, მონასტერი, ციხე და სოფელი, ნაეკლესიარი, ნაციხარი, ნასოფლარი, ნაქალაქარი, ნაწისქვილარი. შუა საუკუნეების მატერიალურ კულტურული ძეგლების სიმრავლით გომარეთი და მისი შემოგარენი ყველაზე მდიდარია ზურტაკეტის პლატოს სხვა სოფელთა შორის. ეს ძეგლებია სხვადასხვა სახისა და დროის დარბაზული ეკლესიები. აქ თავმოყრილი ქვასვეტებიდან ბევრი სხვადასხვა ადგილიდანაა გადმოტანილი.
დიდ გომარეთში 5 ეკლესიაა: ერთი XIII–XIV სს. წმ. გიორგის პატარა დარბაზული ეკლესია, ნაგებია სუფთად გათლილი ქვით (ერთგან ძველი სტელის ფრაგმენტია ჩაყოლებული). გადახურულია ქვისავე ფილებით (ლორფინებით), იატაკი კირის ხსნარით შედუღაბებული ქვისა აქვს. ძველი კანკელის ადგილზე სხვადასხვა დროის მოხატულობით, ასომთავრული და მხედრული წარწერებით შემკული გვიანდელი ხანის ხის კანკელია. ეკლესიას ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე აქვს გვიანდელი მინაშენი, რომელიც ეკლესიას ორი თაღით უერთდება. მინაშენზე სამრეკლოს ოთხსვეტიანი ფანჩატურია აღმართული. სამხრეთი კარის ბალავარზე ჯვარია ამოკვეთილი, წარწერები გადაშლილია. მინაშენის ჩრდილოეთი კარის თავზე ამხედრებულ წმინდა გიორგის რელიეფს აქვს ასომთავრული წარწერა. სარკმლის ჩარჩოები მოჩუქურთმებულია.
მეორე, ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია სოფლის შუაგულში აგებულია 1014-1022 წლებში, დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. შემოსილია მოყვითალო ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ჩუქურთმით მოჩარჩოებულ ბალავრის ქვაზე, ამოკვეთილია ჯვარი და ასომთავრული წარწერები, ერთერთში მოხსენიებულია ლიპარიტ ერისთავთერისთავი და შვილნი მისნი, მეორეში — გიორგი აფხაზთა მეფე და ეკლესიის მაშენებელი „მიქელ ხუც კალატოზი“. წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესიის ბალავარი დაუდევთ მაშინ, როდესაც ზვიად მარუშიანი შეიპყრო გიორგი აფხაზთა მეფემ (გიორგი I-მა). ეს ფაქტი სხვა ქართულ წყაროებში არ დასტურდება. ბალავრის აღმოსავლეთი ნაწილის რელიეფზე ამოკვეთილია გველეშაპის პირიდან გამომავალი იონა. იქვე არის აგრეთვე ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი.
მესამე, დარბაზული ეკლესია „სიხუაანთ საყდარი“ (აგებულია 1034) შემოსილია უხეშად დამუშავებული ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის ბალავარზე გამოსახულია ჯვარი და ამოკვეთილია ასომთავრული წარწერები, სადაც მოხსენიებულია ლიპარიტ ერისთავთერისთავი და მისი შვილები.
მეოთხე, „ყიფიანთ საყდარი“, დარბაზული ეკლესია, XII–XIII სსით თარიღდება. ნაგებია სუფთად გათლილი ქვით. გადახურულია ლორფინებით. სამხრეთის ერთადერთი კარის ბალავარზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. ფასადის დას. ნაწილში XVII– XVIII საუკუნეების მხედრული წარწერაა (რესტავრირებულია 2007).
მეხუთე, ნატეხი ქვით ნაგები პატარა დარბაზული ეკლესია, ერთიანად დაქცეულია. პატარა გომარეთის განაპირას დგას ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან გვიანდელი მინაშენი ეკვრის. ეკლესიის სამხრეთი კარის არქიტრავის ასომთავრული წარწერის მიხედვით იგი აგებულია XI საუკუნის I ნახევარში ლიპარიტ ერისთავთერისთავის მიერ. კედლები, აფსიდი და ცილინდრული კამარა ნაგებია კარგად გათლილი ქვით. პილასტრების კაპიტელები მარტივადაა პროფილირებული. ინტერიერში შემორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტები. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. ფასადები შემოსილია სუფთად გათლილი ბაზალტის კვადრებით. მორთულობიდან აღსანიშნავია აფსიდის სარკმლის პროფილირებული თავსართი. ეკლესიებით მდიდარია გომარეთის მიდამოებიც. ისინი ყველა ერთნავიანია, მათგან აღსანიშნავია: VIII–IX სს. ბრტყელაფსიდიანი წმ. კვირიკეს ეკლესია კვირიკეთის მთაზე (ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, მთას სახელი ეწოდა წმ. კვირიკეს ეკლესიის გამო); ჭოჭიანის ეკლესია (განვითარებული შუა საუკ.); მეორე ეკლესია ჭოჭიანში (ცნობილია როგორც თამარის სამწირველო, შუა საუკუნეები), რომლის სამხრეთი კარის თავზე ამოკვეთილია ჯვარი. აღმოსავლეთ ფასადზე ჩასმულ ფერად ქვაზე ასომთავრული წარწერაა: „თამარ ღმრთისა სწორის სამლოცველო“. აქვეა XVIII საუკუნის ეკლესია, თეთრი საყდარი, XI ს. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. სოფლის მიდამოებში მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების შოშილეთის ეკლესია და გვიანდელი სამრეკლო, მონასტერი „ლამაზი საყდარი“, კომპლექსი ეგრისი.
გომარეთი მდიდარია საკულტო მემორიალური ძეგლებით (VI–IX სს. ქვასვეტები, ქვაჯვრები და ქვაკაცები). სოფლის წივილაანთ უბანში, მცირე ბორცვზე, შეკრებილია მოზრდილი სტელების ფრაგმენტები, რომლებზეც რელიეფურად გამოყვანილია მცენარეული ორნამენტები.
გალერეა
რედაქტირება-
სოფელი „გომარეთი“ — „ქე“-ში (2014)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ალხაზიშვილი ნ., ბერძენიშვილი დ., ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 87-88.
- მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. I, თბ., 1977;
- ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 4, თბ., 1972;
- რჩეულიშვილი ლ., ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, თბ., 1994;
- Такайшвили Е., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://census.ge/en/home
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 28.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 42.
- ↑ საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ.