ხევისბერი გოჩა

ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა

ხევისბერი გოჩაალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული მოთხრობა. პირველად დაიბეჭდა "დროებაში" 1884 წელს (ნომერი 171–238), მეორედ – ავტორის თხზულებათა კრებულის მეოთხე ტომში 1892 წელს. არსებობს "ხევისბერი გოჩას" ხალხური ვარიანტები. ალექსანდრე ყაზბეგის ცნობით, ფოლკლორული წყარო მას ღინჯა ხულელისგან ჰქონია მოსმენილი.[1]

„ხევისბერი გოჩა“

მოთხრობის ილუსტრაცია
ავტორი ალექსანდრე ყაზბეგი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა მამის მიერ შვილის მოკვლა
ჟანრი რეალიზმი, ისტორიული მოთხრობა, ტრაგედია
გამოცემის თარიღი 1884
გვერდი 80

ნაწარმოების შესახებ

რედაქტირება

თავად ყაზბეგი ნოველის ბოლოში წერს, რომ ხევისბერი გოჩას ამბავი მისთვის სიტყვასიტყვით უამბნია მოხუც მოხევეს ღინჯა ხულელს.[2] ამის შესახებ თვითონ ალექსანდრე ყაზბეგი წერდა. აქ შესაძლებელია გადამეტებულია მინიშნება “სიტყვასიტყვით”. ამ ისტორიის ხალხური ვერსიებიც არსებობდა და ღინჯა ხულელიც რეალური პიროვნება იყო. მის პორტრეტს ავტორი “ელგუჯაში” ხატავს: “... ეს იყო მთაში განთქმული მეფანდურე და ჭკუამახვილი, გრძნობით სავსე მოლექსე, მაშასადამე, ყველასგან პატივცემული და საყვარელი სტუმარი. ტკბილი მოსაუბრე, ამაღლებული გრძნობით აღსავსე, მოაზრებული ღინჯა ყოველი სიმის ჩაკვრაზედ ფანდურს ისეთ ხმას აღებინებდა, რომელიც კაცს გულს უწურავდა, ჟრუანტელს აღუძრავდა და ოფლს დაასხამდა”.

გურამ ასათიანის და სხვა კრიტიკოსების ცნობით, არსებობს "ხევისბერი გოჩას" სამი ვარიანტი. ორი, ხევში ჩაწერილი, ფოლკლორული, რომლებიც ზოგიერთი ფრაგმენტით განსხვავდებიან ლიტერატურული ნაწარმოებისაგან.[3]მესამე ვარიანტის (მთქმელი აბრამ ოდიშვილი) ხალხურობა ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ის თითქმის მთლიანად იმეორებს ლიტერატურულ ვერსიას (მხოლოდ პერსონაჟთა სახელებია ხალხური ვარიანტიდან აღებული). გარდა ამისა, აბრამ ოდიშვილი თავს ყაზბეგის მწყემსობის ამხანაგად აცხადებდა. რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მონათხრობის თავდაპირველი საფუძველი სწორედ ლიტერატურული ტექსტი იყო. [4]დანარჩენი ორი ჩანაწერის მიხედვით, ონისეს (ვანისეს) გუგუა (გაგაი), ძიძიას (მათიკოს) ქმარი ჰკლავს.

მამისგან შვილის მოკვლის თემას აკაკი ბაქრაძემ საგანგებო სტატია მიუძღვნა 1981 წელს და მოათავსა თავის წიგნში "სულის ზრდა"[5]. სტატიის სათაურია "არსებობს მარადისობის რღვევა ანუ შვილის მკვლელი მამა". სტატიაში განხილულია ოთხი მხატვრული ნაწარმოები.: აკაკი წერეთლის – "გამზრდელი", სადაც პატიოსნებას სძლია გულისთქმამ და საფარ ბეგმა ძიძიშვილის ცოლი გააუპატიურა; სიყვარულის თავდავიწყებამ წაიღო და ონისემ გუშაგის მოვალეობა დაივიწყა. მტერი შემოეპარა (ხევისბერი გოჩა), რაც სამშობლოს ღალატის ტოლფასია; უცხო ტომის ქალი შეუყვარდა და ანდრი დუშმანის მხარეს გადავიდა. მეტიც, თავისიანებს მედგარი ბრძოლა გაუმართა – ნიკოლოზ გოგოლის "ტარას ბულბა"; ბავშვურ სულწასულობას ვერ მოერია და ფორტუნადომ ბანდიტი ჯანეტო სანპიერო გასცა (პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე").

აკაკი ბაქრაძე განიხილავს ოთხივე ნაწარმოებს. ხევისბერ გოჩასთან დაკავშირებით ის წერს: "შვილის მოკვლა მამის მიერ, რა პირობებშიც არ უნდა მოხდეს ეს, ანტიბუნებრივი მოვლენაა. თუმცა ყაზბეგი უფრო დამაჯერებლად ხატავს მამის მიერ შვილის მკვლელობის სურათს. ხევისბერი აფექტის დროს კლავს ონისეს. ე.ი გოჩას საქციელი არაცნობიერია. ტარას ბულბასა და მატეო ფალკონეს ქმედება კი ცნობიერია, წინასწარ მოფიქრებული, რაც უფრო დიდი უზნეობაა, ვიდრე მამის მიერ შვილის მოკვლა, მაგრამ ხევისბერმა გოჩამ სხვებიგან განსხვავებით ზღო ეს დანაშაული, გამოწვეული ელდის დაცემით. მან გონება დაკარგა, თავადვე შეიქნა თავისივე საქციელის მსხვერპლი"[6]

აკაკი ბაქრაძე წერს, რომ შვილის მოკვლით მამა არსებითად თვითმკვლელობას სჩადის, ანადგურებს საკუთარ მომავალს და ასკვნის: "მამამ, რომელმაც შვილი მოკლა, არსებითად ჩაიდინა თვითმკვლელობა (ე.ი. გაიმეორა ჰაჯი უსუბის საქციელი (პოემა "გამზრდელი")), მოისპო მომავალი, დაარღვია ბუნების კანონი (მამა უნდა მოკვდეს, შვილი დარჩეს) და გაწყვიტა დროთა კავშირი. ლიტერატრურაში ამ პრობლემას ეწოდება ანტიდაბადება ან არსებობის მარადისობის დარღვევა"[7]

მოქმედება ვითარდება ხევის ერთ–ერთ სოფელში. გუგუა ფიჩიტაურს ცოლად მოჰყავს თექვსმეტი წლის ძიძია. თუმცა ადათის და ტრადიციის მიხედვით მომავალ ცოლ–ქმარს ჯვრისწერამდე ერთმანეთის ნახვის უფლება არ აქვთ. ამიტომ გუგუა მაყრიონს გაგზავნის ძიძიას ოჯახში. ხელისმომკიდედ კი თანასოფლელ ონისეს აირჩევს. სწორედ ონისეს ევალება პატარძლის მომოვალ ქმართან მშვიდობიანად და უვნებლად მიყვანა. თუმცა პირველივე შეხვედრისთანავე ონისეს და ძიძიას ერთმანეთი შეუყვარდებათ. ძიძიას დედა ხაზუა კი სიტყვას ჩამოართმევს ონისეს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი მშვიდობით ჩააბაროს საქმროს. ონისე პირობას დადებს.

გზაში მაყრიონთან ერთად, მარხილში ძიძია და ონისე სხედან. ონისე პატარძალს შეატყობს, რომ ცივა და გასათბობად მიეკრობა. საბოლოოდ ქალს სოფელში უვნებლად ჩაიყვანენ. ქორწილიც გაიმართება, თუმცა ონისე ვერ მოისვენებს და ამ დღის შემდეგ ფშავში გადავა მეცხვარეებთან სამუშაოდ. იქამდე კი მამამისი ხევისბერი გოჩა მას გააფრთხილებს, რომ რაიმე თემის საწინააღმდეგო საქმე არ ჩაიდინოს. მისი თავის არიდება ძიძიას არ უშველის, რადგან ის ვერ დაივიწყებს ონისეს. გუგუა კი ყველაფერს ხვდება და ცდილობს ცოლს თავი შეაყვაროს. თუმცა უშედეგოდ. ონისე დიდ ხანს გაატარებს ფშავში მეცხვარედ.

ერთ დღესაც ონისესთან მთიულების შუაკაცი თოლიკე მოვა, რომელიც ცუდ ამბავს მოიტანს. მისი თქმით ნუგზარ ერისთავს გადაუწყვეტია ოსების ჯართან ერთად ააოხროს ხევი და ამაში დახმარებას მთიულებსაც თხოვს. თუმცა მთიულები უარზე არიან, რადგან მათ არაფერი აქვთ გასაყოფი მოხევეებთან. ონისე მალევე დაბრუნდება ხევში და მებრძოლებს შეუერთდება. მას მეთვალყურეობას დაავალებენ, რათა უცხო რაზმი არ გამოეპაროს. თუმცა ომის დროს ის ძიძიასთან ერთად ლაპარაკში და ალერსში გაერთობა და მის თანამებრძოლებს ჩუმად ამოწყვეტენ. გუგუას კი, რომელიც ონისეს მოკვლას გადაწყვეტს, მტრის ჯართან ერთად დაინახავენ და მოღალატედ გამოიყვანენ.

კიდევ ერთი ბრძოლის შემდეგ, დიდი დანაკლისის მიუხედავად მოხევეები მტერს მოიგერიებენ. ხევისბერი გოჩა კი მოღალატეების დასჯას გადაწყვეტს. იქამდე კი თავის გასამართლებლად სიტყვას მისცემს. პირველად ორი დევნილი ოსი ჩაიქოლება, რომლებიც მოხევეებმა შეიფარეს, მაგრამ ომის დროს მათგან ღალატი მიიღეს. შემდეგ კი გუგუას გამოიყვანენ. გუგუა აღიარებს, რომ ონისეს მოსაკლავად მოდიოდა, როცა მტრის ჯარს შეერია და მოღალატე არაა. ხევისბერი გოჩა შვილის ასეთ საქციელზე შეიშლება და მის ჩაქოლვას მოითხოვს. ხალხისგან უარს მიიღებს და თვითონ მოკლავს შვილს ხანჯლით. თავს მოიკლავს გუგუა, რომელიც თავს დაიდანაშაულებს მომხდარში. საბოლოოდ კი ხევისბერი გოჩა ჭკუიდან შეიშლება იმის გამო, რომ შვილი საკუთარი ხელით მოკლა.

პერსონაჟები

რედაქტირება
  • ონისე - ონისე ხევისბერი გოჩას ერთადერთი ძეა. მას თავდავიწყებით შეჰყვარებია თავისი მეგობრის ცოლი - ძიძია, ვისი ხელისმომკიდეც იყო ქორწილში, ხევის კანონებით იგი ძმად უნდა მიეღო ძიძიას. ონისეს გულში ქარიშხალი დატრიალდა. მის არსებაში მოვალეობა გრძნობას დაუპირისპირდა. ერთი მხრივ, მამის გაფრთხილება - „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!“ - შეახსენებდა ვალდებულებებს სათვისტომოსა და მამის წინაშე, მეორე მხრივ, სიყვარულს ისე ძლიერ მოუცავს მისი არსება, თავგზას აკარგვინებს. ონისე ცდუნებას იოლად არ ნებდება. ყოველ ღონეს ხმარობს თავიდან ამოიგდოს ძიძიას მტანჯველი სიყვარული. ქორწილის შემდეგ თუშეთში მიდის დარდის გასაქარვებლად, მაგრამ ბრუნდება თუ არა, ხვდება, რომ განშორების გრძნობა გაუათკეცებია. სატრფოსთან შეხვედრა არწმუნებს თავისი სურვილების ჭეშმარიტებაში, ხოლო როდესაც ძიძიასგან საპასუხო ამბორს იღებს, უცნაურ აღფრთოვანებას, ძალის მოზღვავებას გრძნობს. მაგრამ ნუგზარ ერისთავის განზრახვას რომ შეიტყობს, ონისეში უმალვე მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა იღვიძებს. მას ღალატი გულშიც კი არ გაუვლია. ამას მამასთან გამოსათხოვარი სცენაც მოწმობს, ხევისბერი აფრთხილებს შვილს, მამა-პაპათა საფლავების დაცვისკენ მოუწოდებს; თუ სიკვდილი გიწერია, ვაჟკაცად მოკვდი, ისე რომ ხევს შენი დამარხვა არ ეთაკილებოდესო. „-მაგას ნახავ!“ - პასუხობს ონისე და მისი სიტყვების გულწრფელობაში ეჭვიც კი არ შეგეპარებოდა. თუმცა ბედისწერა უმძიმეს გამოცდას უმზადებდა.
  • ხევისბერი გოჩა - ხევისბერი გოჩა ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია. იგი გამორჩეული ადამიანური თვისებურების მატარებელია, ხევის საზრუნავით ცხოვრობს და ხალხის ბედ-იღბალი აბარია. ხევისბერის პორტრეტი მონუმენტურად და ამაღლებულად დაგვიხატა ავტორმა. იგი საყდრის ფონზე იხატება და მისი პიროვნების ძლიერ შტრიხებს წარმოაჩენს. „ჩვენზედ მოდიან... ერთხელ დაბადებულებს ერთხელ გვინდის სიკვდილი. გავწყდეთ, ხალხო, და უცხო ხალხს კი ნუ ვიბატონებთ!“ - ონისეს ეს მოწოდება ბრძოლისთვის აღანთებს მოხევეებს, მაგრამ მამის გულს მაინც ეჭვი ღრღნის, ავის მომასწავებელი ფიქრები თავიდან ვერ მოუშორებია; ლოცვაში ათენ-აღამებს, თავის ხალხს განსაცდელი რომ აარიდოს, ღმერთს ავედრებს თავის სამწყროს; საკუთარ შვილსაც მას აბარებს, უფალს შესთხოვს, პირნათლად ატაროს, თუ კი შერცხვენა, გაწბილება უწერია, ადრევე მოუსპოს სიცოცხლე. მასში მოვალეობა მამობრივ გრძნობაზე მუდამ იმარჯვებს. ბრძენია და კარგად იცის, სისუსტის უფლება არა აქვს, მას ხომ ამდენი ადამიანის ბედი აბარია. აცრემლებული მოხუცის გამოსათხოვარი სიტყვები მისი მშობლიური განცდების გამომხატველია. ხევისბერის გულჩვილობით აღელვებული ონისე შეძრა მამის ასეთმა გულახდილობამ. ამ მომენტში ხევისბერის პირით მამა საუბრობდა, მაგრამ ეს სისუსტე არ იყო, მამობრივ განცდებს მოვალეობის პირნათლად აღსრულების მოთხოვნა უმძაფრებს. თუ ხევისბერის პერსონაჟი ნაწარმოებში სიბრძნის, სიმტკიცის, სამართლიანობის გამოხატულებაა, ნუგზარ ერისთავის პორტრეტი მოძალადის, სისხლისმსმელისა და ამპარტავნის თვისებებით იხატება. ხევისბერი მოძმეთ ამთლიანებს, სიმტკიცეს მატებს, ნუგზარი კი მთიელთა ტომებს გათიშვით, განცალკევებით ემუქრება. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ბუნების ადამიანი სრულიად განსხვავებულ მიზანს ემსახურება. ხევისბერი ნუგზარ ერისთავთან დაპირისპირებაში ცამდე მართალია. იგი თავს იცავს და არ ესხმის, არ იკლებს სხვის მიწა-წყალს, მაშინ, როცა შეუბრალებული ერისთავი სისხლისღვრისკენ მოუწოდებს მთიულებს: „მათ სოფლებში იმდენი ყვავილი არ გაწითლებულიყოს, რამდენსაც მათი სისხლით შევხებავ, იმდენი ყორანი არ მოიპოვებოდეს, რამდენსაც შავათ შევმოსავ...“ ეს სიტყვები მის სისასტიკეზე, დაუნდობლობასა და უზომო მედიდურობაზე მეტყველებს.
  • ძიძია – თექვსმეტი წლის პატარძალი. ძიძიას გათხოვება საყოველთაოდ მიღებული წესის მიხედვით ხდება და როგორც ავტორი გვამცნობს, მას არაერთი ღამე ჰქონდა გატარებული იმის ფიქრში თუ როდის გახდებოდა ქალი და შეერთვებოდა გუგუას. თუმცა ამ ფიქრებს ფაქტია, რომ არაფერი ჰქონდა საერთო გუგუას მიმართ რეალურ ფიზიკურ ლტოლვასთან. როგორც კი ძიძია და ონისე პირველად დაინახავენ ერთმანეთს, პირველივე შეხებისთანავე რაღაც ისეთი მოხდება მათში, რაც მთელს მათ დარჩენილ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ერთმანეთის მიმართ გაჩენილი ვნებათა ქარცეცხლი ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდება და მათ წარმოდგენებში აქამდე არსებული ტრადიციული სტერეოტიპული წარმოდგენები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ უკვალოდ გაქრება. თავიდან ორივე ებრძვის ამ გრძნობას. მათ ესმით, რომ ეს არ შეიძლება. ონისე წავა ცხვარში, ძიძია კი ხდება მორჩილი ცოლი. თუმცა ერთგვარი პროტესტის ნიშნად ძიძია არ პასუხობს ქმარს სიყვარულით. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა, თუმცა ეს მოჩვენებითი სიმშვიდე ირღვევა მას შემდეგ რაც ონისე სოფელში ბრუნდება. მიუხედავად უდიდესი რისკისა, ძიძია და ონისე წამოიწყებენ ძალიან სახიფათო, მაგრამ ამავე დროს ვნებებით და მძაფრი ემოციებით დატვირთულ ურთიერთობას. საბოლოოდ ყველაფერი ძიძიაზე გადატყდება. მართალია მას არ ჩაქოლავენ, თუმცა თემიდან ის საბოლოოდ გაირიყება.
  • გუგუა ფიჩიტაური – მოხევე საქმრო. ის თავიდანვე ეჭვობდა, რომ ცოლს არ უყვარდა. თუმცა როცა ძიძიასთან ვერაფერს გააწყობს, გადაწყვეტს ონისეს მოკვლას. თუმცა ეს არ გამოუვა და ღალატი დაბრალდება. გუგუამ, რომელიც ონისესავით ეჭვმიტანილი იყო ღალატში, თავი მოიკლა (ცოტა ხნით ადრე კი ონისეს დანანებით უთხრა: „სიკვდილს არ ვნანობ, მაგრამ ვაი ამითი, რომ ყველასთვის მოძმეთ მოღალატე დავრჩები“. მანამდე ის გოჩამ თემისგან მოკვეთა. ხევისბერმა რატომ არ გამოუტანა მას იმგვარივე განაჩენი, ხომ ამბობს, რომ ისიც შვილივით უყვარს? ამ შემთხვევაში, არ მოხდა მის გონებაში გუგუასა და მისი გულისთქმის იმგვარი შეხვედრა, ერთგვარ აფეთქებას რომ გამოიწვევდა. იღუპება ონისე, გოჩა, ძიძია, გუგუა. რჩება თემი და მისი რჩეული წარმომადგენლობა (ბომონდი), რომელიც მანამდე ამჟღავნებს ბელადისადმი პატივისცემას, ვიდრე ის საბედისწერო ზღვარს გადალახავს, ვიდრე ის ქვეყნის სასაცილო გახდება, რათა შემდეგ, ისეთივე წარმატებით დააყაროს თავზე ნაცარი, როგორც მანამდე გუნდრუკს უკმევდა“.

ეკრანიზაცია

რედაქტირება

ნიკოლოზ სანიშვილმა 1964 წელს გადაიღო ნოველის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი – "ხევისბერი გოჩა" . სცენარისტები იყვნენ – ნ. სანიშვილი და არჩილ სულაკაური, დამდგმელი რეჟისორი და ოპერატორი ფელიქს ვისოცკი.[8] ამ ფილმისთვის შეიკრიბა ცნობილ მსახიობთა გუნდი: სპარტაკ ბაღაშვილი (ხევისბერი), ლეილა აბაშიძე (ძიძია), თენგიზ არჩვაძე (გუგუა), ნუგზარ შარია (ონისე), ვ. ჩუბინიძე (ნუგზარ ერისთავი), იაკობ ტრიპოლსკი (თორღვაი).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ალექსანდრე ყაზბეგი. ქართული პროზა . ტომი 11. შენიშვნები
  2. http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/aleksandre_kazbegi/xevis%20beri%20gocha.pdf
  3. ალ. ყაზბეგი, რჩეული, 1974 გვ 830
  4. http://urakparaki.com/?m=4&ID=59008#comments
  5. 1986 წელი. გვ. 217–250
  6. აკაკი ბაქრაძე. სულის ზრდა 1986 წელი. გვ 247
  7. აკაკი ბაქრაძე. სულის ზრდა 1986 წელი. გვ 221
  8. https://www.youtube.com/watch?v=WvIvrn1DBbA